21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

დასვენება არ გულისხმობს დროის ძილში გატარებას

spot_img
ზაფხულის არდადეგების მოლიდინის სიხარულით აღსავსე მოსწავლეები ივიწყებენ, რომ წინ ხანგრძლივი დღეები ელოდებათ. არ ფიქრობენ, როგორ გაამრავალფეროვნონ და დაუვიწყარი გახადონ არდადეგები. ერთი-ორი კვირის გავლის შემდეგ კი ზოგიერთისთვის იწყება მოსაწყენი და ერთფეროვანი დილა, შუადღე, საღამო და ასე, თუ არავინ დაეხმარა და გაახალისა. ასეთ დროს მნიშვნელოვანია მშობლის როლი, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ შვილმა შეძლოს იმ უნარების გამოყენება, რომლებიც სკოლაში შეიძინა. იგი პირადი მაგალითით უნდა ეხმარებოდეს ბავშვს. დასვენება არ გულისხმობს დროის ძილში გატარებას.
ყველა ბავშვში არის, მეტ-ნაკლებად, შემოქმედებითი უნარი, რომლის განვითარებაში მას სკოლა ეხმარება. ზაფხულშიც, არდადეგებზე, შესაძლებელია ამ უნარების განვითარებას ისე შევუწყოთ ხელი, რომ თან ისიამოვნოს და თან შეიმეცნოს.

 ?↘️  რამდენიმე საინტერესო აქტივობა

დილით მზის ამოსვლის ნახვა ერთი ბედნიერებაა, ვასწავლოთ ბავშვს ამით სიამოვნების განცდა და თან აღწეროს, რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე მზის ბურთის ამოგორების ნახვამ. ეს მას შთაბეჭდილებების გადმოცემა-გაზიარებასაც ასწავლის, ჩაიწერს და დღიურის წერასაც ისწავლის და ჯანმრთელი ცხოვრების წესსაც მიეჩვევა.

✔️?მოისმინოს და დააკვირდეს თავის ეზოში მოჭიკჭიკე ფრინველებს, იფიქროს და ამოიცნოს, ხმების მიხედვით, რას გრძნობენ და განიცდიან ისინი. დააკვირდეს, ამინდის მიხედვით, ერთნაირად გალობენ თუ არა ისინი და შეადაროს, დღეების მიხედვით, ფრინველების განწყობა. შეიძლება ასე სინოპტიკოსობაც კი ისწავლოს, ამიტომ ვურჩევ, აწარმოოს დაკვირვების დღიური.

✔️?თუ ზღვის სანაპიროზე მოუწია ყოფნა, შეიძლება მოძებნოს იშვიათი და უცნაური ქვები, შექმნას პერსონაჟები და მოუფიქროს რაიმე თავგადასავალი, მაგალითად, როგორ დაიბადა ასეთი, სად იმოგზაურა, რა ნახა და განიცადა, ვის შეხვდა და რა ისწავლა მისგან. ეს მის კრეატიულ აზროვნებას შეუწყობს ხელს. ქვებით უამრავი კომპოზიციის შექმნაც შესაძლებელია.

             

✔️?თუ სადმე ვერ ახერხებს წასვლას, მთავარია არ დაღონდეს, შესაძლებელია დააინტერესოს ასეთმა აქტივობამ: მის ირგვლივ უამრავი მცენარეა, დააკვირდეს და დაითვალოს რამდენი არსებითი სახელი, ან ზედსართავი, ან სხვა მეტყველების ნაწილი უკავშირდება ამ მცენარეს. შეიძლება მოაწყოს შეჯიბრიც, თანატოლებთან ერთად. აირჩიოს ერთი მცენარე, შესაძლებელია ბალახოვანიც, საინტერესო იქნება ვინ მეტ არსებით ან ზედსართავ სახელს დაასახელებს ამ მცენარის ირგვლივ. ასე მცენარის სიყვარულსაც ისწავლის და გრამატიკულ მასალასაც არ დაივიწყებს.

✔️?ზოგიერთი ბავშვი ხელმარჯვეა. კარგი იქნება, ვასწავლოთ კერვა, თუკი ეს აინტერესებს და შეკეროს თავისი საყვარელი პერსონაჟი, რომელსაც შემდეგ მეგობრებს აჩვენებს და იქნებ მათაც მოუნდეთ მსგავსი საქნიანობა. შეიძლება შექმნას თავისი შეკერილი პერსონაჟების მუზეუმი, რომლითაც იამაყებს სკოლაში დაბრუნებისას.

ბიჭები, ხშირად, პაპას ხელსაწყო-იარაღებით თამაშობენ, მათაც შეიძლება შექმნან წაკითხული ნაწარმოებიდან ისეთი სათამაშო, რომელმაც გააკვირვა ან არ იცოდა აქამდე მისი დანიშნულება, შეღებონ, გაუკეთონ წარწერები.

✔️? მშობლებთან და მეგობრებთან ერთად დაგეგმოს ისეთი ნაწარმოებების წაკითხვა, რომლის განხილვაც სურთ და ონლაინ დისკუსია მოაწყოს. გირჩევთ წაიკითხოთ თამარ გეგეშიძის „საშლელები“.

✔️?გადაიღოს მისთვის მოსაწონი პეიზაჟი და გააკეთოს პატარა ჩანახატი, რომელსაც თანაკლასელებს გაუზიარებს. ეს დაეხმარება არდადეგების ერთი მშვენიერი დღის ისტორია დაიმახსოვროს და ჩანაწერად აქციოს.

ამასობაში ზაფხულის არდადეგებიც მიილევა და ბავშვი აღმოაჩენს, რომ უქმად არ ჩაუვლია საზაფხულო არდადეგებს.

ცისანა კურტანიძე

ხაშურის მუნიციპალიტეტის ქრისტეფორე III-ის სახელობის სურამის მე-4 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები