ნინო რევიშვილი
ინსტიტუციური განვითარების გუნდის ლიდერი
პროფესიული უნარების ეროვნული სააგენტო სულ ორიოდე წლის შექმნილია. ჩვენს მკითხველს შევახსენებ, რომ ამ დრომდე პროფესიული განათლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებდა, ეს ინოვაციური მოდელი კი გულისხმობს კერძო და საჯარო სექტორის (დამფუძნებლები – სამრეწველო პალატა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) ერთობლივ ზრუნვას განათლების ამ სფეროს განვითარებისთვის. პროფესიული განათლების სპეციფიკიდან გამომდინარე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური დარგის ჩართულობა, ბიზნესსექტორის აქტიური მონაწილეობა უნარების ეკო-სისტემის ფორმირებასა და გაძლიერებაში, რაც სააგენტოს მთავარი მისიაცაა. ტრადიციულად, კერძო სექტორთან ურთიერთობა არსებობდა კიდეც, თუმცა ბიზნესის კვალიფიკაციების ფორმირებასა და გაძლიერებაში მონაწილეობა მხოლოდ დარგობრივ საბჭოებში წარმომადგენლობით, აზრის გამოთქმითა და დისკუსიაში მონაწილეობით გამოიხატებოდა. ახლა კი, პოლიტიკის განსაზღვრის დონეზე, რადიკალურად სხვა ვითარებაა – ახალი ინსტიტუციური მოწყობის თანახმად, ეკონომიკურ სეგმენტზეა დელეგირებული კვალიფიკაციების შემუშავება, განსაზღვრა, რევიზია და ეს ბუნებრივია, რადგან შრომის ბაზრის მოთხოვნებს ყველაზე უკეთ სწორედ ბიზნესი იცნობს. ამ ფუნქციის შესასრულებლად პროფესიული უნარების სააგენტო ფასილიტაციას უწევს დარგობრივი უნარების ორგანიზაციების ფორმირებას, რაც თავისთავად დარგობრივი ასოციაციების ერთობას წარმოადგენს.
უნარების სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტად მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და ინსტიტუციების გაძლიერება რჩება. სწორედ ამ თემაზე მინდა ვესაუბრო ჩვენს მკითხველს.
როცა კოლეჯების გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, სხვა კომპონენტებთან ერთად, პირველ რიგში, მათი ავტონომიურობის ზრდის აუცილებლობას ვგულისხმობ, თუმცა ის ფაქტი, რომ ისინი დამოუკიდებლად წარმართავენ, მათ შორის, ავტორიზაციის პროცესს, კოლეჯების თავისუფლების ხარისხზეც მიუთითებს. საუბარია იმაზე, რომ უფრო ძლიერი და აქტიური იყოს პროფესიული მასწავლებელი, რომ სწორედ მას ჰქონდეს საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტების განხორციელების საშუალება. ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა მასწავლებლებთან, გარკვეულ ჯგუფებთან, დარგობრივ ქსელებთან, სადაც გამოიკვეთა, რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის თანამშრომლობით სწავლის შესაძლებლობა (სხვათა შორის, იმავეს ადასტურებს საერთაშორისო კვლევაც). ამიტომაც მთელი ძალისხმევა მიმართულია შიდა ინსტიტუციური განვითარების მექანიზმის შექმნისკენ. მოგეხსენებათ, უნარების სააგენტო არ არის ტრენინგ-ორგანიზაცია, ის სხვა ორგანიზაციებს აძლიერებს ამ მიმართულებით, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, შარშან და წელს, 800 პროფესიულ მასწავლებელს თავად ჩავუტარეთ ტრენინგები ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან სამ მიმართულებაზე, როგორიცაა: ინოვაციური სწავლება, ტექნოლოგიები და სტუდენტთა შეფასება. საჭიროების მიხედვით ჩვენ ამ ხაზს გავაგრძელებთ, მაგრამ, გარდა ამ შესაძლებლობისა, გვინდა თავად კოლეჯებში შეიქმნას გარემო, როცა შიდა რესურსებით შეძლებს მასწავლებელი პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას, ვგულისხმობ: კოლეგების თანამშრომლობას, ე.წ. „კრიტიკული მეგობრის“ – კოლეგის დახმარებას, ქოუჩინგის პრინციპს, შიდა კონსულტირებას, ასევე, ვუხსნით მასწავლებელს, როგორ მოიძიოს დამატებითი რესურსი თვითგანვითარებისთვის. ერთი სიტყვით, ყველა ეს მცდელობა მიმართულია იქითკენ, რომ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა ცენტრიდან, ნელ-ნელა, ინსტიტუციებში გადავიდეს. თუმცა, ვიდრე ყველა საჭიროება კოლეჯის დონეზე დაკმაყოფილდებოდეს, ჩვენი სააგენტო კვლავაც გააგრძელებს პროფესიული მასწავლებლებისთვის ტრენინგებისა და სხვა აქტივობების ორგანიზებას.
როცა პედაგოგთა პროფესიულ ზრდაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული დარგობრივი ქსელების როლი. ჩვენი კოლეჯები უკვე სარგებლობენ ამ გამოცდილებით. სხვადასხვა კოლეჯის ერთი დარგის მასწავლებლები საკუთარ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს, როგორ ასწავლიან ამა თუ იმ თემას ან საკითხს, რა გამოწვევები აქვთ, რა სიახლეებია დარგში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პროფესიული პედაგოგისთვის, რადგან ყველაფერი სწრაფად იცვლება, ზოგადად, და მით უმეტეს პროფესულ განათლებაში (მისი ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელიც სწორედ ესაა), სადაც განსაკუთრებულად აქტუალურია მხოლოდ ის, რაც თანამედროვეა. ამიტომ ყველა სიახლე დაუყოვნებლივ და დროულად უნდა შემოვიდეს, რომ მასწავლებელმა ფეხი აუწყოს დარგის საჭიროებებს. მასწავლებელთა ქსელი რომ ამის საუკეთესო საშუალებაა, თავადაც ადასტურებენ პედაგოგები. მკითხველისთვის რომ გასაგები იყოს, მასწავლებელთა ქსელი არის პროფესიული განათლების მასწავლებელთა გაერთიანება დარგობრივი ნიშნით საერთო ინტერესების, პროექტების, ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობის ერთობლივად განხორციელების მიზნით. დღეს მასწავლებელთა დარგობრივი ქსელების საკომუნიკაციო პლატფორმა ელექტრონულად იმართება (ელექტრონულ პლატფორმა თიმსში, რომელზეც წვდომა ყველა მსურველ მასწავლებელს აქვს და სადაც გაერთიანებული ჯგუფები (დარგების მიხედვით) აწყობენ ფორუმებს, გამოკითხვებს, სიახლეებს უზიარებენ ერთმანეთს, ძალიან მოქნილი და თანამედროვე ადამიანზე მორგებული მოდელია. ქსელების გაფართოება და გაძლიერება ჩვენი სააგენტოს ერთ-ერთი მიმართულებაა, რაშიც ფასილიტატორები გვეხმარებიან. ისინი ერთგვარ მოდერაციას უწევენ მასწავლებელთა ქსელებს – სთავაზობენ რესურსებს, თემებს. მასწავლებელთა ქსელების უფრო ეფექტური, გააზრებული ფუნქციონირებისათვის შევიმუშავეთ „დარგობრივი ქსელის მასწავლებლის კონცეფცია“, რა თქმა უნდა, პედაგოგებთან შეხვედრებისა და თვისებრივი კვლევის საფუძველზე. კონცეფციაში კონცენტრირებულია ის მიმართულებები, რაზეც შეიძლება იმუშაონ მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში პედაგოგებმა; ერთგვარი სამოქმედო გეგმაც შევიმუშავეთ თანამშრომლობის შესაძლებლობის და იმის განსაზღვრისათვის, თუ რა ტიპის საერთო პროექტების განხორციელებას შეძლებენ მოკლე თუ გრძელვადიან პერიოდში. ამისათვის დამატებითი მექანიზმიც შევქმენით და, პირველ ეტაპზე, გამოვაცხადეთ კონკურსი (პირველად ამ სფეროს ისტორიაში), რომელიც გულისხმობს ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნას მასწავლებელთა ქსელის ბაზაზე. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული მიმართულების მასწავლებლები, სხვადასხვა კოლეჯიდან, ქმნიან მიკროჯგუფს და რომელიმე პარტნიორი კოლეჯის წარდგინებით შემოაქვთ განაცხადი გრანტის მოსაპოვებლად, რათა შექმნან ციფრული საგანმანათლებლო რესურსი. ეს შეიძლება იყოს მრავალფეროვანი (ბეჭდური, ვიდეო, აუდიო, ვიზუალური) მასალა, რომელსაც, სალექციო პაკეტთან ერთად, შესთავაზებენ სტუდენტს. საგულისხმოა, რომ საკონკურსო თემა მასწავლებელთა ქსელებიდან უკუკავშირის შედეგად შეირჩა. ჩვენ მივეცით შანსი აქტიურ და მოტივირებულ პედაგოგებს, შექმნან საინტერესო და ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც გაზიარდება და აღიარებული იქნება დარგობრივ ქსელში. და რაკი სწავლების მეთოდიკა და, ზოგადად, პედაგოგიკა ახალგაზრდების საჭიროებას უნდა პასუხობდეს, და ამ პროდუქტის მთავარი ღირებულება ისაა, რომ ციფრული რესურსია, ვფიქრობ, სტუდენტებისთვის ყველაზე კომფორტული მედიუმი იქნება.
კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც სააგენტო მუშაობს მასწავლებელთა ქსელების გასაძლიერებლად, ესაა სასწავლო ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ექსკლუზიურად პროფესიული მასწავლებლებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის იქმნება. აქ განთავსდება სხვადასხვა ტიპის კურსები და რესურსები. მასწავლებლები შეძლებენ, ონლაინ სივრცეში მოაწყონ ფორუმები, ისაუბრონ მათთვის საინტერესო თუ პრობლემურ საკითხებზე, მიიღონ უკუკავშირი. კონკურსში გამარჯვებული საგანმანათლებლო რესურსებიც, რომლებზეც ვისაუბრე, ამ პლატფორმაზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. ვფიქრობ, ეს ერთგვარი მოტივაციაც იქნება უფრო მეტი მასწავლებლისა და კოლეჯისთვის, რომ თავადაც ჩაერთონ კონკურსებში, შემოგვთავაზონ იდეები, თავადვე განსაზღვრონ პრიორიტეტული მიმართულებები, საკუთარ თავზე აიღონ პროცესზე პასუხისმგებლობა. ჩვენ კი მათ განსახორციელებლად საჭირო გარემოს შევუქმნით, ყოველმხრივ ტექნიკურ დახმარებას გავუწევთ.
კონკურსთან დაკავშირებით უნდა შევეხო კონკურსის იდეების მასწავლებელთა ქსელის მიერ ვალიდაციის საკითხსაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმეა, როდესაც საკონკურსო თემას წარადგენს მასწავლებელთა ჯგუფი სხვადასხვა კოლეჯიდან (მინიმუმ ორი კოლეჯი), მაგრამ მის განხილვაში მონაწილეობას გაცილებით მეტი მიმართულების (დარგის) პროფესიული მასწავლებელი მიიღებს, თუმცა არა ავტორის სტატუსით. ისინი იმ დოზით ერთვებიან იდეის დონეზეც და მერეც, რომ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდებიან. ვალიდაციის ანგარიშში ჯგუფის წევრებმა უნდა დაასაბუთონ, რატომ გაითვალისწინეს ან არ გაითვალისწინეს კოლეგების მოსაზრებები თუ წინადადებები. მსგავსი ინკლუზიური მიდგომა კარგია იმისთვის, რომ პროდუქტზე კუთვნილების განცდა ჰქონდეს პროცესში ჩართულ ყველა აქტიურ მასწავლებელს და ასევე სტიმულია სხვებისთვის. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი პედაგოგები საერთაშორისო ექსპერტების ჩართვასაც არ გამორიცხავენ მომავალში, რაც, ბუნებრივია, მეტ მრავალფეროვნებას და პრესტიჟს შესძენს კონკურსს. ქსელების გაძლიერება იმითაცაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რომ მასში გაერთიანებული პედაგოგები მომავალში თავად მოიძიებენ პროექტებს და თავადაც გახდებიან დიდი პროექტების ავტორები, თვითკმარი ორგანიზაციები, რომლებიც არა მხოლოდ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე, არამედ პროფესიის ადვოკატირებაზეც იზრუნებენ, რომ მათი პროფესია უფრო პოპულარული და პრესტიჟული გახდეს.
ასე რომ, მასწავლებელთა დარგობრივი ქსელების განვითარებითა და გაძლიერებით ველოდებით, რომ აღნიშნული ჯგუფები თავადვე ფორმირდებიან დარგობრივი პედაგოგიკის პროვაიდერ ორგანიზაციებად, რაც ბუნებრივად ნიშნავს ინსტიტუციის ავტონომიურობის ზრდას. ყველაფერ ამას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება, მაგრამ გზა, რომელიც სააგენტომ აირჩია, რეალისტურია მისაღწევად. ჩვენ უკვე ვნახეთ, რაოდენ მამოტივირებელია თანამშრომლობა პედაგოგებისთვის, მით უმეტეს, როცა საქმე სასწავლო რესურსს ეხება.
ჩვენი მიზანია, პედაგოგებმა თავად შექმნან არამარტო რესურსები, არამედ გაძლიერების შესაძლებლობებიც, რასაც შემდეგ უფრო ეფექტურად გამოიყენებენ, ვიდრე გარედან მიწოდებულ იდეასა თუ პროექტს. ამიტომაც არის კარგი მსგავსი კონკურსები და აქცენტი ქსელური გაერთიანებების გაძლიერებაზე.a