სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) მოამზადა ბიულეტენი „ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი, 2023“, რომელშიც თავი მოიყარა შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ გასაჯაროებული, ეროვნული გამოცდების წლევანდელი სტატისტიკური მონაცემების დამუშავების შედეგებმა. გამოიკვეთა ძალიან საინტერესო და, იმავდროულად, დამაფიქრებელი საგანმანათლებლო ტენდენციები, მაგალითად, მინიმალური ზღვრის გადალახვის პრობლემატიკა – აბიტურიენტების რამდენმა პროცენტმა რა საგნებში ვერ გადალახა ზღვარი; რა საგნები აირჩია უმრავლესობამ და რა მიმართულებით აღინიშნა მაღალი მაჩვენებელი; რომელ საგნებში და რამდენმა პროცენტმა აჩვენა ყველაზე დაბალი შედეგები და ა.შ. სტატისტიკური ანალიზის შედეგების კომენტირება ვთხოვეთ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელს, შალვა ტაბატაძეს.
მან თავიდანვე აღნიშნა, რომ ეს არ არის სიღრმისეული ანალიზი, რადგან, სამწუხაროდ, წელს, დეტალურ ბაზებსა და ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდათ, თუმცა წინა წლებში ეს შესაძლებელი იყო, წელს კი ბაზები დაიხურა და, ფაქტობრივად, მკვლევრები და ის ადამიანები, ვისაც შეუძლიათ გააანალიზონ და, გარკვეულ მონაცემებზე დაფუძნებით, კვალიფიციური დასკვნებიც გააკეთონ, ამ შესაძლებლობას მოკლებული არიან. „შევეცადეთ, გაგვეანალიზებინა ის, რაც საჯაროდ იყო გამოქვეყნებული, – გვითხრა ბატონმა შალვამ, – ამ ზოგად სტატისტიკაშიც არის გარკვეული თვალსაჩინო მიმართულებები, რომელიც ეხება თვითონ მიღების სისტემის არასწორად მოწყობას და რამდენად უწყობს ან უშლის ხელს მსგავსი სისტემა სკოლის განვითარებას, სწავლების ხარისხის ამაღლებას, ან კონკრეტულად რა მიმართულებას უწყობს ხელს“.
პირველი, რაც ყველაზე მეტად თვალშისაცემია, ის არის, რომ საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები აბიტურიენტებისთვის ისევ გამოწვევად რჩება. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ამ სტატისტიკიდანაც თვალსაჩინოა, რომ ყველაზე დაბალი შედეგები დაფიქსირდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ჩაჭრის მაჩვენებლით 15-დან 31%-მდე (მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში და განსაკუთრებით დაბალი – ფიზიკაში), მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ინდიკატორი. გამოცდების შედეგების მონაცემები საგნობრივ ჭრილში გაანალიზდა, ექვსი დონის/კატეგორიის მიხედვით (დაბალს ქვევით, დაბალი, საშუალოზე დაბალი, საშუალო, საშუალოზე მაღალი და მაღალი): „ამის მიხედვითაც თუ გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ იმ აბიტურიენტების უმრავლესობა, ვინც ამ საგნებში ჩააბარა გამოცდა, იყო ძალიან დაბალ და დაბალზე ქვემოთ საფეხურზე. ეს თვალსაჩინო ტენდენციაა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე რაოდენობა აბარებს ამ საგნებს, იმ მცირე რაოდენობაშიც კი დაბალი შედეგები გვაქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც და მათემატიკაშიც“.
ეს ტენდენცია, რომ საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები ისევ გამოწვევად რჩება აბიტურიენტებისთვის, მიუთითებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების პრობლემებზე სკოლებში. ფიზიკას სულ 601 აბიტურიენტი აბარებდა, რაც საერთო რაოდენობის 1.5%-ია; მათემატიკას კი 38%, შესაბამისად,აბიტურიენტთა 62%-ის მათემატიკური უნარები არ/ვერ ფასდება.
„მოგეხსენებათ, რომ 2018 წლის გადაწყვეტილებით, ზოგადი უნარების გამოცდა ამოღებული იყო სავალდებულო გამოცდების ნუსხიდან და შემდგომ სისტემა ისე მოეწყო, რომ ზოგადი უნარების გამოცდას აღარ აბარებენ აბიტურიენტები. რატომ არის ზოგადი უნარების გამოცდაზე ფოკუსი? ამ გამოცდას ჰქონდა მათემატიკური კომპონენტი. შესაბამისად, ყველა აბიტურიენტი აბარებდა მათემატიკურ ნაწილს და მოწმდებოდა მათემატიკური კომპეტენცია, რაც გულისხმობს, რომ აბიტურიენტს აუცილებლად უნდა განევითარებინა მათემატიკური კომპეტენცია (სკოლაში ივითარებდა თუ რეპეტიტორთან, ეს მეორე საკითხია, რა თქმა უნდა, პრობლემატური და გამოსასწორებელი). არსობრივად სწორია მიდგომა, რომ აბიტურიენტის მათემატიკური კომპეტენციები უნდა მოწმდებოდეს იმიტომ, რომ მათემატიკა ის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც აბიტურიენტს სტუდენტობისას დასჭირდება“.
ბატონმა შალვამ ისიც აღნიშნა, რომ უმაღლესში მისაღები სისტემა უნდა ამოწმებდეს აბიტურიენტის მზაობას, რამდენად შეძლებს იყოს სტუდენტი და თუკი სელექცია გვინდა, ანუ კონკურსია, ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტად წარმატებულები უნდა შევარჩიოთ, მათემატიკის საბაზისო ცოდნისა და კომპეტენციების გარეშე უმაღლესში ხარისხიანი განათლების მიღება შეუძლებელია. მათემატიკა სჭირდება ყველა მიმართულებას, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დოზით.
„რეალურად, რა შედეგი მივიღეთ 2018 წლის რეფორმის შედეგად – სტუდენტების დიდ ნაწილში მათემატიკურ კომპეტენციებს საერთოდ აღარ ვამოწმებთ, ანუ 40 ათასი აბიტურიენტიდან, წელს, მხოლოდ 14927 აბარებდა მათემატიკის გამოცდას. გამოდის, რომ, დაახლოებით, 25 ათას აბიტურიენტს მათემატიკური კომპეტენციები არ გააჩნია. ლექტორებს მოჰყავთ ხოლმე მაგალითები, რომ სტუდენტებს, ელემენტარულად, პროცენტის გამოყვანაც კი არ შეუძლიათ, საბაკალავრო და სამაგისტრო დონეზე, რაც სწორედ იმის შედეგია, რომ მათემატიკური კომპეტენციები არ მოწმდება. მათშიც, ვინც შემოწმდა (15 ათასამდე), 7129 აბიტურიენტი, დაახლოებით ნახევარი, აჩვენებს დაბალ და დაბალზე ქვემოთ შედეგს. შესაბამისად, თვალნათელია, რომ დაახლოებით 7 ათასი აჩვენებს საშუალოს, საშუალოზე მაღალსა და მაღალს, ე.ი. 40 ათასიდან მხოლოდ 7 ათასი, 20%-ზე ნაკლები მთელი აბიტურიენტების კოჰორტიდან, ფლობს რაღაც საბაზისო მათემატიკურ უნარებს, დანარჩენებს ეს ცოდნა და უნარებიც არ გააჩნია, რის გარეშეც ხარისხიანი უმაღლესი განათლების და შესაბამისი ცოდნის მიღება, ასევე, კომპეტენციების განვითარება შეუძლებელია. ლაპარაკია მათემატიკაში საბაზისო ელემენტარულ კომპეტენციებზე და აქაც გვაქვს ცალსახა პრობლემები“.
დაბალ და დაბალს ქვემოთ კატეგორიაში მოხვდა სამოქალაქო განათლების გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 24%. CCIIR-ის ხელმძღვანელის აზრით, სამოქალაქო განათლების დაბალი შედეგები და ვერ გადალახულთა დიდი რაოდენობა ტრაგიკული არ არის, რადგან სხვაგვარი ხედვა აქვს და სამოქალაქო განათლების გამოცდით შემოწმება ლოგიკურად არ მიაჩნია, ამიტომ ვერ ხედავს ამაში დიდ პრობლემას.
„მე უფრო მეტ ფოკუსსა და აქცენტს ვაკეთებ თვითონ სისტემაზე, ანუ მიღების სისტემა რისკენ უბიძგებს მშობლებს, სკოლებს, აბიტურიენტებს და რა შედეგებს ვიღებთ, ამ თვალსაზრისით. ჩვენ მთლიანობაში გავაანალიზეთ რამდენი ტესტი იყო ადმინისტრირებული, ყველა გამოცდის საფუძველზე – 125 ათასი ტესტი, რომელთა უმრავლესობა, დაახლოებით, 65% იყო ჰუმანიტარული მიმართულებების, ხოლო 20% – სოციალური მიმართულებების. ძალიან მცირეა ადმინისტრირებულ ტესტებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებები და ესეც მიანიშნებს, რომ აბიტურიენტები, ამ მხრივ, ნაკლებად მომზადებულები არიან. მაგალითად, ფიზიკას აბარებს მხოლოდ 601 აბიტურიენტი და მათი უმრავლესობა დაბალ და დაბალზე ქვევით შედეგებს აჩვენებს, ხოლო 31% იჭრება, რაც, ერთი მხრივ, იმაზე მიანიშნებს, რომ ფიზიკაში ცუდი შედეგი გვაქვს და მეორე მხრივ, რომ არსებული სისტემა არ ითხოვს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მაინც და მაინც მაღალ კომპეტენციებს. ამგვარი მისაღები სისტემით აბიტურიენტებს, მშობლებს და სკოლებს გარკვეულ მიმართულებებს ვაძლევთ. ამ შემთხვევაში – რომ ქართული და ინგლისურია მნიშვნელოვანი, რადგან სავალდებულოა, რომელიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თავისთავად და ჰუმანიტარული განათლებაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის, მათ შორის აბიტურიენტისთვის, თუმცა, არასწორია მხოლოდ ამაზე ფოკუსირება და ამ მიმართულების მიცემა. შედეგებსაც თუ ნახავთ, საკმაოდ მაღალია ქართულსა და ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში. თუმცა, ზოგადად, პრობლემებიც გვაქვს, მაგალითად, ინგლისურში განსხვავება სოფლისა და ქალაქის მაცხოვრებლებს შორის, საკმაოდ დიდია სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიხედვით განსხვავებები, ბავშვები დაბალი ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახებიდან დაბალ შედეგებს აჩვენებენ. თუმცა, მთლიანობაში, შედეგები მაღალია, ჩაჭრილთა რაოდენობაც მცირეა, იმავე მაქსიმალური ქულის დაგროვებას თუ ავიღებთ, ინგლისურში საკმაოდ ბევრი აბიტურიენტია, ვინც მაქსიმალურ ქულას აგროვებს, განსხვავებით ფიზიკა-ქიმიისაგან, სადაც არც ერთი აბიტურიენტი არ იყო, ვინც მაქსიმალური ქულა დააგროვა. იმავე ისტორიაში, რომელიც საზოგადოებრივი მეცნიერებაა, მთლიანობაში, ცუდი შედეგი არ გვაქვს, მაგრამ მაქსიმალური ქულები ბევრად უკეთესია ინგლისურში და შემდეგ მოდის ქართული. ამით იმის თქმა მინდა, რომ კარგია ამ საგნებზე ფოკუსირება, მაგრამ მხოლოდ ამით დაკმაყოფილება და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების იგნორირება, მიღების სისტემაში, იწვევს იმას, რომ მთელი საზოგადოება – სკოლები, მშობლები, მასწავლებლები, ბავშვები – ფოკუსირდებიან ინგლისურსა და ქართულზე, სავალდებულო საგნებზე და სხვა საგნები, შესაბამისად, ნაკლები ყურადღების ქვეშაა“.
შალვა ტაბატაძეს არ უსაუბრია იმაზე, თუ ვისი დამსახურებაა ასეთი შედეგი (რამდენად დიდია სკოლის ან რეპეტიტორის როლი) და საკითხს სხვა კუთხით მიუდგა – რეპეტიტორში დახარჯული მილიონობით ლარი, რომელიც მშობლის ინვესტიციაა, განათლების წილში ერთგვარი შენატანი, უფრო ეფექტურად შეიძლება იყოს გამოყენებული.
„ერთი მხრივ, სკოლა აბსოლუტურად უფუნქციოა არსებული მიღების სისტემის პირობებში და მეორე მხრივ, სკოლაში რომც იღებდნენ გარკვეული მიმართულებებით ცოდნას, საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებებს იქ არავითარი ყურადღება არ მიექცეოდა იმიტომ, რომ სისტემა გვაქვს, სამწუხაროდ, ასეთი. ადრე, მაგალითად, კარგად ვიგებდით რა მდგომარეობა გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საატესტატო გამოცდები, თავისი არსით, არაფრის მომცემი არ იყო, მისი შედეგები გვაძლევდა ინფორმაციას, სად გვიჭირდა და თვალნათელი იყო რომელ საგნებში იყო პრობლემატური მდგომარეობა. კარგად ჩანდა, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მათემატიკა ყოველთვის იყო პრობლემატური და 2018 წლის მერე, რაც საატესტატო გამოცდა გაუქმდა, ამის ინდიკატორიც აღარ არის. მისაღები გამოცდების ეს შედეგებია ერთგვარი ინდიკატორია, რომ აბიტურიენტების ძალიან მცირე რაოდენობა ფოკუსირდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე და აბარებს ამ გამოცდას, იმიტომ, რომ სისტემა ისეა მოწყობილი, რომ, მაგალითისთვის, ადამიანმა, შეიძლება, ფინანსებზე ჩააბაროს, მაგრამ მათემატიკის გამოცდა არ აირჩიოს, რადგან უნივერსიტეტები აძლევენ შესაძლებლობას, არჩევანი სხვა საგანზე გააკეთონ, მაგალითად, ისტორიაზე. ფინანსების მიმართულებაზეც კი არ არის მოთხოვნა მათემატიკური ცოდნის. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ აბიტურიენტი, რომელიც ერიდება მათემატიკის არჩევას და ხვდება ფინანსებში, იქ რა ტიპის განათლებას მიიღებს ან რა ტიპის პრობლემები შეექმნება სწავლისას, თუკი ელემენტარული მათემატიკური ცოდნა არ აქვს.
უმაღლესები, თავის მხრივ, იმიტომ, რომ სტუდენტი მოიზიდონ და სტუდენტიდან გამომდინარე, დაფინანსება მიიღონ, თვალს ხუჭავენ იმ კომპეტენციაზე, რაც ამ სტუდენტს სჭირდება კონკრეტული პროგრამის გასავლელად, შესაბამისად, ამაზე თვალის დახუჭვა ნიშნავს, რომ ეს აბიტურიენტი არ არის რეალურად მზად, თუკი სრულყოფილი პროგრამა იქნება, ისწავლოს და, სავარაუდოდ, სწავლის პროცესშიც თვალს დახუჭავენ, რომ სტუდენტი არ დაკარგონ. საბოლოოდ, ვიღებთ ასეთ შედეგს – დაბალი კომპეტენციის ადამიანი ამთავრებს პროგრამას, აქვს შესაბამისი დიპლომი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ აქვს შესაბამისი განათლება“.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ მომზადებულ ბიულეტენში თავმოყრილმა მონაცემებმა ბევრი ნიშანდობლივი ტენდენცია (როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი), პრობლემა თუ გამოწვევა დაგვანახა. ჩატარებულმა ანალიზმა კი ის ორიენტირები მონიშნა, რომელსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება, თუ რეალურად გვინდა სწავლების ხარისხის ამაღლება როგორც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში.
ბიულეტენი მომზადებულია USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.