დღეს, 10 თებერვალს, სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლის (დირექტორი – მანანა კიკაჩეიშვილი) IX კლასმა (ისტორიის პედაგოგი – მაია ბეგლარაშვილი) წარმოადგინა ინსცენირებული გაკვეთილი-პრეზენტაცია დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, რაც მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას და პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბებას მოსწავლეებში.
მოსწავლეებმა ისაუბრეს დავითის ღვაწლის შესახებ სამშობლოსა და ეკლესიის წინაშე. აქცენტები გააკეთეს მეფის საშინაო პოლიტიკასა და იმ რეფორმებზე, რომლებმაც საქართველოს გაძლიერება და გაერთიანება მოუტანა. წარმოდგენილ იქნა რუის-ურბნისის კრების ინსცენირება, რითიც მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს და გაითავისეს დავითის ეპოქის მთავარი ღირებულებები და პრიორიტეტები.
დავით აღმაშენებლის 900 წელთან დაკავშირებით, კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა, მოეწყო ნახატების გამოფენაც. აქტივობები კვლავაც გრძელდება.
დავითის ეპოქის მნიშვნელობაზე საინტერესოდ ისაუბრა სტუმარმა – სსიპ ქალაქ თბილისის №65 საჯარო სკოლის პედაგოგმა, გოგიტა ბარბაქაძემ და დირექტორმა, მანანა კიკაჩეიშვილმა. მათ მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებსა და პედაგოგს საინტერესოდ ინსცენირებული გაკვეთილისთვის.