ნათია ფურცელაძე
ბაღდათის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს „ათეულთა კლუბის“ წევრი
დაბრუნება
ბაღდათის №2 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, მე-11 კლასში ვიყავი, როცა თბილისში გადავედი და იქ გავაგრძელე სწავლა; მერე გავხდი სტუდენტი, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი სკოლაში დავსაქმდი მასწავლებლად. ჩემი მეუღლეც ბაღდათელია, თანაკლასელები ვიყავით. ხშირად ვსაუბრობდით და ერთმანეთს ვუზიარებდით სურვილს — როდის დადგებოდა ის ნანატრი დრო, რომ დავბრუნდებოდით ბაღდათში. თითქოს შორეულ ოცნებაში თუ პერსპექტივაში ვხედავდით მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას. არადა, ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენს შვილებს იქ ეცხოვრათ, პატარა ქალაქში ცხოვრებას განსაკუთრებული ხიბლი და სითბო აქვს. დედაქალაქიც ძალიან მიყვარს და ბევრ რამეს ვუმადლი, იქაც მშვენივრად ვგრძნობ თავს, ჩემი შვილებიც თბილისში დაიბადნენ და, ფაქტობრივად, მათთვის მშობლიური ქალაქი თბილისი იყო. თუმცა, როცა დროს ბაღდათში ატარებდნენ, ეს მათთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო. მოკლედ, დიდი სურვილი გვქონდა, ბავშვებს ბევრი ესეირნათ ფეხით, ეზოში ეთამაშათ, მეტი კონტაქტი ჰქონოდათ ბუნებასთან და ა.შ. კიდევ იმაზე ვოცნებობდი, იმ სკოლაში მესწავლებინა, სადაც თავად ვსწავლობდი და რომელმაც მომცა განათლება (არაერთხელ მითქვამს, ჩემს მასწავლებლებს ვუმადლი პროფესიის არჩევას, მათ მომანდომეს მასწავლებლობა, ძალიან ბედნიერად, საინტერესოდ და ლამაზად მახსენდება ჩემი ბავშვობა – მოსწავლეობის დრო). ერთი მხრივ, ეს იყო ჩემი ოცნება, მეორე მხრივ, ჩემი და ჩემი მეუღლის საერთო სურვილი, რომ მშობლიურ ქალაქში დავბრუნებულიყავით. უპირველეს ყოვლისა, ამით გვინდოდა, საკუთარი თავისთვის გვეჩვენებინა, რომ იმ რეგიონში, იმ ქალაქში, სადაც ჩვენ გავიზარდეთ, შესაძლებელია საინტერესო ცხოვრების მოწყობა, განვითარება და მთავარი — ბავშვებზე ზრუნვა.
რამდენადაც გვინდოდა ამ გარემოში დაბრუნება, იმდენად გვაშინებდა თუ გვაფერხებდა იმაზე ფიქრიც, ხომ არ შევუქმნიდით ბავშვებს დაბრკოლებას განვითარების გზაზე იმიტომ, რომ, მაგალითად, ქალაქში მეტი შესაძლებლობაა, თუნდაც, არაფორმალური განათლების კუთხით. ისინი კერძო სკოლა „ქორალში“ სწავლობდნენ და იქ მართლა იდეალური გარემოა შექმნილი ბავშვის განვითარებისთვის, ყველაფერი ბავშვის ინტერესებზეა ორიენტირებული. მეც „ქორალში“ გავატარე 12 წელი და იქაურობა უზომოდ მიყვარს. ამიტომ, ცოტა არ იყოს, ეს გვაფიქრებდა. თუმცა, მერე მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთს ვუთხარით: თუკი არაფორმალური განათლებისთვის რაღაც სიმწირე იქნება, დაე, ჩვენ შევქმნათ ეს ყველაფერი. საბედნიეროდ, ბაღდათის მეორე სკოლაში ნამდვილად არის გარემო, სადაც ბავშვის განვითარებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ჩემი შვილები უკვე მეოთხე თაობაა ჩვენი ოჯახიდან, რომელიც განათლებას ამ სკოლაში იღებს.
მრავალფუნქციური კაფე – სივრცე ნებისმიერი თაობის შეკრებებისთვის
უკვე გადაწყვეტილი გვქონდა აქ წამოსვლა, როცა დავწერეთ პროექტი. ეს ჩემი და ჩემი მეუღლის საერთო იდეა იყო. გრანტი მოვიპოვეთ. ამისთვის უაღრესად მადლიერი ვარ ორგანიზაციის – „აწარმოე საქართველოში“. უკვე მარტში ჩვენი სახლის პირველ სართულზე გავხსნით მრავალფუნქციურ კაფეს. ეს არ იქნება სტანდარტული კვების ობიექტი, იქნება სივრცე ნებისმიერი თაობის შეკრებებისთვის; მოვაწყობთ მცირე ბიბლიოთეკას და სამკითხველოს, გავმართავთ კინოჩვენებებს, სამაგიდო თამაშებს, მოვიწვევთ საინტერესო სტუმრებს სხვადასხვა სფეროდან, მოვუსმენთ მუსიკას, შეიძლება სამუშაოდაც დასხდნენ ვიზიტორები. მოკლედ, ეს იქნება დასვენებისა და განტვირთვის ადგილი. ასევე, ამ სივრცეში, ერთ პატარა წერტილში, იქნება წიგნიერების „სკოლა“, რომლის მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა იქნება. წლებია ამ მიმართულებით ვმუშაობ, ათი წლის წინ კლუბიც დავაარსე და ორგანიზაციაც – „წიგნიერი“.
მოკლედ, ასეთი მიზნები გვაქვს, რომელმაც ბაღდათში დაგვაბრუნა. ამ სივრცეში გიორგი, ჩემი მეუღლე, საკუთარი გამოცდილების გაზიარებასაც აპირებს. ის ფოტოგრაფია და საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა თავის პროფესიაში. უნდა, აქაურ ახალგაზრდებს და დაინტერესებულ პირებს თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს, ასწავლოს ფოტოგრაფია. დღევანდელ სამყაროში ფოტოგრაფიის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. გვინდა, ერთი მხრივ, გიორგიმ ფოტოგრაფიის წრე აამოქმედოს, მეორე მხრივ, მე ლიტერატურული კლუბი შევქმნა და დაინტერესებულ ადამიანებს ერთგვარი კურსი შევთავაზო. ამის გამოცდილება მაქვს, უკვე მეორე წელია, პანდემიამ და მეგობრების შეგულიანებამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. თავიდან ლელა კოტორაშვილმა დაიწყო და მეც სწორედ მან მირჩია. შარშან დავაფუძნე ლიტერატურული კლუბი, რომელიც ონლაინ რეჟიმში მუშაობს. ორი ჯგუფი ავიყვანე, წელსაც ორი ჯგუფი მყავს. თუმცა, შარშან ვფიქრობდი, რომ ერთწლიანი კურსი იქნებოდა, მაგრამ უკუკავშირმა მიჩვენა, რომ საჭიროა გაგრძელება. კვირაში ორჯერ, მთელი ქვეყნიდან ბავშვები დისტანციურად მერთვებიან. ვკითხულობთ მოთხრობებს, რომანებს, საინფორმაციო ტექსტებს, ვუყურებთ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს. ძალიან საინტერესო აქტივობები გვაქვს. შემდეგ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ, ვმსჯელობთ წაკითხულის შესახებ. ამის გარდა, პერიოდულად პირისპირაც ვხვდებით. მაგალითად, ასეთი შეხვედრა გასული წლის შემოდგომაზე მოვაწყვეთ. წავიკითხეთ თამარ გეგეშიძის წიგნი „ჩუმად უნდა იჯდე“. შემდეგ, ნოემბერში, მწერალთან შეხვედრა დავგეგმეთ. თბილისში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავედით (ზესტაფონი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ბაღდათი, თბილისი, დმანისი… მეშინია, რომელიმე არ გამომრჩეს), რადგან სხვადასხვა ქალაქისა თუ სოფლის მკვიდრთ აერთიანებს ჩვენი კლუბი. შეხვედრა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმში შედგა. ამ მუზეუმმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მასწავლებლებს რამდენიმე უფასო ტური გვაჩუქა მოსწავლეებთან ერთად – საგანმანათლებლო პროექტში ასე ჩავერთეთ. ბავშვებმა დაათვალიერეს მუზეუმი და შემდეგ იქვე გაიმართა მწერალთან შეხვედრა. ძალიან საინტერესო დღე იყო. ამგვარმა გამოცდილებამაც შემაგულიანა, რომ ონლაინ რეჟიმში ბაღდათიდანაც შევძლებდი ამის კეთებას, თუმცა, პირისპირ და ცოცხალი პროცესი უფრო მომწონს და მიზიდავს.
წიგნიერება – ამაზე ზრუნვა მგონია ჩემი პასუხისმგებლობა
არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ წიგნიერებაზე ზრუნვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მგონია და არა მარტო მგონია, დარწმუნებული ვარ. ზოგადად, კითხვის და გააზრების პროცესი ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, დაკვირვების უნარს და ბავშვებს პრობლემის გადაჭრის გზებს ასწავლის. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე ზრუნვა მგონია ჩემი პასუხისმგებლობა.
რამდენიმე დღის წინ რეი ბრედბერის კითხვა უნდა დაგვეწყო, ჩემს მოსწავლეებს გავაცანი ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკა. ვიდრე კითხვას შევუდგებოდით, ბავშვებს გავაცანი ირმა კახურაშვილის სტატია, რომელშიც ნილ გეიმანის შეხედულებებზე წერდა. მოგეხსენებათ, ის სწორედ ფანტასტიკის და ფენტეზის ჟანრის მწერალია. ძალიან საინტერესო ამბავს ყვება – ნილ გეიმანი 2007 წელს, ჩინეთში, პარტიის ნებადართულ სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის პირველ კონფერენციაზე ყოფილა ჩასული, სადაც მას ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლისთვის უკითხავს: რატომ გადაწყვიტეთ ამ კონფერენციის მოწყობა, თქვენ ხომ არ მოგწონდათ სამეცნიერო ფანტასტიკაო. პასუხად მიიღო, რომ ეს მარტივი ასახსნელია – ჩინელები მშვენიერ ნივთებს ქმნიდნენ, თუკი მათ მზა სქემებს შესთავაზებდნენ, მაგრამ გაუმჯობესება და გამოგონება ურთულდებოდათო. ერთხელ დელეგაცია გააგზავნეს აშშ-ში, რომ ენახათ, როგორები არიან გამომგონებელი ადამიანები (ეფლში, გუგლში, მაიკროსოფტში) და აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი ბავშვობიდანვე კითხულობდა სამეცნიერო ფანტასტიკასო. თავად ნილ გეიმანი კი გვირჩევს, რომ ბავშვებს ხშირად ვუკითხოთ ზღაპრები, ვუკითხოთ ხმამაღლა იმიტომ, რომ ასე შემოქმედებითები ხდებიან და რაც მთავარია, როცა კითხულობენ, რწმუნდებიან, რაც არ მოსწონთ, იმის შეცვლა თავად შეუძლიათ. მე, ზოგადად, ყველაფერში მეხმარება წიგნიერების კომპეტენციაზე ზრუნვა და ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაცია. თან, უკვე მრავალწლიანი გამოცდილება მიჩვენებს, რომ ჩემს მოსწავლეებს, თუ ისინი დაკვირვებული მკითხველები ხდებიან, შეუძლიათ წაკითხულის გაანალიზება და შემდეგ ამ ყველაფრის ცხოვრებაში გამოყენება. ამიტომაც მგონია წიგნიერება სასიცოცხლო მნიშვნელობის.
რა შეიცვალა პროფესიული თვალსაზრისით
ვფიქრობ, ბაღდათის სკოლაში გადმოსვლით ჩემს მასწავლებლობაში, მიდგომებსა და საქმისადმი დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა, ანუ როგორც ვასწავლიდი და მიყვარდა ჩემი საქმე, ახლაც ისე მიყვარს და ვასწავლი. განსხვავება ის არის, რომ, ამ წლების განმავლობაში ვასწავლიდი მაღალი საფეხურის მოსწავლეებს, ძირითადად, მაინც საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს. ახლა მეხუთეკლასელებს ვასწავლი. ძალიან მიყვარს პატარებთან ურთიერთობა. რასაც გავცემდი, ისევ იმას გავცემ და როგორი მასწავლებელიც ვიყავი თბილისში, ზუსტად ისეთივე ვარ ბაღდათშიც. სადაც უნდა წავიდე, ჩემი ღირებულებები და პრინციპები არ შეიცვლება.
განსხვავებაა მოსწავლეთა რაოდენობისა და დროის თვალსაზრისითაც. კერძო სკოლაში მუშაობისას მეტ დროს ვატარებდი სკოლაში, კლასშიც უფრო მცირე რაოდენობის ბავშვი მყავდა. საჯარო სკოლაში კლასში მოსწავლეთა რაოდენობა მეტია, მაგრამ აქ უფრო ადრე ვასრულებ სამუშო დღეს, შუადღეზე თავისუფალი ვარ და მეტი დრო მრჩება სხვა საქმისთვის. კიდევ ერთი ცვლილება თუ სხვაობა – როდესაც აქ მოვდიოდი, უკვე ვგეგმავდი, რომ ჩავერთვებოდი გარემოს დაცვის მიმართულების აქტივობებში. აქამდე ამ მიმართულებით ნაკლებად მიმუშავია. ახლა უკვე, ბიოლოგიის მასწავლებელთან ერთად შევუერთდი ეკოკლუბს (თანახელმძღვანელი ვარ). ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. არაფორმალური განათლების კუთხით უფროსკლასელებთან მაქვს ურთიერთობა და მოხიბლული, აღფრთოვანებული ვარ ბაღდათელი ახალგაზრდების თვითშეგნებით, სამოქალაქო ცნობიერებით. მაგალითად, დამოუკიდებლად დაგეგმეს შეხვედრა მერიის წარმომადგენლებთან, სოციალურ სამსახურთან, ახალგაზრდული საქმეების დეპარტამენტთან, საქველმოქმედო აქციები ჩავატარეთ. ამის გარდა, წამოიწყეს კონკურსი და ერთ-ერთი ორგანიზაციის აქციას შეურთდნენ — აგროვებენ პლასტმასის ბოთლებს, შემდეგ შეგროვებულ ბოთლებს ჩავიტანთ თბილისში, ჩავაბარებთ და ქულებს დავაგროვებთ. ასევე, შობას, ალილოზე შეგროვებული ტკბილეული სოციალურად დაუცველ ერთ-ერთ ოჯახს გადასცეს. ფოთლების წვის წინააღმდეგაც წამოიწყეს კამპანია… ჩემი ცნობიერებაც ამაღლდა და ეს ძალიან მომწონს.
კიდევ ერთი აქტივობა, რომელიც თბილისშიც მქონდა დაწყებული – დავაარსე დოკუმენტური ფილმების კლუბი. ოქტომბრიდან, ბაღდათის მეორე სკოლაში ავამოქმედეთ „CinღDOC-ბაღდათი“ – დოკუმენტური ფილმების კლუბი. ძალიან საინტერესოა ჩემთვის აქაურ მოსწავლეებთან მუშაობა, მათი მოსმენა, მათთან ერთად ფიქრი. თავიდანვე ასე დავგეგმეთ, ვუყურებთ ფილმებს და დისკუსიას ვაწყობთ, განვიხილავთ. მიზნად დავისახეთ, შეძლებისდაგვარად, გაკვეთილების და უამრავი საქმის პარალელურად, ბაღდათის ციფრული ფოტოარქივის შექმნა. „სინედოკ-ბაღდათის“ გვერდიც შევქმენით და იქ ერთ-ერთი მოსწავლის მიერ საოჯახო ალბომში ნაპოვნი ფოტო გამოვაქვეყნეთ, რომელზეც აღბეჭდილია, როგორი იყო ჩვენი სკოლა წინა საუკუნეში. დღეს სკოლა 4-სართულიანია, ადრე კი ერთსართულიანი ყოფილა. ამით მოსწავლეებს კვლევის უნარებიც უვითარდებათ და თავიანთი ქალაქის ისტორიასაც ეცნობიან.
განსაზღვრავს თუ არა გეოგრაფიული ადგილი განათლების მიღების ხარისხს?
რა თქმა უნდა, ამას მნიშვნელობა აქვს, თუნდაც, არაფორმალური განათლების მხრივ, იქნება ეს წრე თუ სხვა შესაძლებლობები, რომლებიც ქალაქში მცხოვრები ბავშვისთვის მეტად ხელმისაწვდომია, რეგიონში მცხოვრები ბავშვი კი ბევრ რამეს მოკლებულია.
თანაბარ პირობებში არიან თუ არა ქალაქის და რეგიონის ბავშვები? გააჩნია ადგილმდებარეობასაც. მაგალითად, დოკუმენტური ფილმების კლუბში ვნახეთ ერთი ფილმი – „აპოლო ჯავახეთი“, რომელშიც სწორედ ეს თემა და პრობლემაა გაშუქებული. ფილმის გმირი ბავშვი ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს, ცხოვრობს ჯავახეთში და იმისთვის, რომ იარსებოს, შრომაც უწევს. ცხადია, ეს დრო მის განათლებას აკლდება, მისთვის ხელმისაწვდომი არ არის ბევრი რამ. ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არის და რომც ვამტკიცოთ, რომ არ არის, არ იქნება დამაჯერებელი. თუმცა, მე იმის თქმაც მინდა, რომ სადაც არ უნდა ვასწავლიდეთ (მე ასე მესმის, ყოველ შემთხვევაში), ჯერ მოსწავლეების საჭიროებები უნდა გავარკვიოთ და შემდეგ იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. თუ თბილისში მარტივად დამიგეგმავს და მომიწყვია მკითხველების მწერლებთან შეხვედრა იმისთვის, რომ ბავშვების კითხვის მოტივაცია ამემაღლებინა, აქ ამის ფუფუნება ასე მარტივად ვერ მექნება. თუმცა, გამოსავალი მაინც მოვძებნე. დავუკავშირდი მწერალს და ჩემს მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა ვთხოვე. ისიც დაგვთანხმდა და ჩემი მოსწავლეები მას დისტანციურად შეხვდებიან.
თანაბარი ხელმისაწვდომობის დისბალანსი
ცხადია, ქალაქისა და რეგიონის მოსწავლეებს შორის, ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, განსხვავებები არსებობს, განსხვავებულია საჭიროებები, უპირატესობები თუ კონტრასტები, თუმცა, ჩემს შემთხვევაში, ეს დიდად არ იგრძნობა. მე მქონდა იმ სკოლის იმედი, სადაც ჩემი შვილები მომყავდა, მეც ხომ აქ მივიღე განათლება, ტრადიციული და მრავალწლიანი გამოცდილების სკოლაა. ჩემი პირველი მასწავლებელი – მზია მასწავლებელი, რომელმაც წერა-კითხვა და კიდევ ბევრი რამ შემასწავლა, ახლა ჩემი შვილის მასწავლებელია. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, მანანა კაპეტივაძეც, ამ სკოლაში ასწავლის; ეს გულს მიმშვიდებდა, ანუ ვიცოდი, როგორ განათლებას მიიღებდნენ აქ ჩემი შვილები. ზოგადად, გარკვეული საჭიროებები ნებისმიერ სკოლაში არსებობს.
მაგალითად, ჩვენს სკოლაში არის კომპიუტერული ლაბორატორია, სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და კეთილმოწყობილი გარემოა, მაგრამ არც ის მინდა ვთქვა, რომ რეგიონში ყველგან ყველაფერი კარგადაა. მაგალითად, ჩვენს სკოლაში ჰიგიენის ნორმები დაცულია, მაგრამ საქართველოს ბევრ სკოლაში (არა მარტო სოფელში, ქალაქშიც) არ არის მოწესრიგებული ბევრი რამ. თუ გათბობა არ აქვს სკოლას (არსებობს ასეთი სკოლები), როგორ შეიძლება თანაბარ პირობებში ისწავლონ იმ სკოლის მოსწავლეებმა? ამიტომ, არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი სკოლები, სადაც ელემენტარული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობები არ აქვთ მოსწავლეებისთვის შექმნილი, კიდევ გავიმეორებ — სასმელი წყალი, კვების საკითხი, საპირფარეშო, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, კომპიუტერული კლასები, ლაბორატორიები და ა.შ. აქაურ ბავშვებს რომ ვუყურებ, აღფრთოვანებული ვარ, განსაკუთრებით კლუბის მონაწილე ბავშვები გავიცანი ახლოს, როგორი მოქალაქეები არიან სწორი ღირებულებებით ან როგორ იციან უცხო ენა და ა.შ. ამით ძალიან გახარებული ვარ. ნებისმიერი ბავშვისთვის, განურჩევლად იმისა, სად ისწავლის, განათლება და განათლებისთვის საჭირო პირობები ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ადაპტირების პერიოდი არც მქონია
ჩემი სკოლა ძალიან თბილად შემხვდა. რეალურად, ადაპტირების პერიოდი არც მქონია, რადგან ისეთი განცდა მაქვს, რომ მშობლიურ გარემოში დავბრუნდი. თან ისეთი სასიამოვნო და სასიხარულოა, რომ ჩემი რამდენიმე მასწავლებელი ისევ ასწავლის.
რაც შეეხება ჩემს შვილებს, წინასწარ ვიზრუნე იმაზე, რომ ასეთი დიდი ცვლილება, გარემოს შეცვლა მათთვის სტრესული არ ყოფილიყო. წინასწარ გავაცანი ბავშვებს სკოლა, (ჩემს უფროს ქალიშვილს – მასწავლებელი) და პირველი დღეებიდანვე შეიყვარეს აქაურობა, თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ. თბილისელ მეგობრებთან და მასწავლებლებთანაც მუდმივი კონტაქტი აქვთ, ერთმანეთს სწერენ, ხვდებიან კიდეც. პირველმა მასწავლებელმა ჩემს შვილს დაბადების დღეზე აქ ჩამოაკითხა და ისე მიულოცა.
კიდევ ერთი დეტალი, რაც ჩემთვის ძალიან ემოციურია და, ამავე დროს, საპასუხისმგებლო – ჩემი ქართულის მასწავლებელი, რომელიც მთავარი გზამკვლევი იყო ჩემს ცხოვრებაში, სწორედ ამ სასწავლო წელს დაემშვიდობა სკოლას, 50-წლიანი ისტორია დაასრულა ბაღდათის მეორე სკოლაში. მოხდა ისე, რომ ის წავიდა სკოლიდან და მე დავბრუნდი, გავხდი ჩემი მშობლიური სკოლის მასწავლებელი. ახლა მისი თარო ჩემს განკარგულებაშია და ეს ძალიან ემოციურია. თინა ჩხეიძე არის ადამიანი, რომელმაც შემაყვარა ქართულის მასწავლებლობა და საერთოდ, მომანდომა, გავმხდარიყავი მასწავლებელი. ახლა მის კვალს ვაგრძელებ… ესეც სხვაგვარი სიხარული და პასუხისმგებლობაა. განსაკუთრებით ემოციურია, ჩემი მასწავლებლები რომ ჩემი კოლეგები არიან. მამიდა და დეიდაც, ამავდროულად, ჩემი კოლეგები არიან, ერთ სკოლაში ვასწავლით. დირექტორიც ძალიან უშუალო და თბილი ადამიანია. მოკლედ, თავს ძალიან ბუნებრივად ვგრძნობ კოლეგებთან, თითქოს წლებია, ერთად ვმუშაობთ. მადლიერი ვარ ამ ყველაფრის. ურთიერთობა უკვე ყოფილ კოლეგებთანაც, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან, რა თქმა უნდა, გრძელდება, ცოტა ხნის წინ თბილისში ჩავედი და ისინი მოვინახულე. ძალიან მენატრებიან ჩემი თბილისელი მოსწავლეებიც, თუმცა ესეც ბუნებრივია.
პირველი ფიქრი და შეგრძნება, როცა თვალს ახელ და იღვიძებ ბაღდათში
დილით როგორც კი ვიღვიძებ, მაშინვე ვიწყებ ფიქრს, რამდენი რამ მაქვს მოსასწრები. ბევრი პასუხისმგებლობა მაკისრია, როგორც მასწავლებელს, რვეულების გასწორებიდან დაწყებული, სახელმძღვანელოზე მუშაობით დამთავრებული, ამას ემატება პროექტები, რომლებზეც ვმუშაობ და ა.შ. ჩემი პირველი ფიქრი ეს არის, სკოლაში წასვლამდე რაც შეიძლება მეტი მოვასწრო და ეს არ არის მარტივი. შეგრძნებებს რაც შეეხება, ჩემი ფანჯრიდან მოჩანს გზა, რომელიც საირმისკენ მიდის, საპირისპირო მიმართულებით თუ წახვალ, სკოლასთან მიგიყვანს. ამ ხედის ყურება ერთი ბედნიერებაა. მე და ჩემი შვილები ფეხით მივუყვებით სკოლისკენ მიმავალ გზას და 10 წუთში სკოლაში ვართ. დროის დაზოგვა და ფეხით სიარულიც ძალიან სასიამოვნოა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს როლი
რაც უფრო გადის დრო, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე 2017 წელს, როცა ამ კონკურსის ნაწილი გავხდი. ერთი, რომ ბევრი მეგობარი შევიძინე და დღეს უკვე სამოცნი ვართ, ერთ გუნდად ვიქეცით; შემდეგ, ჩემთვის სამაგალითოა თვითონ ამ კონკურსის ორგანიზატორების დამოკიდებულება, როგორ გვიფრთხილდებიან და ზრუნავენ ჩვენს განვითარებაზე. რამდენ პროექტსა და ტრენინგში მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვცეს და ისეთ პირობებს გვიქმნიან, სულ გვიხარია „განათლების კოალიციასთან“ თანამშრომლობა. ამ პროცესებში მონაწილეობა პროფესიული განვითარების გზაზე ძალიან დამეხმარა. აქედან გამომდინარე, დღემდე ვცდილობ პოპულარიზაცია გავუწიო და დავარწმუნო კოლეგები, რომ ჩაერთონ კონკურსში, რადგან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს „ათეულთა კლუბში“ ყოფნა უკვე არის შენი, როგორც მასწავლებლის, განვითარების შანსი და ახალი ურთიერთობების დაწყების გზა. მადლიერი ვარ, რომ ჯილდოს პირველივე წელს ამ გუნდის წევრი გავხდი.