აზარტული თამაშების მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოში, ეს ბიზნესი საკმაოდ კარგადაა განვითარებული. არაერთი სათამაშო დაწესებულება — ტოტალიზატორი, სამორინე, პოკერ-კლუბი, სლოტ-კლუბი და სხვ. — ფუნქციონირებს და ეს დაწესებულებები მომხმარებელთა სიმცირეს არ განიცდიან. უფრო მეტიც, ხშირად, სლოტ-კლუბები თუ ტოტალიზატორები სავსეა მოზარდებით. ონლაინ-თამაშების გავრცელებამ კიდევ უფრო გააადვილა არასრულწლოვანთა წვდომა აზარტულ თამაშებზე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით არასრულწლოვანს ეკრძალება აზარტულ თამაშებში ჩართვა, მოზარდები ამას მაინც მარტივად ახერხებენ, რადგან ამ გზაზე სერიოზული წინაღობა არ არსებობს, არადა მოზარდებისთვის აზარტულ თამაშებზე წვდომის შეზღუდვა ევროპული სახელმწიფოების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში, როგორ რეგულირდება კანონით სათამაშო ბიზნესის საქმიანობა? რატომ თამაშობენ მოზარდები ასე აქტიურად აზარტულ თამაშებს? როგორია კანონით დადგენილი ასაკობრივი ცენზი და რა შეზღუდვა არსებობს აზარტულ თამაშებთან მიმართებაში? რატომ ვერ სრულდება კანონი, რომელიც მოზარდებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობას უკრძალავს და რა გვიჩვენა 2019 წელს ამ მიმართულებით ჩატარებულმა კვლევამ? — ამ საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრება აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის დამფუძნებელი გუგა ბესელია.
— როდის დაარსდა აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი და რა არის თქვენი საქმიანობის მიზანი?
— ჩვენი ორგანიზაცია 1 წლის წინ დაარსდა. მანამდე აზარტულ თამაშებს ვიკვლევდით, ვმუშაობდით ლუდომანიის მიმართულებითაც, ვსწავლობდით საქართველოში არსებულ რეალობას. აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში ყოველ მე-5 ადამიანს შეხება აქვს სამორინეებთან. 2017 წელს, მხოლოდ ონლაინ სამორინეების ბრუნვამ 5.65 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო საქართველოში რეგისტრირებულია 500 000 ე.წ. ექაუნთი. ეს მონაცემი, ლუდომანიის მიმართულებით, ძალიან მძიმე სოციალურ ფონზე მეტყველებს. 2017 წელსვე, მარკეტებისა და მაღაზიების ბრუნვა 4 მილიარდ ლარს შეადგენდა, მოგეხსენებათ, კვება ყველა ადამიანს (3.7 მილიონი მოსახლეა) სჭირდება. ონლაინ სამორინეში, მაქსიმუმ, 500 000 მოქალაქე თამაშობს, თუმცა ფაქტია, რომ ონლაინ სამორინეს კაპიტალბრუნვა ბევრად აღემატება მარკეტების და მაღაზიების ბრუნვას. დასკვნა ერთია, ქართველი „გეიმერები“ უფრო მეტ ფულს ხარჯავენ ონლაინ სამორინეში, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა — კვებაში.
— აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის მიზნით, რა სახის მუშაობა ტარდება სკოლებში და რას გვიჩვენებს კვლევა ამ მიმართულებით?
— თბილისის მერიის მხარდაჭერით, ლუდომანიის პრევენციის მიზნით, თბილისის სკოლებში ჩავატარეთ ლექცია-სემინარები, სადაც განხილული იყო ის მძიმე შედეგები, რაც აზარტულ თამაშებთან შეხებას მოჰყვება. თბილისში, თითქმის ყველა უბნის სკოლების მოსწავლეები გამოვკითხეთ, სულ 500 მოზარდი (14-18 წლისანი). ისინი ანონიმურ კითხვარებს ავსებდნენ, შესაბამისად, პასუხები იყო გულწრფელი და მიღებული შედეგებიც რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული.
— საიდან აქვთ ინფორმაცია ონლაინ თამაშების შესახებ და თუ აქვთ წარმოდგენა აზარტული თამაშების უარყოფით შედეგებზე?
— რაც შეეხება ინფორმირებულობას ონლაინ სამორინეების და მათ მიერ დაანონსებული აქციების შესახებ, მოზარდებს იმაზე მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე თვითონ ონლაინ სამორინეებს ერთმანეთის შესახებ. რაც შეეხება ცნობიერების საკითხს, ანუ რამდენად იციან, რომ ონლაინ სამორინე მხოლოდ გართობის კი არა, სერიოზული ზიანის მომტანიცაა როგორც ჯანმრთელობის, ისე ცნობიერების დამახინჯების მიმართულებით, ამ საკითხში მეტ ინფორმირებულობას საჭიროებენ. სწორედ ამიტომ გამოვედით ინიციატივით, ჩაგვეტარებინა ლექცია-სემინარები სკოლებში. მოზარდებს მათემატიკური გათვლებით ვუმტკიცებთ, რომ ყველა აზარტული თამაში, რომელიც ონლაინ სამორინეებშია, ისეა მოწყობილი, რომ დროის გარკვეულ პერიოდში, აუცილებლად გაგვიყვანს წაგებაზე. ინფორმირებულობის თვალსაზრისით, კვლევამ აჩვენა, რომ ლიდერობს ინტერნეტრეკლამა — 75 %, ბილბორდი — 47%, SMS შეტყობინება — 54%, სატელევიზიო რეკლამა — 37%, სამეგობრო წრე — 41%.
— აზარტული თამაშების რომელი სახეობაა ახალგაზრდებში ყველაზე მეტად პოპულარული?
— კვლევამ გვიჩვენა, რომ მოზარდების ძირითადი ნაწილი, ერთდროულად, სხვადასხვა კატეგორიის აზარტული თამაშებითაა დაკავებული. სტატისტიკა ასეთია: პოკერი — 37% (მამრობითი — 24%, მდედრობითი — 13%); სლოტები — 43% (მამრობითი — 25%, მდედრობითი — 18%); ტოტალიზატორი — 34% (მამრობითი — 24%, მდედრობითი — 10%) რულეტი — 35% (მამრობითი — 19%, მდედრობითი — 16%); სამაგიდო თამაშები (ნარდი, ბურა, დომინო) — 52% (მამრობითი — 20%, მდედრობითი — 32%).
— რა სახის რეგულაციები უნდა ამოქმედდეს სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით, რომ ვითარება გაუმჯობესდეს?
— ამ ეტაპზე, ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ორი საკითხის რეგულაციას გულისხმობს: პირველი, უნდა გამკაცრდეს ონლაინ სამორინეში რეგისტრაცია. მიმაჩნია, რომ გამოსავლი საჯარო რეესტრთან წვდომაშია — სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს ონლაინ სამორინეს საჯარო რეესტრთან წვდომა, რაც თავისთავად გამორიცხავს არასრულწლოვანთა რეგისტრაციას, ასევე, უნდა შეიქმნას მონიტორინგის სამსახური, რომელიც გააკონტროლებს არსებულ და ახალშექმნილ ექაუნთებს და დარწმუნდება, რომ დამრეგისტრირებელი პირი სრულწლოვანია.
მეორე, რეგულაცია უნდა შეეხოს ონლაინ სამორინეების აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიას. მოგეხსენებათ, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება იკრძალება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში (მათგან 100 მეტრის რადიუსშიც). ასევე იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამირება ტელევიზიით, რადიოთი, ინტერნეტითა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპონსორობისა. არავითარ ჩარჩოებში არ ჯდება ის ფაქტი, რომ სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე და მოზარდების თავშეყრის ადგილებში გვხდება უზარმაზარი და ძვირადღირებული სარეკლამო ბანერები. სამწუხაროდ, სატელევიზიო და ინტერნეტსივრცეში არსებული რეკლამები არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება.
— ვინ უნდა დაეხმაროს ლუდომანს?
— ამ მიმართულებით საჭიროა სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა. სამწუხაროდ, საქართველოში ამ პრობლემაზე არავინ მუშაობს ან, თუ მუშაობს, დიდად ამ საკითხზე ფოკუსირება არ ხდება. რეაბილიტაციის ცენტრები მრავლადაა საზღვარგარეთ. ყველაზე აპრობირებული მეთოდია ჯგუფური ფსიქოლოგიური თერაპია. რა თქმა უნდა, ცენტრში მკურნალობას სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს. შესაძლოა, ასევე, გამოვიყენოთ შვედური მოდელი, სადაც თვითონ სამორინეები აფინანსებენ სარეაბილიტაციო ცენტრებს.
— ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტში წარდგენილი იყო პროექტი, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას ითვალისწინებდა. შესაძლებელია თუ არა ასეთი ოფიციალური სტატისტიკის არსებობა?
— თუ ბაზის შექმნა მხოლოდ სტატისტიკისთვის გვჭირდება, ამის მოგვარება კვლევითაც შეიძლება. დარწმუნებული ვარ, ანონიმური კვლევით უფრო სწორ მონაცემებს მივიღებთ.
— რა ინიციატივების განხორციელებას გეგმავთ მომავალში?
— რაც შეეხება მომავალ გეგმებს, მინდა აღვნიშნო, რომ გაგრძელდება ლექცია-სემინარები სკოლებში და ვაპირებთ მთელი საქართველო მოვიცვათ. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში, ჩავატარებთ კვლევას, უკვე საქართველოს მასშტაბით. გვინდა, პრევენციული ზომების შესახებ ვესაუბროთ მოზარდებს და აუცილებლად მათ მშობლებს, რათა უკეთ შეძლონ საკუთარი შვილების მაქსიმალური კონტროლი. ასევე, მშობელთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი“ გეგმავს სოციალურ ქსელში საინფორმაციო კამპანიის — „დაიცავი შენი შვილი“ — დაწყებას და, როგორც გითხარით, ვამზადებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს რეგულაციის ორ ძირითად საკითხს — აგრესიული მარკეტინგული კამპანიის რეგულაციას და რეგისტრაციის გამკაცრებას ონლაინ სამორინეებში.
ესაუბრა მაკა ყიფიანი