თამარ კობერიძე
სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
„დედა ნუ ჩამოხვალ ზღვაზე, ზღვა ძალიან ღელავს.
შენ სუსტი ხარ დედა, ზღვა დაგახრჩობს შენ!
მე თოლია ვარ, ქარს და ტალღებს ვეთამაშები!“
გარდაცვალების წინა ღამით დაწერილი ლექსიდან
გამუდმებით სიკვდილზე ფიქრის მიუხედავად, გურამ რჩეულიშვილზე ვერ ვიტყვით, „სიკვდილის მწერალიაო“, როგორც ტერენტის შესახებ ამბობენ – „სიკვდილის პოეტს“, მას საოცარი „წყურვილი ჰქონდა სიცოცხლისა“; თითქოსდა, ახალგაზრდობიდანვე იცნობდა სიკვდილს – მოულოდნელს, შემთხვევითს, სულ სადღაც ჩასაფრებულს. მოთხრობაშიც „სიკვდილი მთებში“, გაიგებს რა თავისი მეგობარი გერმანელი მწერლის მეუღლის – ელპიდეს მოულოდნელი, რომ იტყვიან, წამიერი აღსასრულის შესახებ, მაშინვე თავში მხოლოდ ერთი აზრი გაუელვებს – „ხომ შეიძლება მეც გადმოვვარდე ჭენების დროს?!“ მთელი მისი ცხოვრება ხომ დაუოკებელი ჭენება იყო უსასრულობისკენ ბარათაშვილის მერანივით. როცა „უსახელო უფლისციხელს“ წერდა, ჯერ კიდევ ჭაბუკმა იცოდა, რომ „ვნება შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“; როცა ტანგოს ცეკვავდა, თითქოს წინასწარ ისმენდა საკუთარი აღსასრულის ისტორიას; როცა ქრისტესავით ჯვრის სახით გაეკრა ალავერდის გუმბათს, ერთი მხრივ, მერაბ კოსტავას შეფასება იწინასწარმეტყველა თავისი ცხოვრებისა და აღსასრულის შესახებ – გურამ რჩეულიშვილის საოცარი სიყვარული მთისა და ზღვისა შესაძლოა მხოლოდ ჯვრის პერპენდიკულარულ და ჰორიზონტალურ ნაწილთა საშუალებით ავხსნათ – სწრაფვა ღვთისკენ და სწრაფვა მოყვასისკენ. სწორედ მოყვასის გადასარჩენად შესცურა უკანასკნელად თავის საყვარელ ზღვაში, რომელიც, როგორც ნუგზარ წერეთელი ამბობს – „გუგუნებდა“, მაგრამ გურამს „ზღვის ოდნავი არ ჰქონდა შიში“; მეორე მხრივ, ქართველებს იმ საოცარი განცდისაკენ მოგვიწოდებდა, რასაც ალავერდის გუმბათიდან დაცემული ალაზნის ველისა და მასზე ამაყად გადმომდგარი ცივგომბორის ხილვა იწვევს ადამიანში; როცა ლამის ხელშესახებად გრძნობ ღვთისა და კაცის ქმნილების სიდიადე როგორ მიგაქროლებს შემოქმედისაკენ; ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, შენ „იგი“ ხარ „ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და გიჩანს მღერად“. ამიტომაც „წლები წავიდნენ“, მაგრამ ვეღარავის ხვდა წილად „სული ასეთი – ამბოხი და ანახანძრები“.
ეს გურამ რჩეულიშვილის პიროვნების სულ მცირე მონახაზია, თუ შეიძლება ასე ითქვას. ახლა ორიოდე სიტყვას ჯეკ ლონდონის შესახებაც ვიტყვი. ერთი შეხედვით, ეს ორი მწერალი თითქოს არაფრით ჰგავს ერთმანეთს – დაახლოებით, საუკუნე მაინც აშორებთ, დროისა და ეპოქის თვალსაზრისით, ხოლო იმ სახელმწიფოთა იდეოლოგიის მიხედვით, რომელშიც მათ ღვთის განგებულებით მოუწიათ ცხოვრება და მოღვაწეობა, ალბათ უფსკრულია. გარდაცვალების ფორმის თვალსაზრისით ხომ საერთოდ – ერთი ადამიანის გადარჩენას შეეწირება, ხოლო მეორე – მიუხედავად აღიარებისა, მიუხედავად ახლობლებთან ინტენსიური ურთიერთობისა, ბარათაშვილივით (სამეგობრო წრე მყავს მხედველობაში, რა თქმა უნდა, და არა აღიარება), პავლე ინგოროყვას თქმისა არ იყოს – „არსებობდა მეორე ბარათაშვილი…“, რომელსაც არ იცნობდნენ თვით უახლოესი მეგობრები, თვით მაიკო ორბელიანიც კი. არსებობდა მეორე მარტოსული – ჯეკ ლონდონი, რომელმაც, როგორც ფიქრობენ, მორფის გადაჭარბებული დოზის მიღებით მოიკლა თავი. მაშ, რაღაში მდგომარეობს ამ ორ მწერალს შორის მსგავსება? – იკითხავს მკითხველი – ბუნებისადმი სიყვარულში, მისი „იდუმალებისა“ და „სიჩუმის ენის“ ამოცნობაში და ყველაზე მთავარი – ღვთის განგებულების მიღებაში, რაც ჩემ მიერ განსახილველი მოთხრობების მთავარი ლაიტმოტივია. მაგრამ, ვიდრე ნაწარმოებების დეტალურ შედარებით ანალიზზე გადავალ, მინდა კიდევ ერთი არსებითი განსხვავების შესახებ ვთქვა, რომელიც მათ შორისაა და რომელმაც გურამ რჩეულიშვილს გარდაცვალება არგუნა წილად, ხოლო ჯეკ ლონდონს კი – სიკვდილი. ეს გახლავთ რწმენა და, აქედან გამომდინარე, ეროვნული იდენტობა. ისევ აუცილებლად გაჩნდება კითხვა – რა რწმენა, რის რწმენა, ის ხომ ავადსახსენებელი კომუნისტური ეპოქის აღზევების ხანის შვილი იყო?! მე გიპასუხებთ, – ამის მიუხედავად იგი ქრისტიანულ ოჯახში გაიზარდა, თავის შემოქმედებაში მწერალი აღწერს, როგორ მიდიოდა მთელი ოჯახი ალავერდობის დღესასწაულზე ღამის გასათევად. ალბათ ამ ტკბილი, სიზმარივით ჩარჩენილი მოგონებების შედეგია გასაოცარი მოთხრობა „ალავერდობა“, ქრისტიანული აზროვნებით გაჟღენთილი და „მოწამლული“ მწერლობის საფუძველზე შექმნილი! იმავე ეპოქაში გაზრდილი ლადო ასათიანი მთელი ხმით იმეორებდა დიდი დავით გურამიშვილის მიერ უკვე ნათქვამს: „მე კარგად ვიცი ვინა ვარ, რა ვარ, საიდან მოველ და საით წავალ!“ ეს კითხვა კი ევროპას დღემდე აწვალებს, გავიხსენოთ გოგენის ცნობილი ტილო, რომელიც მხატვარმა ასე დაასათაურა – „ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ?!“ სწორედ ამის დავიწყებას ცდილობდნენ ქართველი ერისათვის კომუნისტები და გააფთრებული ბრძოლის მიუხედავად ვერ მოახერხეს!
ახლა კი, ამ ორი საოცარი მოთხრობის მიხედვით, ვნახოთ ჩემთვის უსაყვარლეს მწერალთა დამოკიდებულება სამყაროსადმი, სიკვდილ-სიცოცხლისადმი, ბუნების იდუმალებისა და ღვთაებრივი განგებულებისადმი.
პირველ რიგში, რაც ორივე მოთხრობაში ფიგურურებს, ეს მოულოდნელი, უეცარი შემთხვევითობის შედეგად დამდგარი სიკვდილია, უფრო სწორად, გურამ რჩეულიშვილის მოთხრობის მიხედვით დამდგარი, ხოლო ჯეკ ლონდონის მიხედვით, გამოუვალი სიტუაციიდან გამომდინარე, უახლოესი მეგობრის ხელით აღსრულებული: „მხოლოდ ერთი ტყვია გავარდა, მეისონი მაღლა აიტაცა ჰაეროვანმა სამარემ“ (ლონდონი, გვ.37, თბილისი, 1965წ.). ორივე შემთხვევაში მთავარი გმირი ცოლ-ქმარია, რჩეულიშვილთან ქალი კვდება, ჯეკ ლონდონთან კი – კაცი. პირველ შემთხვევაში ალფრედსა და ელპიდეს უკვე დაზრდილი ხუთი შვილი ჰყავთ, ხოლო მეორე შემთხვევაში – მეისონი და რუთი ჯერ მხოლოდ ელოდებიან პირმშოს.
ორივე მოთხრობაში ოჯახი მომავლის გეგმებს სახავს: „გაისად ისევ წამოვალთ არა?… უკანა ფშავიდან მთათუშეთისაკენ“, წინასწარ უთანხმდება ქმარს ელპიდე. „ასე იქნება რუთ… საქმეებს მოვათავებთ და აქაურობას მოვშორდებით; დავიქირავებთ თეთრი კაცის კანოეს და მლაშე წყლებისკენ გავწევთ… ამ სიტყვებზე ქალს სახე გაუნათდა, თვალებში დიდი სიყვარული ჩაუდგა თავისი თეთრი მბრძანებლისადმი“ (ლონდონი, გვ.28, თბილისი, 1965წ.). ასეთ გეგმებს თეთრ უდაბნოში მყოფი მეისონი აწყობდა თავის ფეხმძიმე ინდიელ ცოლთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ ორივე მწერალი მომავალზე იმ გმირებს ასაუბრებს, რომელთა სიცოცხლეც, ღვთის განგებულებით თუ „ბედის ირონიით“, რამდენიმე საათში უნდა დამთავრდეს.
ორივე მწერლის გმირები უცხო და ამავდროულად მკაცრ გარემო პირობებში იმყოფებიან, მაგრამ განსხვავებულია მათი იქ ყოფნის მოტივი.
გერმანელი მწერალი – ალფრედ კურელა თავის მეუღლესთან, ელპიდესთან და ვაჟთან, სტეფანესთან ერთად სამოგზაუროდ გახლავთ ხევსურეთში, სადაც თავის კოლეგას, მოთხრობის ავტორს უნდა შეხვედროდა. ხოლო ჯეკ ლონდონის გმირები თავისი სამშობლოდან, შეერთებული შტატებიდან, შორეული არქტიკისაკენ მიემართებიან სიმდიდრის – ოქროს მოსაპოვებლად: „რუთ, ცოტაც მოითმინე და მალე აღარ იშიმშილებ, აღარც ამ მოკასინების ჩაცმა დაგჭირდება“ (ლონდონი, გვ.2, თბილისი, 1965წ.). მეისონი იმდენად ხატოვნად აღუწერს ცოლს ფქვილიანი ტომრებით სავსე საკუჭნაოს, რომ რუთს ისე „გულუბრყვილოდ სჯეროდა ამ ზღაპრისა, მამაკაცები ახარხარდნენ,“ – ამბობს მწერალი (ლონდონი, გვ.29, თბილისი, 1965წ.).
ამ მოთხრობების სიუჟეტების მიხედვით, ევროპელ და ამერიკელ „მოგზაურთა“ მაგალითზე, შეგვიძლია დავინახოთ ძირეული განსხვავებანი მოსახლეობის ინტერესებს, მისწრაფებებსა და საჭიროებებს შორის. „ევროპა“ თავისი სიამოვნებისათვის, მშვენიერების აღმოჩენისა და მისით ტკბობისათვის მოგზაურობს; ხოლო „ამერიკა“ – შიმშილიდან თავის დაღწევისა და გამდიდრებისათვის.
„რა კარგია მთაში“ – ფიქრობს კურელა, ფოტოაპარატი აქვს მომარჯვებული და ყველაფერს იღებს, დილით – არხოტის წყალსა და დეკიან ფერდას, ხოლო შუადღისას – შუბლგახეთქილი მეუღლის გვამს, იმ „საოცარი უმწეობისდა“ მიუხედავად, რაც მან შეიგრძნო ცხოვრების მეგობრის ამ მოულოდნელი და თან საზარელი გარდაცვალების გამო: „ელპიდე მარცხენა ფეხით ეკიდა უზანგზე და ქვებს გლეჯდა ხან კეფით, ხან მკერდით… ის უფრო ადრე მოკვდა, როდესაც გარდმოვარდნისას კეფა დაარტყა… სტეფანე იჯდა დედის თავთან უხმოდ“. ერთი წუთით რომ წარმოიდგინოს ადამიანმა – სრულიად უცხო ვინმეს უყურებ ამ მდგომარეობაში, დამეთანხმებით, რამდენად მძიმე შემთხვევას აღწერს მწერალი და კიდევ უფრო საზარელი და უმწეოა შემსწრეთა მდგომარეობა, მით უმეტეს, როცა ისინი ოჯახის წევრები არიან. ოდნავ მაინც მიახლოებულად რომ გადმოსცეს მწერალმა მამა-შვილის განცდები, ამბობს: „უცხო იყო აქ ყველაფერი, უცხო და უცნაური: ხალხი უცნობი, მდინარე ცივი, ხმაურიანი… სადღაც ერთდებოდნენ მის შეგრძნებაში სიმწუხარე და შეუცნობელი, არამშობლიური. ეს ყველაფერი უფრო საოცარი იყო. ლოდიანებს შორის იწვა მისი მეუღლე – უკვე მკვდარი. მეუღლე, რომელიც ერთი საათის წინ ცოცხალი იყო, მხიარულად ლაპარაკობდა და რომელთანაც ხუთი შვილი ჰყავდა“. ამ უბედური შემთხვევის „მთავარი გმირი“ შავი ცხენია, რომელსაც ფეხი დაუცდა ლოდიანებში, წაიქცა და დაფრთხა იმიტომ, რომ ფეხი მოიტეხა. მამა-შვილი მასაც ისეთივე თანაგრძნობით უყურებს, როგორც ცხედარს, რომლის შესახებაც ორივე გაურბის ლაპარაკს – „რაღაც იყო მათთვის სიკვდილში საოცარი და უკვე მომხდარი, რომელსაც არაფერი ეშველებოდა“. მართალია, მათ არ იციან რა უნდა „ქნან უდედოდ“, მაგრამ იციან, რომ გამცილებელი არაფერ შუაშია, რომ „მოხდა შემთხვევა და სამწუხაროდ ვერაფერს იზამენ“. ხევსურებს აოგნებს მათი „სიმშვიდე“ – „არ იყო ავად, არ იყო მოხუცი, იჯდა ცხენზე ბედნიერი, მხიარული თავის საყვარელ ქმარ-შვილთან ახლოს… ამას მე ვთვლი ერთ-ერთ ბედნიერ სიკვდილად…“ და ამ დროს მოადგება „ცრემლის მსგავსი“ ალფრედ კურელას თვალებზე, რის შესახებაც მწერალი ამბობს: „გრძნობამ სძლია წამით გონებას“. ამით ავტორი პირდაპირ გვეუბნება თუ როგორი გაგებით მიიღო ალფრედ კურელამ ცოლის უეცარი გარდაცვალება.
თითქმის იგივენაირი სიმშვიდით ღებულობს რუთი ქმრის გარდაუვალ სიკვდილს: „არც ინდიელ ქალს წასვლია გული, არც უმიზნო ვაი-ვიშს მოჰყოლია, როგორც ამას მისი თეთრკანიანი დობილები ჩაიდენდნენ. მეილმუტ კიდის პირველსავე დაძახილზე მთელი ძალით დააწვა სახელდახელოდ გაკეთებული ძალაყინივით შეყენებულ ჯოხს, რომ ხის სიმძიმე შეემსუბუქებინა, თან გაფაციცებით ისმენდა ქმრის კვნესას“. როგორც ვხედავთ, იგი ბოლომდე იბრძვის, ბოლომდე იბრძვის მეისონიც; როცა კიდი „თოვლზე დაასვენებს უბადრუკ ნაშთს იმისას, რაც ცოტა ხნის წინ ადამიანი იყო“, მეისონი ქალის სახეზე აღბეჭდილ „უხმო მწუხარებას“ შენიშნავს: „არაფერი უთქვამთ, ჩრდილოეთის მკვიდრებმა ბალღობიდან კარგად იციან სიტყვის ამაოება და საქმის ყადრი“. აი, მთავარი სათქმელიც თქვა ჯეკ ლონდონმა – „სიტყვების ამაოება“ – ორივე მოთხრობაში ისეთი უცაბედი გარდაცვალებებია აღწერილი, როცა სიტყვა უძლურია ამ ტრაგედიების გადმოსაცემად. მეტიც, „თეთრ მდუმარებაში“ გაცილებით უფრო რთულადაა საქმე იმდენად, რამდენადაც მეისონის სიცოცხლე მართალია განწირულია, მაგრამ არა აღსრულებული და თუ მის აღსასრულს დაელოდებიან, ისინიც, რომელთა გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლება, „თეთრი მდუმარების“ მსხვერპლნი აღმოჩნდებიან სამოცდახუთგრადუსიან ყინვაში: „განყენებულად თუ ვიმსჯელებთ, ეს უბრალო არითმეტიკა იყო – სამი ნაღდი სიცოცხლე უპირისპირდებოდა ერთ განწირულს“ (გვ.35). ამიტომ რუთი უდრტვინველად მოისმენს ქმრის უკანასკნელ სურვილებს, მან ხომ, როგორც ინდიელმა „ქალმა, კარგად იცოდა რა იყო მორჩილება“ (გვ.36). მეილმუტ კიდმაც კარგად იცოდა, „რომ ნათელი თეთრი მდუმარება, რომელსაც კრიალა და ცივი ფოლადის ზეცა ხურავს, ულმობელია და სასტიკი“. ამიტომ, მიუხედავად ლოცვისა, რომ მეგობრის მკვლელი არ გამხდარიყო, ბუნების სიმკაცრის გამოისობით, აღასრულა მეისონისა და ღვთის ნება; ადამიანი, რომელიც ძაღლსაც კი არ ურტყამს შოლტს, კლავს უახლოეს მეგობარს და არ წირავს საშინელი სიკვდილისათვის.
აღსანიშნავია ამ ორი მწერლისა და მათი გმირების დამოკიდებულება ცხოველებისადმი. ელპიდესა და კურელას ერთ-ერთი შვილი, რომელიც ამ ტრაგედიას შეესწრო, „აბუზულ და საცოდავ“ მდგომარეობაში მყოფი იმაზეც დარდობს, რომ ცხენს, რომელიც ფაქტობრივად ამ უბედური შემთხვევის მიზეზია, ფეხი აქვს მოტეხილი, „დაცემის დროს მოიტეხა“. მომაკვდავი მეისონი კი მეილმუტ კიდს „აღსარებას აბარებს“ იმის გამო, რომ კარმენს, მის საყვარელ ძაღლს, შოლტი გაუტყლაშუნა – „მომაკვდავმა დასძლია სიამაყეს – პატიებას გთხოვ, ხომ იცი, რისთვის – კარმენისთვის“ (ლონდონი, გვ.35, თბილისი, 1965წ.). ეს მსგავსება ბუნებრივიცაა, რადგან შეუძლებელია ბუნების მოყვარულ ადამიანს ცხოველები არ უყვარდეს და მათ ტკივილს არ განიცდიდეს.
რაც შეეხება იმას, თუ რომელი ლიტერატურული მიმდინარეობების წარმომადგენლები არიან ისინი, როგორც ერთი, ისე მეორე მწერალი რეალისტია მცირეოდენი განსხვავებით – ჯეკ ლონდონი კრიტიკულ რეალიზმს უფრო მიეკუთვნება, ხოლო გურამ რჩეულიშვილი – ე.წ. მაგიურ რეალიზმს; ხოლო სამყაროს სიყვარულის თვალსაზრისით, ისინი, შესაძლოა, მოდერნიზმის წარმომადგენლებიც კი იყვნენ.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ჯეკ ლონდონი – თხზულებანი, ტომი I („ნაკადული“, თბილისი, 1965 წ.)
2. https://poetry.ge/poets/guram-rcheulishvili/prose/9368.sikvdili-mtebshi.htm