ნათია ნიკოლაძე
სსიპ ბათუმის №18 და №30 საჯარო სკოლების მუსიკის მასწავლებელი
აზრი, რომ მუსიკოსობა მხოლოდ ნიჭიერ უმცირესობათა პრიორიტეტია, დიდი ხანია ჩაანაცვლა შეხედულებამ, რომ ყველა ადამიანი მუსიკისადმია მიდრეკილი, თუ შესაბამის გარემოში, მუსიკასთან ზიარების საშუალება მიეცემა.
მუსიკა არის უნივერსალური ენა, რომელსაც შეუძლია უდიდესი როლი ითამაშოს თითოეული ბავშვის ემოციურ და ანალიტიკურ განვითარებაში. ის განასახიერებს შემოქმედების ერთ-ერთ უმაღლეს ფორმას, რომელიც მოზარდს აძლევს საშუალებას, განცდები და ემპირიული გრძნობები ნათლად და თავისუფლად გამოხატოს და მოახდინოს მათი მატერიალიზება.
გრაფიკული ნოტაცია კი ერთ-ერთი საინტერესო მეთოდია დაწყებით საფეხურზე, მუსიკით ასოციაციური კავშირის გაბმისა და მოვლენათა აღსაქმელად, შემდეგ კი მათი ვიზუალიზაციისათვის.
გრაფიკული ნოტაცია წარმოადგენს მუსიკის ვიზუალური გამოხატვის ფორმას, არასტანდარტული სიმბოლოების საშუალებით. არასტანდარტულში ვგულისხმობთ იმ სიმბოლოებს, რომელიც არ მიეკუთვნება ჩვენთვის ნაცნობ, სტანდარტულ სანოტო სისტემას და შეიძლება გამოიყურებოდეს ასე:
გრაფიკული ნოტაციის პოპულარიზაცია XX საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო და, ერთგვარად, ვიზუალური ხელოვნების ფორმებით იყო შთაგონებული. ამ პოპულარიზაციის ერთ-ერთი მიზეზი მუსიკის ჩაწერის ფორმებისათვის თავისუფლებისა და ინტერპრეტაციის საშუალების დაბრუნება გახდა.
დაწყებით საფეხურზე გრაფიკული ნოტაცია მუსიკის ნოტაციის ძალიან საინტერესო, მარტივი და სახალისო მეთოდია. მისი სწავლებისა და გამოყენების სხვადასხვა გზა არსებობს:
- თავდაპირველად, ბავშვებს შევასწავლით რამდენიმე სიმბოლოს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ხმის წარმოსაჩენად, მაგალითად:
I. უწყვეტი ხმა, რომელიც იზრდება დაბლიდან მაღლისაკენ.
II. უწყვეტი ხმა, რომელიც ჩამოდის მაღლიდან დაბლისაკენ.
III. უწყვეტი ხმა, იმავე სიმაღლეზე.
IV. წყვეტილი ხმები, რომლებიც იზრდება დაბლიდან მაღლისაკენ.
V. წყვეტილი ხმები, რომლებიც ჩამოდის მაღლიდან დაბლისაკენ.
VI. უწყვეტი ხმა იზრდება, შემდეგ მცირდება.
VII. უწყვეტი ხმა მცირდება, შემდეგ იზრდება.
VIII. წყვეტილი ხმები მოძრაობენ ქაოტურად.
ვასწავლით თითოეულ სიმბოლოს და ვასმენინებთ ხმის ტიპებს, რომელსაც ეს სიმბოლოები შეესაბამება. როდესაც ბავშვები გაიცნობენ სიმბოლოებსა და მათ მნიშვნელობას, დავხატოთ 4×4 ბადე, შევავსოთ სიმბოლოებით (შეიძლება დავტოვოთ რამდენიმე ცარიელი კვადრატი, სიჩუმის გამოსახატად), ბავშვებს შეუძლიათ ეს სიმბოლოები თავიანთი ინტერპრეტაციით, ხმითაც გამოსცენ.
ცოდნის განმტკიცების შემდეგ, შეგვიძლია მოზარდებს დავურიგოთ რომელიმე მუსიკალური ნაწარმოების, გრაფიკული ნოტაციის პარტიტურა და ვთხოვოთ, თითი გააყოლონ მელოდიის შესაბამისად.
გრაფიკული ნოტაცია ერთ-ერთია იმ აქტივობებიდან, რომლითაც შეიძლება ყველა მოსწავლე დააინტერესო და ჩართო საგაკვეთილო პროცესში, ამავდოულად, გამოუმუშაო მრავალი მუსიკალური უნარი: რიტმის გრძნობა, სმენა, მელოდიის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია. მსგავსი აქტივობები ავითარებს შემოქმედებით, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარებს.
რესურსი I: https://www.youtube.com/watch?v=oJy1PzvapU4
რესურსი II: https://www.youtube.com/watch?v=AVUKySFhESk
რესურსი III: https://www.youtube.com/watch?v=0dNLAhL46xM
რესურსი IV: https://www.youtube.com/watch?v=hy9I-lC93gE&t=186s