„კარგ მასწავლებელს შეუძლია გააჩინოს იმედი, აღძრას ფანტაზია და გააჩინოს სწავლის სიყვარული.“ – ბრედ ჰენრი
რა აძლიერებს მასწავლებელს? რა განასხვავებს საუკეთესოს დანარჩენისგან? დღეს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით იმართება კონკურსები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ნებისმიერი აღიარება მასწავლებელს უფრო მოტივირებულს ხდის, ახალგაზრდებს კი პროფესიაში შემოსვლისკენ უბიძგებს. რასაკვირველია, მოტივაცია მასწავლებლებისათვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მოსწავლეებისთვის. მიღწევების და წვლილის დანახვა განსაკუთრებული მომენტია, გარშემომყოფებისგან აღიარება კი ხელს უწყობს მასწავლებლის კარიერულ ზრდას. საგანმანათლებლო გარემოში აღიარების კულტურა მნიშვნელოვანია, ამით სკოლებში უფრო მოტივირებული სასკოლო გარემო იქმნება.
2024 წლის 14 იანვარს, დუბაიში, მეოთხე გლობალური განათლების სამიტი გაიმართა, რომლის ორგანიზატორი იყო AKS Education Awards. ამ ორგანიზაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე ათეული გამარჯვებული ჰყავს. გლობალური განათლების ჯილდოების – AKS Education Awards-ის ინიციატივაა ყოველწლიური პროგრამა, რომელიც აღიარებს განათლების სრულყოფილებას გლობალურად.
გლობალური განათლების დაჯილდოების მიზანი იყო იმ ადამიანებისა და ინსტიტუტების აღიარება მთელ მსოფლიოში, რომლებმაც განათლების უმაღლესი სტანდარტები აჩვენეს თავიანთ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. დუბაიში, გალა ღონისძიებაზე, მოწვეული იყვნენ ფიზიკური პირები და უნივერსიტეტების წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ნომინაცია მოიცავდა 7 ძირითად კატეგორიას და 106 ქვეკატეგორიას. საქართველოდან, 2024 წლის სამიტზე, დაჯილდოვდა 8 ნომინაციაში გამარჯვებული:
- ინგა ხარჩილავა – გამორჩეული საგანმანათლებლო მრჩეველი 2023-24, საქართველო – ინდივიდუალური კატეგორია;
- კახაბერ ჩაკვეტაძე – გამორჩეული მასწავლებლის ტრენერი 2023-24, საქართველო – ინდივიდუალური კატეგორია;
- ნინო ცარციძე – 2023-24 წლის ინოვატორი მასწავლებელი, საქართველო – ინდივიდუალური კატეგორია;
- ნანა კენჭოშვილი – 2023-24 წლის შთამაგონებელი დირექტორი, საქართველო – ინდივიდუალური კატეგორია;
- მარინე ტაბატაძე – წლის გამორჩეული Edu-ლიდერი 2023-24, საქართველო – ინდივიდუალური კატეგორია;
- მაია ბარბაქაძე – დამსახურებული პედაგოგი ქალი, საქართველო – ინდივიდუალური კატეგორია;
- თამარ ზირაქაშვილი – 2023-24 წლის საუკეთესო პედაგოგიური ლიდერი, საქართველო;
- ნანა კვარაცხელია – გამორჩეული სამოტივაციო სპიკერი 2023-24, საქართველო.
AKS Education Awards-ის გუნდის ინიციატივაა, აღიაროს ყველა დაინტერესებული მხარე განათლების ინდუსტრიაში, რაც საუკეთესო შესაძლებლობაა პროფესიული ზრდისთვის და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის. ყოველწლიურად, AKS EDUCATION AWARDS გუნდი აჯილდოებს საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან. გლობალური ჯილდო მიზნად ისახავს, მსოფლიოს ყველა კუთხიდან გამოავლინოს და აღიაროს გამორჩეული მასწავლებლები და საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს პროფესიაში. ეს ჯილდო მიზნად ისახავს იმ მასწავლებლების იდენტიფიცირებას, რომლებმაც დანერგეს ინოვაციური მიდგომები სხვადასხვა საგნის სწავლებაში, შეიტანეს განსაკუთრებული წვლილი მოსწავლეების განვითარებაში და ემსახურებოდნენ საზოგადოებას სწავლების გზით არა მარტო საკლასო ოთახში, არამედ არაფორმალურ გარემოშიც.
2024 წლის გლობალური ჯილდოს ცერემონია მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, საუბრის სესიებს, ქსელურ ლანჩს, გართობასა და ჯილდოების პრეზენტაციას. სამიტზე გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც განათლების თანამედროვე გამოწვევებს ეძღვნებოდა, საქართველოდან მონაწილეობდა ქალბატონი ნანა კვარაცხელია, რომელიც საუკეთესოდ წარდგა და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ქართველი მასწავლებლები აქტიურად ჩავერთეთ სამიტზე გამართულ სესიებსა და ჯგუფურ მუშაობაში, სადაც განვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებების დამეგობრება, დაიგეგმა მომავალი პროექტები, რომელსაც ერთად განვახორციელებთ.
გამორჩეული და წარმატებული მასწავლებლების საერთაშორისო აღიარებას ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ AKS EDUCATION AWARDS დაჯილდოების ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი მედიასაშუალება გამოეხმაურა. ისინი განიხილავდნენ საქართველოს პედაგოგების გლობალურ გავლენას და მათ ინტეგრაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო საზოგადოებაში.
„საქართველოს ინოვატორი მასწავლებლის გლობალური ჯილდო“ დიდი პასუხისმგებლობაა, ამავე დროს – დიდი მოტივაცია. აქედან გამომდინარე, პირადად ჩემთვის, მნიშვნელოვანია, მუდმივად განვავითარო სწავლების უნარები და დავამყარო პროფესიული კონტაქტები, გლობალური განათლების სამიტი ამის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა იყო. ზოგადად, გლობალიზაცია მეტ შესაძლებლობებს ქმნის იდეების გაცვლისთვის, მაღალი კლასის განათლების მიღებისთვის და, ამგვარად, ხელს უწყობს კაცობრიობის წინსვლას. დღესდღეობით, ამისთვის ფიზიკური გადაადგილებაც აღარ არის აუცილებელი, რაც გაცილებით აადვილებს და აიაფებს განათლების მიღების, იდეების გაცვლის, სიახლეების შექმნისა და დანერგვის პროცესებს. თანამედროვე მსოფლიოში მეცნიერებისა და განათლების როლი და მნიშვნელობა სცდება ახალი ცოდნის შეძენისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების ჩარჩოებს. განათლება ყოველთვის წარმოადგენდა მოქმედ ინსტრუმენტს აზროვნებისა და ქცევის სტერეოტიპების შესაცვლელად, საზოგადოების, ეკონომიკისა და მთლიანად, სახელმწიფოს მოდერნიზაციისთვის. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ დღესაც განათლებას უმთავრესი როლი აკისრია იმ ცვლილებების განხორციელების პროცესში, რომელიც აუცილებელია მდგრადი განვითარების მისაღწევად.
ნინო ცარციძე
სსიპ ვიქტორ ნოზაძის სახ. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოძვის საჯარო სკოლის და ააიპ წმინდა ნინოს სახ. საირხის მართლმადიდებლური სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მენტორი მასწავლებელი
გამოყენებული ლიტერატურა:
Global Education Awards Dubai