ნონა მაჭარაშვილი
სსიპ მალხაზ აბაშიძის სახ. ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი
დღეს, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, განსაკუთრებით აქტუალურია გლობალური მოქალაქეობის საკითხი. მაინც რას ნიშნავს გლობალური მოქალაქეობა? რა როლი აკისრია თანამედროვე სკოლას გლობალური მოქალაქის აღზრდაში?
21-ე საუკუნის სკოლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გლობალურად მოაზროვნე მოქალაქის აღზრდაა, რაც თავის თავში გულისხმობს ისეთ მოქალაქეს, რომელსაც ჩვენი პლანეტის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მიმდინარე პროცესების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აქვს. ასეთ ადამიანებს მსოფლიოს წინაშე აქვთ პასუხისმგებლობა და არა მხოლოდ საკუთარი თემისა თუ ქვეყნის წინაშე. მასწავლებლებს კი გვევალება, გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბების მიზნით, ადრეული ასაკიდანვე ვუბიძგებდეთ მოსწავლეებს, რათა გაუჩნდეთ გარემოს დაცვასა და მის აღდგენასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი.
დაწყებითი კლასებიდანვე უნდა ჩავუნერგოთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ როცა ადამიანები კაცობრიობის წევრებად მოიაზრებენ თავს, ისინი აქტიურად მონაწილეობენ და საკუთარი წვლილი შეაქვთ იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებსაც ადამიანთა ცალკეული ჯგუფები ან სახელმწიფოები ვერ დაძლევენ. მაგალითად, როგორც უნდა ვეცადოთ, შეუძლებელია, გლობალური დათბობა ერთმა ქვეყანამ შეაჩეროს, ეს საერთო პრობლემაა, რომლის მიმართ უყურადღებობა თითოეულ ქვეყანას ძვირი დაუჯდება. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დავანახოთ მოსწავლეებს, როგორ იქცევა ადამიანის ესა თუ ის ქმედება, საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად მიმართული, საბოლოოდ, მთელი მსოფლიოსთვის პრობლემად.
როგორც ცნობილია, დღევანდელი მსოფლიოს წინაშე გლობალური დათბობა ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომლის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანის საქმიანობის შედეგად „სათბურის ეფექტის“ წარმოქმნაა. ჩვენი სკოლა აქტიურადაა ჩართული გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო ფონდის (FEE) მიერ გამოცხადებული გლობალური მოქმედების დღეებში, რომლის ფარგლებში, ვახორციელებთ სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებს. „სათბურის ეფექტის“ უკეთ გააზრების მიზნით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შევთავაზე როლური თამაში „დაჭერობანა“. თამაშის წარმართვა რეკომენდებულია ინტეგრირებულად, ბუნებისმეტყველებისა და სპორტის გაკვეთილზე, ორივე საგნის მასწავლებლის მონაწილეობით.
თამაში მიმდინარეობს ორ რაუნდად, თითოეულ რაუნდს 2 წუთი ეთმობა. თამაშის წარმართვისთვის აუცილებელი რესურსია სამი სხვადასხვა ფერის მაისური ან ჟილეტი, ქუდის გამოყენებაც შეიძლება. იდეალურ შემთხვევაში, სიცხე იქნება წითლად, წიაღისეული საწვავი (FF) — შავად (როგორც ნავთობი) და სათბურის აირები (GHG) — ცისფრად (ატმოსფერო). ასევე, საჭიროა დაიხაზოს სათამაშო მოედანი, იმგვარად როგორც ეს ფოტოზეა.
პირველ რაუნდის დაწყებამდე ვუხსნით მოსწავლეებს, რომ თბილი ობიექტები გამოყოფენ (ასხივებენ) სითბოს (ასევე ინფრაწითელ გამოსხივებას); მათ შორისაა დედამიწა, რომელსაც მზე ათბობს. დედამიწის ზედაპირის მიერ გამოყოფილი ინფრაწითელი გამოსხივება „გაიფრქვევა“ კოსმოსში. ის უხილავია თვალისთვის, მაგრამ გამოიყენება ტელევიზორის დისტანციურ პულტებში.
მოსწავლეებს ვყოფთ სამ ჯგუფად: მოსწავლეთა ნახევარი სიცხის ჯგუფი იქნება, რომელიც ითამაშებს ინფრაწითელი გამოსხივების როლს და ტოვებს დედამიწის ზედაპირს კოსმოსის მიმართულებით; მოსწავლეთა მეოთხედი სათბურის აირების ჯგუფი იქნება დედამიწის ატმოსფეროში, მეორე მეოთხედი კი – წიაღისეული საწვავის ჯგუფი (FF). პირველი რაუნდის განმავლობაში, წიაღისეული საწვავის ჯგუფი მჯდომარე მდგომარეობაში რჩება დედამიწის ქერქის ტერიტორიაზე; სათბურის აირების ჯგუფის მოსწავლეები ატმოსფეროს ტერიტორიაზე იფანტებიან; სიცხის ჯგუფი იწყებს მოძრაობას ოთახის ერთი მხრიდან და წარმოადგენს გახურებულ დედამიწას.
თამაში შემდეგნაირად მიმდინარეობს: წიაღისეული საწვავის ჯგუფი მჯდომარე მდგომარეობაში რჩება; სიცხის ჯგუფმა უნდა გადაკვეთოს ოთახი, გასცდეს სათბურის აირებს, რომლებიც მათ დაჭერას ცდილობენ და კოსმოსში „გასხივდეს“. თუ სათბურის აირი დაიჭერს სიცხეს, ეს უკანასკნელი უნდა დაბრუნდეს დედამიწის ზონაში და დათვალოს ხუთამდე, სანამ მოსწავლე კვლავ შეეცდება გაქცევას (ეს არის სათბურის აირების ანალოგია, რომელიც არ აძლევს ინფრაწითელ გამოსხივებას კოსმოსში გაქცევის საშუალებას). როცა სიცხის ჯგუფის ყველა მოსწავლე მიაღწევს ოთახის ან მოედნის მეორე მხარეს, ან სათბურის აირების ჯგუფის წევრები დაიჭერენ, რაუნდი მთავრდება. ვთვლით სიცხის ჯგუფის წევრების რაოდენობას, რომლებმაც მოახერხეს კოსმოსში გაქცევა. ვთხოვოთ მოსწავლეებს, დაუბრუნდნენ საწყის პოზიციებს მეორე რაუნდისთვის.
მეორე რაუნდის დაწყებამდე ვუხსნით მოსწავლეებს, რომ ჩვენ (მასწავლებლები) წარმოვადგენთ დედამიწის მკვიდრთ და ამოვიღებთ წიაღისეულ საწვავს დედამიწის ქერქიდან, რომელიც, ექსპლოატაციის შემდეგ, სათბურის აირად გარდაიქმნება. მოსწავლეები, რომლებიც საწვავ წიაღისეულს წარმოადგენდნენ, მიიღებენ ცისფერ მაისურს ან ჟილეტს და შეუერთდებიან სათბურის აირების ჯგუფის სხვა მოსწავლეებს პირველი რაუნდიდან. ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ ახლა ატმოსფეროში გაცილებით მეტი სათბურის აირია. მასწავლებლის ნიშანზე მოსწავლეები იწყებენ მოძრაობას და სიცხის ჯგუფი კვლავ ცდილობს კოსმოსში გაქცევას, მაგრამ ვინაიდან სათბურის აირები გაცილებით მეტია, რაუნდის ბოლოს, ზუსტად იმავე დროში, სიცხის ჯგუფის ნაკლები მოსწავლე ახერხებს გაქცევას. თამაშის ბოლოს ვეკითხებით მოსწავლეებს: რა დასკვნის გაკეთება შეუძლიათ იმ ფაქტიდან, რომ მეორე რაუნდში სიცხის ჯგუფიდან ნაკლებმა მოსწავლემ მოახერხა კოსმოსში გაქცევა? რა იყო ჩვენი (მასწავლებლების) როლი ორ რაუნდს შორის?
დასასრულს, აუცილებელია განვიხილოთ თამაშის მიმდინარეობა და მოსწავლეებმა გააკეთონ დასკვნები. ასე მაგალითად, როცა დედამიწა თბება მზის სინათლით, მისი ზედაპირი თბება. თბილი ზედაპირი ინფრაწითელ გამოსხივებას გამოყოფს. სათბურის აირები ატმოსფეროში გაფრქვეულ ინფრაწითელი გამოსხივების ნაწილს აკავებს. თუ ატმოსფეროში მეტი სათბურის აირია, ნაკლები ინფრაწითელი გამოსხივება გაიფრქვევა კოსმოსში, შესაბამისად, ატმოსფეროს ქვედა ფენისა და დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა იზრდება. ადამიანის საქმიანობა, როგორიცაა წიაღისეული საწვავის მოპოვება და გამოყენება იწვევს სათბურის აირების გამოყოფას.
ამრიგად, მოსწავლეები, აღწერილი თამაშის საშუალებით, გააცნობიერებენ თუ როგორ იქცევა ადამიანის მიერ საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად მიმართული ესა თუ ის ქმედება, საბოლოოდ, მთელი მსოფლიოსთვის პრობლემად.