21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

გივი შაჰნაზარი – „თავისუფალი საქართველოს ფასი მაინც არაფერია!“

spot_img

91 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი, გივი შაჰნაზარი. 2006 წელს ის „ახალი განათლების“ (№41, 30 ნოემბერი-6 დეკემბერი) „ნომრის სტუმარი“ იყო და ჩვენმა არქივმა შემოინახა მაკა ყიფიანის მიერ ჩაწერილი ინტერვიუ, რომელიც შეიძლება მის ბიოგრაფიულ პორტრეტადაც კი მივიჩნიოთ. მკითხველს ვთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც, ბიოგრაფიული დეტალების გარდა, ცნობილი პოეტისა და მთარგმნელის შეხედულებებსაც გვაცნობს გარკვეულ საკითხებზე.

♦♦♦

⇑⇓ ჩემი წინაპრები ყარაბახის სამელიქოდან იყვნენ. ჩვენი გვარის წარმომავლობა დიდგვაროვანთა წრეს მიეკუთვნება, მაგრამ საკმაოდ ტრაგიკული ბედის. კერძოდ, მე-17 საუკუნეში, როცა სამელიქოების დარბევა დაიწყო, ჩვენი სანათესაოს ერთმა ნაწილმა საქართველოს შეაფარა თავი. მოგეხსენებათ, დევნილობაში დამკვიდრება ძალიან ძნელია. ჩემს წინაპრებს მტერი მუდამ თან სდევდა. ჩვენი გვარის ერთი შტო, ბაქოს გავლით, რუსეთში მოხვდა. ასე შეიქმნა შახნაზართა ორი პატარა ოჯახი – ერთი საქართველოში და მეორე რუსეთში. რამდენადაც ვიცი, სამელიქოს მელიქებს თურმე გლეხებიც წამოყვნენ, რომლებიც, მელიქების პატივსაცემად, ჩვენი გვარის მატარებლები გახდნენ. ასე რომ, აღმოსავლური სისასტიკისა და მტრობის გამო, ფაქტობრივად, ჩვენ ლტოლვილები ვიყავით.

სამწუხაროდ, ეს ცეცხლი დღესაც არ ცხრება. ისტორიულ სომხეთში, ყარაბახში, ჰერეთისა არ იყოს, ყოველთვის ხდება მსგავსი ტკივილიანი დაპირისპირებები.

დედა – მარიამ მკალავრიშვილი დიასახლისი იყო. მამა, იაკობ შაჰნაზარი – ტექნოლოგი. მშობლებს ვაღმერთებ, მამა ქალაქის კოლორიტი, ინტელიგენტი კაცი იყო, იცოდა ბევრი ენა, პოლიგლოტი გახლდათ. გარდა სომხურისა და ქართული ენისა, არაჩვეულებრივად ფლობდა აზერბაიჯანულ და სპარსულ ენებს. საოცრად განათლებული კაცი იყო, ორიგინალში კითხულობდა ყურანს. მე და ზურაბ კიკნაძემ, სტუდენტობის დროს, თბილისის მეჩეთში, მამას დახმარებით, შევიძინეთ „საიდუმლო საჩუქარი“ – ყურანი. დედ-მამა მორწმუნეები იყვნენ. მართალია ყველაფერს რიტუალურად ვერ ვასრულებდით, მაგრამ ჩემში რწმენა ყოველთვის იყო და არის. განსაკუთრებით აღდგომის დღესასწაული მიყვარს.

⇑⇓ როცა ენციკლოპედისტები მეკითხებიან საქართველოში როდის ჩნდება თქვენი გვარიო, მეჩვიდმეტე საუკუნე არ მყოფნის და ვამბობ: შუშანიკის მაყრიონის წევრი ვიყავი-მეთქი – იმდროინდელი ძირძველი თბილისელი ვარ.

დავიბადე თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, ხარფუხში. ჩემი ბავშვობაც იქიდან იწყება. ვსწავლობდი №39 ქართულ სკოლაში, რომელიც, ომიანობის დროს, რუსეთიდან გამოქცეულ ქალთა თავშესაფრად აქციეს. მათ 31-ე ქარხანაში ამუშავებდნენ გასაიდუმლოებული იარაღის დასამზადებლად. იძულებულნი გავხდით, ორთაჭალაში, აგრობიოლოგიური სადგურის ტერიტორიაზე, №29 საშუალო სკოლაში გადავსულიყავით. სამწუხაროდ, სკოლა რვაწლიან სასწავლებლად გადაკეთდა, რის გამოც ისევ სკოლის შეცვლა მომიხდა, სწავლა №37 ვაჟთა საშუალო სკოლაში განვაგრძე და ეს სკოლა დავამთავრე კიდეც.

მოგეხსენებათ, როგორი მძიმე იყო 40-იანი წლები. აქედან გამომდინარე, ისე როგორც ყველას, მეც საკმაოდ რთული ბავშვობა მქონდა. სკოლაში, ძირითადად, ფეხით გვიხდებოდა სიარული, ტრამვაი იშვიათად თუ გამოჩნდებოდა. 9 წლის ასაკში სწორედ ტრამვაის გამო შემემთხვა ტრაგედია, მძიმე ტრავმა მივიღე, რის გამოც მარჯვენა ფეხი დავკარგე. ის არეული პერიოდი, ომი და გაჭირვება, აი, ასე აისახა ჩემს ბავშვობაზე.

ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. როცა დედა სკოლაში მოვიდოდა და მასწავლებელს ჩემს ამბავს ჰკითხავდა, ხშირად პასუხი ასეთი იყო: ქალბატონო მარიამ, თქვენი შვილი ისეთი ცელქია, სისხლს მიშრობს, მაგრამ ნეტავი ყველა ასეთი მყავდეს. ძალიან კარგად ვსწავლობდი, უცნაური მოსწავლე ვიყავი, საკლასო ჟურნალში ჩემი გვარის გასწვრივ ეწერა ორიანები და ხუთიანები, საშუალო ნიშანს ვერ ნახავდით. თუ გაკვეთილი არ ვიცოდი, თავხედობა მყოფნიდა და მასწავლებელს არ ვპასუხობდი. ერთნაირად მიყვარდა როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული საგნები. ამიტომაც გადავწყვიტე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩამებარებინა, მაგრამ, ჩემი ტრავმის გამო, საბუთები არ მიიღეს. გადავწყვიტე, ბედი უნივერსიტეტში მეცადა და საბუთები აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე შევიტანე. მეოცნებე ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან მიყვარდა პოეზია, მიტაცებდა აღმოსავლური ეგზოტიკა, ამიტომაც ავირჩიე აღმოსავლეთმცოდნეობა. რადგან ამ ფაკულტეტისთვის სათანადოდ მომზადებული არ ვიყავი, ძალიან ვნერვიულობდი. დედა მამშვიდებდა, ერთი წლით ადრე მოეწყობი თუ ერთი წლით გვიან, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვსო, მაგრამ გამიმართლა და პირველივე წელს ჩავირიცხე.

კონკურსი ძალიან დიდი იყო. არასოდეს დამავიწყდება, ქართულ ენაში თავისუფალი თემა დავწერე – „საქართველო და მისი ბუნებრივი წიაღისეული სიმდიდრეები“. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ გამოცდა ხუთზე ჩავაბარე.

ქართული ენისა და ლიტერატურის ზეპირ გამოცდაზე ხუთს არ მიწერდნენ, გასაპროტესტებლად თავმჯდომარესთან, ჩემთვის უცნობ უდიდეს მეცნიერთან, ილია აბულაძესთან გამიშვეს. მახსოვს, აგვისტოს ცხელი დღე იყო. აბიტურიენტის ბილეთი რომ გავუწოდე, მომიბრუნდა და სომხურად რაღაც მითხრა (ბატონი ილია დიდი არმენოლოგი იყო). გავწითლდი, რადგან სომხური არ ვიცოდი, ვერაფერი ვუპასუხე. ვიფიქრე, ვაის გავეყარე, უის შევეყარე-მეთქი. მიხვდა ბატონი ილია ჩემს გასაჭირს, ბოდიში მომიხადა და მითხრა: მოდი, გივი, ამ არაბულს წაგიშლი და არმენოლოგიის ფაკულტეტს დაგიწერ იმისთვის, რომ არაბეთთან არავითარი დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. მაშინ ბატონი ილიასგან პირველად გავიგე, რომ ივანე ჯავახიშვილს ასეთი მოწოდება ჰქონია: ახალგაზრდობამ უნდა ისწავლოს ძველი და ახალი სომხური ენა, რათა ის ისტორიოგრაფია, რომელშიც ოქროს ზოდებია ჩალაგებული, ჩვენს ისტორიას აუცილებლად სჭირდება. აი, ასე მოვხვდი არმენოლოგიის ფაკულტეტზე, იქ ვისწავლე სომხური ენა, რომელსაც შესანიშნავი პედაგოგი ვანო შილაკაძე მასწავლიდა.

⇑⇓ პირველად უნივერსიტეტის გაზეთში დაიბეჭდა ჩემი თარგმანები, მიქაელ ალმანდიანის (ფილოსოფოსი, პოეტი) „თავისუფლება“ და „ბავშვობის წლები“. ჩემი თარგმანების საკმაოდ დიდი ნაწილი შესულია სომხურ ქრესტომათიაში, რომელიც დღემდე ისწავლება. ძირითადად, ჩემი საქმიანობა ლიტერატურას უკავშირდება. არა მარტო სომხურიდან ვთარგმნი, არამედ სპარსულიდან, რუსულიდან და ა.შ. ნათარგმნი მაქვს სევაკი, ავეტიქ ისააკიანი, ეღიშე ჩარენცი, ვაჰან ტერიანი, ნაჰაბედ ქუჩაკი, საიათნოვა და მრავალი სხვა. დღესდღობით ვმუშაობ გრიგორ ნარეკაცის თარგმნაზე, რომელიც ბიბლიის შემდეგ ჩემი სამაგიდო წიგნია.

⇑⇓ ვიყავი მართლაც უნიკალური დაწესებულების თანამშრომელი, რომელსაც ერქვა „მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგია“. კომუნისტების დროს ეს უიშვიათესი და უნიკალური შემთხვევა იყო, როცა ცენტრის დაუკითხავად საქართველოში შეიქმნა ცალკე დაწესებულება. კოლეგიას მწერალთა კავშირთან არსებული დავარქით მხოლოდ იმიტომ, რომ იგი არ მოეშთოთ. ეს იყო მართლაც საოცარი სამსახური, ერთი ოაზისი, ენით უთქმელი დაწესებულება, სადაც მის ნებისმიერ თანამშრომელს ყოველთვის ეჩქარებოდა მისვლა. მოგეხსენებათ, ასეთ კარგ უცხო ფრინველს ვერ ეგუება კაცთა მოდგმა, გაჩნდნენ მტრები, ხშირად ისეთები, რომლებიც პირიქით მადლიერები უნდა ყოფილიყვნენ ამ დაწესებულების. სამწუხაროდ, სარედაქციო კოლეგია დაიშალა, მაგრამ მიკროსამსახურად მაინც დარჩა – მას შადიმან შამანაძე ხელმძღვანელობს. ეს, რა თქმა უნდა, ის არ არის, რაც წინათ იყო. მაშინ ლიტერატურული ურთიერთობების სივრცე უკიდეგანო და უსაზღვრო იყო. აქცენტირება ხდებოდა უახლოეს მეზობლებზე, მაგალითად: გვქონდა სომხური ლიტერატურის ბიბლიოთეკა, აზერბაიჯანული ლიტერატურის ბიბლიოთეკა და ა.შ. ჩანაფიქრი ასეთი იყო – ნებისმიერი ქვეყნის მწერლობა (სადაც კი ღირებული შექმნილა) ქართულ ენაზე ნათარგმნი ყოფილიყო ამ ბიბლიოთეკაში. აფხაზები საკუთარ ენაზე წერდნენ საკუთარ ლიტერატურას, ოსები – ოსურად, ჰქონდათ საკუთარი სკოლები. ეს იყო პოლიტიკა საუკეთესო გაგებით, რასაც სიყვარულის დიპლომატია ჰქვია – ერთნი ვართ და ერთნი უნდა ვიყოთ. არაერთხელ მითარგმნია აფხაზური, ოსური პოეზია. კოლეგიაში მუშაობდნენ შესანიშნავი ადამიანები: ბაჩანა ბრეგვაძე, გიორგი ნიშნიანიძე, ოთარ ნოდია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის კოლეგიის საქმიანობაში, თამარ ესვანჯია, თამაზ ჩხენკელი, რეზი თვარაძე და მრავალი სხვა. ეს ჩამონათვალი საკმაოდ დიდია და ძალიან საინტერესო ადამიანებისგან შედგება. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ერთი პიროვნების ქედმაღლობის ცუდმა გამოვლინებამ შეიწირა.

…იმედი მაქვს, ყველაფერი დაწყნარდება, დალაგდება, ალბათ ყველანი მოვეგებით გონს. ნაკლებად გვექნება სურვილი, ყველანი პირველები ვიყოთ. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი ისე იქნება, როგორც თავისუფლებას ეკადრება. თავისუფალი საქართველოს ფასი მაინც არაფერია!

⇑⇓ ჩემი ლექსები, ჩემი „უსინდისო“ მეგობრების წყალობით, ხან სად გამოჩნდებოდა და ხან სად. ასეთ სიცუღლუტეებს ბევრჯერ ჰქონდა ადგილი. ლექსებს ვწერ, თუმცა სააშკარაოზე ნაკლებად გამომაქვს. ჩემი საქმიანობა, ძირითადად, მთარგმნელობით სფეროს უკავშირდება. არავითარ შემთხვევაში არ მოვკიდებ ხელს ისეთ რამეს, რასაც წავახდენ. ერთი რამით ვარ ბედნიერი, მჯერა, რომ ქართული ლიტერატურის რაღაც ნაწილად ჩემი თარგმნილი პოეზია ნამდვილად დარჩება.

⇑⇓ მოგზაურობა მართლაც ძალიან მიყვარს. საქართველოში თითქმის არ დარჩენილა არც ერთი კუთხე-კუნჭული, რომელიც ნანახი და შესწავლილი არ მქონდეს. საქართველოს ყველა კუთხე ჩემთვის ძვირფასია. უნივერსიტეტში ძველი ქართული ენის ბრწყინვალე სპეციალისტის, ლევან მენაბდის წყალობით, თითქმის, მთელი საქართველო მოვიარე. ეს წლები ჩემთვის დაუვიწყარია. მიუხედავად ასაკისა, დღესაც დიდი სურვილი მაქვს, ვიმოგზაურო საქართველოს იმ მხარეში, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ. სიამოვნებით მოვინახულებდი ოშკს, ხახულს, ტაო-კლარჯეთს.

ზაფხულობით, ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის მამულში ვისვენებ ხოლმე, ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ეს ადგილი ჩემთვის განსაკუთრებულია. საოცარი ბუნება, სუფთა ჰაერით გაჯერებული უზარმაზარი სივრცე. მეგობრები მას ელისეის მინდვრებსაც კი ვეძახით. ამბობენ, ყიფიანისეულ მამულში, სწორედ ამ ადგილში იკრებს თავს ბორჯომის ხეობისა და სურამის მხარის ყველა შესანიშნავი თვისებებიო.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები