დასრულდა 2021 წლის მასწავლებლის გამოცდები და სააპელაციო განაცხადების მიღებაც. შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად, წელს, რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა. საგამოცდო შედეგები ცნობილია, ხოლო აპელაციის შედეგების გამოქვეყნებას ნაეკი სექტემბრის შუა რიცხვებში აანონსებს. თუმცა, მანამდე მასწავლებლობის მსურველებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ, რომ საბოლოო მიზანს მიუახლოვდნენ. აპლიკანტებს, რომლებმაც საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება 60%-ზე და ზემოთ შეძლეს, მასწავლებლის სტატუსი რომ მოიპოვონ, ერთწლიანი მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის გავლა მოუწევთ, რომელსაც გარკვეული უმაღლესი სასწავლებლები ახორციელებენ (ჩამონათვალი იხ. ქვემოთ) და რომლის დასრულების შემდეგ, მათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ. რა პროცედურების გავლა მოუწევთ პედაგოგობის მსურველებს და რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ იმისთვის, რომ გახდნენ პროგრამის მსმენელები, რა კრიტერიუმებით შეფასდება მათი პროგრამაზე მიღება – ამის შესახებ საუბრობს სოფიკო ლობჟანიძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი განათლების მეცნიერებების მიმართულებით, განათლების სკოლის ხელმძღვანელი.
– ქალბატონო სოფიკო, რა გზა უნდა გაიაროს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის გავლის მსურველმა? რა არის პირველი ნაბიჯი, რომელიც საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების შემდეგ უნდა გადადგას მასწავლებლობის მსურველმა?
– მასწავლებლობის მსურველმა უნდა მოიძიოს შესაბამისი უნივერსიტეტი, რომელიც მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამას ახორციელებს და კონკრეტულად ის საგნობრივი მიმართულება, რომელზეც სურს ჩაბარება. კარგია, რომ მრავლად არის ასეთი უნივერსიტეტების ჩამონათვალი და, ყოველწლიურად, იზრდება. აპლიკანტმა მოთხოვნილი საბუთები არჩეულ უნივერსიტეტში უნდა შეიტანოს. ყურადსაღებია ისიც, რომ საბუთების ჩამონათვალში მას მოეთხოვება ცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, გამოცდის ჩაბარების შესახებ, სადაც მითითებული უნდა იყოს ქულა, რომელიც მან საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაში მიიღო. ამ შემთხვევაში, მასწავლებლობის მსურველებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი – აუცილებლად გადალახული უნდა ჰქონდეთ ზღვარი, რადგან ნაწილობრივი გადალახვა, რომელიც პრაქტიკოსი მასწავლებლების შემთხვევაში მოქმედებს, მათ არ ეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ 60-კრედიტიან პროგრამაზე მხოლოდ 10 კრედიტის შესაბამისი ქულების მქონე აპლიკანტებს შეუძლიათ სწავლის გაგრძელება. ნებისმიერ საგანში ეს არის 60%-ზე ზემოთ ქულა. მართალია, ყველა საგანში მაქსიმალური ქულა განსხვავებულია, მაგრამ, როგორც გითხარით, მაქსიმალური ქულის 60% და ზემოთ უნდა აიღოს აპლიკანტმა, რომ 10 კრედიტის შესაბამისი ქულა მიიღოს. ამ დეტალს ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ხშირად მოგვმართავენ ამ კითხვით – ავიღე 4 ან 7 კრედიტის შესაბამისი ქულა და თუ შეიძლება 60-კრედიტიან პროგრამაზე დარეგისტრირება.
ასევე ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ უნივერსიტეტში მხოლოდ იმ საფეხურის და იმ მიმართულების პროგრამაზე დარეგისტრირდნენ, რომელიც მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებისას ჩააბარეს. მოგეხსენებათ, საგნობრივი მიმართულება საკმაოდ ბევრია და ამიტომ, თითოეულ უნივერსიტეტს, რომელიც ამ პროგრამას ახორციელებს, ყველა საგნობრივი მიმართულება არ აქვს. ილიას უნივერსიტეტში, მაგალითად, 12 მიმართულება გვაქვს.
– საბუთების წარდგენის და რეგისტრაციის გავლის შემდეგ, როგორ ხდება ჩარიცხვა?
– საბუთების წარდგენის შემდეგ აპლიკანტს საუნივერსიტეტო გამოცდა ჩაუტარდება, რომელიც ყველა უნივერსიტეტს განსხვავებული ფორმატით აქვს შედგენილი. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტში ზეპირი გამოცდა გვაქვს და ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია დევს ჩვენს ვებგვერდზე – რა კრიტერიუმების გათვალისწინებით ტარდება ეს შიდა გამოცდა ან რა კრიტერიუმებს ვეყრდნობით შეფასებისას. ამის გარდა, ვებგვერდზე დევს რამდენიმე სამაგალითო ქეისიც, რომელსაც გამოსაცდელს გასაანალიზებლად ვაძლევთ გამოცდაზე. ბუნებრივია, შიდა გამოცდაზე აპლიკანტს საგნობრივ კომპეტენციას არ ვუმოწმებთ, რადგან ეს მან უკვე გამოცდით დაადასტრა, ხოლო მეთოდურ კომპეტენციას ჩვენ ვერ შევუმოწმებთ იმიტომ, რომ 60-კრედიტიან პროგრამაზე სწავლის მსურველები სწორედ იმიტომ მოდიან ჩვენთან, რომ ისწავლონ როგორ ასწავლონ საგანი, რომლის კომპეტენციაც დაადასტურეს. აქედან გამომდინარე, შიდა გამოცდაზე, ძირითადად, სამი კრიტერიუმით ვამოწმებთ აპლიკანტს: პირველი – აფასებს იმ ზოგად კომპეტენციებს, რაც მომავალ მასწავლებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს და, პირველ რიგში, ეს არის მოტივაცია – რატომ უნდა მასწავლებლობა, რატომ აირჩია ეს პროფესია; მეორე კრიტერიუმი – სისტემაში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაციის ქონა. მართალია, მას შეიძლება სისტემაში არ უმუშავია, მაგრამ, სულ მცირე, მასწავლებლობა რომ გადაწყვიტა, აუცილებლად უნდა ჰქონდეს წარმოდგენა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე. მაგალითად, როგორია შეფასების სისტემა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, რა სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე დგას დღეს სკოლა და ა.შ. ამის შესხებ მას წარმოდგენა უნდა ჰქონდეს; მესამე – ვცდილობთ გავიგოთ, როგორ შეუძლია მასწავლებლობის მსურველს კომუნიკაცია ან სკოლაში შექმნილი პრობლემური სიტუაციის ანალიზი. სწორედ ასეთ შემთხვევაში ვაძლევთ ხოლმე მათ განსახილველად ქეისებს.
გამოცდა ყოველთვის პირისპირ ტარდებოდა, თუმცა, პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, შარშანაც და წელს, შიდა გამოცდა ონლაინ დაიგეგმა. უნივერსიტეტში მოსვლა იმ აპლიკანტს მოუწვს, ხელშეკრულების გასაფორმებლად, ვინც პროგრამაზე ჩაირიცხება.
რაც შეეხება რეგისტრაციისა და შიდა გამოცდის ვადებს, ამას კონკრეტულად უნივერსიტეტები თავად ადგენენ. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტი, წელს, 6 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით აცხადებს საბუთების მიღეებას, ხოლო 18-19-20 სექტემბერს გასაუბრება გვექნება – ონლაინ შიდა გამოცდა.
ასევე, კონკრეტულ უნივერსიტეტებზეა დამოკიდებული სასწავლო წლის დაწყებაც. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ 60-კრედიტიანი პროგრამის სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი უნივერსიტეტში მიმდინარე სხვა პროგრამების აკადემიურ კალენდარს დაემთხვეს. შესაძლებელია, ერთი კვირა იყოს აცდენა, მაგრამ, ძირითადად, მაინც ვჯდებით ხოლმე ძირითად აკადემიურ კალენდარში.
– დარეგისტრირების დროს, მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის არჩევა შეუძლიათ თუ შესაძლებელია, რამდენიმე უნივერსიტეტში შეიტანონ საბუთები?
– შეუძლიათ რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში სცადონ ბედი, გაიარონ გასაუბრება, რადგან მონიშვნა ეროვნულ დონეზე არ ხდება. როგორც გითხარით, მსურველს უნივერსიტეტში შეაქვს საბუთები, ამიტომ შეუძლია ორ უმაღლეს სასწავლებელში გაიაროს შიდა გამოცდა და შემდეგ გააკეთოს არჩევანი, სად ისწავლის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც 60-კრედიტიანზე სწავლის მსურველმა უნდა გაითვალისწინოს – თუ ის მაგისტრატურის სტუდენტია ან დოქტორანტი, პარალელურად, 60-კრედიტიანზე სწავლას ვერ შეძლებს, რადგან ამის უფლება არ აქვს. ბოლონიის პროცესის მიხედვით, მან უნდა შეიჩეროს სტატუსი, მაგალითად, მაგისტრატურის პროგრამაზე და ისე გაიაროს 60-კრედიტიანი. მარტივად რომ ავხსნა – წელიწადში მხოლოდ 75 კრედიტის გავლა შეუძლია, ამიტომ ვერ შეძლებს ორივე პროგრამაზე სწავლას. სამწუხაროდ, ბაზები არ არსებობს, ამას ვერ ვამოწმებთ და რამდენიმე სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერება მოგვიხდა. ამიტომ, თავი უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩაიგდონ, ვურჩევ გაითვალსიწინონ.
– 60-კრედიტიანის სტუდენტებს თუ შეუძლიათ სტატუსის შეჩერება?
– დიახ, შეუძლიათ, თუმცა, იმის გარანტია, რომ მეორე წელსაც მიიღებენ დაფინანსებას, მათ არ აქვთ. ასეთი შემთხვევებიც გვქონია – შუჩერებიათ სტატუსი, შემდეგ წელს მოსულან თვითდაფინანსებით და ისე დაუსრულებიათ პროგრამა. ძირითადად კი, მათი სტატუსის შეჩერება დროის უქონლობას უკავშირდება ხოლმე, სხვა მოლოდინები აქვთ ხოლმე და ეს მოლოდინები არ მართლდება – ხშირად მსმენია სტუდენტებისგან, რომ არ ელონენ, ამ პროგრამაზე ასეთი დატვირთული თუ იქნებოდნენ.
– მომავალი მასწავლებლებისთვის, ასევე, საინტერესო იქნება იმის გაგებაც, თავად მოუწევთ თუ არა ამ პროგრამაზე სწავლის საფასურის გადახდა, თუ სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ დაფინანსებას?
– არც აქ არის ერთფეროვანი მიდგომა, ყველა უნივერსიტეტს განსხვავებულად აქვს ეს საკითხი გადაწყვეტილი, რადგან, როგორც იცით, ადგილების გარკვეულ რაოდენობას სახელმწიფო აფინანსებს, აქედან გამომდინარე, ყველა უნივერსიტეტს სხვადასხვა კვოტები აქვს. მე შემიძლია ჩვენს უნივერსიტეტზე მოგახსენოთ – წელს სახელმწიფომ დაფინანსებული ადგილების რაოდენობა მოგვიმატა და, 130 ადგილის ნაცვლად, 171 ადგილი გვიფინანსდება, ასევე დაგვემატა პროგრამებიც. აქვე გეტყვით, რომ საქართველოში დაწყებითი განათლების მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა (I- IV კლსები, სამივე საგანი) მხოლო ჩვენ გვაქვს. უნივერსიტეტს შეუძლია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადგილების გარდა, თვითონ დაამატოს ფასიანი ადგილებიც. ჩვენმა უნივერსიტეტმა, წელს, უარი თქვა ფასიანი ადგილების დამატებაზე. შარშან რამდენიმე ადგილი იმიტომ დავამატეთ, რომ ძალიან დიდი იყო მოთხოვნა, მაგრამ წელს გადავწყვიტეთ, არ დავამატოთ, რადგან გვინდა, რომ უფრო მეტად ხარისხზე ვიყოთ ორიენტირებულები, ვიდრე რაოდენობაზე.
– ეს მხოლოდ თეორიული კურსია, თუ პროგრამა პრაქტიკულ ნაწილსაც ითვალისწინებს?
– რასაკვირველია, მთელი წლის განმავლობაში, პროგრამის სტუდენტებს მუდმივად აქვთ ჩაშენებული პრაქტიკები. სიმართლე გითხრათ, ონლაინ რეჟიმში სწავლების პირობებში ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ ვცდილობთ, ჩვენი პარტნიორი სკოლების მხარში დგომით და ემისის დახმარებით, ეს სირთულე დავძლიოთ. ემისი მართლა ძალიან ამოგვიდგა მხარში, ჩვენს სტუდენტებს Teachers gov ge-ზე ანგარიშები გაუხსნა, მათ შეუძლიათ, თიმსის პლატფორმით, ჩვეულებრივად შევიდნენ და გაიარონ პრაქტიკა.
– ქალბატონო სოფიკო, ზოგადად, როგორია ტენდენცია – იზრდება მასწავლებლის პროფესიაზე მოთხოვნა ახალგაზრდების მხრიდან? რა როლი შეასრულა მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის ამოქმედებამ მასწავლებლის პროფესიაში ახალგაზრდა კადრების შემოსვლის თვალსაზრისით?
– მოთხოვნა ნამდვილად იზრდება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს უნივერსიტეტში ნამდვილად ასეა, ერთ ადგილზე ხანდახან, მინიმუმ, 10-15 აპლიკანტი მოდის, განსაკუთრებით ზოგიერთ მიმართულებაზე. რაც შეეხება თვითონ პროგრამის როლს, ბუნებრივია, იმ დეფიციტს მხოლოდ 60-კრედიტიანი პროგრამა ვერ შეავსებს იმიტომ, რომ საკმარისი რაოდენობა არ არის. თუმცა, ჩვენივე ყოველწლიური დასაქმების სტატისტიკა საკმაოდ მომხიბვლელია – ჩვენი კურსდამთავრებულების 99% დასაქმებულია პედაგოგად. ბუნებრივია, როცა ამდენი პროცენტი დასაქმებულია, ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ პროგრამამ გაამართლა. ამ პროგრამაზე მოდის ადამიანი, რომელსაც უკვე კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ უნდა მასწავლებლობა, სკოლის მერხიდან მოსული სტუდენტებისგან განსხვავებით, რომლებსაც ძალიან ხშირად იმიტომ აქვთ შემოხაზული პროგრამა, რომ ის სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება. ამიტომ, აქ მოსული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც მასწავლებლის პროფესიის სასარგებლოდ გაცნობიერებულად აქვთ არჩევანი გაკეთებული, ჩვენ მართლაც მაქსიმუმს ვაკეთებთ, მთელი წლის განმავლობაში.
ესაუბრა ლალი ჯელაძე
უნივერსიტეტების ჩამონათვალი, რომლებიც მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამებს ახორციელებენ:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი;
- გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
- საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
- საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი;
- საქართველოს უნივერსიტეტი;
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
- ევროპის უნივერსიტეტი;
- საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
- თბილისის თავისუფალი აკადემია.