„როდესაც ადამიანებს მიუწვდებათ ხელი ხარისხიან განათლებაზე, მათ შეუძლიათ თავი დააღწიონ სიღარიბეს და შეამცირონ უთანასწორობა“
გაეროს ბავშვთა ფონდი
მოსე ხონელის სახელობის ქალაქ ხონის №1 საჯარო სკოლის IV-VI კლასების მოსწავლეებმა, დამეგობრებულ სკოლასთან (ხონის მუნიციპალიტეტის კონსტანტინე მეძველიას სახელობის სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლა) თანამშრომლობით, განახორციელეს სასკოლო პროექტი, სახელწოდებით – „გზა მოქალაქეობისკენ“. ერთობლივად შეარჩიეს აქტუალური საკითხი – ბავშვის უფლებები და მოვალეობები. პროექტი განხორციელდა ხონის №1 საჯარო სკოლის დირექტორის, შორენა კაკაბაძის, ამავე სკოლის მასწავლებლების – ნინო ფირცხალავას (ინგლისური ენა), ნანა კალაძის (რუსული ენა), ანგელინა ეფრემიძის (კომპიუტერული ტექნოლოგიები), თამარ უგულავას (სამოქალაქო განათლება) და სოფელ ნახახულევის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, სოფიკო კაკაბაძის მიერ.
პროექტის მიზანი იყო: სკოლაში დემოკრატიული კულტურის ხელშეწყობა; სასკოლო გარემოში, ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისას, არსებული უთანასწორობის შემცირება; საკუთარი უფლებების და თავისუფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მოსწავლეებისთვის ბავშვთა უფლებების კონვენციისა და კოდექსის გაცნობა. პროექტმა მიზნად დაისახა ორი ამოცანა: ინფორმირებაზე ორიენტირებული ინიციატივები და პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელება.
პროექტის ფარგლებში, არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. საინფორმაციო შეხვედრა-სემინარი გაიმართა UNICEF-ის წარმომადგენელთან, სადაც განიხილეს შემდეგი საკითხები: საჭიროა თუ არა მოზარდი ადრეული ასაკიდანვე ეცნობოდეს ადამიანის უფლებებსა და მათი დაცვის აუცილებლობას? როგორია უცხოური გამოცდილება ამ კუთხით? ბავშვის უფლებები წარსულში და დღეს; ხელშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები ბავშვის უფლებათა იმპლემენტაციაში.
ნატო-ევროკავშირის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე მოსწავლეებს სკოლაში ესტუმრა და მათთან ერთად განიხილა: რა ფორმებით შეიძლება გამოიხატოს მოსწავლის უფლებების დარღვევა სკოლაში? სკოლაში ბავშვის უფლებების დაცვის მექანიზმები და საშუალებები; რა უნდა იღონოს სკოლამ და მასწავლებელმა, რომ მოსწავლისგან დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქე დადგეს, რომელიც იცნობს და პატივს სცემს საკუთარ და სხვის უფლებებს.
ბავშვთა უფლებებსა და მოვალეობებზე მოსწავლეებს ესაუბრა ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი და ხონის №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამარ უგულავა.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა პრაქტიკული ღონისძიებები განახორციელეს. ჩატარდა შიდა სასკოლო კვლევა, რომლის მიზანი იყო კვლევითი უნარ-ჩვევების შეძენა, სკოლის ბაზაზე ინფორმაციის მოკვლევა და შესწავლა – რა იციან მოსწავლეებმა ბავშვის უფლებების შესახებ, თუ ჰქონდა ადგილი მათი უფლებების შეზღუდვას ან დარღვევას და როგორ მოქცეულან ასეთ შემთხვევაში. მოსწავლეებმა ბავშვის უფლებათა კონვენციაზე და კოდექსზე იმუშავეს, სამართლებრივ დოკუმენტებზე მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით. კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო ფილმების ჩვენება და ერთობლივად, საჯაროდ განხილვა. „დოკუმენტური ოთხშაბათობების“ ფარგლებში, მოსწავლეებმა ნახეს ფილმები: „Hellados“; „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“; „უხილავი ბავშვები“; „ანა ფრანკის დღიური“; „მოგზაურობა აფრიკაში“; „კარგი ბავშვები არ ტირიან“. გამოკვეთეს პრობლემები, გამართეს დისკუსია და იმსჯელეს ბავშვთა უფლებების დარღვევებზე, ორ დოკუმენტთან მიმართებით: ბავშვის უფლებათა კონვენცია, ბავშვის უფლებათა კოდექსი.
პროექტის მონაწილეებმა ჩაატარეს შიდა სასკოლო ლიტერატურული კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მიეცათ შესაძლებლობა, თავიანთი ფანტაზიით, ბავშვის უფლებათა კონვენციიდან ამორჩეულ მუხლთან დაკავშირებით, შეექმნათ მოთხრობები, ესეები, ჩანახატები, კომიქსები, მონოლოგები თუ ლექსები. კონკურსის თანახმად, გამოვლინდნენ საუკეთესო საკონკურსო ნამუშევრების ავტორები. დამეგობრებული სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის (აწსუ) ბავშვთა უფლებათა ცენტრს, სადაც მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღეს და დისკუსიაშიც ჩაებნენ.
შორენა კაკაბაძე, სსიპ მოსე ხონელის სახელობის ქალაქ ხონის №1 საჯარო სკოლის დირექტორი: „ყველა ქვეყანამ, რომელმაც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, დადო პირობა, რომ გააცნობს ბავშვთა უფლებებს ყველას. საქართველოსაც ეს ვალდებულება აკისრია, 1994 წლიდან. მით უმეტეს, როცა 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა ბავშვთა უფლებათა კოდექსი მიიღო – ყოვლის მომცველი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც საქართველოში ბავშვების ცხოვრების გარდაქმნა შეუძლია.
ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რა უფლებებს ფლობენ ისინი, აგრეთვე, უნდა ისწავლონ, როგორ დააფასონ და როგორ ისარგებლონ ამ უფლებებით. ამ მიზნის მისაღწევად, საჭიროა, სკოლამ უზრუნველყოს ბავშვთა უფლებების შესახებ სწავლებისათვის შესაფერისი გარემოსა და შესაძლებლობების შექმნა. ბავშვები იმ შემთხვევაში აცნობიერებენ და აფასებენ საკუთარ უფლებებს, თუ სარგებლობენ ამ უფლებებით როგორც სკოლაში, ასევე სკოლის ფარგლებს გარეთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოსწავლეთა წასახალისებლად, სკოლამ ისეთი გარემო უნდა შექმნას, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა პრინციპებს ეფუძნება. ბავშვებსა და ახალგაზრდებს აქვთ უფლება, ისაუბრონ ყველა იმ საკითხზე, რაც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე. კვლევები ადასტურებს, რომ სკოლებში ხშირად აქვს ადგილი ბავშვთა უფლებების დარღვევას, ბევრმა არ იცის საკუთარი უფლებები, მათი დაცვის სტრატეგიები და გზები, მოსწავლეთა თვითმმართველობა არ არის აქტიურად ჩართული სასკოლო ცხოვრებაში; სკოლებში დაბალია მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობის კულტურა და გამოცდილების გაზიარების პრაქტიკა“.
ქრისტინე ჯგუნგჯია, მოსე ხონელის სახელობის ქალაქ ხონის №1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე: „პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა განვახორციელეთ, სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, შევიძინეთ ახალი მეგობრები და კიდევ რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ მათი ჩართულობით. ახლად შეძენილ თანატოლებთან ერთად ვუყურეთ დოკუმენტურ ფილმებს და ვიმსჯელეთ ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე: რა ფორმით და როდის ირღვევა მოსწავლის უფლებები? როგორია სკოლაში ბავშვის უფლებების დაცვის მექანიზმები და საშუალებები.
რა უნდა გააკეთოს სკოლამ და მასწავლებელმა, რომ ჩვენ ვიყოთ ისეთი მოქალაქეები, რომლებიც იცნობენ და პატივს სცემენ საკუთარ და სხვის უფლებებს?
პროექტის ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა და საუბარი გვქონდა ადგილობრივი მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსთან, თამარ უგულავასთან, რომელიც, ამავდროულად, გვასწავლის საგანს „მე და საზოგადოება“. ის გვესაუბრა თემაზე „ბავშვთა უფლებები და მოვალეობები“. გარდა ამისა, ვმონაწილეობდით Unicef-ისა და აწსუ-ს ბავშვთა უფლებათა ცოდნის ცენტრის მიერ ორგანიზებულ კვირეულში „ბავშვთა უფლებები და მოვალეობები“. პროექტის განხორციელების შედეგად მივიღეთ ცოდნა და გამოცდილება, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები და რომ, უფლებებთან ერთად, მოვალეობებიც გაგვაჩნია“.