ეროვნული გამოცდები განათლების რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, პოზიტიური გადაწყვეტილება იყო, რომელმაც, ასე თუ ისე, მოაწესრიგა უმაღლესი სკოლის კონტინგენტის პრობლემა. ყოველ შემთხვევაში, წერტილი დაუსვა უნივერსიტეტებში „საყოველთაო გაწვევის“ მავნე პრაქტიკას, როცა სახელმწიფოს უუნარობით თავაშვებული ე.წ. „განათლების ბიზნესმენები“, „ბუტკებსა“ და სარდაფებში დაფუძნებულ უნივერსიტეტებში, ძალად ერეკებოდნენ ახალგაზრდებს და სოლიდურ თანხებსაც სძალავდნენ… სხვათა შორის, რეფორმას, თავისი ინოვაციური და ზოგჯერ მტკივნეული შედეგების გამო, საზოგადოება არც თუ ისე აღფრთოვანებით ხვდება, ეროვნულ გამოცდებს კი ყველა — ერი და ბერი, ოპოზიცია და პოზიცია მოწონებით შეხვდა. მშობლები, პედაგოგები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ გამოცდებმა სკოლისკენ მოაბრუნა ბავშვები და წიგნი ააღებინა ხელში… რაც ყველაზე მთავარია, ბავშვებს გაუჩნდათ მოტივაცია და შეგნება იმისა, რომ სტუდენტის სანუკვარი სტატუსი მხოლოდ შრომით და სწავლით მიიღწევა; მაგრამ „ხანგრძლივ ეს სოფელი, გაახარებს ვისმე განა?“… ჩვენთან ხომ ყველაფერი, განსაკუთრებით განათლების სისტემა, არჩევნებს ეწირება. სკოლა კი, მოგეხსენებათ, პოლიტიკოსთა ამბიციებისა და სურვილების დაკმაყოფილების ყველაზე ნაღდი არენაა. ყოველ წელს, ახალგაზრდებზე ზრუნვის მოტივით, სხვადასხვა დონისა და რანგის შეღავათებსა და დათმობებს სთავაზობდნენ განათლების სამინისტროს. სიმართლე რომ ითქვას, პირველ ხანებში, ქალბატონი მაია მიმინოშვილი მარჯვედაც იგერიებდა ახალ-ახალი „ინოვაციების“ ავტორებს, მაგრამ, ვის გასვლია ჯიუტობა „ამა სოფლის ძლიერთა წინაშე“?! თამასუქად გაცემული ნაირ-ნაირი შეღავათების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთს კი დავსძენ — გამოცდებსა და ჩარიცხვებთან დაკავშირებული ყველა „დეკრეტი“ (მეორადი, ერთი საგნით, დაწეული ბარიერით და სხვ.) იყო და არის ვიწრო მერკანტილური, ბიზნეს-კორპორაციულ ინტერესებზე დაფუძნებული, ეროვნული იდეისა და ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯები, რომლის სავალალო შედეგებსაც უკვე ვიმკით… ხოლო ის, რაც წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე მოიმოქმედეს, იყო უპასუხისმგებლობის, ყველა ღირებულებების, სახელმწიფო ინტერესების ცალ ფეხზე დაკიდება. მხედველობაში გვაქვს ძირითადი საგამოცდო საგნის — ქართული ენისა და ლიტერატურის, მეოთხე ვარიანტის, ბარიერის 15 ქულამდე დაწევა (!). მოტივაციას არ იკითხავთ? — თურმე, აბიტურიენტებს ვერ გაუგიათ შესასრულებელი ტესტის პირობა. ეს მოტივი, როგორც იურისტები იტყვიან, თვითაღიარებაა, დასტური იმისა, რომ, ჩვენდა სავალალოდ, აბიტურიენტებმა კითხვა არ იციან (კითხვა არ არის მხოლოდ ასო-ბგერების ამოცნობა), ან კითხულობენ, მაგრამ ვერ იგებენ! ამ უგნური ნაბიჯის მიზანი მიღწეულია — გასტუდენტდა ათასობით წერა-კითხვის უცოდინარი, ხოლო სახელმწიფო ხაზინა რამდენიმე ათასი ლარით შეივსო! ასეთი დათვური სამსახურის შედეგი კი, ცოტა ვინმეს ადარდებს! საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ეროვნული გამოცდების ბარიერები და მოთხოვნები იმდენად მარტივი და პრიმიტიულია, რომ ე.წ. კონკურსით ჩარიცხული, ასქულიანი აბიტურიენტებიც კი, ცალკეული გამონაკლისის გარდა, არაფრით გამოირჩევიან სხვებისგან. დასკვნა მარტივია: ეროვნული გამოცდები, თავისი ბარიერებით და პროგრამებით, არ იძლევა ახალგაზრდების სელექციის, არჩევის საშუალებას — ყველას ერთ „ტაფაში ხრაკავს“. უკვე იმ დონემდე მივედით, რომ ამ ჩვენს გამოცდებს თავად აბიტურიენტებიც დასცინიან, გახსოვთ, შარშან, ერთი ახალგაზრდა რომ „ღადაობდა“ — გამოცდაზე დიმპიტაურით შევედი და დამპიტაურით გამოვედიო… შედეგი კი სავალალოა: „დიმპიტაურით“ ჩარიცხულთა დიდმა ნაწილმა არ იცის წერა-კითხვა, უჭირთ ელემენტალური მათემატიკური ოპერაციები, მენდელეევის პერიოდულ სისტემასაც კი ვერ კითხულობენო, — ჩივიან ქიმიკოსები; უფრო მეტიც, ჩვენი უნივერსიტეტდამთავრებულები მასიურად ვერ აბარებენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ სასერტიფიკაციო გამოცდებს.
უნივერსიტეტებმა უნდა იფიქრონ სასწავლო პროცესის სრულყოფაზე, დიპლომის წონაც უნდა გაიზარდოსო, — აღშფოთებული წერდა ამას წინათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენელი. ვეთანხმები ქალბატონს. სასერტიფიკაციო გამოცდები მართლაც ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა ჩვენთვის — უმაღლესი სკოლის პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში საყვედურს ნამდვილად ვერ მივიღებთ, რადგანაც ჰარი-ჰარალოზე სკოლადამთავრებულს და უმაღლესში ძალად შემოგდებულს, რა უნდა მოუხერხოს უნივერსიტეტმა?! პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ, იქ, სადაც კანონის ფარგლებში მოქმედებენ, ზრდიან ე.წ. ბარიერებსა და სხვა აქტივობებს, შედეგიც არ აყოვნებს. მაგალითად, ჩვენთან — აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მომთხოვნელობით, სამართლიანობით, პრინციპულობითა და სასწავლო პროცესისადმი ინოვაციური მიდგომით, გამორჩეულია ინგლისური ენის მიმართულება, რომლის მესაძირკვლეც გახლავთ ცნობილი პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მხცოვანი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ქალბატონი მადონა მეგრელიშვილი. ინგლისურზე შემსვლელმა აბიტურიენტებმა სკოლის მერხიდანვე იციან, რომ ენის საბაზისო ცოდნისა და თავდადებული შრომის გარეშე, უნივერსიტეტს ვერ დაამთავრებენ (მეგრელიშვილსა და მის მოწაფეებს ამ პრინციპისთვის არ უღალატნიათ მაშინაც, როცა ბითუმად, უნივერსიტეტში მიუსვლელადაც არიგებდნენ დიპლომებს). საქმე მარტო პრინციპების დეკლარირებაში არაა, მათ ინგლისური ენის გამოცდაში ჩადეს ის მექანიზმი (50%-იანი კომპეტენციის ზღვარი), რაც, საგამოცდო ტესტების სიმარტივის მიუხედავად, გზას უღობავს შემთხვევით აბიტურიენტებს. ცხადია, ყველა სტუდენტი აქაც ვერ ეთამაშება ვარსკვლავებს, მაგრამ შედეგი თვალშისაცემი და განსაკუთრებულია, თუ გნებავთ, იგივე, მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის კუთხითაც, მაგალითად, ამ ორიოდე წლის წინ, ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე, ათეულმა ახალგაზრდამ წარმატებით ჩააბარა სასერტიფიკაციო საგნის გამოცდა ინგლისურ ენაში, მათ შორის ერთი 25-კაციანი ჯგუფიდან ოთხმა უმაღლესი — 10 კრედიტი აიღო. ეს კი დიდი წარმატებაა (მენდეთ! ჩემი ქალიშვილის ჯგუფია). საერთოდ, ეროვნული გამოცდები — თავისი ფორმით, შინაარსით, ყბადაღებული ბარიერებითა და სხვა ათასგვარი ხრიკებით, მიმართულია საყოველთაო უმაღლესი განათლების დასამკვიდრებლად (დამკვიდრებულიცაა უკვე). ეს კი ჩვენისთანა პატარა ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. განათლების ყოფილმა მინისტრმა, ბატონმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ბევრჯერ გაგვაოცა თავისი არაორდინარული განცხადებებითა და მოსაზრებებით, მაგრამ, ერთი რამ კი ნამდვილად ჭეშმარიტება ბრძანა: არსად, არც ერთ ქვეყანაში, აბიტურიენტთა 80% სტუდენტი არ ხდება; საუნივერსიტეტო განათლება ყველგან სამეფო ხილია, ჩვენთან კი ბალი ათშაურიაო… საერთაშორისო ექსპერტებიც გვეუბნებიან, უმაღლესი განათლების მისაწვდომობა არ ნიშნავს მის საყოველთაო ხასიათსო, მაგრამ აყარე ცერცვი კედელს, ვის ესმის!
ერთი სიტყვით, „გაფარჩაკებული“ ეროვნული გამოცდებით გამოწვეული მეტასტაზები ასეთია: 1. ფეშქაშად გაცემული დივიდენდი — იოლი გზით გასტუდენტება სერიოზულ პრობლემას უქმნის თავად ახალგაზრდას, მის ოჯახს და სახელმწიფოს. „ძალად გასტუდენტებულს“ — ძალადვე ვამთავრებინებთ. დაამთავრა და, მერე რა? არც არაფერი. საშუალოზე დაბალი კვალიფიკაციის სპეციალისტი სამუშაოს ვერ შოულობს (არც მაღალი კვალიფიკაციის მქონეს ახევს ვინმე კალთებს); დიპლომი კი გარკვეულწილად აკომპლექსებს ახალგაზრდას (ჩემი სიგრძის დიპლომის პატრონმა, თოხს როგორ მოვკიდო ხელიო?!)… ასე, გზის დასაწყისისთანავე მოატყუა სახელმწიფომ ახალგაზრდა, ასე გაუმრუდა გზა. „ეროვნულებზე“ რომ მისთვის ვინმეს ეთქვა, არა, შვილო, შენთვის უნივერსიტეტი ზედმეტი ბარგი-ბარხანააო, უფრო მადლიერი არ დაგვრჩებოდა?! მეორე, ასეთი ხელაღებით, იოლად გასტუდენტებულებმა დააქციეს ოჯახები, დააცარიელეს სოფლები… ამ ზაფხულს, იმერელი გლეხი, მისთვის დამახასიათებელი იუმორით და ერთგვარი ირონიითაც მეუბნებოდა: — ეს რა უნივერსიტეტი გაქვთ, ძამია, ასეთი, 12 წელია ჩემი გიზოიას ხელში წიგნი არ დამინახავს და გუშინ დემონსტრაციულად გამომიცხადა: — ხომ გასახელე, მამა, ეროვნულები ჩავაბარე და სტუდენტი გავხდი, ახლა სწავლის გადასახადი უნდა მომიხერხოო. პირკატა მეცა (საბედნიეროდ, იცვლება ქართველი კაცის მენტალიტეტი), საიდან მოვუტანო ახლა ათასები? ამ პატიოსანმა იმერელმა გლეხმა იმისთანა თვალებით შემომხედა, თითქოს შვილს უნივერსიტეტში კი არა, კატორღაში აგზავნიდა. მესამე და მთავარი: სახელმწიფო, ხელისუფლება დღევანდელი დღით ცხოვრობს. ყოველგვარი ემოციების გარეშე, პრაგმატული მიდგომით რომ გავაცნობიეროთ, ვნახავთ, რომ შემოსავლებს დახარბებული ხელისუფლება, გაუაზრებელი შეღავათებითა და დათმობებით, უფსკრულისკენ მიაქანებს ახალგაზრდებს — ჩვენს ხვალინდელ დღეს, მოტივაციას უკარგავს ნიჭიერსა და მართლაც საუნივერსიტეტოს… და რაც ყველაზე საგანგაშოა — აზარალებს ეროვნულ იდეას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს, მათ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს. ეს კი მართლაც საქვეყნო სადარდებელ-საფიქრალია!
ჯამბუ ავალიანი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი