სამოქალაქო განათლების პროგრამა, USAID-ის დაფინანსებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ამ ეტაპზე, საქართველოს 230 სკოლაში ხორციელდება. პროგრამის მიზანია სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და მოსწავლეებისთვის ნასწავლის ყოველდღიურ ცხოვრებაში გადატანაში ხელშეწყობა.
ბათუმის 29-ე საჯარო სკოლაში, აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პროექტების შედეგები წარმოადგინეს და სამოქალაქო განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ნაადრევი ქორწინების უარყოფითი შედეგები, თანატოლთა შორის ჩაგვრის შემცირება, თამბაქოსა და კანაფის მოხმარების ნეგატიური ზეგავლენა, საგზაო უსაფრთხოება, ჯანსაღი კვების საკითხები, ბუნებრივი კატასტროფებისგან მიყენებული ზიანის შემცირება — ამ და კიდევ სხვა აქტუალურ, მნიშვნელოვან თემებზე მოსწავლეების მიერ შექმნილმა და სკოლებში განხორციელებულმა პროექტებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „ზევსი“ (პედაგოგი — ნინო გათენაძე) მოსწავლეებმა პროექტი „არა ძალადობას“ განახორციელეს. ცნობიერების დონის განსაზღვრის მიზნით ჩაატარეს კვლევა, სამართლებრივი რეგულაციებისა და სკოლაში ძალადობის ფაქტების, მათი აღმოფხვრის და სადამსჯელო ღონისძიებების გატარების მიზნით, შეხვდნენ უბნის რწმუნებულს, დისციპლინარული კომიტეტის წარმომადგენელს, ფსიქოლოგს. პროექტის მონაწილეებმა გამართეს საინფორმაციო აქცია „არა ძალადობას“ და ამავე თემაზე ჩაატარეს თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგი.
ბათუმის 29-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „ერთმანეთისთვის“ (პედაგოგი — რუსუდან ფაღავა) წევრების ინიციატივა იყო „არა კანაფის და თამბაქოს მოხმარებას“. მათაც, ცნობიერების დონის დადგენის მიზნით, თემში ჩაატარეს გამოკითხვა თამბაქოს და კანაფის მავნებლობის შესახებ, დაარიგეს საინფორმაციო ბროშურები, გამოაცხადეს ნახატების და სლოგანების კონკურსი, რომელშიც პარტნიორი სკოლები მონაწილეობდნენ. მოეწყო სპორტული მარათონი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „სხივი“ (პედაგოგი — თამილა რიონიძე) მცირე საგრანტო პროექტი იყო „არა ნაადრევ და იძულებით ქორწინებას“. საკლასო პროექტი X კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს და პირველი ნაბიჯი აქაც თემში კვლევის ჩატარება იყო, მოქალაქეთა აზრის გამოსავლენად, ნაადრევი და იძულებითი ქორწინების შესახებ.
„ჯანსაღი დღე იწყება ჯანსაღი ცხოვრებით“ — ასე ერქვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „წინსვლა“ მოსწავლეების მიერ განხორციელებულ პროექტს. მუშაობის პროცესში მოსწავლეები შეხვდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს, რომელიც მათ ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე ესაუბრა, დაბალი კლასის მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარეს. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ფესტივალი „ჯანსაღი დღე იწყება ჯანსაღი ცხოვრებით“.
აქტუალური და საინტერესო იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის №6 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „თემიდა“ (პედაგოგი — დარეჯან ცენტერაძე) მეათეკლასელების მიერ შემოთავაზებული პროექტი „მოხატე უსაფრთხოება“. პატრულის თანამშრომელმა მოსწავლეებს ქუჩაში უსაფრთხოდ გადაადგილების, საგზაო წესების დაცვისა და სამართლებრივი რეგულაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მოსწავლეებმა ითანამშრომლეს საგზაო დეპარტამენტთან და ქალაქის მერიასთან. მათი მხარდაჭერით, ერთობლივად, მოხატეს „ზებრა“ გადასასვლელი. პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა მოაწყვეს აქცია „მე ვირჩევ უსაფრთხო გადაადგილებას“ — დაასუფთავეს სანიაღვრე არხები, რომელიც იწვევდა სავალი გზის დატბორვას; მოუწოდეს მოსახლეობას, არ დაანაგვიანონ გარემო და დადგეს გამაფრთხილებელი საინფორმაციო ბანერი; სკოლაში ჩატარდა ნახატებისა და სლოგანების კონკურსი უსაფრთხო გადაადგილების თემაზე. მოეწყო საუკეთესო ნამუშვერების გამოფენა, გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრის ავტორი. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა პროგრამის პარტნიორ სკოლებთანაც ითანამშრომლეს. მოსწავლეებისთვის ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები საგზაო უსაფრთხოებაზე და საგზაო წესების დაცვაზე.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „ნიკე“ (პედაგოგი — იზოლდა ბარამიძე) მოსწავლეებმა საკლუბო პროექტი „ბუნებრივი კატასტროფა და მათი შემცირების გზები ქედის რაიონში“ წარმოადგინეს. პრეზენტაციაზე არა მარტო კვლევის შედეგებზე ისაუბრეს, არამედ იმაზეც, რამდენად მზად არიან ქედის მერია და შესაბამისი სამსხურები ბუნებრივ კატასტროფებთან გასამკლავებლად. დაბალი კლასის მოსწავლეებს ამ თემაზე ტრენინგი ჩაუტარეს. დაამზადეს მაკეტები, რომლის საშუალებითაც მეწყერის იმიტაცია აჩვენეს.
მოსწავლეთა პროექტები მოიწონეს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა, USAID-ის დემოკრატიის მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა, ადამ შმიდტმა, სამოქალაქო განათლების დირექტორმა, მარინა უშვერიძემ, ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა, მაია ქათამაძემ. ღონისძიებას, რომელიც სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა, ესწრებოდნენ რეგიონის სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები.
პროგრამის „მომავლის თაობა“ წარმომადგენელმა, მაია ქათამაძემ გვითხრა, რომ პროგრამა აჭარის რეგიონში საკმაოდ წარმატებით ხორციელდება ენერგიული, მოტივირებული მოზარდების და აქტიური სამოქალაქო განათლების პედაგოგების მონაწილეობით. „მინდა აღვნიშნო აჭარის მაღალმთიანი რეგიონის პარტნიორი სკოლების აქტიური ჩართულობა პროგრამაში და მოსწავლეების მიღწევები თემში არსებული პრობლემების მოგვარებისა და გარემოს გაუმჯობესების პროცესში. მიუხედავად დატვირთული სასწავლო გრაფიკისა, მოსწავლეები ხალისით ერთვებიან სამოქალაქო განათლების პროგრამაში, რადგან მათთვის მიმზიდველი და გაცილებით ეფექტურია გაკვეთილზე შესწავლილი თეორიის პრაქტიკაში გამოყენება და, ამის საფუძველზე, მათ გარშემო დადებითი ცვლილებების განხორციელება“.
„მოხარული ვარ, რომ სამოქალაქო განათლების შესახებ შეგვიძლია სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებს ვესაუბროთ — აღნიშნავს პიტერ ვიბლერი, — შეერთებული შტატები ყოველთვის მზადაა მხარდაჭერის აღმოსაჩენად. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ქართველ ახალგაზრდებს, რათა მათ გაიაზრონ თავიანთი როლი ქვეყნის განვითარებაში. ამიტომაც გვახარებს მსგავსი ტიპის პროექტებში მოსწავლეების ჩართულობა“.
მარინა უშვერიძე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო განათლება არის სწავლება კეთებით, რასაც პროექტული სწავლება ჰქვია. ეს ძალიან კარგი მეთოდია იმისთვის, რომ თეორია არ დარჩეს მხოლოდ თეორიად და ბავშვებმა ყველაფერი პრაქტიკაში გადაიტანონ, დაუკავშირონ ყოველდღიურ ცხოვრებას. სამოქალაქო განათლების ხარისხიანად სწავლებისთვის სამი კომპონენტია საჭირო — ხარისხიანი სახელმძღვანელოები, კარგად მომზადებული პედაგოგი და მოსწავლეთა მიერ ნასწავლის პრაქტიკაში გადატანა, ანუ მოსწავლეთა პროექტების მხარდაჭერა. „ჩვენი პროექტი ორიენტირებულია სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. სამოქალაქო განათლება ისეთი საგანია, რომლის სწავლება მხოლოდ თეორიით შეუძლებელია. სათემო აქტივობებითა თუ პროექტების დაგეგმვით, მოსწავლეებმა შესანიშნავად შეძლეს ეჩვენებინათ როგორ უნდა შეუწყონ ხელი თანატოლებსა და უმცროსკლასელებში, მაგალითად, ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ცნობიერების ამაღლებას“ — ამბობს ქალბატონი მარინა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის №6 საჯარო სკოლის მოსწავლე ვასილ სილაგაძე პროექტში მონაწილეობით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ მსგავს პროექტებში მოსწავლეების აქტიური ჩართვა მნიშვნელოვანია. „პროექტის ფარგლებში „ზებრა“ გადასასვლელი მოვხატეთ. ჩვენი მიზანი იყო, დაბალი კლასების მოსწავლეებისთვის აგვემაღლებინა ცნობიერება საგზაო უსაფრთხოების კუთხით. პროექტის „საგზაო უსაფრთხოება“ ფარგლებში, მოსწავლეთა ინფორმირებისთვის, I-VI კლასებში სემინარები და ტრენინგები ჩავატარეთ“.
ბათუმის 29-ე საჯარო სკოლის მოსწავლე თემურ ხვედელიძე ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები, მომავალში, პროექტს უფრო მასშტაბურსა და მრავალფეროვანს გახდიან: „ჩვენ ვიმუშავეთ პროექტზე „არა თამბაქოს და კანაფის მოხმარებას“. მოვიწვიეთ დაინტერესებული მხარეები, თანატოლები და გავაცანით ჩვენი პროექტი. მიხარია, რომ მოწვეულმა სტუმრებმა მოიწონეს ჩვენი პროექტი. მასზე მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებთ“.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო განათლების პროექტებში აქტიურად ერთვებიან მშობლებიც. პროექტის მონაწილე ვასილ სილაგაძის მშობელი, მაია კობახიძე გვიამბობს, რომ პროექტმა „მომავლის თაობა“ მისი შვილი უფრო მოტივირებული გახადა ახალი საგნის — სამოქალაქო განათლების შესწავლაში. მას სხვადასხვა სახის პროექტის ინიცირებისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა. „პროექტებზე ისე სიღრმისეულად მუშაობს, რომ თავისუფალი დრო თითქმის აღარ აქვს. მაგალითად, მისი ბოლო პროექტის „მოვხატოთ უსაფრთხოება“ ინიცირების და რეალიზაციის დროს ეტყობოდა, რომ ეს პრობლემა რეალურად ადარდებდა, პროექტის გასაუმჯობესებლად კი ბევრს ფიქრობდა. ბათუმში რამდენიმე ვიზიტის შემდეგ, უკვე ხალისით მიდის ყოველ შეხვედრაზე და ყველაფერში აქტიურად ჩართვას ცდილობს.“
სამოქალაქო განათლების პროექტები სამოქალაქო განათლების საგნით მოზარდთა დაინტერესებას უწყობს ხელს. მსგავსი აქტივობები მათ სამოქალაქო განათლების საგნის გრძელვადიანი მიზნების გააზრებაში და შედეგად, სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაში ეხმარება. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება კი, შესაბამისი უნარების განვითარებასთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების წინაპირობაა.
მაკა ყიფიანი