მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გამოაცხადა. როგორც ცნობილია, 1500-მდე უფროს მასწავლებელს ჯერ კიდევ გაზაფხულზე უნდა გაევლო გარე დაკვირვება, თუმცა, პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო, მასწავლებელთა სახლმა პროცესი გადაავადა და მოამზადა ონლაინ დაკვირვების რუბრიკა, სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ ეპიდსიტუაციაზე დამოკიდებული სასწავლო პროცესი აღარ იქცეს ისევ გარე დაკვირვების გადადების მიზეზად.
რატომ გახდა თავიდან რეგისტრაცია საჭირო, როგორი ფორმით წარიმართება გარე დაკვირვების პროცესი და რისი გათვალისწინება მოუწევთ ონლაინ რეჟიმში დაკვირვებისას მასწავლებლებს – ამ დეტალებზე გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი.
– 1 ოქტომბრიდან გარე დაკვირებაზე რეგისტრაცია იწყება და დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, მასწავლებლები შეძლებენ წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი აქტივობის განხორციელებას. ცნობილია ისიც, რომ მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გარე დაკვირვება ონლაინ რეჟიმშიც გაიარონ, როგორ წარიმართება ეს პროცესები?
– იმ პერიოდში, როცა სისტემა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, გარე დაკვირვება გადაიდო. რადგან სასწავლო პროცესი პანდემიაზე გახდა დამოკიდებული, მივხვდით, რომ შეიძლება პრობლემა შემოდგომაზეც გაგრძელებულიყო, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ონლაინ გარე დაკვირვების რუბრიკა, რომელსაც პარალელურ რეჟიმში დავტესტავდით სკოლებში. მაისის დასაწყისში 12 სკოლას ვთხოვეთ რუბრიკის აპრობაციის პროცესში ჩართვა (შევარჩიეთ რეგიონის, ქალაქის, სოფლის, არაქართულენოვანი, მცირეკონტინგენტიანი და მაღალკონტინგენტიანი სკოლები). უშუალოდ დირექტორები იყვნენ ამ პროცესში ჩართულები. თავდაპირველად მასწავლებლები, რომელთაც ვაკვირდებოდით, არ იცნობდნენ რუბრიკის კრიტერიუმებს, უბრალოდ იცოდნენ, რომ აკვირდებოდნენ გაკვეთილზე. ამის შემდეგ, მათ გავაცანით კრიტერიუმები და ისე დავაკვირდით. დირექტორებს ვთხოვეთ, ჩვენთვის მოეწოდებინათ სწორედ ამ კრიტერიუმებთან დაკავშირებული უკუკავშირი, რაც მასწავლებლებისგან მიიღეს. შემდეგ, სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა მუშაობის პროცესში, დაიხვეწა და სკოლებში მიმდინარე პროცესს მოერგო. ტესტირებამ აჩვენა, რომ შესაძლებელია ონლაინ გარე დაკვირვებით შეგვეფასებინა მასწავლებლები. მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილება შევიდა და დისტანციური სწავლების ფორმა აღიარდა, შესაძლებელი გახდა, დაგვემტკიცებინა ონლაინ გარე დაკვირების რუბრიკა და ფორმალურადაც შესაძლებლია, უკვე კანონიერად გამოვიყენოთ რუბრიკა. ამდენად, გარე დაკვირვება აღარ გადაიდება და ამ სემესტრისთვის უკვე მზად ვართ, იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართება, მასწავლებლებს ონლაინ რეჟმში დავაკვირდეთ. მასწავლებლები, რომლებიც 1-დან 5 ოქტომბრამდე გაივლიან რეგისტრაციას და გრაფიკის მიხედვით გამოგვიგზავნიან 5 თანმიმდევრულ გაკვეთილის გეგმას (როგორც აქამდე ხდებოდა, ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა), ონლაინ რეჟიმში დავიწყებთ რუბრიკას, მაგრამ იმ სკოლებში, სადაც სწავლა პირისპირ შენარჩუნდება, ცხადია, პედაგოგებს საკლასო ოთახში დავაკვირდებით. პროცესი მთელი სემესტრის განმავლობაში გაგრძელდება და როგორც გითხარით, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, რა სიტუაციაც იქნება კონკრეტულ სკოლაში.
– არიან თუ არა მზად სკოლები ონლაინ დაკვირვებისთვის, რას ფიქრობთ, რა დაბრკოლებები შეიძლება შეექმნათ მათ? თუ გაქვთ კონტაქტი მასწავლებლებთან და, ძირითადად, რაზე ღელავენ?
– რა თქმა უნდა, ჩვენთან კავშირი აქვთ მასწავლებლებს და ვეცნობით მათ საჭიროებებს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ პირველი ოქტომრიდან დავიწყოთ ყველა საჯარო სკოლის პედაგოგის გადამზადება (ძალიან მოკლე ვადაში, ორ-სამ კვირაში) თიმსის გამოყენებაში. შესაბამისად, ესეც ერთგვარი დახმარება იქნება მათთვის. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არ ეხება მხოლოდ გარე დაკვირვებაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს, გადავამზადებთ ყველა იმ ქალაქისა და სოფლის მასწავლებელს, სადაც ონლაინ სწავლება მიმდინარეობს.
– რა განსხვავებაა ონლაინ და პირისპირ დაკვირვების რუბრიკებს შორის და რა ძირითადი აქცენტები გაკეთდება ონლაინ დაკვირვებისას?
– გაკვეთილის დაგეგმვა, ორივე შემთხვევაში, ერთი და იგივე იქნება – გაკვეთილი დაიგეგმება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანთან მიმართებით, უბრალოდ, განსხავავებული იქნება განხორციელების ფორმატი. მასწავლებლები ხშირად ნერვიულობენ და ჩივიან იმაზე, რომ გაკვეთილის პროცესში, შეიძლება, ტექნიკურმა ხარვეზებმა იჩინოს თავი. მინდა ისინი დავამშვიდო და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ასეთი პრობლემები მათ შეფასებაზე არ აისახება. მთავარია, დავინახოთ როგორ რეაგირებს ასეთ შემთხვევებზე მასწავლებელი, როგორ იქცევა, მაგალითად, ინტერნეტის ხარვეზის გამო საგაკვეთილო პროცესიდან გათიშულ და შემდეგ უკან დაბრუნებულ მოსწავლესთან, როგორ აწვდის მას ტექნიკური ხარვეზის გამო გამოტოვებულ ინფორმაციას. ყურადღება მიექცევა იმასაც, თუ მასწავლებელი, ტექნიკური ხარვეზის გამო, გაკვეთილის პროცესიდან გავიდა და ხელახლა დაბრუნდა, ამ შემთხვევაში, მოსწავლეებმა იციან თუ არა როგორ მოიქცნენ – მასწავლებელს დაელოდონ თუ არა ან თუ დავალება უკვე აქვთ მიცემული, აგრძელებენ თუ არა მუშაობას. აქ საუბარია იმაზე, რამდენად არის ბავშვი ინფორმირებული ონლაინ ფორმატში მუშაობის პროცესის შესახებ ისევე, როგორც საკლასო ოთახში მიმდინარე სასწავლო პროცესის დროს, ზუსტად ანალოგიურად შეფასდება ეს ყველაფერი. ასე რომ, ტექნიკური ხარვეზის ან იმის გამო, რომ მოსწავლე მობილურით არის გაკვეთილზე შემოსული და არა კომპიუტერით, მათ შეფასებას ქულა არ დააკლდება, ეს გამორიცხულია მთავარია, დავინახოთ, როგორ ახერხებს მასწავლებელი დასახული მიზნის მიღწევას და რამდენად ადეკვატურ სტრატეგიებს იყენებს ონლაინ სწავლებისათვის, როგორ ახერხებს მოსწავლეებთან ინტერაქციას. დავაკვირდებით იმასაც, თუ როგორ არის მოსწავლის პერსონალური ინფორმაცია დაცული და ა.შ. მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად სანდო წყაროებს იყენებს მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესში (ძირითადად, მასწავლებლები ონლაინ ფორმატში იყენებენ სხვადასხვა ღია რესურსებს და ყურადღება უნდა მიექცეს, რამდენად სანდოა ეს რესურსები, რამდენად არის დაცული კიბერუსაფრთხოება). აქედან გამომდინარე, ნამდვილად ღირს უფრო მეტი აქცენტის გადატანა უსაფრთხოებასა და ინფორმაციის სანდოობაზე და იმაზე, თუ რამდენად ადეკვატურია პედაგოგის მიერ ონლაინ სწავლებისას გამოყენებული სტრატეგიები.
– დაახლოებით 1500 მასწავლებელი ელოდება გარე დაკვირვებას, რატომ გახდა აუცილებელი მათი თავიდან რეგისტრაცია, ისინი ხომ ზუსტად იგივე მასწავლებლები არიან, რომლებმაც გაზაფხულზე, პანდემიით შექმნილი ვითარების გამო, ვერ გაიარეს გარე დაკვირვება?
– რა თქმა უნდა, იგივე მასწავლებლები არიან, მაგრამ სემესტრია განსხვავებული და შესაძლებელია მასწავლებელს, რომელსაც განსაზღვრული ჰქონდა გარე დაკვირვება მე-7 კლასში, ის მეშვიდე კლასს აღარ ასწავლიდეს – ბავშვები უკვე გაიზარდნენ და მერვეკლასელები გახდნენ, ანუ შეიცვალა კლასები, შეიცვალა მასწავლებლის საათობრივი ბადე და ამიტომ რეგისტრაციის თავიდან გავლაც გარდაუვალი გახდა.
– დაბოლოს, როგორ მოხდება სტატუსის მინიჭება – ეტაპობრივად თუ ერთდროულად? ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მასწავლებლისთვის, რადგან სტატუსის დანამატი სწორედ ამის შემდეგ აისახება მათ ანაზღაურებაზე.
– სტატუსს მათ ეტაპობრივად არ მივანიჭებთ. სემესტრის ბოლოს, ვინც წარმატებით გაივლის გარე დაკვირვების რუბრიკას, ყველა ერთიანად მიიღებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსს.
ესაუბრა ლალი ჯელაძე