ეთერ გოგელიძე
სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №1 საჯარო სკოლის მასწავლებელი
სტატიის მიზანია, დაეხმაროს პედაგოგს გარდნერის თეორიის პრაქტიკაში დანერგვაში, განსაკუთრებით კი თანატოლთა ურთიერთსწავლებისა და პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საკითხებში. სასწავლო სტრატეგიებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ეფექტიანია თანატოლთა ურთიერთსწავლება. როცა ამ სტრატეგიას ვირჩევთ, მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, ინტელექტის რომელი სახე აქვს უფრო მეტად განვითარებული კონკრეტულ მოსწავლეს.
ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჰ. გარდნერმა შეიმუშავა „მრავალმხრივი ინტელექტის თეორია“, რომლის მიხედვით არსებობს ერთმანეთისგან განსხვავებული ინტელექტის რვა სახე: ლინგვისტური, მათემატიკურ-ლოგიკური, ვიზუალურ-სივრცითი, სხეულებრივ-კინესთეტიკური, მუსიკალური, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური და ნატურალისტური. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი აცნობიერებდეს მოსწავლეში წარმოდგენილ, სხვადასხვა ხარისხით არსებულ, ინტელექტის სახეს (ან სახეებს), რათა ბავშვს შესაძლებლობების მრავალმხრივად გამოხატვისა და განვითარების საშუალება მისცეს.
გარდნერის თეორიის ცოდნის გამოყენება პედაგოგის პრაქტიკისთვის წარმატების საწინდარია. როცა ვიცით, თუ რა სახის ინტელექტია მეტად განვითარებული ბავშვში, მით უფრო იოლია იმ ბერკეტების ამოქმედება, რომლითაც ადვილად მივაღწევთ შედეგებს. ინტელექტის ერთი სახის გათვალისწინებით მარტივდება შესაბამისი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების მოძიება. ასევე, როცა გვსურს საკუთარი პრაქტიკის კვლევა, კარგი იქნება, თუ გარდნერის თეორიითაც ავხსნით სასწავლო პროცესის წარმატებასა თუ წარუმატებლობას (ბუნებრივია, მხოლოდ ეს თეორია ვერ იქნება საკმარისი).
განვიხილოთ ინტელექტის ყველა სახე და წარმოგიდგენთ რამდენიმე რეკომენდაციას თანატოლთა ურთიერთსწავლებისთვის.
- ლინგვისტური ინტელექტის მქონე ადამიანებს მეტყველების გამორჩეული უნარი აქვთ. შეუძლიათ კარგად კითხვა, წერითი და ზეპირი მეტყველება. არსებობს პროფესიები (მაგალითად, პოლიტიკოსი, ადვოკატი, ჟურნალისტი და ა.შ.), რომლებიც განსაკუთრებულად მოითხოვს ამ უნარ-ჩვევების ფლობას. ენისადმი მიდრეკილების მქონე ადამიანებს, საუბრის დროს, უყვართ მეტაფორების, იუმორისტული გამონათქვამების ხმარება. მათ, აგრეთვე, უყვართ სიტყვებით თამაში, ენის გასატეხები, ანეკდოტები და ა.შ. ადამიანები, რომლებშიც ძლიერადაა განვითარებული ამ ტიპის ინტელექტი, გამორჩეულები არიან სკოლაშიც, რადგან შეუძლიათ აზრის ნათლად გამოხატვა როგორც ზეპირად, ისე წერილობით. როგორ გამოვარჩიოთ ასეთი მოსწავლეები? იხელმძღვანელეთ დაკვირვებით, თუ მოსწავლე ამბობს:
- მიყვარს ამბების მოფიქრება;
- შემიძლია სხვათა ნათქვამების ადვილად დამახსოვრება და გადმოცემა;
- უცხო ენები მიყვარს;
- მიყვარს კითხვა;
- მიყვარს წერა;
- მიყვარს საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლა.
ამ ინტელექტის მქონე ბავშვების შესაძლებლობები ეფექტიანად გამოიყენება თანატოლთა ურთიერთსწავლებისას. „ლინგვისტ“ ბავშვებს კარგად შეუძლიათ დავალების გასიტყვება, აქტივობათა შესრულების აღწერა და ა.შ. მათი შესაძლებლობების გაზიარება „არალინგვისტი“ კლასელებისთვის კარგი მოტივატორია, რომ კლასში მოსწავლეთა დონე ამაღლდეს სათქმელისა და თქმულის თანხვედრის საკითხში.
- ლოგიკურ-მათემატიკური ინტელექტის მქონე ადამიანებს აბსტრაქტული პრობლემების გადაჭრის, მათემატიკური და მეცნიერული პროცესების გაგების კარგი უნარი აქვთ. მათ თავისუფლად შეუძლიათ რიცხვებით მანიპულირება, პრობლემების გადაწყვეტა, ანალიტიკური აზროვნება. ისინი კარგად ახერხებენ მონაცემების ინტერპრეტაციას, ცხრილების დალაგებას, აბსტრაქტულ კვლევას და წვდებიან აბსტრაქტულ მიმართებებს. ისინი „ძლიერები“ არიან მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში — ადვილად სწავლობენ ე.წ. სტემის საგნებს. ეს ინდივიდები კარგად სწავლობენ ექსპერიმენტის, კვლევის დაგეგმვას, თვითონაც აკეთებენ აღმოჩენებს. მათ მოსწონთ სტრატეგიულ-ლოგიკური თამაშები.
ასეთი ინტელექტის მოსწავლეები ამბობენ:
- მიყვარს ანგარიში, დაგეგმვა;
- მათემატიკა ჩემი საყვარელი საგანია;
- შემიძლია არითმეტიკული ოპერაციების შესრულება, ტექნიკური და მექანიკური მოწყობილობების გარეშეც;
- სიამოვნებით ვთამაშობ „გასათვლელ“ თამაშებს: ჭადრაკს, ნარდს, დომინოს, შაშს…
- მიყვარს საგნების დაშლა-აწყობა;
- მიყვარს „შოპინგებზე“ ფასდაკლებათა ანალიზი…
ამ ინტელექტით გამორჩეულ მოსწავლეებს ეფექტიანად შეუძლიათ „ოქროს წესების“ თანატოლებამდე მიტანა. მთავარია, ასეთ დროს მოსწავლემ მოსწავლეს ინფორმაცია ასერტული და ეთიკური ნორმის ფორმებით მიაწოდოს.
- ვიზუალურ-სივრცითი ინტელექტის მქონე ადამიანებს ვიზუალურად სამყაროს ზუსტი აღქმისა და მხედველობითი გამოცდილების გამოყენების კარგი უნარი აქვთ. ისინი ყველაზე კარგად სწავლობენ ვიზუალური წარმოდგენების (ხატი, ფერები, სურათები, გრაფიკული ნახატები) საშუალებით და იყენებენ მათ ხელოვნების დარგში სხვადასხვა საქმიანობის დროს. ამ ინტელექტის მქონე ბავშვების საყვარელი გამოთქმებია:
- მიყვარს ცხრილებისა და გრაფიკების აგება;
- ადვილად ვიმახსოვრებ იმ ლოკაციებს, სადაც ვყოფილვარ;
- შემიძლია წარმოსახვით შევქმნა სხვადასხვა შემოქმედებითი პროდუქტი;
- ხელოვნება ჩემი საყვარელი საგანია.
ვიზუალურ-სივრცითი ინტელექტის მქონე მოსწავლეებს ძალიან ეადვილებათ, თანატოლები შემოქმედებითი პროდუქტების შექმნაზე დააკვირვონ და თან ახსნან, თუ რატომ აირჩიეს ასეთი გზები დავალების შესაქმნელად.
- სხეულებრივ-კინესთეტიკური ინტელექტის მქონე ადამიანებს სხეულის მართვის, მისი მოძრაობების გაკონტროლებისა და შეცვლის კარგი უნარი აქვთ. ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს კარგად ეხერხებათ ფიზიკური აქტივობები. ისინი ყველაზე კარგად „კეთების“ პროცესში, ანუ აქტიური სწავლებით, მოძრაობებით და სამუშაოს ხელით შესრულების დროს აღწევენ წარმატებებს.
კინესთეტი ბავშვების „საფირმო“ გამონათქვამებია:
- ვარ პლასტიკური, ვცეკვავ კარგად;
- მიყვარს სპორტის ის სახეობები, რომლებიც ფიზიკურ აქტივობებთანაა დაკავშირებული (კალათბურთი, ფრენბურთი, ფეხბურთი, სირბილი…);
- მიყვარს აწყობა, ქსოვა, გამოთლა, ჩხირკედელაობა, გამოძერწვა…
ასეთი მოსწავლის შესაძლებლობის გამოყენება, ურთიერთსწავლების დროს, გამორჩეულად ეფექტიანია სპორტისა და იმ საგნების სწავლებისას, რომლებიც ე.წ. „მსხვილ მოტორიკას“ მოითხოვს. ამის გარდა, არსებობს ცნობილი გამოთქმა — „მითხარი და დამავიწყდება, მასწავლე და დავიმახსოვრებ, ჩამრთე და ვისწავლი“ (ბენჯამინ ფრანკლინი). კინესთეტი მოსწავლეები ამ „ჩართულობისთვის“ პედაგოგების შესანიშნავი თანამშრომლები ხდებიან.
- მუსიკალური ინტელექტის მქონე ადამიანებს ბგერის სიმაღლის, ტონის და რიტმის შეგრძნების კარგი უნარი აქვთ. მათ უადვილდებათ მუსიკის საშუალებით სწავლა, აზრისა და გრძნობების გამოხატვა.
„მუსიკოსი“ ბავშვები ამბობენ, რომ:
- უყვართ მელოდიის მოსმენა, სიმღერა;
- შეუძლიათ რთული ტექსტების წამღერებით სწავლა;
- აღნიშნავენ, რომ ინფორმაციის სხვადასხვა ტიპი ახსენებთ ამა თუ იმ მუსიკას.
მუსიკალური ინტელექტის მქონე მოსწავლეთა ჩართვა დანარჩენების ესთეტიკური უნარების განვითარებისთვის ხელსაყრელია თუნდაც იმის გამო, რომ თანატოლები ოპერირებენ ერთმანეთისთვის იოლად გასაგები ენით, „მოდურია“ რაღაც მელოდიის სწავლა, გაშიფვრა, შეფასება, რაც მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
- ინტერპერსონალური ინტელექტის ტიპის ადამიანებს საკუთარი სამუშაოს კარგად დაუფლებისა და სხვების მოტივირების უნარი აქვთ. მათ შეუძლიათ სხვათა გრძნობების, ხასიათისა და სურვილების თანაგანცდა. თანაუგრძნობენ სხვებს, ესმით მათი „გასაჭირი“, ხშირად ასრულებენ მედიატორის ან ლიდერის როლს ამა თუ იმ კონფლიქტის მოგვარებაში. ისინი ყველაზე კარგად სხვებთან ურთიერთობისას სწავლობენ.
ინტერპერსონალური მოსწავლეების საყვარელი გამოთქმებია:
- მე შემიძლია, დაგეხმარო;
- მოდი, ერთად მოვიფიქროთ, როგორ მოვაგვაროთ პრობლემა;
- მე ამის გაკეთება მარტოც შემიძლია, მაგრამ თქვენთან ერთად მირჩევნია;
- ერთად რომ გავაკეთებთ, ერთად გავიხარებთ;
- მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა;
- მიყვარს გუნდური თამაშები;
- მეგობრები მეკითხებიან აზრებს.
ინტერპერსონალური მოსწავლეების ურთიერთსწავლების პროცესში ჩართვა საფრთხეებს თითქმის გამორიცხავს. ამ ინტელექტის მქონე ბავშვებისთვის „კოლეგიალობა“ ბუნებრივი და უშუალოა. არ თრგუნავენ „სასწავლებელ“ აუდიტორიას, რადგან ძალიან მეგობრულ და ასერტულ პირებად აღიარებენ.
- ინტრაპერსონალური ინტელექტის მქონე ინდივიდებს საკუთარი თავის შეცნობის, საკუთარი ცხოვრებისა და სწავლის პროცესის მართვის უნარი აქვთ. ისინი კარგად იცნობენ საკუთარ თავს, კარგად ხვდებიან, რა სურთ და ცდილობენ საკუთარი მიზნების განხორციელებას. თვლიან, რომ დამოუკიდებლად უფრო გამოსდით ყველანაირი საქმე. ასევე, წარმატებისა თუ წარუმატებლობის შემთხვევაში, საკუთარ თავს „აბრალებენ“. ეს ეხმარება მათ გადაწყვეტილების მიღების დროს არსებული ცოდნის სწორად გამოყენებაში. ასეთი ტიპის ადამიანებს უყვართ მარტო და დამოუკიდებლად მუშაობა. ისინი ყველაზე კარგად „მარტო“ სწავლობენ და ასრულებენ დავალებებს.
ინტრაპერსონალური მოსწავლეები:
- გამოირჩევიან თვითორგანიზებულობით და უმეტეს შემთხვევაში, არ ესაჭიროებათ შეხსენება, რა როგორ აკეთონ;
- ადგენენ სამომავლო გეგმებს;
- მოსწონთ ინდივიდუალური სპორტის სახეობები;
- უყვართ მარტო ყოფნა, მარტო მუშაობა.
ინტრაპერსონალური მოსწავლეების ურთიერთსწავლების პროცესში ჩართვას ახლავს სირთულეები. ამ ინტელექტის მოსწავლეები „ბიჰევიორისტულად“ არჩევენ ურთიერთობას აუდიტორიასთან, შედარებით უფრო უადვილდებათ ინფორმაციის გაცემა, ვიდრე მიღება. ამის გამო, უმჯობესია, თუ ინტრაპერსონალებს ვთხოვთ, რომ თავის კარგ პრაქტიკაზე ისაუბრონ.
- ნატურალისტური ინტელექტის მქონე ადამიანებს ბუნებისა და გარე სამყაროს წვდომის განსაკუთრებული უნარი აქვთ. მათ უყვართ გარე სამყარო და საკმაოდ მგრძნობიარენი არიან ბუნებრივი პროცესებისადმი. ისინი სწავლობენ გარემოში არსებული მოვლენების ურთიერთდამოკიდებულებასა და ცვლილებებს დროში, კარგად იცნობენ გარემოს და ანთროპოგენურ ზემოქმედებას ბუნებაზე.
ნატურალისტი მოსწავლეები:
- იოლად ასხვავებენ ჯიშებს, სახეობებს…
- ინტერესდებიან ქვებით, მინერალებით, სახლგარეთა ცხოვრებით;
- იოლად ახარისხებენ სხვადასხვაგვარ ინფორმაციას.
ნატურალისტი მოსწავლეების გამოყენება ეფექტიანია გამჭოლი კომპეტენციების, მდგრადი განვითარების და საბუნებისმეტყველო თემების ურთიერთსწავლების პროცესში.
როცა მასწავლებელი კლასში გარდნერის თეორიის პრაქტიკაში გადმოტანას გეგმავს, უმჯობესია, რამდენიმე პედაგოგის მოსაზრება გაითვალისწინოს. აქტივობის ორგანიზების იდეატორი, უმჯობესია, იყოს კლასის ხელმძღვანელი. გთავაზობთ მარტივ ცხრილს იმისთვის, რომ მოსწავლეების ინტელექტის სახეები დადასტურდეს. რანჟირებისთვის კარგი იქნება სიტყვიერების (ქართულისა და უცხოური ენების), მათემატიკის, მუსიკის, ხელოვნების, საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა მოსაზრებათა შეჯერება.