ლეილა ქარაზანაშვილი
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭაბუკიანის და მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის აფენის №1 საჯარო სკოლების ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და კონტროლს (მუხლი 15. ესგ.).
სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება, განმსაზღვრელი და განმავითარებელი. განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებით, იწერება ქულა. განმავითარებელი შეფასება აფასებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.
განმავითარებელი შეფასება არის პროცესი, რომელიც მოსწავლის სწავლის პროცესს განსაზღვრავს, ავლენს მის ძლიერ და სუსტ მხარეებს, მაგრამ ის მხოლოდ ბავშვისთვის არაა სასარგებლო, განმავითარებელი შეფასება პედაგოგსაც ეხმარება, ყოველდღიურად ადევნოს თვალი მოსწავლეს.
განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებია: შემაჯამებელი შეკითხვები; ცერები მაღლა – სიგნალი ხელებით; ერთწუთიანი თხზულება; მოსწავლეთა კონფერენცია; ხუთიდან პირველი; საკლასო ოთახიდან გასვლის ბარათები; ჩანაწერი ჟურნალში; ერთხმად პასუხი; იდეათა წრე; შიდა წრე და გარე წრე; მკითხველის თეატრი; მოკლე შეჯამება; დიახ-არა ბარათები; შეჯამების ჩარჩო; იფიქრე, დაწყვილდი გააზიარე; დაფიქრდი და შეავსე; ოთხი კუთხე; 3-2-1; სწრაფი წერა; გაიხსენე-შეაჯამე-დასვი კითხვა-დააკავშირე და სხვ.
მოსწავლის სწავლისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი:
- ყველა მოსწავლე გრძნობდეს, რომ მას კარგად იცნობენ და თბილად ეპყრობიან.
- მასწავლებელს აქვს მაღალი მოლოდინი თითოეული მოსწავლის ქცევისა და სწავლის მიმართ.
- სასწავლო მიზნები მკაფიოდაა ჩამოყალიბებული. სასწავლო გარემო პოზიტიურია და დაკმაყოფილებულია მოსწავლის ნებისმიერი ცნობისმოყვარეობა.
ჩემმა პედაგოგიურმა გამოცდილებამ მიმახვედრა, რომ მხოლოდ ქულა ბავშვის განვითარებას ვერ შეუწყობს ხელს, პირიქით, დაბალი შეფასება უკარგავს მას თვითეფექტურობის სურვილს და მოტივაციას, მით უფრო თუ არ იცის, კონკრეტულად, რა საკითხში დაიმსახურა შეფასება. ამიტომ გადავწყვიტე, ჩამეტარებინა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა და დავკვირვებოდი მოსწავლეებს, როგორ იმოქმედებდა მათზე განმავითარებელი შეფასება.
კვლევის მიზანი იყო განმავითარებელი შეფასების საშუალებით მოსწავლის მოტივაციის ამაღლება.
კვლევის ფარგლებში დასაძლევი შეკითხვები იყო:
♦ რა მნიშვნელობა აქვს განმავითარებელ შეფასებას მოსწავლის სწავლის დონის დადგენაში?
♦ რა განსხვავებაა განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას შორის?
♦ როგორ შევარჩიოთ განმავითარებელი შეფასების კრიტერიუმები და ინსტრუმენტები მოსწავლის სწავლის მოტივაციის გასაზრდელად?
♦ რა როლი აქვს ეფექტურ უკუკავშირს და თვითშეფასებას მოსწავლის სწავლის პროცესში?
სამიზნე ჯგუფად შევარჩიე მე-9 კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის პედაგოგები, რომლებიც გამოვკითხე კითხვარების საშუალებით, ასევე მასწავლებელთაგან სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად ჩავატარე ინტერვიუ.
გამოკითხვის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ნამდვილად იდგა ეფექტური განმავითარებელი შეფასების დანერგვის საჭიროება. ამისათვის გამოვიყენე სხვადასხვა სახის ინტერვენციები, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა სასწავლო პროცესში. ესენია:
Δ რუბრიკების შექმნა – მოსწავლეებთან ერთად შევქმენი შეფასების რუბრიკები, სადაც განთავსდა სხვადასხვა შეფასების კრიტერიუმები, თუ რის მიხედვით ვაფასებდი მოსწავლეს.
შეფასების რუბრიკის შექმნისას ყურადღება გავამახვილეთ დისციპლინაზე, ურთიერთთანამშრომლობაზე, სასწავლო პროცესში ჩართულობაზე, ცოდნის გამოვლენაზე, გაკვეთილის და თანაკლასელების შეფასებაზე;
Δ შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები – ამ ინტერვენციის გამოყენება დამეხმარა გამეგო და შემეფასებინა მოსწავლის წინარე ცოდნა შესასწავლ საკითხთან მიმართებაში. გაკვეთილის ბოლოს, გასასვლელი ბილეთების საშუალებით, ვიგებდი რა გაიგეს და რა გაუჭირდათ მოსწავლეებს, რაც მეხმარებოდა მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვაში. ეს მეთოდი მოსწავლეებს უვითარებთ თვითშეფასების უნარს, აჩვენებს თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რაც ეხმარებათ სწავლისთვის მობილიზებაში;
Δ შუქნიშანი – მოსწავლეებს დავურიგე სხვადასხვა ფერის ბარათები – წითელი აღნიშნავს, რომ საკითხი გაუგებარია, ყვითელი – ნაწილობრივ გასაგებია, მწვანე – კარგად გაიგო საკითხი. საგაკვეთილო პროცესში იყენებდნენ საკითხის ცოდნის შესაბამის ფერს. ეს მეთოდი მოსწავლეს უვითარებს თვითშეფასების უნარ-ჩვევებს;
Δ ჩხირები – იმისათვის, რომ ყველა მოსწავლისთვის ცოდნის გამოვლენის თანაბარი გარემო შემექმნა, გადავწყვიტე გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენება. თითოეულ ჩხირზე ბავშვების სახელები ეწერა და, შემთხვევითობის პრინციპით, ყველა მოსწავლეს შეეძლო სასწავლო პროცესში ჩართვა;
Δ დაფიქრდი, დაწყვილდი, გააზიარე – ამ მეთოდის მიზანი იყო, სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლე აქტიურად ჩართულიყო და სიღრმისეულად გაეაზრებინათ შესასწავლი მასალა. ამ დროს მოსწავლეები ცდილობენ ჩაუღრმავდნენ საკითხს, გამოთქვან ვარაუდი, იმსჯელონ და გააკეთონ დასკვნები;
Δ ორი ვარსკვლავი ერთი სურვილი – ეს მეთოდი მოსწავლეებს დაეხმარა ურთიერთშეფასების უნარის გამომუშავებაში, რადგან მათ უწევდათ თანაკლასელის ორი დადებითი და ერთი გამოსასწორებელი მხარის შეფასება.
იმის დასადგენად, თუ რამდენად პროდუქტიული იყო განხორციელებული ინტერვენციები – შეუწყო თუ არა ხელი მოსწავლეთა პროგრესს, ამაღლდა თუ არა მათი მოტივაცია, შედეგების საკვლევად გამოვიყენე შემაჯამებელი დავალებების შედარება, ინტერვენციამდე და ინტერვენციის შემდეგ.
აღმოჩნდა, რომ ეს მეთოდები დაეხმარა მოსწავლეებს გამხდარიყვნენ უფრო მობილიზებულები, ყურადღებიანები, შეეფასებინათ თავიანთი ცოდნის დონე, საჭიროებები, გამხდარიყვნენ სწავლისადმი უფრო მოტივირებულები. მე კი, როგორც პედაგოგს, მომეცა მათი ცოდნის შეფასების კარგი შესაძლებლობა, რათა დამენახა ბავშვების ძლიერი და სუსტი მხარეები და შესაბამისად დამეგეგმა გაკვეთილები.
ეფექტური განმავითარებელი შეფასების ხშირი გამოყენება მოსწავლეს ეხმარება:
♦ სრულყოფილად ჩაერთოს საკლასო პროცესში;
♦ დაადგინოს თავისი ცოდნის დონე;
♦ სწორად დაგეგმოს საჭიროებები და გამოსწორების გზები;
♦ ისწავლოს საკუთარი თავის სწორი შეფასება;
♦ ისწავლოს თანაკლასელის შეფასება;
♦ გამოუმუშავდეს ესგ-ით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
♦ აუმაღლდეს სწავლისადმი მოტივაცია.
კვლევის მიზანი, ეფექტური განმავითარებელი შეფასების შედეგად მოსწავლეთა მოტივაცია ამაღლებულიყო, გარკვეულწილად მიღწეულ იქნა. მაგრამ იმისათვის, რომ ეს პროცესი მდგრადი გახდეს, საჭიროა ჰქონდეს მუდმივი სახე და პროცესში ჩართული იყოს ყველა პედაგოგი.
განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის
ლეილა ქარაზანაშვილი
ანოტაცია
წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია, განმავითარებელი შეფასების მეთოდები და სწავლა-სწავლებისას მათი გამოყენების საჭიროება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის.
პედაგოგები, უმეტეს შემთხვევაში, ბავშვებს მხოლოდ განმსაზღვრელი შეფასებით აფასებენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, ბავშვებისთვის ბუნდოვანია. ხოლო, განმავითარებელი შეფასებისას პედაგოგი შემოიფარგლება მსგავსი სიტყვებით – „კარგია“, „ყოჩაღ“, „მეტი შეგიძლია“ და სხვ. ასეთი შეფასებისას მოსწავლე ვერ ხვდება რა დაძლია კარგად და რა საკითხი გაუჭირდა. ბავშვებს რჩებათ გაურკვევლობის შეგრძნება, უქვეითდებათ თვითშეფასების და თვითეფექტიანობის უნარ-ჩვევები, კარგავენ სწავლის მოტივაციას.
ჩემ მიერ განხორციელებული პედაგოგიური კვლევის მიზანი იყო, განმავითარებელი შეფასების საშუალებით, მოსწავლის მოტივაციის ამაღლება.
კვლევის პირველ ეტაპზე გამოვკითხე მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები. შედეგების საფუძველზე დავგეგმე და განვახორციელე ინტერვენციები. კვლევის მიმდინარეობისას მუდმივად ვაკვირდებოდი, უმჯობესდებოდა თუ არა მოსწავლეთა დაინტერესება სწავლის მიმართ, ხდებოდა თუ არა უფრო მეტად გასაგები შესასწავლი საკითხი და მიწოდებული უკუკავშირი.
კვლევის შედეგების ანალიზმა დაადასტურა ჩემი ვარაუდი, სწორ და ეფექტურ უკუკავშირს არსებითი როლი აკისრია მოსწავლეთა სწავლის მოტივაციისთვის.
საკვანძო სიტყვები: ჩართულობა, პასუხისმგებლობა, განმავითარებელი შეფასება, ეფექტური უკუკავშირი, თანამშრომლობა.