30 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში მინისტრის მოადგილემ ანგარიში წარადგინა

spot_img

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, გელა გელაძეს მოუსმინეს. მან 4 მიმართულებაზე ისაუბრა, როგორც განხორციელებულ თუ მიმდინარე პროექტებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე.

მინისტრის მოადგილემ ანგარიში შეფასებისა და გამოცდების ცენტრის საქმიანობის მიმოხილვით დაიწყო და კომიტეტის წევრებს, მოკლედ, მიაწოდა ძირითადი ინფორმაცია 2023 წლის ეროვნული გამოცდების შესახებ: „წელს მისაღებ გამოცდებზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის აბიტურიენტი დარეგისტრირდა, დაახლოებით, 45 ათასზე მეტი, აქედან 77%-მა მოიპოვა სწავლის უფლება, დაფინანსდა 12 ათასზე მეტი გამოსაცდელი, სახელმწიფო გრანტი მიიღო 6 500-ზე მეტმა ახალგაზრდამ, აქედან 100%-იანი, დაახლოებით, 1000-მა ადამიანმა, 70%-იანი – 1400-მა და 50% – 4000-ზე მეტმა სტუდენტმა. საერთო ჯამში, ცენტრში დარეგისტრირდა 75 ათასი ადამიანი, როგორც აბიტურიენტები, ასევე სამაგისტრო თუ მასწავლებლის საგნის გამოცდებზე.“

გელა გელაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში შევიდა ცვლილება – საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა საპატიო გაცდენის შესაძლებლობა, რომ ცენტრს აპლიკანტი დამატებით გამოცდაზე დაეშვა. განისაზღვრა 3 მიმართულება: ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკაში მოთავსების პერიოდი, ოჯახის წევრის გარდაცვალება და დაუძლეველი ძალა. შედეგად, დაახლოებით, 30-ზე მეტი აბიტურიენტი იქნა დაშვებული დამატებით გამოცდაზე.

ცენტრში მიმდინარე პროექტებზე საუბრისას, ყურადღება გაამახვილა შემდეგი წლის ტესტებზე მუშაობის პროცესზე და მიმდინარე თვის ბოლოს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების პირველი ტურის ჩასატარებლად მზადებაზე.

საინტერესო იყო სამომავლო გეგმები – „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცენტრმა დაიწყო მუშაობა ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სამომავლოდ მიღება უმაღლეს სასწავლებლებში და აქ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სკოლებისა და უნივერსიტეტების როლის გაზრდას. ჩვენ ეს ვალდებულება გვაქვს და 2027 წლიდან დავიწყებთ უკვე ახალი მოდელით,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მან მანდატურის სამსახურში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში უპრეცედენტო პროექტია სასკოლო მედიაციის დანერგვა: ბრიტანელ ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ სასკოლო მედიაცია. მედიაცია არის კონფლიქტებზე რეაგირების და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის ერთერთი საუკეთესო მექანიზმი. ყველა საჯარო სკოლაში, სადაც მანდატურია წარმოდგენილი, შესაძლებელია, რომ მედიაცია განხორციელდეს. ძალიან ბევრი წარმატებული მაგალითი გაგვაჩნია.

საქართველოს კანონში ცვლილებების თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდება და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი დაემატება.

მინისტრის მოადგილე, სხვა საკითხებთან ერთად, განათლების პროცესების ინფორმაციულ უზრუნველყოფასა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებასაც შეეხო. იგეგმება, რომ უახლოეს მომავალში, ინტერნეტ ქსელში ჩაერთოს ყველა პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე, ოპტიკური კავშირისა და მაღალი სიჩქარის ინტერნეტის შეტანა ყველა სკოლაში და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიური დანერგვა სწავლა-სწავლების პროცესში.

ასეთი იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, გელა გელაძის ანგარიშის ძირითადი გზავნილები.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები