დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გასულ კვირას გაკეთდა მონიტორინგი, რომლის შედეგად 100%-იანი ვაქცინაციის მაჩვენებელი არც კერძო და არც საჯარო სკოლაში არ არის. მისივე თქმით, არც მკვეთრი განსხავავება ფიქსირდება მათ შორის და ორივე ტიპის სასწავლო დაწესებულებებში მაჩვენებელი 70%-მდე მერყეობს. „ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს თავის მზაობას, რათა სწავლა ადგილზე აღდგეს. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სკოლებში აცრის მაჩვენებელი იყოს 80%. ამავე დროს, ანგარიშგასაწევი იქნება ისიც, რამდენ ადამიანს ექნება გადატანილი ვირუსი, რაც შედის საერთო იმუნიტეტში. ვიტყვი იმასაც, რომ არამხოლოდ მასწავლებლებმა, არამედ მშობლებმაც კეთილი უნდა ინებონ და, ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად, აუცილებლად უნდა გაიკეთონ ვაქცინა. მხოლოდ ამ შემთხვევაში განიხილება სწავლის აღდგენა და ის აუცილებლად უნდა აღდგეს კლასებში“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
განათლების სფეროში ვაქცინაციის სტატისტიკური მონაცემები:
♦ საჯარო სკოლების მთელი პერსონალის 55%, მინიმუმ, ერთი დოზით არის აცრილი, აქედან სრულად აცრილია 33%. პედაგოგების, მინიმუმ, ერთი აცრის მაჩვენებელი 58%-ია, სრულად აცრილია 36%;
♦ კერძო სკოლების პედაგოგებიდან, მინიმუმ, ერთი დოზით აცრილია 64%, ხოლო სრულად აცრილია 44%, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თბილისში – 70%.
♦ ყველაზე დაბალია აცრის მაჩვენებელი სტუდენტებში – ბაკალავრებში, მაგისტრებსა და დოქტორანტებში ვაქცინაციის მაჩვენებელი მხოლოდ 17%-ია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მოზარდების აცრის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს უკვე თავისი რეკომენდაცია, რომ აიცრას არა ყველა ბავშვი, 12-დან 16 წლამდე, არამედ შერჩევითად, შესაბამისი ჩვენებებით. ავწონ–დავწონით, როგორ აკეთებენ სხვადასხვა ქვეყანაში. ამაზე მიმოხილვებია გაკეთებული ჩვენთან, რა რეკომენდაცია აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რა რეკომენდაცია აქვს ევროპის მედიკამენტების სააგენტოს და იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას ამის შესაბამისად მიიღებს“.