„ტყუილი ჩივილია, ტყუილი ტირილია უფულობისა, უქონლობისა. უნდა ვტიროდეთ და ვჩიოდეთ უცოდინარობას, უვიცობას, იმიტომ რომ სათავე და მიზეზთა-მიზეზი ყოველ უბედურობისა ეგ უვიცობა, ეგ ცოდნის უქონლობაა.“ – ილია
„ცოდნა ძალაა“ — ფრენსის ბეკონის ამ ცნობილ გამონათქვამს, ალბათ, ყველა დავეთანხმებოდით, განსაკუთრებით კი ახალი დროის ადამიანები. დღესდღეობით, თითქმის ყოველი ერის, ხალხის, უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ცოდნისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე ზრუნვა. ყოველი სახელმწიფო აცნობიერებს იმას, რომ ახალგაზრდებისათვის ჯეროვანი განათლების მიცემა ქვეყნის წინსვლისა და განვითარების, კეთილდღეობის საწინდარია. მათ შორის უკანასკნელნი არც ჩვენ ვართ. ყველასათვის ცნობილია, რომ დამოუკიდებლობის პირველი ათი წელიწადი ყოველმხრივ მძიმე იყო ქვეყნისათვის და გასაგებია, რომ საკმაოდ რთული იქნებოდა, შიმშილის, სიცივისა და სიბნელის ფონზე, ახალგაზრდების განათლებაზე სათანადოდ ეზრუნათ. გაყინული ან ღუმლის კვამლით გავსებული საკლასო ოთახები, ყავლგასული სახელმძღვანელოები თუ სხვა სასკოლო ნივთები, უნივერსიტეტის დერეფნებში კანტიკუნტად მოარული შეშინებული სტუდენტები, დაგვიანებული ან სულაც ჩაურიცხავი ხელფასები… ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სურათებისა, რომელთაც იხსენებენ ხოლმე უფროსი თაობის პედაგოგები და პროფესორ-მასწავლებლები იმ მძიმე წლების აღსაწერად.
ავად თუ კარგად, იმ ავბედითმა ჟამმა გაიარა და განათლების სფეროში რეფორმების პერიოდიც დადგა: დროთა განმავლობაში, შეიქმნა და დაიხვეწა სასკოლო სახელმძღვანელოები, შედგა ეროვნული სასწავლო გეგმა, დეტალურად გაიწერა ყოველი ახალი წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები თითოეული საგნისათვის, ჩატარდა მასწავლებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი ტრენინგი…
თავისთავად რეფორმები და ცვლილებები მისასალმებელია, დანამდვილებით შეიძლება მტკიცება იმისა, რომ ჩვენი განათლების სისტემა თანდათანობით იხვეწება და ვითარდება, თუმცა საზრუნავი ჯერ კვლავ ბევრია. სამწუხაროდ ჩვენდა, ხშირად, დიდი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ გვრჩება ის ხარვეზები და პრობლემები, რომელთაც განათლების სფეროს სრულყოფისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. თქმულის ნათელსაყოფად კატის გამოცდებიც გამოდგება. ამ გამოცდებმა, რომლითაც რეალურად ფაქტობრივი მასალის დაზუთხვის დონე მოწმდებოდა და არა კრიტიკული აზროვნებისა, რვა წლის განმავლობაში იარსება. ამ წლებში კი, თითქმის საერთოდ არ გაუმჯობესებულა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა თუ ზოგადი განათლების დონე. კატის გამოცდებმა შედეგად მხოლოდ ის მოგვცა, რომ უფრო მეტად გაძლიერდა რეპეტიტორობის ინსტიტუტი (რომელიც ასევე ერთ-ერთი დაუძლეველი პრობლემა და მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი თანამედროვე საჯარო სკოლის ცხოვრებაში).
ვფიქრობ, განათლების სფეროში არსებული პრობლემების დროულად გამომზეურება, მათ გადაწყვეტაზე ფიქრი და მსჯელობა, გამოსავლის ოპერატიულად მოძებნა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. ამჯერადაც, ამ მხრივ, მნიშვნელოვანი საკითხები მინდა გახდეს განსჯის საგანი.
ჩვენი საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ დიდი ხანია არსებობს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და პროფესიული უნარების გადამამოწმებელი გამოცდები. უსიამოვნო, თუმცა რეალური ფაქტია, რომ ამ გამოცდებს ბევრი არაფერი შეუცვლია მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლების მხრივ. გამოცდების ჩატარებაზე, საგამოცდო ტესტების შედგენასა და დამზადებაზე, მათ შემოწმებაზე კი, ყოველწლიურად, საკმაოდ დიდი დრო, ენერგია და ფინანსური სახსარი იხარჯება (ფაქტია ისიც, რომ, როგორც უწინ კატის გამოცდებმა, მასწავლებელთა გამოცდებმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა რეპეტიტორობის ინსტიტუტი. ერთგვარი პარადოქსიც კია ის, რომ მასწავლებელს მომზადება სჭირდება იმ საგანში, რომელსაც ასწავლის).
ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: ხომ არ არის მასწავლებელთა გამოცდები ფუჭი ხარჯვა მატერიალური თუ ადამიანური რესურსებისა? — დიახ, არის! — ვუპასუხებთ არსებული რეალობიდან გამომდინარე.
მოსაზრების საარგუმენტაციოდ კი, პირველ რიგში, იმას გაგახსენებთ, რომ არსებული გამოცდები, რეალურად, დამწყები მასწავლებლისათვის წარმოადგენს ბარიერს, ხოლო მოქმედი მასწავლებლებისათვის — არა. თუკი დამწყებ მასწავლებელს საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის ჩაბარება 10 კრედიტზე მოეთხოვება, მოქმედი მასწავლებლისათვის ბარიერი 1 კრედიტია. 1 კრედიტის მისაღებად საჭირო ქულა კი სასაცილოდ ცოტაა იმისათვის, რომ მასწავლებელი თავის საგანში კომპეტენტურად მივიჩნიოთ. ფაქტები ცხადყოფს, რომ ყოველწლიურად ასეულობით მასწავლებელი იჭრება ამ გამოცდებში, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ იღებენ 1 კრედიტისათვის საჭირო ქულასაც კი. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ მცდელობათა ლიმიტი შეზღუდული არ არის. არსებული მიდგომა ცალსახად უსამართლოა ახალბედა მასწავლებლების მიმართ და საგრძნობლად უთანასწორო კონკურენციაა ახალკურსდამთავრებულსა და ე.წ. სტაჟიან კადრებს შორის. რას ვიღებთ შედეგად? — იმას, რომ ახალბედა, ენთუზიაზმით აღსავსე და საქმის სიყვარულით გულანთებული ადამიანები საჯარო სკოლის გარეთ რჩებიან; ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ უკეთესობისკენ შეცვალონ სწავლა-სწავლების სფეროში არსებული სიტუაცია, გამოასწორონ წინამორბედთა შეცდომები.
როგორც უკვე აღვნიშნე, საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა რეალურად მხოლოდ ახალბედა მასწავლებლისთვისაა ერთგვარი ბარიერი, მიუხედავად იმისა, რომ 10 კრედიტის მისაღებად საჭირო ქულაც არც ისე მაღალია. ერთი შეხედვით, ახალბედა მასწავლებელთან მიმართებით, პრობლემა არ არსებობს და გამოცდა საჭიროა, სკოლა უნდა დარწმუნდეს, რომ მას სათანადო ცოდნისა და კომპეტენციის მქონე კადრი აჰყავს სამსახურში, თუმცა ამ ნაწილშიც ჩნდება შეკითხვა: რა ძალა აქვს ბაკალავრის დიპლომს? მაგისტრის აკადემიურ ხარისხს? — პასუხია, თითქმის არანაირი! საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა, ამ შემთხვევაში, სხვა არაფერია, თუ არა უნდობლობის გამოცხადება უნივესიტეტების მიმართ. კვლავაც ჩვენდა სამწუხაროდ, ეს უნდობლობა არსებულმა რეალობამ წარმოშვა. საკმაოდ ხშირად უნივესიტეტებიდან, დიპლომით ხელში, იმდენად სუსტი კადრები გამოდიან, რომ მათი ცოდნის დონე მართლაც საჭიროებს ერთგვარ გადამოწმებას. აღნიშნული პრობლემაც დაფიქრებას მოითხოვს, საჭიროა კი ამდენი აკადემიური ხარისხის მქონე კადრი? ხომ არაა დრო, უფრო აქტიურად გავუწიოთ პოპულარიზაცია ახალგაზრდებში პროფესიულ განათლებას?
იმისათვის, რომ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები აღარ წარმოადგენდეს დროის, ენერგიისა და ფინანსების ფუჭ ხარჯვას, საჭიროა საგამოცდო ბარიერის აწევა ყველა ჩამბარებლისთვის, ხოლო მოქმედი მასწავლებლებისთვის — გამოცდაზე გასვლის მცდელობათა ლიმიტირება. ვფიქრობ, მხოლოდ ამ გზით მივაღწევთ იმას, რომ სკოლაში სათანადო ცოდნისა და კომპეტენციის მქონე მასწავლებლები მუშაობდნენ. დროთა განმავლობაში კი, თუკი უნივერსიტეტებიც უფრო მაღალკვალიფიციურ კადრებს შემოგვთავაზებენ (რისთვისაც ასევე ბევრი რამაა გასაკეთებელი და უმაღლეს სასწავლებლებში არსებული პრობლემებიც გადასახედი), მივაღწევთ იმასაც, რომ მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის ჩატარება ასე ფართო მასშტაბით საჭირო აღარ იქნება.
ვფიქრობ, ცალკე მსჯელობის საგანი უნდა გახდეს ისიც, რომ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება კარგ მასწავლებლობას ჯერ კიდევ არ ნიშნავს. ამა თუ იმ საგნის სწავლების მეთოდიკისა და პედაგოგიკის საფუძვლების ცოდნის გარეშე, დამეთანხმებით, რთულია მასწავლებელს პროფესიონალი ვუწოდოთ. რა მდგომარეობაა, ამ მხრივ, ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში? ამზადებენ ისინი სრულფასოვან მასწავლებლებს? — არა, სამწუხაროდ ჩვენდა!
ჰუმანიტარულ, ასევე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებზე ჩამბარებელ სტუდენტთა უდიდესი ნაწილის სურვილი იმთავითვე არის მასწავლებლობა, პედაგოგობა (ამას არაერთი გამოკითხვა დაგიდასტურებთ), მაგრამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ მათი აბსოლუტური უმრავლესობის დიპლომში წერია: „პროფესიული სტატუსი — შესაბამისი ინფორმაცია არ არსებობს“ . ამ დროს კი, სკოლაში მუშაობის დასაწყებად, ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა, რომ აპლიკანტს დიპლომში ეწეროს: პროფესიული სტატუსი — მასწავლებელი. უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო პროგრამათა აღწერაში, კერძოდ, დასაქმების სფეროს შესახებ მოცემულ ინფორმაციაში, ყოველთვის ეწერა, რომ ბაკალავრის დიპლომით სამსახურის დაწყება შესაძლებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის საჯარო სკოლაში. ფაქტია, რომ, ვინც უნივერსიტეტი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაამთავრა, მათთვის ეს ასე არაა. რეალობასთან ამგვარი შეუსაბამობა, სავარაუდოდ, უნივერსიტეტებმაც გააცნობიერეს და რიგ საბაკალავრო პროგრამათა აღწერაში დაზუსტდა შემდეგი: კურსდამთავრებულს პედაგოგიურ სექტორში დასაქმება შეუძლია მხოლოდ პედაგოგიკის დამატებითი პროგრამის გავლისა და მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. ამ ინფორმაციის დაზუსტება მისასალმებელია, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ნამდვილად არ წარმოადგენს.
ერთი შეხედვით, პრობლემა გადაჭრილად მოგვეჩვენება, თუ გავიხსენებთ, რომ ბოლო დროს ზოგიერთი უნივერსიტეტი სტუდენტებს თავად სთავაზობს პედაგოგიკის პროგრამას „მაინორი სპეციალობისთვის“, ხოლო, მეორე მხრივ, უკვე მეოთხე წელია არსებობს მასწავლებელთა მოზადების 60-კრედიტიანი პროგრამა, თუმცა საქმე ასე მარტივად არაა შემდეგი მიზეზების გამო:
- უმაღლესი სასწავლებლები პირველკურსელებს სათანადოდ არ განუმარტავენ, რომ მათ, პედაგოგობის სურვილის შემთხვევაში, უნდა აირჩიონ შესაბამისი პროგრამა. ახალი თაობის არაერთი სტუდენტი დამეთანხმება, რომ ეს ასეა. მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ პედაგოგიკის პროგრამის არსებობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, როდესაც ზემოხსენებული გაუგებრობის წინაშე აღმოჩნდა. გამოდის, უამრავმა კურსდამთავრებულმა დაკარგა შანსი, რომ მათ დიპლომებში სასურველი პროფესიული სტატუსი ასახულიყო და დამატებითი ძალისხმევა არ დასჭირვებოდათ. აღნიშნული ხარვეზი სასწრაფოდ საჭიროებს უნივერსიტეტების მხრიდან რეაგირებას.
- ბოლო წლებში, მასწავლებელთა მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე (მთელ რიგ საგნობრივ ჯგუფებზე) ჩამბარებლებს შორის, იმდენად გაიზარდა კონკურენცია, რომ არაერთი მსურველი დარჩა ხელმოცარული, რაც, რასაკვირველია, დიდი უსამართლობაა ახალკურსდამთავრებულთა მიმართ. ვფიქრობ, მასწავლებლის 60-კრედიტიანი პროგრამის დაფუძნება შექმნილი სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსავალია, მაგრამ აუცილებელია, უნივერსიტეტებმა გაზარდონ ადგილების რაოდენობა მანამ, სანამ ჯერ კიდევ ბევრია მასწავლებლობის მსურველი და ამ სტატუსის გარეშე დარჩენილი ბაკალავრი.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, თავის მხრივ, მასწავლებელთა მომზადების 60-კრედიტიან პროგრამასაც უამრავი ნაკლი და ხარვეზი აქვს. სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს, მოკლედ მოგახსენებთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს:
⇒ ენობრივად გაუმართავი, შეიძლება ითქვას, „აბსურდული ქართულით“ ნათარგმნი სახელმძღვანელოები, განსაკუთრებით კი, ფსიქოლოგიის შემსწავლელ კურსებში. ამგვარი სახელმძღვანელოები მიუღებელია არა მხოლოდ ქართული ენის სიწმინდის დაცვისათვის, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც, მათი საშუალებით ცოდნის შეძენა, დამერწმუნეთ, შეუძლებელია.
⇒ პედაგოგები, რომელთაც არანაირი შეხება აღარ აქვთ (ზოგს, ალბათ, არც არასდროს ჰქონია) სასკოლო ცხოვრებასთან. ვფიქრობ, ალოგიკურია, მასწავლებლობისთვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება გაგიზიაროს იმ ადამიანმა, რომელსაც არასოდეს უმუშავია სკოლის მოსწავლეებთან, საერთოდ არ იცის მათი ხასიათი, საჭიროებები, სოციალური მდგომარეობა და ოდნავადაც არ იცნობს თანამედროვე ქართულ საჯარო სკოლას.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თქმული არ ეხება რომელიმე კონკრეტულ უნივერსიტეტში არსებულ სიტუაციას, ეს არის ზოგადი სურათის ნაწილი. იმისათვის, რომ მასწავლებელთა მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის დაფინანსება არ იყოს ფუჭად გაწეული ხარჯი სახელმწიფოს მხრიდან, საჭიროა დაუყოვნებლივი მცდელობა ამ მნიშვნელოვან ხარვეზთა აღმოსაფხვრელად. ყველა ვთანხმდებით, რომ მხოლოდ პროფესიონალი და პროგრესულად მოაზროვნე მასწავლებლები ზრდიან თანამედროვე ღირებულებების ერთგულ, საქმისათვის თავდადებულ თაობებს. ხოლო იმისათვის, რომ ამოვძირკვოთ „სათავე და მიზეზთა-მიზეზი ყოველ უბედურობისა… უვიცობა“, საჭიროა, ერთი წამით არ მოდუნდეს ყურადღება განათლების სფეროში არსებული პრობლემების მიმართ.