აზა ხანგოშვილი
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი:
როდესაც ათეული გამოაცხადეს, განსაკუთრებული ემოცია არ მქონია, რადგან ჩემს თავს ათეულში ყოველთვის ვხედავდი, მჯეროდა, რომ აუცილებლად მოვხვდებოდი. როცა შემატყობინეს, რომ ოცეულში ვარ, ამაში კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი. რა თქმა უნდა, სასიხარულო ამბავია, მაგრამ ჩემი თავისგან მეტს ველოდები.
ნიკო კეცხოველის კონკურსში ვმონაწილეობდი ჩემი ეკოკლუბით. ბატონმა ლადო აფხაზავამ, რომელიც ჟიურიში იყო, მკითხა, ხომ არ ვაპირებდი ჩემი თავის წარდგენას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“კონკურსზე. როდესაც ჩემი ეკოკლუბი პირველ ადგილზე გავიდა და გამარჯვება მოვიპოვეთ, ვიფიქრე, რატომაც არა. გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო, თან ლადო აფხაზავამ ასე მითხრა, მე აუცილებლად ჩამოვალ პანკისის ხეობაში და მინდა, რომ ეს ჯილდო თქვენ მოგილოცოთო. იმ მომენტში ჩემზე უბედნიერესი ადამიანი არავინ იყო. მისი სიტყვები ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. ბევრი აღარც მიფიქრია, შევავსე აპლიკაცია და ამას, რა თქმა უნდა, არ ვნანობ.
პასუხისმგებლობა ერთი ათად გამეზარდა. ვფიქრობ, სწავლების ჩემი მეთოდები და პრინციპები სიახლე იქნება საზოგადოებისთვის და მთელ საქართველოს გავაცნობ. მოტივაციაც გამეზარდა, ძალიან ბევრს ვიმუშავებ და ჩემი აქტივობებით კიდევ უფრო მეტად დავეხმარები მოსწავლეებს, რომ თანამედროვე მოსწავლეებად ჩამოყალიბდნენ. ამ ყველაფერს გავაკეთებ არა მარტო ჩემს სკოლაში, არამედ მთელ ხეობაში, თემში და მეტიც, ვფიქრობ, მთელი საზოგადოებისთვის ვიქნები წარმატებული ადამიანი, რომელიც აუცილებლად გააბედნიერებს ბავშვებს.
5 საგანს ვასწავლი, ორ ენაზე. 3 ენაზე მოსაუბრე მასწავლებელი ვარ — ჩემი მშობლიური ენა, ქართული (ჩემთვის მესამე ენაა) და რუსული (მეორე, რადგან 40 წლის განმავლობაში რუსულ სექტორზე ვმუშაობდი). ორი წელია, რაც ქართულ სექტორზე გადმოვედი. ძალიან კარგი პედაგოგები გვყავს, ჩემს სკოლაში თითქმის 90% უკვე უფროსი მასწავლებელია. ქართულ სექტორზე ვასწავლი ბუნებისმეტყველებას, ფიზიკას, სპორტს და მეწარმეობას, ხოლო რუსულ სექტორზე — ფიზიკას და ქიმიას. როცა ქართულად ვასრულებ გაკვეთილს, გადავდივარ რუსულ სექტორში, უკვე სხვა კლასში სხვა თემის ახსნა მიწევს რუსულ ენაზე. ფიზიკურად ამის კეთება ძალიან ძნელია, მაგრამ ეს არის ჩემი ცხოვრების წესი და მოწოდება. მე ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ვარ, რომელიც ომს გამოექცა და საქართველომ შეიფარა, ამიტომ ეს ჩემი ვალდებულებაა, ბევრი ვიმუშაო და გამოვადგე ჩემს ქვეყანას, რომელმაც მე და ჩემი შვილები გადაგვარჩინა.
ვცხოვრობ დუისში, ჩემს მეორე სოფელში, სადაც ომის შემდგომ დავბინავდი. თემისგან მუდმივად ვგრძნობ მადლიერებას, თითოეული მშობლისგან, თითოეული ადამიანისგან, რომელიც ქუჩაშიც კი ღიმილით მესალმება. ეს ძალიან სასიხარულოა და უბედნიერესი ვარ, რომ ამ თემში მოვხვდი.
აქ რომ ჩამოვედი, ქართული ენა ვიცოდი, მაგრამ უმაღლესი განათლება რუსულად მქონდა მიღებული. საქართველოში დავიბადე, შემდეგ, მცირე ასაკში, ქვეყნიდან წავედი და დაახლოებით, 25 წლის შემდეგ დავბრუნდი. უკვე 22 წელია, აქ ვცხოვრობ, რასაც, რა თქმა უნდა, არ ვნანობ.
სწავლების განსხვავებული მეთოდები მე თვითონ შევქმენი ჩემი მოსწავლეებისთვის, რა თქმა უნდა, ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე. ზოგჯერ ამ გეგმიდანაც ვუხვევ და ჩემეული მეთოდებით, ძალიან მარტივად ვასწავლი (მაგალითად, ფიზიკას, მარტივად მიმყავს მოსწავლეები ამ ურთულეს საგნამდე).
ვარ ძალიან აქტიური მოქალაქე და ბევრ პროექტში ჩავრთე მოსწავლეები, ზოგადად ქალბატონები, არაფორმალური განათლების მიმართულებით. ბევრ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობ და შეიძლება ითქვას, რომ ეს ორგანიზაციები ჩვენს ხეობაში შემოვიყვანე. მეწარმეობაც შემოვიტანე, ჩემივე ინიციატივით, ჩვენს სკოლაში და ვაპირებ, რომ არა მხოლოდ ერთ კლასში, არამედ რამდენიმე კლასში ვასწავლო, რადგან ამ საგანმა ძალიან დიდი ინტერესი ჰპოვა. მეწარმეობის მიმართულებით უკვე ტრენერ მასწავლებელი ვარ. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს ჩემთვისაც და ხეობისთვისაც.
მოსწავლეებს ვასწავლი პროექტების წერას და თვითრეალიზაციას. თითქმის ყველა ჩემმა მოსწავლემ, მე-11 კლასში, იცის ნებისმიერ იდეას როგორ მოარგოს რაღაც პროექტი და განახორციელოს, როგორც პატარა ბიზნესი. 5 საგრანტო პროექტი დაუფინანსდა ჩემს მოსწავლეებს ხეობაში და დღეს მათ თავიანთი ჯიბის ფული აქვთ. შესაძლებელია, ეს მომავალში მათი პროფესიაც გახდეს. ასევე, სკოლაში მაქვს პროფესიული კურსი. საქართველოში რომ ჩამოვედი, ძალიან გამიტაცა თექა-გობელენის, ხალიჩების ქსოვამ, კარგად შევისწავლე და სკოლაში პროფესიული კურსი გავხსენი. სკოლის და ხეობის ბავშვებს ვასწავლი ხელსაქმეს.
ბუნებით ისეთი ადამიანი ვარ, რომ არ ვჩერდები, მუდმივ ძიებაში ვარ, თავისთავად, მასწავლებელიც ასეთი ვარ. განუწყვეტლივ ვეძებ ცვლილებებს და მინდა, ეს სხვებისთვისაც გადამდები იყოს. არ მომერიდება იმის თქმა, რომ ძალიან ძლიერი ქალი ვარ, რომელმაც ხელი შევუწყვე სტერეოტიპების მსხვრევას, ქალი მხოლოდ სამზარეულოში რომ უნდა იყოს. დილით ძალიან ადრე მივდივარ სკოლაში, სახლში ძალიან გვიან ვბრუნდები, დაღლილ-დაქანცული. სახლში მყავს ცხოველები, ძროხები, ვაკეთებ ყველს და ვყიდი. ასეთ რეჟიმში მიწევს ყოველდღიურად მუშაობა. ოთხი ვაჟი მყავს, რომლებიც მუდმივად გვერდში მიდგანან, მეხმარებიან და მაქეზებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ვაკეთო ჩემს სფეროში.
ასეთი რეჟიმის მიუხედავად, მაინც გეტყვით, რომ არ ვიღლები, ღამე სულ იმაზე ვფიქრობ, სწრაფად გათენდეს, რომ ჩემს სამსახურში მივიდე და იქ გაღიმებული სახეები ვნახო. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კოლეგები, მოსწავლეები და სრულიად თემი ასე გაფასებს, ამაში კიდევ უფრო დიდი ხიბლია, რომ საქმე უკეთ აკეთო, ვიდრე აქამდე გამოგდიოდა.
მარინა ხარიტონაშვილი
თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის გეოგრაფიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი
ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ნებისმიერ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, ვცდილობ, ყველა დასახული მიზანი მაქსიმალურად განვახორციელო. შეიძლება ცოტა სასაცილოდაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ მეშინოდა სამ საათზე ინფორმაციის მოსმენა არჩეული ათეულის შესახებ და ჩემს უახლოეს მეგობარს, შარშანდელი ხუთეულის გამარჯვებულს, მარიკა ვართუმაშვილს ვთხოვე, რომ ენახა ფინალისტების სია. თუ არ ვიქნებოდი ამ სიაში, მარიკას არ უნდა დაერეკა, ხოლო თუ სიაში აღმოვჩნდებოდი, ამ ბედნიერი ინფორმაციის მახარობელი ის უნდა ყოფილიყო. იმ დღეს სკოლაში დრო ძალიან ნელა გადიოდა, თითქმის ყოველ წამს საათს ვუყურებდი და ვცდილობდი, არც მეფიქრა შედეგზე. სამი საათიც ნელ-ნელა მოახლოვდა, ამ დროს ჩემი ეკო-ტურისტული კლუბის წევრებთან ერთად საზაფხულო აქტივობებს ვგეგმავდით. სამი საათიც გახდა და, სამწუხაროდ, მარიკას ზარი არ გაისმა ჩემს ტელეფონზე, თუმცა, რამდენიმე წუთში შემოვიდა უცხო ზარი, რომელსაც ჩვეულებრივ ვუპასუხე და მომესმა მარიკას ხმა: მარინა ათეულში მოხვდიო. ეს იყო საოცარი, ზღვა ემოცია, ცხოვრებაში ასე არაფერი გამხარებია, თუ არ ჩავთვლით ჩემი ორი ქალიშვილის დაბადებას.
რაც შეეხება კონკურსში მონაწილეობას, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, ვყოყმანობდი, მაგრამ მაინც ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჩემი ოცდაოთხწლიანი სამუშაო კარიერის გამოცდილება გამეზიარებინა კოლეგებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის. ამ კონკურსში სამი წლის წინ ვიღებდი მონაწილეობას, თუმცა ფინალში ვერ გავედი. ამის შემდეგ მიზნად დავისახე, ჩემს მოსწავლეებთან ერთად უფრო მეტი განსხვავებული პროექტი დამეგეგმა. დავიწყე თანამშრომლობა უცხოელ კოლეგებთან და ძალიან მრავალფეროვანი სასკოლო აქტივობების განხორციელება არაფორმალური განათლების კუთხით. ასეთმა დიდმა გამოცდილებამ მიბიძგა, რომ კიდევ ერთხელ მიმეღო მონაწილეობა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და მეჩვენებინა ყველასათვის, რომ თუ ადამიანს მიზანი აქვს, ის ყველაფერს გააკეთებს ამ მიზნის მისაღწევად. ისევ მინდა, ვახსენო ჩემი მეგობარი — მარიკა ვართუმაშვილი, რომელიც ხშირად მეუბნებოდა, რომ წელს აუცილებლად უნდა მიმეღო ამ კონკურსში მონაწილეობა და აღმოჩნდა, რომ საქართველოს გეოგრაფიულმა საზოგადოებამ, რომელიც ხედავდა ჩემს ასეთ აქტიურ მუშაობას, წარმადგინა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ნომინაციაზე. ამის შემდეგ უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ყველა მასწავლებლისთვის, პირველ რიგში, არის კარიერული წინსვლისა და პროფესიული მიღწევების აღიარება. ასევე ყველა ფინალისტს აქვს შესაძლებლობა, თავისი განსაკუთრებული უნარი და ნიჭი გამოიყენოს და გააზიაროს არა მხოლოდ თავის სკოლის და თემის ფარგლებში, არამედ აქტიურად ჩართოს სხვა სკოლები და რეგიონები. ყველა პედაგოგს აქვს განსაკუთრებული ინოვაციური სწავლის მიდგომები, რაც სხვა მასწავლებლებსაც წაადგება და ერთობლივად ბევრი საინტერესო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ.
ისიც მინდა აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში კონკურსი ძალიან დაიხვეწა და მონაწილე მასწავლებელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება, რაც მთავარია, ყველა პედაგოგს აქვს შანსი, მაქსიმალურად წარმოაჩინოს თავისი პედაგოგიური გამოცდილება თუ მიღწევები, გაიცნონ ერთმანეთი და ერთობლივად მოაგვარონ პრობლემები საგანმანათლებლო სისტემაში.
ცხადია, ჟიური აპლიკანტებს შორის არჩევს მასწავლებელს, რომელსაც მათი თვალთახედვით აქვს გამორჩეული მიდგომები როგორც ფორმალური, ისე არაფორმარული სწავლებისას. ჩემ შემთხვევაში, მინდა, ყურადღება გავამახვილო ორ ფაქტორზე, ესენია: არაფორმალური განათლების როლი განათლების სისტემაში და ის საინტერესო აქტივობები, რომლებიც ძალიან აქტიურად განვახორციელე პანდემიის პერიოდში. არაფორმალური განათლება ალბათ საკვანძო ელემენტია ყველა მასწავლებლისთვის და მოსწავლისთვის. ამ დროს მოსწავლე მაქსიმალურად ცდილობს რეალიზებას და იმ უნარების გამოვლენას, რასაც ვერ ახერხებს ჩვეულებრივ სასწავლო პროცესში. ეს არის, მაგალითად, საველე გასვლები, კლასგარეშე აქტივობები და პროექტები. ამ კუთხით შემიძლია, ვახსენო პროექტები, რომლებსაც თითქმის ყოველ წელს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან ვახორციელებ, მაგალითად: დასუფთავების აქციები, ხე-მცენარეების დარგვის აქციები, ურბანულ ფრინველებზე დაკვირვება, მათი დაცვა და მრავალი სხვა. ხოლო რაც შეეხება პანდემიის პერიოდში განსხვავებულ, ინოვაციურ მიდგომებს, რაც, ალბათ, ყველაზე გადამწყვეტი იყო ჟიურისთვის, ჩემ მიერ, მთელი საქართველოს მასშტაბით, განხორციელებული ორი სოციალური პროექტი: „საქართველოს ღირსშესანიშნაობანი“ და „მეგობრობის ხიდი“. ახლა მოგიყვებით, როგორ მომივიდა აზრად ამ პროექტების განხორციელების იდეა. ორი წლის წინ, როდესაც პანდემიამ ჩაგვკეტა სახლებში, შევიზღუდე იმ მიმართულებით, რომ ჩამეტარებინა სრულყოფილი გაკვეთილები, პანდემიამდე მოსწავლეები ხშირად გამყავდა ბუნებაში შესაბამისი საგაკვეთელო თემატიკიდან გამომდინარე. ვფიქრობდი, როგორ გამეზარდა ჩემს მოსწავლეებში სწავლის მოტივაცია. ერთ დღესაც, ავედი ჩემი სახლის სახურავზე და იქიდან ჩავატარე გაკვეთილი, რომელიც ჩემმა შვილმა ტელეფონით გადაიღო. მეორე დღეს, გაკვეთილზე, ეს ვიდეო ჩემს მოსწავლეებს გავუზიარე და ამ გაკვეთილმა ძალიან დიდი ინტერესი და ემოციები გამოიწვია. რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემმა მოსწავლეებმა მთხოვეს მსგავსი საინტერესო სიუჟეტი კიდევ მომემზადებინა. ამ დროს ჯერ სრული ლოქდაუნი იყო და ფეხით მომიწია 20 კილომეტრის გავლა, რომ ავსულიყავი თემქაზე — ყეენის მთაზე და ჩამეწერა მეორე გაკვეთილი, თბილისის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობაზე — „საქართველოს მატიანე“. ამ გაკვეთილმაც დიდი ფურორით ჩაიარა, ვფიქრობდი, რადგან ჩემს მოსწავლეებს ასე მოსწონდათ მსგავსი ვიდეოები, რატომ არ უნდა გამეზიარებინა ისინი ჩემი სოციალური ქსელის გვერდზე და მთელი საქართველოსთვის? ეს ერთგვარი გამოწვევაც აღმოჩნდა. ძალიან ბევრი მწერდა და მირეკავდა, ძალიან ბევრმა მასწავლებელმა მიიღო ეს გამოწვევა და თავიანთი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიებიდან იღებდნენ გაკვეთილებს და აზიარებდნენ სოციალური მედიის დახმარებით, რაც ძალიან ეხმარებოდა გეოგრაფებს. ამხელა დაინტერესების შემდეგ, გადავწყვიტე, საქართველოს მასშტაბით განმეხორციელებინა სოციალური პროექტი — „მეგობრობის ხიდი“. გეოგრაფების ფეისბუქ გვერდზე გავაზიარე ინფორმაცია პროექტის დეტალებით, მსურველები, დაინტერესების შემთხვევაში, ჩაერთვებოდნენ ამ პროექტში. მთავარი მიზანი იყო: გეოგრაფიის პოპულარიზაცია, მოსწავლეების აქტიური ჩართულობა და საქართველოს კუთხეების უკეთ გაცნობა. პროექტში თითქმის ყველა რეგიონიდან ჩაერთნენ სკოლები და მოსწავლეები, იღებდნენ ვიდეოკოლაჟებს თავიანთი ისტორიული კუთხის შესახებ, რომლებშიც უნდა ეჩვენებინათ ნაკლებად ცნობილი და საინტერესო ფაქტები თავიანთ საცხოვრებელზე. შემდეგ ვახორციელებდით ზუმ ჩართვებს, რომლებშიც ჩემი სკოლის მოსწავლეები ხვდებოდნენ სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეებს და ერთმანეთს თავიანთ დამუშავებულ ვიდეომასალას უზიარებდნენ. ეს პროექტი არ დასრულებულა და ახალი სასწავლო წლიდან კვლავ შევუდგებით საქართველოს კუთხეების უკეთ გაცნობას. რაც შეეხება მეორე მასშტაბურ სოციალურ პროექტს — „საქართველოს ღირსშესანიშნაობანი“, ის უშუალოდ დავაკავშირე საქართველოს კუთხეების ღირსშესანიშნაობების შესწავლასთაბ და შევიმუშავე თამაშის ფორმატი, ე.წ. „გამოცნობანა“. ამ პროექტშიც სხავდასხვა რეგიონის სკოლამ მიიღო მონაწილეობა. პროექტს კონკურსის სახე მივეცი, სადაც მოთამაშეებს რაც შეიძლება მეტი გეოგრაფიული ობიექტი უნდა გამოეცნოთ. თამაში ძალიან აზარტული გამოდგა და პროექტის დასრულებისას, მოვაწყე დაჯილდოების ცერემონია, სადაც ყველა მონაწილეს გადავეცი შესაბამისი სერტიფიკატი და მოსწავლეებისგან და პედაგოგებისგან მადლიერების საოცრად ემოციური სიტყვები მივიღე. მოსწავლეები ხალისით აღწერდნენ თამაშის პერიოდის ყოველ დღეს, კერძოდ, თუ რა ინტერესით იყვნენ ჩართულნი კვლევა-ძიების პროცესში და ჩემი მიზანიც ზუსტად ეს იყო, გაუცნობიერებლად ესწავლათ საქართველოს მრავალი ღირსშესანიშნავი ობიექტი.
ბოლოს, არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემს მოსწავლეებთან ერთად აქტიური ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში. „მეგობრობის ხიდი“ გასცდა საქართველოს საზღვარს და მჭიდრო კავშირი გვაქვს მაროკოს ქალაქ ფესის ერთ-ერთ წამყვან სკოლასთან. ასევე, მინდა აღვნიშნო თანამშრომლობა იაპონიასთან, პროექტით „Global Classroom“ — ყოველ შაბათს, ვუერთდებით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოსწავლეს: მიმდინარეობს დისკუსიები მრავალ საინტერესო თემაზე, რის შედეგადაც მოსწავლეებს უვითარდებათ კომუნიკაციის უნარი. ბოლოს ვახსენებ კიდევ ერთ პროექტს რუმინეთთან, რომელსაც ეწოდება „საერთაშორისო პასპორტი“. ამ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ამზადებენ მასალებს და უზიარებენ სხვა ქვეყნის მოსწავლეებს თავიანთი ქვეყნის ტრადიციას, კულტურასა და მრავალ სხვა ინფორმაციას.
ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილება წაადგება მასწავლებლებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარაზზეც. ასევე, ეს პროექტები ხელს შეგვიწყობს, რომ საქართველო მსოფლიოს სხვა კუთხითაც დავანახოთ.
გიტა თვალაბეიშვილი
თბილისის №168 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
„შეუძლებელია, არ არსებობს, გამორიცხულია“ – ეს ის სიტყვებია, რომელსაც გაფუჭებული დიქტოფონივით იმეორებდი, ოთახიდან ოთახში დადიოდი და პატარა ბავშვივით ტიროდიო, – დამცინის ჩემი შვილი.
მართალია, რადგან მაშინ სრულიად არაადეკვატური ვიყავი. ალბათ ძალიან სასაცილოც, თუ ამას ვაკეთებდი. არ ვიცი, სიტყვები ცოტაა მაშინდელი ფიქრების გადმოსაცემად.
მაშინ, როცა ფიქრობ, რომ სადღაც, ერთ-ერთ სკოლაში, შენთვის ზიხარ და აკეთებ იმას, რაც ძალიან მოგწონს, რაც სწორად მიგაჩნია, რაც მნიშვნელოვანი გგონია ბავშვის განვითარებისთვის და ხელშეწყობისთვის. არ მოგწონს რაღაც-რაღაცები და შენ თვითონ გადააკეთებ-გადმოაკეთებ და ისე მიგაქვს მოსწავლეების გულებამდე და გონებამდე. მეტიც, თუ რაღაც კარგად ჩაივლის, თვითკმაყოფილი გამოქვეყნებასაც ბედავ, რომ უკვე დატესტილ-გამონაცადი სხვასაც გაუზიარო.
…და უცებ აღმოაჩენ, რომ ეს ყველაფერი, რაც გიკეთებია, თურმე, მარტო შენ და შენს მოსწავლეებს კი არა, სხვა ადამიანებსაც მოსწონთ.
ჰოდა, მიხარია თუ სწორი გზით ვატარე ჩემი მოსწავლეები. თუმცა ახლა ვაცნობიერებ, რომ ამ ათეულში მოხვედრა, აღიარებასთან ერთად, სხვა შინაგან პასუხიმგებლობებს და მოვალეობებსაც გაკისრებს, რაც ცოტათი მაფორიაქებს კიდეც.
მასაწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი ხელს უწყობს მასწავლებლის საქმიანობის აღიარებასა და პოპულარიზებას. ხუთი წელია უკვე ამ ჯილდომ ბევრი საინტერესო და შესანიშნავი მასწავლებელი გამოავლინა. აღიარება ყველა საქმიანობას სჭირდება, მით უფრო, როცა მასწავლებლობა თითქოს დაუფასებელი პროფესიაა, ამგვარი მიდგომა ზრდის პროფესიისადმი ინტერესს. ამას სხვა ადამიანებიც ადასტურებენ. გარდა ამისა, მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ ერთმანეთს დააკავშირა და გააცნო ისეთი მასწავლებლები, ვინც საერთო საქმეს ემსახურებიან დიდი ენთუზიაზმით, მონდომებითა და ინტერესით. მათი მონაწილეობით დაიგეგმა და განხორციელდა მრავალი საინტერესო ინიციატივა, პროექტი თუ აქტივობა ზოგადი განათლების მიმართულებით და ალბათ სამომავლოდაც მრავლად ვიხილავთ.
ვაი! ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხი ყველაზე უკეთ ალბათ ჟიურის წევრებს ეცოდინებათ. ჩემი მხრიდან, რთული იქნება, ამ კითხვას ობიექტურად ვუპასუხო. არ ვთვლი, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებ, რადგან ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრ მასწავლებელს ვიცნობ, ვისაც ეს საქმე საოცრად გამოსდის. უბრალოდ გეტყვით, თუ რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი სწავლებისას.
„ასწავლი, ნიშნავს ორჯერ ისწავლო“. დიახ, ერთხელ ყველაფერი საკუთარი თავისთვის ვისწავლე, ახლა კი ამას ჩემი მოსწავლეებისთვის ვაკეთებ. ვაკვირდები, ვინიშნავ, ვეძებ, ვცდილობ, ვამოწმებ, მოვსინჯავ, ვარგებ, აღმოვაჩენ, ვქმნი, ვაღიარებ, ვცვლი – ეს ის ზმნებია, რომელიც ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას განსაზღვრავს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოსწავლეები პატარა ადამიანები არიან, მათ ყოველთვის აღვიქვამ როგორც თანასწორს. მათ იციან, რომ თითოეულის ფიქრი და ემოცია ჩემთვის მნიშვნელოვანია. ისინი ჩემში უნდა ხედავდნენ მხარდამჭერსა და გულშემატკივარს. თითქმის ყველაფერზე ერთად ვმსჯელობთ და მივდივართ საერთო აზრამდე.
ყოველთვის ვცდილობ საკლასო ოთახში პოზიტიური, მეგობრული და თბილი გარემო შევქმნა, რადგან სკოლიდან წასულ მოსწავლეს კვლავ გაუჩნდეს მოსვლის სურვილი. მოსწავლე უნდა გრძნობდეს მის საჭიროებას გაკვეთილზე. ფიქრობდეს, რომ მის გარეშე გაკვეთილი ისეთი მომხიბვლელი ვერ იქნება. უკეთ სწავლებისთვის აუცილებელია მოსწავლეთა განწყობა და მოტივაცია. მიმაჩნია, რომ ბედნიერ ბავშვთან ბევრად მეტის გაკეთებას შევძლებ. ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ამისთვის ხშირად ვიყენებ თამაშის ელემენტებს.
ბავშვებს ძალიან მოსწონთ ინტეგრირებული სწავლება, ერთი საკითხის სხვადასხვა საგნისა თუ კომპეტენციის ჭრილში განხილვა. ამით ისინი თემის ღირებულებასა და დანიშნულებას მეტად და მრავალფეროვნად იაზრებენ. ყოფილა შემთხვევა, როცა ერთი საკითხი 3-4 საგანზეც მოგვირგია.
ხშირად ვაწარმოებ მოსწავლეებზე `დაკვირვების დღიურს~, რაც საშუალებას მაძლევს, შევაფასო მათი უნარები და შესაძლებლობები. გავითვალისწინო და თითოეულის საჭიროებიდან გამომდინარე დავგეგმო გაკვეთილი. ამისთვის, მეტწილად, ვიყენებ დიფერენცირებული სწავლების მიდგომებს, რომელიც მორგებულია თითოეული ბავშვის საჭიროებას, იქნება ეს გარემოს მოწყობა თუ მეთოდოლოგიის მრავალფეროვნება.
აუცილებელია სწავლება არაფორმალურ გარემოშიც, რადგან ასეთ დროს დაინტერესება დიდია და ბევრად მეტს და უკეთ ითვისებს მოსწავლე შესასწავლ საკითხზე. ამისთვის ხშირად გვაქვს გასვლითი გაკვეთილები ღია სივრცეებში, მუზეუმებში, საგამოფენო დარბაზებში, თეატრებში და ა.შ. ასეთი გაკვეთილების თანმხლები აქტივობაა მოსწავლეთა ანალიზი და რეფლექსია.
სასწავლო პროცესის ეფექტურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა. მათთვის ხშირად ვმართავ შეხვედრებს როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ სივრცეში, ვაცნობ სწავლების სპეციფიკასა და მეთოდებს, ვებინარებს.
დისტანციური სწავლებისას უამრავი რესურსის მოძიება, გადაკეთება, მორგება მომიხდა საჭიროებებზე და მოსწავლეთა ინტერესებზე. ზოგჯერ ვიყენებდი ინოვაციურ მიდგომებსაც. ქართულად მასალები მწირი იყო, ამიტომ ინტერნეტ სივრცეში ვეძებდი, ვაქართულებდი, ვქმნიდი ახალ რესურსებს და ისე მიმქონდა მოსწავლეებამდე. მათ მრავლად ნახავთ ჩემს ყოუ ტუბე არხზე და ჟურნალ მასტსავლებელი.გე-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში.
ეროვნული ჯილდოს კონკურსს აქტიურად ვადევნებდი თვალს, ჯერ კიდევ 2017 წლიდან. იმთავითვე, როცა ეს კონკურსი შეიქმნა, მასწავლებლის სახლში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა კონკურსის მოთხოვნებისა და ფორმატის გაცნობის შესახებ, სადაც სკოლას წარგზავნილი ჰყავდა ერთი მასწავლებელი. ისე მოხდა, რომ ამ შეხვედრას დავესწარი. როცა აპლიკაცია გაგვაცნეს, ჩემდა უნებურად, გავიფიქრე, ბედნიერი ის, ვინც ამას შეძლებს-მეთქი. მას შემდეგ აქტიურად ვადევნებ თვალს კონკურსს, თუმცა არასდროს მიფიქრია კი არა, აღარასდროს გამიხსნია აპლიკაცია, რომ გავცნობოდი მაინც. წელს ისე მოხდა, რომ ერთ-ერთ კონფერენციაზე გავიცანი ანა კინწურაშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020 წლის ხუთეულის წევრი. ანა იყო სწორედ ის ადამიანი, ვინც პირველად წარმადგინა ჯილდოზე, დამარწმუნა და გადამაწყვეტინა მონაწილეობა. მცირე ხანში მეორე წარდგენის შეტყობინებაც მივიღე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2018 წლის გამარჯვებულისგან – მანანა კაპეტივაძისგან. ჰოდა, მოდი და უღალატე ასეთი ადამიანების ნდობას და არ სცადო მაინც აპლიკაციის შევსება…
ხათუნა რაზმაძე
თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
საოცრად ამაღელვებელი და გამორჩეული განცდა დამეუფლა, როდესაც ჩემი გვარი მოვისმინე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა შორის. პირველი ემოციები მინდა შევადარო უჩვეულო „ტროპიკულ კოქტეილს“, სადაც სიხარულის, ბედნიერების, მადლიერების, გამარჯვების, შრომის დაფასების, მოლოდინის დასრულების და ჩემი პროფესიის სიყვარულის განმტკიცების ემოციები ერთურთს სცვლიდა. ეს ის წამია, რომელიც გინდა რომ შეაჩერო და ხმამაღლა წამოიძახო: „შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ“.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ყველაზე მეტად გამოხატავს პროფესია მასწავლებლის დაფასების, ამ პროფესიის პრესტიჟულობის გაზრდისა და პოპულარიზაციის ეტაპებს. ხელს უწყობს წარმატებული მასწავლებლების აღმოჩენას, მათი უნიკალური შესაძლებლობების გამოვლენასა და საზოგადოების წინაშე წარდგენას. ვიყო „ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი ჩემი საყვარელი საქმიანობის წარმოსაჩენად – მართლაც რომ საპასუხისმგებლო და, ამავდროულად, საამაყო საქმეა ჩემთვის. სიტყვა „ეროვნული“ – ეს სახელწოდებაც კი, ცალკე აღებული, ტანში ჟრუანტელს მგვრის, რადგან ამ საერთო გლობალიზაციის პროცესში, გამორჩეულად გაქცევს. ჩემთვის ამ კონკურსში მონაწილეობა და ათეულში მოხვედრა უდიდესი ძალის მომნიჭებელი განცდაა, რომელიც გაჟღენთილია პროფესიისადმი სიყვარულით, იმედებით, წინსვლით… ეს ის „ნაპერწკალია“, რომელიც სხვა მასწავლებლებში გამოიწვევს ამ პროფესიის დაფასება-აღიარებას, რაც შესაძლოა უფრო დიდ და სასიამოვნო ენერგიად იქცეს მომავალი თაობისთვის.
„მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება“ ჩემი უნივერსალური მიდგომათაგანია. განსაკუთრებით მხიბლავს და მომწონს ისეთი სახის მრავალფეროვანი, სასწავლო-შემეცნებითი, საგანთა ინტეგრირებით მიღებული, არაორდინარული მეთოდების, აქტივობებისა თუ სტრატეგიების გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის მრავალმხრივ ზრდა-განვითარებას. ამ ტიპის გაკვეთილებზე ყველა მოსწავლე ხალისით არის ჩართული „აქტიურ სწავლაში“, თავისდაუნებურად ხდება იმ თავგადასავლებისა და ფანტასტიკური ჟანრის თანამონაწილე, რომელსაც მათემატიკის გაკვეთილებზე ვთავაზობ. ჩემი მიზანია, შევარჩიო ისეთი გამორჩეული სახის დავალებები, რომელიც მამოტივირებელი, განწყობის ასამაღლებელი და სწავლისადმი სიყვარულის გამღვივებელი იქნება თითოეული მათგანისთვის. ყველა მოსწავლე ინდივიდუალურად ირგებს სხვადასხვა საგმირო პერსონაჟთა როლს და ამაღლებული განწყობით თუ „გმირული სულისკვეთებით“ ასრულებს იმ შეთავაზებულ მათემატიკურ გამოთვლებს, ამოცანებსა და გამოსახულებებს, რომელთა პასუხიც მიიყვანს პერსონაჟის გამარჯვებამდე. კონკრეტული გაკვეთილის ფარგლებში, საინტერესო სათავგადასავლო ჟანრიდან შემოჭრილი `დაბრკოლებისა თუ პრობლემის~ დაძლევის გზების ძიება საგაკვეთილო პროცესს აქცევს ნამდვილ ინტელექტუალურ გამოწვევად, მათემატიკას წარმოაჩენს უჩვეულოდ საინტერესო საგნად. თითოეულ გაკვეთილზე ორიენტირებული ვარ, რომ ხელი შევუწყო მოსწავლეებში ისეთი მნიშვნელოვანი და საჭირო უნარების განვითარებას, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი სახის უნარები და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
კონკურსში მონაწილეობის მიღებას სამი მნიშვნელოვანი საფუძველი უძღვის წინ:
- ამ პროექტის სახით, ახალი, მიმზიდველი და უჩვეულო სათავგადასავლო მოგზაურობა მელის, რომელიც დამეხმარება როგორც პროფესიულ ზრდა-განვითარებაში, ასევე საინტერესო ადამიანების აღმოჩენაში;
- მინდა პოპულარიზაცია გავუწიო მასწავლებლის პროფესიას. იქნებ ჩემი მცირე წვლილი შევიტანო პროფესიის არჩევანში და გავხდე ბიძგის მიმცემი ახალგაზრდა თაობისთვის, რადგან მე მჯერა, რომ: „ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და კალამს შეუძლია მსოფლიოს შეცვლა“;
- ჩემი მეხუთე შვილი გახლავთ შშმ პირი, სრული სიყრუის დიაგნოზით. შვილის არსებული მდგომარეობის გათავისება, უკეთესი გარემოს შექმნა და მსგავსი დიაგნოზის მქონე ბავშვების ცხოვრების გამრავალფეროვნება, სწორედ ეს გახდა ჩემი ცხოვრების უმთავრესი მიზანი. მსურს, დავაარსო არაფორმალური განათლების ცენტრი `ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის~.
ამ კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვება ოცნებად ქცეული მიზნის განხორციელებაში დამეხმარება.
გიორგი ტერუნაშვილი
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, „ჩვენი საქართველოს“ და ქართულის მასწავლებელი
რასაკვირველია, ძალიან ამაღელვებელი იყო, როცა საუკეთესო ათეულის წევრად დამასახელეს. ასეთივე ემოციები ჰქონდათ ათეულის სხვა წევრებსაც — ამის შესახებ გუშინ სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში ვისაუბრეთ, გოგოები არ მალავდნენ ემოციებს, რაც ჩემზეც პოზიტიურად მოქმედებდა და მახარებდა მათი სიხარული.
კონკურსში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, სხვა მასწავლებლებისათვის რომ დამემტკიცებინა, ჩვენი პროფესიული საქმიანობა სათანადოდ ფასდება და მეტი სტიმული მისცემოდათ პროფესიულ საქმიანობაში. კონკურსში მონაწილეობის მიღებას მთხოვდნენ ჩემი მოსწავლეებიც, რომლებთანაც საკმაოდ ბევრს ვმუშაობ და იმდენს მივაღწიეთ ერთობლივი შრომით, რომ ახლა მოსწავლეები თავად არიან სასკოლო ღონისძიებების, პროექტების ინიციატორები, თავადვე გეგმავენ და ახორციელებენ. მე მხოლოდ ფასილიტაციას ვუწევ და ძირითად სამიზნე მიმართულებებს ვსაზღვრავ.
ამის გარდა, დიდი სურვილი მქონდა, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის სახელი გასცდენოდა რეგიონის ფარგლებს და მთელი საქართველოს საგანმანათლებლო საზოგადოებას გაეგო ამ სკოლის ბეჯითი მოსწავლეების წარმატებული საქმიანობის შესახებ — ახორციელებენ პროექტებს, სადაც რესპონდენტების, მოწვეული სტუმრებისა და მოხალისეების სახით, ჩართული ჰყავთ თემის წევრები, თანამშრომლობენ თვითმმართველობასთან. ასევე, დიდი სურვილი მქონდა, ამ სასწავლო წელს, მესახელებინა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“, რომლის წევრიც ვარ. ჩვენი პროგრამის მონაწილეები, ყოველ სასწავლო წელს, ხვდებიან ხოლმე საუკეთესო ათეულში, რადგან ჩვენი პროგრამა მართლაც საქართველოს საუკეთესო მასწავლებლების ნაკრებია. მიხარია, რომ წელს ამის პატივი მე მხვდა წილად. „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ წარმადგინა ჩვენივე პროგრამის მასწავლებელმა და 2019 წლის საუკეთესო ხუთეულის წევრმა, თამარ ადამიამ, აგრეთვე — მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლამ. ასევე, რეკომენდაცია გამიწია 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა, გიორგი ჭაუჭიძემ. თამარიც და გიორგიც კარგად იცნობენ ჩემს პროფესიულ საქმიანობას.
რჩეულის სტატუსი უდიდესი პასუხისმგებლობაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოპოვება ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება, საზომი იმისა, რომ მასწავლებლის შრომა, მუდმივი თვითგანვითარება, პოზიტიური სიახლეების ძიება-გამოყენება სათანადოდ ფასდება. მეორე მხრივ, პოპულარობა საშუალებას მომცემს, ჩემი პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმის მაგალითი გასცდეს ჩემს სკოლას და საქართველოს სხვა მასწავლებლებამდეც მივიდეს. ჩემი გამოცდილების გაზიარებას არ დავიშურებ კოლეგებისთვის, მასტერ-კლასისთვის ინტერნეტ სივრცეს გამოვიყენებ. საქმე შრომატევადი და დამქანცველი მექნება, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი და საამაყო, რომ მიღირს ასეთ დატვირთვად.
კონკურსი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ საუკეთესო პროექტია, რომელიც მასწავლებელს უდიდეს მოტივაციას აძლევს პროფესიულ საქმიანობაში და ამ საქმიანობის პოპულარიზებას ეწევა. დიდი მადლობა ამ პროექტს, მისი ჟიურის მთელ შემადგენლობას, სპონსორებსა და მხარდამჭერებს.
რატომ გამომარჩია ჟიურიმ? — ამ კითხვაზე სრული პასუხი თავად ჟიურიმ იცის, თუმცა შევეცდები, ჩემი აზრიც გითხრათ: დემოკრატიულობა, პირადი მაგალითის მიცემა, გეგმიურობა, სწავლებისას აქცენტირება საკითხის კომპლექსურ ერთობლიობაზე და არა ერთ რომელიმე ასპექტზე — ვფიქრობ, ჩემი ძლიერი მხარეებია. ამ ღირებულებებმა მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თემის წევრების სიყვარული და პატივისცემა, მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია მომაპოვებინა. ასევე, ჩემი მოსწავლეების მოტივაცია და ინიციატივები განაპირობა ჩემმა კონსტრუქტივისტულმა მიდგომებმა, საინტერესო რესურსების გამოყენებამ, საკითხებისადმი კომპლექსურმა ხედვამ და სოციალური კომპეტენციის განვითარებაზე ზრუნვამ. მცირეკონტინგენტიან სკოლებში სწავლების და კლასში ჯგუფური მუშაობის მოუხერხებლობის გამო, არაფორმალურ სასწავლო ღონისძიებებში მოსწავლეებს ვრთავ შერეული ასაკობრივი ჯგუფების ფორმით ისე, რომ ასაკობრივი ბალანსი ყველა ჯგუფში დაცული იყოს; ჩემი ხელმძღვანელობით, მაგრამ საკუთარი ინიციატივით, მოსწავლეები ქმნიან და ახორციელებენ ერთობლივ პროექტებს; ვაძლევ კომპლექსურ დავალებებს, რომელთა შესრულებასაც როლების განაწილება სჭირდება. ასეთმა ალტერნატიულმა გზებმა და ჩემმა შექმნილმა რესურსებმა, რომლებსაც სწავლებაში აქტიურად ვიყენებ, გაამართლა და გააჯანსაღა სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა ურთიერთობები. ამ რესურსების მოდიფიცირება სხვა სასწავლო საგნებისთვისაც შესაძლებელია.
სასიცოცხლო აუცილებლობად მიმაჩნია: აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის მოსწავლეებს შეგნებული ჰქონდეთ გარემოს, საზოგადოების, ეკონომიკის მდგრადი განვითარების ცნებები და საკუთარ გადაწყვეტილებებს მათი სისტემური გააზრების შედეგად იღებდნენ; განვითარდეს მათი მორალი. ამიტომ გაკვეთილსაც ისე ვხსნი და დავალებებსაც ისეთს ვაძლევ, რომ ინტერაქციაც მაღალი იყოს და საკითხის გადაჭრისას სხვადასხვა სასწავლო საგნიდან აგებულ ცოდნას დაეყრდნონ. მესამე კლასში აქცენტს ვაკეთებ მასალაზე, სადაც გასულიერების ხერხებია და ფაუნის წარმომადგენლებს ადამიანის თვისებები აქვთ. ემოციების აღსაძვრელად მივმართავ არავერბალური კომუნიკაციის ხერხებს.
სასწავლო შედეგებზე დასაკვირვებლად მოსწავლის მიღწევებს ვადარებ მისივე წინარე მიღწევებს და არავითარ შემთხვევაში სხვა მოსწავლეებს. შესაბამისად, ჩემი შემდგომი სასწავლო მიზნები და შეფასება კონკრეტულ მოსწავლესთან ამ შედეგებს ემყარება.
შედეგების გაანალიზების შემდეგ, ახალ სასწავლო მიზნებს ვსახავ თითოეული მოსწავლისათვის ინდივიდუალურად, მისი შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით; ვაღიარებ და მხარს ვუჭერ მიღწევებს; სწავლის ხელშესაწყობად უპირატესობას ვანიჭებ განმავითარებელ შეფასებას კონკრეტული რჩევებით.
მაქვს ხშირი შეხვედრები მშობლებთან, მათგან ვაგროვებ დამატებით ინფორმაციას და ვაძლევ კონკრეტულ, კოორდინირებული სწავლებისათვის შესაბამის რეკომენდაციებს.
კოლეგებთან ჩემი თანამშრომლობა მრავალფეროვანია: „peer coaching“ მეთოდით ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე; აგრეთვე კონსულტირებას ვუწევ ადგილობრივ მასწავლებლებს პროფესიულ უნარებში, ხოლო საგნობრივი კომპეტენციის ასამაღლებლად ვაკავშირებ „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლებთან, რომლებთანაც პროფესიული ურთიერთობების გარდა, მეგობრობა მაკავშირებს და დახმარებას ვუწევთ ადგილობრივ მასწავლებლებს ჩვენს სასწავლო საგანში.
ვფიქრობ, ეს არის ის ძირითადი მახასიათებლები, რაც ჩემს სწავლებაში გამოარჩია ჟიურიმ.
მაკა ხელაძე
თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
როცა დამირეკეს და მაცნობეს ათეულის წევრობა, თითქოს სუნთქვა შემეკრა, სიხარულისგან ვხტოდი. ვერაფრით ვიაზრებდი ამდენ პედაგოგში როგორ გამომარჩიეს. ჩემი აზრით, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსანტობაც კი დიდი პასუხისმგებლობაა. ვულოცავ ათეულის ყველა წევრს ამ დიდ გამარჯვებას. ჩემთვის დიდი პასუხიმგებლობა და პატივია მათ რიგებში ყოფნა.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ დიდი ხნის ოცნების ასრულებაში დამეხმარება — ჩემს სოფელში, კახეთში, ახალგაზრდებისთვის „მკითხველთა კლუბი“ მინდა დავაარსო, მოსწავლეებში წიგნიერების დონე ავამაღლო, ხელი შევუწყო კითხვისადმი ინტერესის გაზრდასა და, ზოგადად, წიგნის პოპულარიზაციას. კლუბი მრავალფუნქციური იქნება და დაუკავშირდება სხვადასხვა რეგიონსა თუ სოფელში მიმდინარე პროცესებს. დავგეგმავთ შეხვედრებს საინტერესო ადამიანებთან, რითაც ახალგაზრდებს „გავუფერადებ სამყაროს“.
ვფიქრობ, თითოეული მასწავლებლის მონაწილეობა ამ კონკურსში ძალიან მნიშვნელოვანია მთავარი მიზნის მისაღწევად — ხელი შევუწყოთ ჩვენი პროფესიის პოპულარიზაციას.
პირველად კონკურსის შესახებ როცა მიამბეს, არც მიფიქრია, რომ ოდესმე კონკურსანტი გავხდებოდი. ერთადერთი, რაც კარგად მახსოვს, ძალიან გამიხარდა, მასწავლებლებისთვის საჭირო პროექტი რომ იწყებოდა. ყველა მონაწილეს ვგულშემატკივრობდი. კონკურსში მონაწილეობაზე ფიქრი მოგვიანებით დავიწყე. რჩევისთვის რამდენიმე ადამიანს მივმართე. აუცილებლად უნდა სცადო! შენ ამას შეძლებ! საინტერესოა შენი გამოცდილება სხვებისთვის! — ასე მომიწოდებდნენ ჩემი მოსწავლეები, მშობლები, კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები. ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე და ეს კონკურსი მივიღე, როგორც გამოწვევა.
სწავლა სახალისო, საინტერესო პროცესი და ნამდვილი ინტელექტუალური გამოწვევა რომ ყოფილიყო, მე, როგორც მასწავლებელმა, ჩემი საქმიანობა საინტერესო სტრატეგიებით, მეთოდებითა და ინოვაციური იდეებით დავტვირთე.
მასწავლებლობის პირველივე ნაბიჯები დიფერენცირებულ სწავლებაზე დავაფუძნე. უდიდეს გამოწვევად ვთვლი სსსმ მოსწავლეებთან მუშაობას. დამჭირდა ინკლუზიური განათლების შესწავლა. სემინარებმა, სხვათა გამოცდილების გაზიარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩემი მიდგომები. საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, შევიმუშავე სსსმ მოსწავლეებთან ურთიერთობის სტრატეგიები. ხშირად ვთავაზობდი გუნდურ თამაშობებს და დანარჩენ მოსწავლეებს მათთან თანამშრომლობა ვასწავლე. ვქმნიდი და ვეძებდი ისეთ პროექტებს, რაც გააღრმავებდა ბავშვებში ემპათიის განცდას. ამ მიზნით განვახორციელე პროექტი „ვიმეგობროთ“, რომელიც სსსმ ბავშვების გაცნობას, თანადგომას, მათთან დამეგობრებას გულისხმობდა. ეს პროექტი მართლაც კარგი გამოცდილება იყო ჩემთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. რაც მთავარია, ბავშვების მეგობრობა პროექტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.
ჩემი ძირითადი პედაგოგიური მიდგომა მოსწავლეთა პერსონალიზაციაა, თითოეული მოსწავლის „SWOT“ ანალიზი, ძლიერი და სუსტი მხარეების გარკვევა. მოსწავლის განვითარების აქტიური ზონის დადგენა მეხმარება ინდივიდუალური და ჯგუფური საქმიანობების დაგეგმვასა და განხორციელებაში. წინასწარ ვამზადებ „აქტივობების სკივრს“, რომელიც სავსეა შესაძლებლობებზე ორიენტირებული დავალებებით, ინდივიდუალური ბარათებით, წყვილში ან ჯგუფში განსახორციელებელი საქმიანობებით. ყველა მოსწავლე რეალიზებული და ჩართულია სასწავლო პროცესში.
ჩემთვის პრიორიტეტულია თამაშით სწავლება. აქტიურად ვიყენებ ჩემ მიერ მოფიქრებულ სასწავლო რესურსს „სიტყვის ლოტო“, რომელიც მოსწავლეებს ახალი სიტყვების მნიშვნელობის დასწავლაში ეხმარება.
ენობრივი პრაქტიკის მეთოდი — „დიდი წიგნი“ — მოსწავლეებს წერისა და კითხვის ფუნდამენტურ უნარებს უვითარებს. სასწავლო პროცესი უფრო შემოქმედებითია. გაკვეთილზე ვიყენებ მიზანზე ორიენტირებულ სტრატეგიებს, რაც გულისხმობს „სწავლას კეთებით“. ორიენტირებული ვარ, სახალისო და საინტერესო გავხადო სწავლების ფაზები, მოსწავლეს ვასწავლო როგორ ისწავლოს, შეუმჩნევლად ისეთი დავალებები შევურჩიო, რომელიც მორგებული იქნება მის ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და ინტერესებს.
საგანთა ინტეგრაციის ფარგლებში, მნიშვნელოვანი საქველმოქმედო პროექტი იყო „ჩრდილების თეატრი“, რომელიც საინტერესო საქმიანობებს მოიცავდა — ხელოვნების გაკვეთილზე თოჯინებისა და დეკორაციის დამზადება; ქართულის გაკვეთილზე ტექსტის შერჩევა და „მკითხველთა თეატრის“ მეთოდით დამუშავება; ხელოვნების გაკვეთილზე გამოფენა-გაყიდვისთვის ხელნაკეთი ნივთების დამზადება. გაყიდული ბილეთებით მოსწავლეები ეხმარებოდნენ გოგონას, რომელსაც ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდებოდა. ამ პროექტით მოსწავლეები უფრო ემპათიურები გახდნენ, გაიაზრეს ადამიანის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება — თანადგომა. კეთილი საქმის კეთებამ სიხარულითა და მოტივაციით აგვავსო.
მასწავლებელმა მოსწავლე არა მხოლოდ ცოდნით, არამე პიროვნული უნარ-თვისებებითაც უნდა მოხიბლოს. ხშრად სწორედ მასწავლებლის ადამიანურობა, მისი სწორი ღირებულება იზიდავს მოსწავლეს, აყვარებს რთულ საგანს. მასწავლებელი მოსწავლეებისთვის სანდო და საიმედო საყრდენი ხდება. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მხოლოდ მცოდნე, აქტიურ, განვითარებისკენ მსწრაფ მასწავლებელს, რომელსაც ძალადობრივი სასწავლო მიდგომები არ ახასიათებს, შეუძლია სასარგებლო და კრეატიული გაკვეთილის ჩატარება. თითოეულ მასწავლებელზეა დამოკიდებული რა იქნება სკოლა ბავშვისთვის — ციხე თუ თავისუფალი, სიცოცხლისთვის საჭირო ჟანგბადით სავსე სივრცე.
ქეთევან სეფიაშვილი
თბილისის №10 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვედრამ საოცარი ემოცია გამოიწვია. მივხვდი, რომ ცხოვრებაში რაღაც ახალი და სასიამოვნო, ამავდროულად, უფრო მეტად საპასუხისმგებლო და საინტერესო ეტაპი დაიწყო.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი არის მასწავლებლის აღიარება კოლეგებისა და საზოგადოების მხრიდან, მისი მოღვაწეობის წარმოჩენა და დაფასება, რაც მთავარია, მისი მიზანი ჩვენი პროფესიის ხელშეწყობა და წინა პლანზე წამოწევაა. მიუხედავად ჩვენს პროფესიაში არსებული სირთულეებისა, ჩვენთვის ყოველი დღე სიახლეა, ყოველი მოსწავლე და ყოველი გაკვეთილი — განსხვავებული, სწორედ ამიტომ მგონია მასწავლებლობა ყველაზე საინტერესო და სწორედ ამიტომ მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ამ პროფესიის პოპულარიზაციაში.
მინდა, რომ STEM საგნების სწავლებამ წინ წამოიწიოს და მისი მნიშვნელობა აქტუალური გახდეს. აქტიურად ვარ ჩართული მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებულ ტრენინგში „ჩხირკედელა“, რომელსაც ბატონი დავით სონღულაშვილი უძღვება. ასევე, ვმონაწილეობ „ახალი სკოლის მოდელის ტრენინგებში“ და ვქმნი კომპლექსურ დავალებებს.
ონლაინ სწავლებაზე გადასვლამ დიდი სირთულეები შექმნა საგანმანათლებლო სივრცეში, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა კოლეგებისთვის არა მხოლოდ ჩემს სკოლაში, არამედ ქვეყნის მასშტაბით, ალბათ, ჟიურიმ ჩემი სამოქალაქო აქტივობა დაინახა და შეაფასა.
სწავლების პროცესში კი, ძალიან დამეხმარა ტექნლოგიების ცოდნა, სწორედ ამ ცოდნას ვუზიარებდი კოლეგებსა და მოსწავლეებს, დაუზარლად ვასწავლიდი Microsoft-365-ის სიკეთეებს, ელექტრონული წიგნებისა და რესურსების შექმნას. ვატარებდი ტრენინგებს სხვადასხვა ჯგუფებში, შევეცადე გამეზიარებინა ელექტრონული რესურსების შექმნის ინსტრუქციები. თამამად შემიძლია, საზოგადოების ფართო წრეს გავაცნო ჩემი ბლოგები https://katiesepia.blogspot.com/ და https://katiesephia.blogspot.com/.
კოლეგების დიდმა მხარდაჭერამ გადამაწყვეტინა ამ კონკურსში მონაწილეობა. კონკურსზე წარმადგინა „physics teachers“ ფეისბუქ ჯგუფმა და სსიპ ქ. თბილისის მე-10 საჯარო სკოლის დირექციამ. ჩემი რეკომენდატორები არიან „ახალი სკოლის მოდელის“ ქოუჩები — ქეთევან სადრაძე და მაია მერაბიშვილი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში რომ აღმოვჩნდი, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. ვეცდები, ყელას იმედები გავამართლო.
სოფიო ბაჩილავა
თბილისის კერძო სკოლა „ოპიზას“ მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლების და „მე და საზოგადოების“ მასწავლებელი
ძნელია იმ ემოციის აღწერა, რომელიც ვიდეოს ნახვის შემდეგ მქონდა. ბუნებრივია, ველოდებოდი როდის დაიწყებოდა გამოცხადება, რაც უფრო ახლოვდებოდა დრო, მით უფრო ვკარგავდი მოსვენებას. ერთი პირი ისიც ვიფიქრე, გავალ სახლიდან და საღამოს დავბრუნდები, მაშინ როცა უკვე გამოცხადებული იქნება შედეგები-მეთქი, თუმცა მაინც დავრჩი. ჩემი გვარიდან გამომდინარე, პირველი გამომაცხადეს და მახსოვს, რომ წამიერად ვერც კი აღვიქვი, რომ მე ვიყავი. მერე სიხარული, დაბნეულობა, შიში ერთად ვიგრძენი. ამასობაში ვიდეოში ქალბატონი ზეინაბ კაკალაშვილი გამოჩნდა, ჩემი კოლეგა, რომლის დანახვაც ძალიან გამიხარდა, მაშინვე მივწერე, გილოცავთ-მეთქი, ჯერ ვერ მიხვდა რას ვულოცავდი, შემდეგ კი გავიზიარეთ ერთმანეთის სიხარული. საბოლოოდ, იმაზე მეტად განვიცადე, ვიდრე წარმოვიდგენდი, სახლში მარტო ვიყავი და მობილურზე ნომრის აკრეფას ვერ ვახერხებდი ისე მიკანკალებდა ხელები.
ექვსი წელია მასწავლებლი ვარ. ამ დროის განმავლობაში მქონდა როგორც წარმატებები, ასევე, ბუნებრივია, გამოწვევები, რომელთა დასაძლევად მუდმივად ვცდილობ განვვითარდე და მოვძებნო ახალი გზები. გასაუბრებაზე მაქსიმალურად გულწრფელი ვიყავი, ჟიურის წევრებს გავაცანი ჩემი საქმიანობა, ღირებულებები, დამოკიდებულება, რომელსაც მოსწავლეებთან მუშაობისას ვიყენებ. ვისაუბრე დაბრკოლებებზე, მათი გადაჭრის გზებსა ან ჯერ კიდევ პასუხგაუცემელ კითხვებზე.
მჯერა, რომ თითოეულ ადამიანს აქვს ნიჭი, ძლიერი მხარეები, რომელიც შეუძლიათ ცხოვრებაში გამოიყენონ. სკოლაში მუშაობისას სწორედ ესაა ჩემთვის მთავარი. მინდა, რომ მოსწავლეებმა აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, ჰქონდეთ რწმენა, რომ გარემოს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ და თანაც იცოდნენ, როგორ მოახერხონ ეს.
ეროვნული ჯილდოს ათეულში ყოფნა ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. ზოგადად, ჩემი აზრით, ეროვნული ჯილდო არის შესაძლებლობა საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს ჩვენი პროფესია, პედაგოგების საუკეთესო პრაქტიკა და ეს ყველაფერი, თავის მხრივ, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებას უწყობს ხელს.
ლამარა ბოლქვაძე
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
პედაგოგებს მოსწავლეები, მშობლები, დირექცია, თემი, ქვეყანა თუ მსოფლიო უამრავ, ხშირად სრულიად განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებენ. რთულია მათთან „გამკლავება“, ზრუნვა თუ დაკმაყოფილება, მით უფრო ისე, რომ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეგეპაროს და თავი გრეგორი ზამზას გამოგონილ მწერად არ იგრძნო. ჯილდო კი, ალბათ, მასწავლებლისთვის ახალი ძალა შეიძლება იყოს, ძალა, რომელიც არა მხოლოდ აღნიშნულ მოთხოვნებთან გამკლავებაში, არამედ იმდენად ძლიერად დარჩენაში დაგვეხმარება, რომ მოსწავლეების, თემის თუ სხვათა უანგარო ერთგულება შევძლოთ.
როცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში საკუთარი სახელი და გვარი ამოვიკითხე, თავდაპირველად გამიხარდა. შემდეგ ავღელდი. ასე მგონია, ორმაგი პასუხისმგებლობა დავაკისრე საკუთარ თავს, პასუხისმგებლობა, რომელიც მავალდებულებს, რომ იმ გზიდან, რომელმაც აქამდე მომიყვანა, არასოდეს გადავუხვიო. გამოვტყდები და ცოტათი მეშინია კიდეც.
რატომ ჩვენ? მიმაჩნია, რომ მე, ჩემი მოსწავლეები, კოლეგები, მშობლები – ყველანი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრები ვართ.
მგონია, რომ ჟიურის ყურადღება, უპირველესად, არაფორმალური განათლებით მივიქციეთ.
როდესაც მარადისში, 2004 წელს, სკოლა გაიხსნა, არანაირი რესურსი არ არსებობდა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებისათვის. მე და ჩემმა მოსწავლეებმა დავწერეთ პროექტი, მოვიპოვეთ 3000 დოლარი, რომლის საშუალებითაც სკოლამ ტექნიკა და სხვადასხვა რესურსი შეიძინა.
მონაწილეობა მივიღეთ პროექტში „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის“. პროექტის განხორციელებისათვის გადმოგვეცა 400 ევრო. შევიძინეთ ძალადობის თემაზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურა და კომპიუტერი. მოვიწვიეთ იურისტები, რომლებმაც მშობლებსა და ბავშვებს ბავშვთა უფლებები გააცნეს. დავდგით სპექტაკლი „ჩიტების გამომზამთრებელი“. დავწერეთ სცენარები ძალადობის თემაზე.
ჩემი და მოსწავლეების ინიციატივით, მარადისისა და კასუმლოს სკოლებში შეიქმნა გარემოსდაცვითი კლუბები. ორივე სკოლა ჩაერთო ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში. ერთად განვახორციელეთ სამასზე მეტი აქტივობა. კასუმლოს სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რჩეულ გუნდად დაასახელა, ხოლო მარადისის სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და ავსტრია-სლოვაკეთშიც იმოგზაურა. 2019 წელს მარადისის სკოლა იყო ქვემო ქართლის ჩემპიონი და კონკურსის ფინალისტი. ამ პროექტმა დაამეგობრა აზერბაიჯანელი და ქართველი მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები იმყოფებოდნენ ბულაჩაურისა და ანაკლიის ბანაკებში, სადაც უამრავი მეგობარი შეიძინეს. ორივე სკოლა მაკულატურის კონკურსის გამარჯვებულია. პანდემიამ, სამწუხაროდ, დროებით შეუშალა ხელი კასუმლოელი და მარადისელი მოსწავლეების თანამშრომლობას.
ჩვენ მოვიპოვეთ დაფინანსება (1500ლ) და, თანასოფლელთა დახმარებით, სკოლის ტერიტორიაზე ავაგეთ სათბური. უკვე ორი წელია, ბოსტნეული მოგვყავს და გვაქვს საკუთარი ბიუჯეტი. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის მოპოვებული 800 ლარით სოფლის მოედანი განვაახლეთ; როდესაც ჩვენმა თანასოფლელმა დაფინანსება მოიპოვა სკვერისათვის, სამწუხაროდ, ის არ ითვალისწინებდა გამწვანებას. მე და ჩემმა მოსწავლეებმა მოვუწოდეთ მოსახლეობას, რომ თითოეულს დაერგო „სახელის ხე“. ასე გაჩნდა სკვერში 200-მდე დეკორატიული მცენარე. „დეკორატიული მცენარეების ასოციაციასთან“ გავაფორმეთ მემორანდუმი და, ექვსი თვის განმავლობაში, მე და ჩემი მოსწავლეები ვსწავლობდით დეკორატიული ბაღის მოვლას. ვისწავლეთ ყვავილების დაკალმება და თესვა-მოყვანაც. მემორანდუმის ფარგლებში ასოციაციამ 2000 ლარის მცენარეები დარგო სკვერში და ბაღის მოვლისათვის აუცილებელი ნივთები გადასცა მოსწავლეებს. ამჟამად 4000-ზე მეტ დეკორატიულ მცენარეს ვუვლით. ასოციაცია სოფლის მოსახლეობასთანაც დავაკავშირეთ და ახლა, მეწარმე ქალებთან ერთად, უვნებელი ბოსტნეულის მოყვანას ვსწავლობთ. სკოლის ტერეტორიაზე გვაქვს სადემონსტრაციო ნაკვეთი იშვიათი ბოსტნეულით.
ორგანიზაციამ „ტურიზმი და რეალობა“ ჩვენი პროექტი 700 ლარით დააფინანსა, რითაც ორი ათასზე მეტი ყვავილი დავთესეთ. მე და ჩემმა მოსწავლეებმა გავიმარჯვეთ „მომავლის ფერმერის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ჩემი ბოსტანი სჯობია შენსას“. მოსწავლეებს საჩუქრად „ბიბლუსის“ ვაუჩერები გადაეცათ. ბავშვებმა უარი თქვეს საჩუქარზე, 900 ლარის წიგნები შევიძინეთ, ძველი მერხებისგან ორიგინალური თაროები დავამზადეთ და სასოფლო ბიბლიოთეკა გავხსენით.
„ახალგაზრდული იდეების კონკურსში“ გამარჯვებამ (დაფინანსება – 3000ლ) საშუალება მოგვცა, სოფლად არსებულ უფუნქციო, საწყობის ტიპის შენობაში, რომელიც საკუთარი სახსრებითა და მეწარმე ქალების შემოწირულობებით გავარემონტეთ, გაგვეხსნა კინოკლუბი. საღამოობით ფილმებს სიამოვნებით უყურებენ დიასახლისი ქალები. აღნიშნულ სივრცეს საგანმანათლებლო მიზნითაც ვიყენებთ. პანდემიის დასრულების შემდეგ გვინდა, ეს სივრცე აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი მოსწავლე ახალგაზრდების დამეგობრების ადგილად ვაქციოთ.
ვითანამშრომლეთ ფონდ „ტასოსთან“ და მოვიპოვეთ დაფინანსება სკოლის ეზოს გასამწვანებლად, გამწვანების პროექტი დააფინანსა მარნეულის მერიამაც. ფონდი „ტასო“ დავაკავშირეთ დიასახლის ქალებთან. კარდაკარ ჩამოვიარეთ და ყველას ვარწმუნებდით, რომ ეთანმშრომლათ ამ ორგანიზაციასთან და განეხორციელებინათ პროექტები. ათი ქალის დარწმუნება შევძელით. მივეცით რჩევები, როგორ დაეწერათ პროექტები, რამდენიმეს განაცხადის შევსებაშიც დავეხმარეთ, დაფინანსდა ათი პროექტი და ახლა სოფელს საკმაოდ ცნობილი მეწარმე ქალები ჰყავს, რომლებიც ჩვენთან ერთად ახორციელებენ აქტივობებს.
ვართ „ფერმერთა ასოციაციის“ კონკურსის გამარჯვებულები. მოტობლოკმა უფრო გააიოლა სათბურში საქმიანობა.
ჩვენ მოვიპოვეთ დაფინანსება მეორეული ნივთების გასაახლებლად. სარეცხი მანქანის შიგთავსისგან დამზადებული ნაგვის ურნა მე-7 კლასის სამოქალაქო განათლების წიგნში მოხვდა, როგორც გუნდური მუშაობის საუკეთესო ნიმუში.
ჩემი ინიციატივით, შეიქმნა მკითხველთა, დებატების და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის კლუბები, რომელთა ხელმძღვანელებად მარადისელი სტუდენტები მოვიწვიეთ. კლუბების წევრები როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მოსწავლეებიც არიან. დავიმეგობრეთ `რუსთავის ინოვაციების ჰაბი~, რომელიც სამაგიდო ინტელექტუალურ თამაშებს აწყობს მოსწავლეთათვის.
რატომ ჩვენ?
დარწმუნებული ვარ, ჟიურის ყურადღებას მიიქცევდა ჩვენი საქველმოქმედო აქტივობებიც.
მარადისის სკოლის მოსწავლეებმა სამჯერ გამართეს საქველმოქმედო ფესტივალი, რომელშიც სოფლის მოსახლეობა, მეგობარი სკოლები და პარტნიორი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. ფესტივალზე იყიდება მოსწავლეების სათბურში მოყვანილი ბოსტნეული და ყვავილები, ხელნაკეთი ნივთები, მეორეული ნივთებისგან დამზადებული ახალი ნივთები, ნაქსოვები. შეგროვებული თანხა ქველმოქმედებაში იხარჯება.
პანდემიის დროს, როცა არა მარტო მარნეული, არამედ მარადისიც ჩაიკეტა, ჩვენი სამეწარმეო საქმიანობით 2000 ლარზე მეტი გავეცით მიუსაფარი მოხუცების, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების, სოციალურად დაუცველებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად. შევიძინეთ სათამაშოები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორი ბავშვისთვის. ოჯახს, რომელთა ცხრა შვილს ერთ საწოლში ეძინა, შევუგროვეთ საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის საწოლები, ლეიბ-საბნები, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და ხილი.
ბოსტნეული და რძის პროდუქტები გადავეცით ბავშვებს, რომელთა დედასაც კორონა დაუდასტურდა; მედიკამენტები და საკვები პროდუქტები მივუტანეთ უპატრონოდ დარჩენილ მოხუცს და მისი მოვლა-პატრონობაც საკუთარ თავზე ავიღეთ (მოხუცი ახალქალაქელმა ნათესავებმა წაიყვანეს).
სულ ახლახან, საგაზაფხულო ფესტივალზე, ათას ხუთასი ლარის ყვავილები და ნივთები გავყიდეთ. 500 ლარი ლოგინად ჩავარდნილი ახალგაზრდა ქალის დედას გადავეცით შვილის სამკურნალოდ, 400 ლარი – ლეიკემიით დაავადებული ბავშვის ოჯახს, 300 – მარტოხელა დედას, დარჩენილი თანხითა და ზაფხულის შემოსავლებით მოვემზადებით საშემოდგომო ფესტივალისთვის.
რატომ ჩვენ?
ჟიურის ყურადღება, სავარაუდოდ, ჩვენმა სამომავლო მიზნებმაც მიიქცია. გვსურს, რომ სოფელში გავხსნათ კაფე-ორანჟერეა, რომლის არსებობაც აგროტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. გვინდა, რომ ადამიანებს ეგულებოდეთ ადგილი,სადაც მშვიდ გარემოში შეძლებენ მუსიკის მოსმენას, დასვენებას, გართობას, სასურველი ფილმის ნახვას, ტრენინგების ორგანიზებას, გამოფენის მოწყობას, მეწარმე ქალებთან შეხვედრას, მოსწავლეების სათბურის დათვალიერებასა და აჭარული კერძების დაგემოვნებასაც. გვინდა, ყველას გავაცნოთ ოცი წლის ისტორიის მქონე მარადისი – მარადიული სოფელი, რომელშიც ცხოვრობს ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი, რომელსაც სურს, რომ სამყარო ხვალ იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე იყო გუშინ.
რატომ ჩვენ?
„ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო“. საკუთარი თავის შეცნობაში ლიტერატურა უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს. მეც ვცდილობ, მოსწავლეები მკითხველებად ვაქციო, საზოგადოების წევრებად, ისეთ მოქალაქეებად, რომლებსაც ყველა სირთულესთან შეჭიდება და გამკლავება შეეძლებათ. მოსწავლეებმა „იგის“ გზაც უნდა გაიარონ და იანგულისაც, შვლის ნუკრის ტკივილიც უნდა იგრძნონ და ალუდას ზნეობითაც უნდა მოიხიბლონ.
მოსწავლეებმა ფიქრი, აზროვნება, კითხვების დასმა, პასუხების მოძიება, სხვისი აზრის პატივისცემა, დისკუსიის წარმართვა, დებატებში ჩართვა და აზრის თავისუფლად გამოთქმა უნდა შეძლონ. ამიტომაც ვთხოვ მათ, რომ დაფიქრდნენ, გააანალიზონ, შეაფასონ, იმსჯელონ მწერლის სათქმელზე, საკუთარ თავს ჰკითხონ, რა გაიგეს წაკითხული ეპიზოდიდან და, საჭიროების შემთხვევაში, ხელახლა მიუბრუნდნენ წაკითხულს. მისწერონ მათთვის საინტერესო პერსონაჟს წერილი. თვითონ ეწვიონ და პერსონაჟებიც აწვიონ გმირებს. უკვე შესწავლილი და დასრულებული ნაწარმოების გაგრძელებაც მოიფიქრონ და გამოიგონონ პერსონაჟებიც, რომლებსაც მხატვრულად დაახასიათებენ და აამეტყველებენ კიდეც. ტექსტის შესწავლისას ისტორიული კონტექსტიც გაითვალისწინონ და ისაუბრონ ზნეობრივ ღირებულებებზე. თვითონაც შექმნან მხატვრული ტექსტი, თავისუფლად გამოხატონ გრძნობები და ემოციები. გადააკეთონ ნაწარმოები პიესად, მოიფიქრონ დეკორაციები და ითამაშონ როლები (პანდემიამდე ორივე სკოლაში, მე და მოსწავლეებმა, პიესად გადავაკეთეთ და წარმოვადგინეთ სპექტაკლები: „ლუარსაბი და დარეჯანი“, „ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ“, „ვარსკვლავბიჭუნა“, „ჩიტების გამომზამთრებელი“, „სიყვარულო ძალსა შენსა“, „ქართული ოჯახი და ბარბარიზმები“, „სიბრძნე-სიცრუისა“ და სხვა), შექმნან „მკითხველთა თეატრი“ და მოთხრობები წაუკითხონ პატარებს. თუ სიტყვებით არ შეუძლიათ, ნახატებით გვითხრან თავიანთი სათქმელი და პერსონაჟის შესახებაც ნახატებით გვიამბონ. არჩევანის თავისუფლება უმთავრესია და მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ სათქმელის გამოხატვა ნებისმიერი ფორმით შეუძლია.
რა თქმა უნდა, ყოველივე ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იდეალურადაა, რომ გაკვეთილზე ყოველთვის ვაღწევ მიზანს, რომ ყველა მოსწავლის გულამდე მისასვლელ გზას ვპოულობ, რომ სასოწარკვეთილსა და აცრემლებულს არასოდეს დამიტოვებია კლასი, რომ არასოდეს ვმდგარვარ დილემის წინაშე და არასოდეს მოვქცეულვარ არასწორად. ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი ვარ, მასწავლებელი დამარცხებებითა და გამარჯვებებით.
ზეინაბ კაკალაშვილი
თელავის №5 საჯარო სკოლის „მე და საზოგადოების“ და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
რატომ გადავწყვიტე ასეთ მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო კონკურსში მონაწილეეობა?.. მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარმადგინა სკოლის კურსდამთავრებულმა მოსწავლე გვანცა მოლაშვილმა, რომელიც განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორი და არასამთავრობო ორგანიზაცია `ცოდნის ცენტრის~ გამგეობის თავმჯდომარეა. მოსწავლეების, ჩემი კოლეგების და მეგობრების, ასევე, საზოგადოების მხრიდან დიდი ხნის თხოვნის შემდეგ, დავთანხმდი მონაწილეობაზე.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვედრა, ამ სიხარულის სიტვებით გადმოცემა ძალიან რთულია, სასიამოვნო განცდაა, დიდ სიხარულთან ერთად, დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა საუკეთესო მასწავლებლების გვერდით ყოფნა. ყველა ღირსეულ, შრომისმოყვარე პედაგოგს ვუსურვებ ამ ემოციის განცდას.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის დაფუძნებამ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებას და მის მიერ გაწეული შრომის შედეგების შეფასებასა და დაფასებას შეუწყო ხელი. როდესაც კვალიფიციური ექსპერტები და განათლების სპეციალისტები, საზოგადოება აღიარებენ შენს საქმიანობას, მასწავლებლისთვის ამაზე დიდი სტიმული რაღა უნდა იყოს. კონკურსში მონაწილეობით, დიდ გამოცდილებასთან ერთად, საუკეთესო კოლეგები, ადამიანები შევიძინე.
მოგეხსენებათ, COVID-19-ის პანდემიის გამო, დროებით, უარის თქმა მოგვიწია ცხოვრების ჩვეულ სტილსა და რიტმზე. ეს, რა თქმა უნდა, სასკოლო ცხოვრებაზეც აისახა და დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. ჩემ მიერ გამოყენებული ციფრული ინსტრუმენტები დამეხმარა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისას.
ჩემი გამორჩეული მეთოდი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენებაა პირისპირ და ონლაინ სწავლების დროს. მოსწავლეებთან ერთად, დავიწყე სხვადასხვა რესურსის შექმნა, მაგალითად: wakelet.com, learning.apps, Forms Screenapp.io და biteable.com, Bandicam, Teams და ა.შ. ისინი საუკეთესო თანატოლ განმანათლებლები გახდნენ, შეიძინეს საჭირო უნარები ციფრულ სამყაროში წარმატების მისაღწევად. ამ მეთოდით სწავლებამ ხელი შემიწყო ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესში; ასევე, ონლაინ სწავლებისასაც, ფორმალურ განათლებასთან ერთად, არაფორმალურ განათლებასაც ვუწყობდი ხელს.
მე სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კახეთის რეგიონის საბჭოს თავმჯდომარე ვარ უკვე 10 წელია. ამ ხნის განმავლობაში პედაგოგების პროფესიული განვითარებისთვის ტრენინგებს ვატარებ, ვიკვლევ მათ საჭიროებებს და შესაბამისად, ვეხმარები პროფესიულ წინსვლაში, ორგანიზებას ვუკეთებდი ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას, პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრების ორგანიზებასა და წარმართვას და ა.შ. წლების განმავლობაში ფასილატაციას ვუწევდი სკოლის პედაგოგებს როგორც ახალი მიდგომების დანერგვაში, ასევე, სქემის ფარგლებში – საკუთარი ცოდნის გაზიარებას მათი საჭიროებიდან გამომდინარე.