სულ რამდენიმე დღე რჩება 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ცერემონიალამდე და არავინ იცის, 24 მარტს, წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მფლობელს დედამიწიდან შეგვატყობინებენ, კოსმოსიდან თუ კიდევ რაიმე ორიგინალურს და ექსკლუზიურს შემოგვთავაზებენ. თუმცა, სრულიად გამორჩეული და პომპეზური დუბაის ცერემონიალის გარდა, ჩვენი ყურადღება ახლა გამარჯვებულის ვინაობისკენაა მიმართული, რადგან არც მეტი და არც ნაკლები ფინალისტი ქართველი მასწავლებელი ლადო აფხაზავაა. ბევრი წერილი დავწერე ლადოს შესახებ, ჯერ კიდევ იქედან მოყოლებული, როცა არც ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული იყო და არც გლობალური ჯილდოს ფინალისტი, მაგრამ მისი არც ერთი ინტერვიუ ერთამენთს არ ჰგავს – გპასუხობს სხარტად, დამაჯერებლად და საოცრად მომხიბლავი გურული კილოთი, რომელიც მის არაორდინარულობას კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს.
ლადო აფხაზავა დღეს, დუბაიში გამგზავრებამდე ჩავწერე, მინდოდა გამეგო მისი ემოციები – რას გრძნობდა ქართველი მასწავლებელი, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობს, „მსოფლიოსთვის ქართველი მასწავლებლის სათქმელი მიჰქონდა“, მასწავლებელი, რომელმაც შეძლო და „გლობალ თიჩერ ფრაიზის“ დამფუძნებელს, „ვარკეის ფონდის“ თავმჯდომარეს ვიკას პოტამს ათქმევინა: „ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ ლადო აფხაზავას და მოვისმენ მისი სწავლების სტილის შესახებ… მას მოგების დიდი შანსი აქვს. ის ათეულშია, თუკი მოიგებს, ეს მსოფლიოსთვის კარგი იქნება.“
ლადოს გამარჯვება როგორ გაახარებს მსოფლიოს ვერ გეტყვით, მაგრამ საქართველოსთვის რომ მართლაც მნიშვნელოვანი წარმატება იქნება, ეს უდავოა. მთელი ქვეყანა ღელავს და გულშემატკივრობს სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, თუმცა, გამორჩეულად, ალბათ, ჩიბათელები, რადგან პატარა სოფლის „დიდი გურული“, 24 მარტს, მსოფლიოს წინაშე სწორედ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებლის სახელით წარდგება.
განსაკუთრებით ღელავენ კოალიციაშიც, მისი ხელმძღვანელი ირინა ხანთაძე ამბობს, რომ ძალიან უჭირს იმ ემოციის წინასწარმეტყველება, რაც ლადოს გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება გაუჩნდეს, მაგრამ სავსებით დარწმუნებულია იმაში, რომ თუ ლადო აფხაზავა გაიმარჯვებს, საოცრად ბედნიერი იქნება და „ეს იქნება მართლაც წარმოუდგენელი სიხარული და ბევრი ადამიანის შრომის დაფასება, რომლებმაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენთან ერთად, დიდი ენთუზიაზმით იმუშავეს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კამპანიის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებისთვის. ამიტომ ლადოს წარმატება ამავდროულად ამ ადამიანების წარმატებაც იქნება.
ძალიან აღელვებულები ვართ და მოუთმენლად ველოდებით 24 მარტს იმედით, რომ ლადო გაიმარჯვებს. კოალიციის წარმომადგენლებიც მივემგზავრებით დუბაიში ჩვენს ფინალისტთან ერთად და, რა თქმა უნდა, დავესწრებით კონფერენციასაც და დაჯილდოების ცერემონიალსაც. თუმცა, რა შედეგითაც უნდა დასრულდეს კონკურსი, ჩვენ ვამბობთ, რომ ლადო უკვე გამარჯვებულია! გლობალური ჯილდოს ათეულში მოხვედრა, თავისთავად, დიდი წარმატებაა. ძალიან სასიხარულოა, რომ ლადოს წარმატებას ასეთი პოზიტიური გამოძახილი მოჰყვა საზოგადოებისგან.
იმის გარდა, რომ ძალიან დიდი ემოციური მუხტი აქვს ამ ყველაფერს და უკვე იგრძნობა ის სტიმული და მოტივაცია, რაც ქართველი მასწავლებლისთვის და, ზოგადად, საზოგადოებისთვის მოიტანა კონკურსმა, მისი დასრულების შემდეგ (რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ის)ლადო აფხაზავას ცხოვრება უკვე შეცვლილი იქნება, რადგან მას მოუწევს გახდეს გლობალური ჯილდოს ე.წ. ელჩი მსოფლიოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებაზე ის საქართველოს ფარგლებს გარეთაც იმუშავებს. თავისთავად, ჩვენ ეს ძალიან გვახარებს, რადგან ლადო იქნება, გარკვეულწილად, ჩვენი მასწავლებლების ელჩიც საერთაშორისო დონეზე. მისი ახალი ამპლუა იქნება ბევრი პოზიტივისა და მრავლის მომტანი მასწავლებლის პროფესიაში, მით უფრო, იმ ფონზე, როცა ძალიან ბევრს ვსაუბრობთ განათლების მნიშვნელობასა და ამ სფეროს რეფორმირებაზე. ვფიქრობთ, ეს იქნება დამატებითი შესაძლებლობა, რომ პროცესები ქვეყანაში კიდევ უფრო გავაძლიეროთ სწორედ ამ ასპარეზზე ქართველი მასწავლებლის აქტიურობით.“
ცერემონიალამდე რამდენიმე დღით ადრე
ლადო აფხაზავა
მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ დაძაბული ვარ და ვნერვიულობ. დაძაბული მაშინ არის ადამიანი, როცა ძალიან დიდი მოლოდინი აქვს და ფიქრობს, რომ ყველაზე მაგარი და ჭკვიანია. ალბათ ათეულის წევრების აპლიკაციებიდანაც ჩანდა, რომ ასეთი ამბიციური გეგმები არ გვქონდა. მე თვითონ ვარ დაინტერესებული იმით, რომ გლობალურმა ჯილდომ ყველაზე ღირსეული აირჩიოს და შემდეგ ამ ღირსეული ადამიანის გამოცდილება გავიზიაროთ პრაქტიკაში.
თავიდანვე გათავისებული მქონდა ამ კონკურსის მიზნები და ამოცანები – შეირჩევა და გაიმარჯვებს ის მასწავლებელი, რომელიც მეტად სჭირდება მსოფლიოს. როცა ასეთ კონკურსში მონაწილეობ, მნიშვნელოვანია, მის მიზნებსა და წესებს დაემორჩილო – დიდი გამოცდილების მქონე ექსპერტები და განათლების სპეციალისტები კი შეაფასებენ და გამოავლენენ მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელს – ადამიანს, რომელიც სჭირდება მსოფლიოს.
დიდი ინტერსით ველი ვის რესურსსა და გამოცდილებას აირჩევს გლობალური ჯილდო ათი საუკეთესოდან. ერთი რამ უდავოა, აქ შეცდომები არ შეიძლება, რადგან ის ერთი საუკეთესო, რომელსაც ჟური გამოავლენს, აუცილებლად უნდა იყოს გუნდური მოთამაშე, ამბიციებმა არ უნდა სძლიოს, ისე იმოქმედოს, როგორც გლობალურ ჯილდოს შეეფერება – მარტო საკუთარი თავის წარმოჩენაზე კი არა მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებაზე უნდა იზრუნოს. მართალი გითხრათ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა გახდე გლობალური ჯილდოს გამარჯვებული და დარწმუნებული ვარ, ათეულის დანარჩენი წევრებიც ამას ფიქრობენ.
ფინალში გამგზავრებაზე არასოდეს მიფიქრია, თავიდან მხოლოდ 50 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვედრაზე ვფიქრობდი, მოვხვდი კიდეც, მაგრამ ამის შემდეგ ათეულში მოხვედრას ნამდვილად აღარ ველოდი, მით უფრო არ ვფიქრობ პირველობაზე – გამარჯვების მოლოდინი ერთი პროცენტითაც არ მაქვს.
თუკი გაიებთ, რომ გამარჯვებული ლადო აფხაზავაა, რას გააკეთებთ პირველ რიგში?
არ ვიცი, ასეთ რამეზე არ მიფიქრია, მაგრამ, ალბათ, ვერ გავუძლებ ირინა ხანთაძის შეხედვას და, პირველ რიგში, მას ჩავეხუტები მაგრად და მადლობას გადავუხდი ყველაფრისთვის. ეს არის ადამიანი, რომელიც საოცრებებს აკეთებს საქართველოსთვის. დიდი ხანია, რაც ვაღიარე კოალიცია „განათლება ყველასთვის – საქართველოს“ საქმიანობა და მისი დამფუძნებლის, ირინა ხანთაძის განუსაზღვრელი როლი იმაში, რომ მან მსოფლიოს დაგვაახლოვა და მის განუყოფელ ნაწილად გვაქცია, ამის დასტურია 24 მარტი.
მასწავლებლობის ხიბლი
ვფიქრობ, მასწავლებლის პროფესიას, სხვა დანარჩენ პროფესიებთან ერთად, აქვს უნიკალური შესაძლებლობა – მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს სამყარო და ეს შეუძლია, თუნდაც, რიგით მასწავლებელს. თუ ამის დამტკიცება მე ამ ყველაფრით მოვახერხე, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ მსოფლიოშიც და საქართველოშიც მართლა არიან მასწავლებლები, რომლებიც თავდაუზოგავი შრომით, აქტივობებით, საგაკვეთილო პროცესით მართლა ცვლიან არსებულ ვითარებას. თუნდაც, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მონაწილე მასწავლებლები ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ასეთი „მაგრები“ იყვნენ. ეს ყველაფერი კონკურსმა გამოავლინა. როცა უკუკავშირი მიიღეს, მერე მიხვდნენ, თურმე რა კარგი საქმე უკეთებიათ. მერე მიხვდნენ, რადგან მათთვის ამაში უჩვეულო არაფერი იყო, ისინი არც ჯილდოსთვის და არც აღიარებისთვის შრომობდნენ, არამედ უშურველად – მოსწავლეებისთვის და მათ მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად. აქედან გამომდინარე, მართლა ვფიქრობ, რომ მასწავლებელს შეუძლია ბევრი რამ შეცვალოს სამყაროში უკეთესობისკენ.
ჩემი დაუღალავი შრომით ჩემს მოსწავლეებს, მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვებს – 8 ბიჭს – მომავლისთვის ვამზადებ, მეტიც, მათ მომავალი გამოწვევებისთვის ვამზადებ. ამიტომ მხოლოდ რჩევა-დარიგეგების მიცემა საკმარისი არ არის. მეც მათთან ერთად ვშრომობ – ვრეცხავ, ვბარავ, მცენარეებს ვრგავ, ბოსტანს ვუვლი. ყველაფერს ვაკეთებ, რადგან მინდა მათთვის ვიქცე როლურ მოდელად. ასეთი შემთხვევაც გვქონდა, უფროსებმა გადავწყვიტეთ, მათთან ერთად წიგნები გვეკითხა. ვისხედით და ვკითხულობდით, ამით მაგალითის მიცემა გვინდოდა, გვინდოდა კითხვა შეგვეყვარებინა ამ ბიჭებისთვის. ბავშვები ხშირად გვეუბნებოდნენ, ხომ არ სჯობია ერთად ფილმს ვუყუროთო. ჩვენ ვპასუხობდით: ბოდიში, ლუკა, მაგრამ წიგნის კითხვა სჯობს. სამი თვის განმავლობაში არ შემოგვიერთდნენ, მაგრამ მეოთხე თვეს ისეთი შედეგი მივიღეთ, რომ ახლა ბიჭებს ვეხვეწებით, რომ ღამე აღარ იკითხონ. სახლის ბიბლიოთეკა მთლიანად გადაიკითხეს. ასეთ შედეგს წინასწარ დაგეგმვა, ბევრი შრომა და დიდი მოთმინება სჭირდება და, რაც მთავარია, სტრატეგიულად მიდგომა. თუ გვინდა, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა მომავალ გამოწვევებს უპასუხონ, მასწავლებელმა ყველა ბავშვი უნდა აღიაროს და პატარა გასაღები მოარგოს ინდივიდუალურად.
იყო თუ არა „სამოქალაქო განათლება“ აღიარების საუკეთესო გზა –
საგანი, რომელმაც ლადო აფხაზავაში საოცარი უნარები გამოავლინა
„სამოქალაქო განათლებას“ ასეთ სურათს ვამსგავსებ – წარმოიდგინეთ 100 ჭიქა, ზოგი სავსეა, ზოგიც ცარიელი, ნაწილი ნახევრად სავსე, მცირე ნაწილი ისეა სავსე, რომ სითხე იღვრება, ნაწილი კი უბრალოდ სავსეა. სამოქალაქო განათლება გათანაბრებას ნიშნავს – ჭიქებიდან სითხე ერთმანეთში ისე უნდა გადავასხათ, რომ გაზიარებაც გამოვიდეს და, საბოლოო ჯამში, თანაბარ დონეზე დადგეს. ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება საზოგადოების გათანაბრება, რომ ვინმე არ იყოს ზეაღმატებული ან ძალიან დაჩაგრული ან, თუნდაც, სტიგმატიზირებული. როგორც ერთი ჭიქიდან შეიძლება მეორე ჭიქაში გადაასხა სითხე, ისე შეიძლება შენი ცოდნა სხვებს გაუზიარო. სამოქალაქო განათლების საგანმა ნამდვილად მომცა შესაძლებლობა საკუთარი თავი გამომევლინა, თუმცა, ნებისმიერი საგნის მასწავლებელს აქვს ამის შესაძლებლობა, რადგან არსებობს გამჭოლი კომპეტენციები, რომელიც ყველა მასწავლებელს შეუძლია მოარგოს თავის საგანს – ყველა მასწავლებლის ვალდებულებაა, გამოიყენოს სტანდარტი და გამჭოლი კომპეტენციებით მოსწავლეს განუვითაროს სხვადასხვა უნარ-ჩვევები.
რაში დაიხარჯება მოგებული მილიონი – მოკლე გეგემა
არ ვიცი მოვიგებ თუ არა მილიონს, მაგრამ ვიცი, თუკი მოვიგებ, ის არ უნდა დაიხარჯოს სხვა რამისთვის, გარდა განათლებისა. თუ ვინმეს აქვს დაგეგმილი, რომ მოგების შემთხვევაში თანხა მთხოვოს პროექტისთვის, რომელიც განათლებას არ ეხება, ვერ დავაფინანსებ. უნდა გამიგონ, რადგან ჩემი პრიორიტეტი განათლების მიმართულება და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზება იქნება.
ლალი ჯელაძე
P.S. თანხის სათხოვნელად არა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, 24 მარტის შემდეგ, ისევ დავურეკავ ლადო აფხაზავას და ვთხოვ ინტერვიუს – მასწავლებელს, რომელიც მსოფლიოს სჭირდება!