25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

გავაცოცხლოთ კარგი ლიდერის სტანდარტი რეალური ადამიანების სახით

spot_img
სკოლის ლიდერობის ეროვნულმა კონკურსმა, ათი ფინალისტიდან, სამი გამორჩეული დირექტორი გამოავლინა – გრან-პრის მფლობელი გახდა ლენა გომართელი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი; სპეციალური პრიზის მფლობელები არიან: გელა მაჭარაშვილი – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის №2 საჯარო სკოლის დირექტორი; ვარდენ ნიქაბაძე – მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლის დირექტორი.
განათლების კოალიციამ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, ლიდერობის კონკურსს საფუძველი იმ მიზნით ჩაუყარა, რომ ხელი შეუწყოს სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარებას და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერას საქართველოს საჯარო სკოლებში; კონკურსის შედეგად გამოვლენილი წარმატებული დირექტორები კი, გააცნოს ფართო საზოგადოებას, რომ მათი საუკეთესო პრაქტიკის შესახებ არა მხოლოდ პროფესიულმა წრეებმა იცოდნენ.

♦ კონკურსის მთავარი სპონსორის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი ამბობს, რომ ფონდმა მორიგი საინტერესო პროექტი დააფინანსა, რადგან მათი უმთავრესი ამოცანა ქვეყანაში სწორედ განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობაა:

 

„ფონდისთვის პრიორიტეტულია სასკოლო განათლების საერთო ხარისხის ამაღლება, განათლების სტანდარტების გაუმჯობესება. ამის მიღწევა, დიდწილად, სწორედ წარმატებულ მასწავლებელსა და ლიდერ დირექტორზე დგას. ამდენად, ჩვენი ფილანტროპული ინვესტიციებით განათლების სფეროში გვინდა, კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი დირექტორისა და მასწავლებლის განვითარებას, მათი როლის გაძლიერებას. თუკი სკოლებში გვეყოლება ინიციატივიანი, მოტივირებული დირექტორები, რომლებსაც გადაწვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ, ეს სასკოლო განათლებაში სისტემურ ცვლილებას მოგვიტანს.

სკოლის ლიდერობის კონკურსმა შესაძლებლობა მოგვცა, გაგვეცნო ათობით წარმატებული დირექტორი, რომლებმაც მიზნად დაისახეს, შეცვალონ სკოლის მართვის ძველი პრაქტიკა და გარემო, სრულიად ახალი მიდგომა შემოგვთავაზონ, რომ მოსწავლემ საუკეთესოს მიღება შეძლოს სკოლაში. კიდევ ერთი პოზიტივია, რომ კონკურსის მონაწილეებმა ერთმანეთი გაიცნეს, რაც გამოცდილების გაზიარების შესანიშნავ პლატფორმას ქმნის. ვფიქრობ, მათი წარმატებული მაგალითი დამატებით მოტივაციას მისცემს სხვა სკოლების დირექტორებს, განავითარონ სკოლის მართვის პრაქტიკა და გააუმჯობესონ სწავლა-სწავლების პროცესი საკუთარ სკოლებში, რაც, საბოლოო ჯამში, ძლიერ სკოლას, ძლიერ მასწავლებელს და წარმატებულ მოსწავლეს მოგვცემს.

ვულოცავ წლევანდელი კონკურსის მონაწილეებს, ფინალისტებსა და გამარჯვებულებს. მადლობა ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს, რომ შეძლეს კონკურსში მონაწილეების ობიექტურად შეფასება. ესეც ერთგვარი პოზიტიური შედეგია ამ პროექტის, რომ იქმნება სკოლის დირექტორების მოღვაწეობის შეფასების ერთგვარი სისტემა.“

 მთავარი სპონსორის გარდა, წლევანდელ კონკურსს სხვა მხარდამჭერებიც ჰყავდა – კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი (ctc), თიბისი, ტელეკომპანია „იმედი“, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media“.

გრან-პრის მფლობელ დირექტორს, პრიზის სახით, გადაეცა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეცპროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი, პრიზის სახით, 2000-2000 ლარი გადაეცათ, მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი 25 000 ლარს შეადგენს.

♦ განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე, ჩვენთან საუბრისას, ლიდერობის ეროვნული კონკურსის შედეგებს აფასებს და იმ სამომავლო გეგმებზე გვიყვება, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ლიდერების თანამშრომლობით უნდა გაგრძელდეს.
 

– რა არის სკოლის ლიდერობის ეროვნული სკოლის მთავარი ამოცანა და რამდენად კმაყოფილი ხართ კონკურსის პირველი შედეგებით?

– ლიდერობის ეროვნულმა კონკურსმა სტარტი 2019 წლის მიწურულს აიღო და განვითარება 2020-ში ჰპოვა. მაქიმალურად ვეცადეთ, კამპანია ეფექტურად ჩატარებულიყო. პანდემიური მდგომარეობის მიუხედავად, ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ. მართალია, გაცილებით მასშტაბური გვინდოდა ყოფილიყო, რადგან ამ კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი სწორედ სკოლის, როგორც ინსტიტუტის როლისა და მისი ლიდერის ფუნქციის უკეთ წარმოჩენა, შრომის მეტად დაფასებაა. ფაქტობრივად, ლიდერობის კონკურსს ეს ორი გამოკვეთილი ამოცანა აქვს: ერთი – სკოლის, როგორც ინსტიტუტის მნიშვნელობის წარმოჩენა და მის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერება საზოგადოების მხრიდან; მეორე – სკოლის ლიდერის როლის გამოკვეთა, გამორჩეული დირექტორების გამოვლენა და მეტი მხარდაჭერა როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მხრიდან, რადგან სკოლის ხელმძღვანელის როლი სკოლის განვითარებაში, სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაში განუსაზღვრელად დიდია.

ამის გარდა, რა თქმა უნდა, კონკურსს ბევრი სხვა კონკრეტული ამოცანაც აქვს, მაგალითად, საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა და გავრცელების ხელშეწყობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული ზრდისა და, ზოგადად, სკოლის მართვის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ამ მიზნებს მივაღწიეთ. ამის თქმის უფლებას ფინალში გამოვლენილი დირექტორების საკმაოდ მრავალმხრივი და საინტერესო პრაქტიკები იძლევა.

წელს, სამწუხაროდ, პანდემიამ, ერთი მხრივ, უდავოდ, ძალიან დიდი გამოწვევები მოუტანა სკოლას და სასკოლო თემს, მაგრამ, ამავდროულად, ალბათ, ყველამ კარგად დავინახეთ, რაოდენ მნიშვნელოვანი დაწესებულებაა სკოლა და რამხელა როლს თამაშობს ის ძალიან ბევრი ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე, სოციალური მიმართულებით. ალბათ, კრიზისმა კიდევ უფრო კარგად წარმოაჩინა საკითხის აქტუალობა – უკეთ დავინახეთ რამდენი გამოწვევა აქვს სკოლას, თუნდაც, ინფრასტრუქტურის მხრივ. ბევრი სკოლის ხელმძღვანელის წუხილი, ხშირ შემთხვევაში, სწორედ არასათანადო ინფრასტრუქტურასა და რესურსების ნაკლებობას უკავშირდება. თუმცა, აქვე ჩნდება მეორე მნიშვნელოვანი საკითხი – სასკოლო ანგარიშვალდებულება, ანუ როგორ არის ორგანიზებული ქვეყანაში სკოლების მართვის სისტემა, როგორი სუბიექტია სკოლა, არის დამოუკიდებელი? და თუ გვინდა, რომ უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა გვქონდეს, აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ ანგარიშვალდებულების სისტემა. კონკურსმა ამ საკითხების აქტუალობაც გვიჩვენა. დაჯილდოების ცერემონიალზეც ყველა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ სასკოლო რეფორმა დასაჩქარებელია. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ მიმართულებით უფრო სწრაფი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

– შეიძლება ითქვას, რომ კონკურსი ამკვიდრებს სტანდარტს – როგორი უნდა იყოს საგანმანათლებლო ლიდერი?

– სკოლის ლიდერების გამოვლენა და საზოგადოებისთვის მათი წარდგენა სწორედ ამ მიზანს ემსახურება – საგანმანათლებლო ლოდერების სტანდარტი მისაბაძი მაგალითების წარმოჩენით გავაცოცხლოთ. ეს გვინდა კონკრეტული ადამიანების სახით/წარმოჩენით გავაკეთოთ და არა მხოლოდ დაწერილი ფორმით, თუ როგორი უნდა იყოს კარგი დირექტორი. ძალიან გვიხარია, რომ კონკურსმა ბევრი ასეთი სამაგალითო ლიდერი დაგვანახა. ისინი რეალურად არიან განათლების სისტემაში და აუცილებლად უნდა გავაცნოთ როგორც პროფესიულ თემს, ისე საზოგადოებას. ამიტომ, კონკურსს ნამდვილად აქვს ეს დატვირთვაც – გავაცოცხლოთ კარგი ლიდერის სტანდარტი რეალური ადამიანების სახით.

– რა ფორმით გაგრძელდება თქვენი თანამშრომლობა ქვეყნის საუკეთესო სკოლის ლიდერებთან?

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობა ფინალისტებთან ამ წლის კამპანიის დასრულებით არ სრულდება, აუცილებლად გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას ისევე, როგორც ამას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფარგლებში შექმნილ ათეულთა კლუბთან ვაკეთებთ. ჯერ არ გვაქვს მკაფიო გადაწყვეტილება იმის შესახებ, ასეთი ინსტიტუციური სახე მივცეთ თუ რაიმე კლუბი შეიქმნას. გადაწყვეტილებას ფინალისტებთან ერთად მივიღებთ, მაგრამ მკაფიოა ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელება გამორჩეულ სკოლის ლიდერებთან სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მიმართულება იქნება მათი საუკეთესო პრაქტიკების გავრცელება და მათი ჩართვა სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების გაზიარების ღონისძიებებში, რომ უკეთ წარმოვაჩინოთ მათი საქმიანობა. მეორე მიმართულება კი, იმ უკუკავშირის მიღება იქნება, რომელიც ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ მუდმივად ვადევნოთ თვალი საქართველოს სკოლების საჭიროებებს, პრობლემებსა თუ მიღწევებს/პოზიტიურ ტენდენციებს. ამ ათი ლიდერის სახით, ჩვენ გვეყოლება რეფერენს ჯგუფი, რომელთანაც ინტენსიურად ვითანამშრომლებთ. აუცილებლად ვეცდებით, მათ თანადგომას და სკოლაში საინტერესო პროექტების რეალიზებაშიც დავეხმარებით, რაც ასევე სამოდელო და სამაგალითო შეიძლება გახდეს დანარჩენი სკოლებისთვის.

– მიადევნებთ თუ არა თვალს, რას მოხმარდება საპრიზო თანხები?

-რასაკვირველია, აუცილებლად მივადევნებთ თვალს. ამ ეტაპზე, ეს თანხა, შემოწირულობის სახით, რა თქმა უნდა, სკოლებს გადაეცემათ, მაგრამ ამას საფუძვლად დაედება გარკვეული ტიპის საპროექტო განაცხადი, რომელსაც გამარჯვებული სკოლები უახლოეს ხანებში მოგვაწვდიან – რა მიმართულებით ფიქრობს სკოლის ხელმძღვანელი და მისი გუნდი აღნიშნული თანხის დახარჯვას. რეალურად, ეს იქნება ერთგვარი საფუძველი იმ ანგარიშგებისა, თუ როგორ გამოიყენებს სკოლა/სასკოლო საზოგადოება კონკურსით მიღებულ ფულად რესურსს. მათ გარკვეული ვალდებულებაც ეკისრებათ, რომ ფართოდ გაავრცელონ ინფორმაცია, რა მიმართულებით დახარჯავენ საპრიზო თანხას. ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც საჯარო იქნება. თითოეული სკოლის ლიდერს, აპლიკაციაში, ჰქონდა ზოგადი მონახაზი იმის შესახებ, თუ რაში გამოიყენებდა სასკოლო საპრიზო თანხას. თუმცა, მას შემდეგ ბევრი თვე გავიდა და თუ გავითვალისწინებთ პანდემიით გამოწვეულ მოვლენებს, მათ სრულიად ლეგიტიმური უფლება აქვთ, გადახედონ სკოლის საჭიროებებს და განახლებული ფორმით წარმოგვიდგინონ, რის საფუძველზეც გადაეცემათ ფულადი თანხა.

 – დაბოლოს, ჩატარდება თუ არა სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი მომავალ წელს და მიიღებს თუ არა ყოველწლიური კონკურსის სახეს, როგორც ეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შემთხვევაში მოხდა?

– კონკურსი აუცილებლად გაგრძელდება. სიმართლე გითხრათ, როცა ვიწყებდით, არ ვიცოდით, რამდენად ეფექტურად წარიმართებოდა საცდელი კონკურსი, მაგრამ დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სავსებით დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ლიდერობის ეროვნული კონკურსი უნდა გავაგრძელოთ. დავინახეთ, რომ მას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს იმ თვალსაზრისით, რომ შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს სკოლის/სასკოლო ლიდერობის საკითხის განვითარებაზე. ასე რომ, კონკურსი აუცილებლად გაგრძელდება და ახალი კამპანია, უკვე მომავალ წელს, გაზაფხულისკენ დაიწყება. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ წლევანდელი წლის გამოცდილებას და უფრო მეტად დავხვეწთ კონკურსს. წლის ბოლომდე გავმართავთ კონსულტაციებს როგორც ფინალისტებთან, ისე სხვა დაინტერესებულ პირებთან, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს და, შესაძლებელია, გარკვეული ცვლილებებიც კი შევიტანოთ. კონკურსის გაგრძელების საკითხში ძირითადი მხარდამჭერებისგან და კონკურსის პარტნიორისგანაც უკვე გვაქვს თანხმობა, მზაობაა სპონსორის მხრიდანაც, ასე რომ, მომავალში კონკურსის გაგრძელება ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილია.

გამარჯვებული დირექტორები საუბრობენ, თუ რა მისცათ ლიდერობის კონკურსში მონაწილეობამ და რას უკავშირდება მათი სამომავლო გეგმები.

⤵️  ⤵️  ⤵️

 

♦ ლენა გომართელი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი:

 

 

 

„ლიდერობის კონკურსმა, პირველ რიგში, მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი საქმიანობის რეფლექსია გაგვეკეთებინა: რა არის ჩვენი ძლიერი მხარე და რა მიმართულებებით გვჭირდება მუშაობის გაძლიერება. შეგვმატა თავდაჯერებულობა, გამბედაობა და კიდევ მეტი პროექტისა და პროგრამის დანერგვის სურვილი გაგვიჩინა. ლიდერობის კონკურსმა გაგვაცნო სკოლის ლიდერები. ჩვენ ერთმანეთისგან ბევრი ვისწავლეთ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დავსახეთ. ლიდერობის კონკურსმა შეძლო, რომ სკოლების საქმიანობა გაეცნო ფართო საზოგადოებისთვის და მეტი მეცენატისთვის გაეჩინა სასკოლო პროექტების დაფინანსების სურვილი. ლიდერობის კონკურსმა და მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ აღიარება მოუტანა სასკოლო საზოგადოებას, რაც ძალიან მამოტივირებელია დირექტორებისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის. ზოგადად, კონკურსებში მონაწილეობა პროფესიული ზრდისა და თვითშეფასების ძალიან კარგი საშუალებაა, რაც სკოლის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, როცა 6 წლის წინ დირექტორად ამირჩიეს, არ მიფიქრია, რომ ოდესმე ასეთ კონკურსში მივიღებდი მონაწილეობას. თუმცა, სკოლის გუნდთან ერთად გააზრებული მქონდა, საით უნდა მიგვემართა ჩვენი ხედვა, როგორ გაგვეხადა ჩვენი სკოლა მოსწავლეებისთვის საინტერესო და შინაარსიანი ადგილი, სადაც ისინი რეალიზებული იქნებოდნენ. ბევრი ვიშრომეთ ამისთვის, მოვიპოვეთ გრანტები, გავაძლიერეთ ადამიანური და მატერიალური რესურსი, დავნერგეთ ახალი პროგრამები და მიმართულებები. ლიდერობის კონკურსის წყალობით კი, საზოგადოებას ჩვენი საქმიანობის ანგარიში ჩავაბარეთ და ახალი გეგმებიც დავსახეთ.

„ქვეყნის საუკეთესო ლიდერი“ – ცოტა ხმამაღლა ნათქვამია. ყველა კონკურსანტი ღირსეული ლიდერია და დარწმუნებული ვარ, მომდევნო კონკურსები კიდევ ბევრ საინტერესო ლიდერს წარმოაჩენს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მიმართულება უცხო ენების გაძლიერება გახლავთ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოსწავლეებს გზა გავუხსნათ ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებისკენ, პროფესიული სასწავლებლებისკენ, რათა ისინი მდიდარი ცოდნითა და გამოცდილებით კვლავ სამშობლოს დაუბრუნდნენ და ქვეყნის აღორძინებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ. უცხო ენის საფუძვლიანი ცოდნა STEM-ის საგნების გაძლიერებულად სწავლების, მოსწავლეებში კომუნიკაციური უნარებისა და კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესების, მეცნიერებით დაინტერესების საშუალებას გვაძლევს. ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ პროცესებში ტექნოლოგიების ჩართვა, რის გარეშე ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია. ასე რომ, 30 000 ლარი საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ უცხო ენის გაძლიერებულად სწავლების კურიკულუმი, რომელშიც ტექნოლოგიების გამოყენებას განსაკუთრებული როლი ექნება. მზად ვართ, ამ კუთხით ჩვენი გამოცდილება სამომავლოდ სხვა სკოლებსაც გავუზიაროთ.“

♦ გელა მაჭარაშვილი, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

 

 

 

„ჩვენი პროფესია ძალიან ბევრ შრომას, ენერგიასა და საქმისადმი ერთგულებას მოითხოვს. მიმაჩნია, რომ დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ნებისმიერი მიღწევა გუნდური შრომის შედეგია. იყო წარმატებული სკოლის წარმატებული სასწავლო ლიდერი და კარგი მენეჯერი, ნიშნავს იზრუნო სკოლაში მომუშავე თითოეულ ადამიანზე, მშობელზე, მოსწავლეზე და შეუქმნა მათ უსაფრთხო, დაცული და კომფორტული გარემო, სასკოლო საზოგადოებასთან ერთად.

 სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი საქართველოში პირველად ჩატარდა. მისი მიზანი იყო საჯარო სკოლების პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, რაც მოგვცემდა შესაძლებლობას , ჩვენი თავი, ჩვენი საგანმანათლებლო შედეგები და გამოცდილება წარმოგვეჩინა, ხელი შეგვეწყო ცოდნის გაზიარებისათვის, საუკეთესო პრაქტიკის გაცნობისათვის, სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, რაც, საბოლოოდ, დადებითად აისახებოდა ჩვენს მოსწავლეებზე. ჩემთვის სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობა დიდი გამოწვევა იყო და პირველი ჩემი მოტივატორები ჩემი მოსწავლეები და მასწავლებლები იყვნენ. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მოტივაცია, მიმეღო კონკურსში მონაწილეობა, იყო ის, რომ, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ სოლიდური პრიზებია, გრან-პრის მფლობელ სკოლას, სპეცპროექტის განსახორციელებლად, 30 000 ლარი გადაეცემა, სპეციალური პრიზიც მნიშვნელოვანია, ჩვენ შემთხვევაში 12500 ლარს შეადგენს. გამარჯვება და აღიარება მეტ შესაძლებლობას გვაძლევს, დავამყაროთ პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსა და ევროპის სკოლებთან, მოვიძიოთ და გავაზიაროთ პოზიტიური გამოცდილება. გამარჯვება წაახალისებს ჩემი რაიონის, რეგიონის სასკოლო სისტემასაც, ამ სტატუსს გამოვიყენებ კორბოულის №2 საჯარო სკოლის განვითარებისა და დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის საქმიანობის პოპულარიზაციისათვის

 კორბოულის №2 სკოლა, უკვე მეოთხე წელია, ჩართულია და ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გამოცდებისა და შეფასების ცენტრის მიერ ინიცირებულ პროექტს „სკოლის თვითშეფასება განვითარებისათვის“. სკოლის მხარდაჭერის ფარგლებში მიღებული თანხით ვგეგმავთ ზემოთ აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას, კერძოდ: გერმანული სკოლის მოდელის მიხედვით, ყველა მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების კვლევა-შეფასებას, მოსწავლეებში სააზროვნო უნარების გასავითარებლად გამიზნული მეთოდიკის დანერგვას, სასწავლო ქოუჩინგის გაძლიერებას, დიფერენცირებული მიდგომებისა და მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროცესის ორგანიზებას, სკოლაში შრომითი და პროფესიული სწავლების ელემენტების დანერგვას, გამოცდილების გაზიარების მიზნით გაცვლითი ტურისა და თავისუფალი სივრცის ორგანიზებას.“

♦ ვარდენ ნიქაბაძე, მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლის დირექტორი:

 

 

„უპირველეს ყოვლისა, გავიცანი ბევრი საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი, როგორც კონკურსის ფინალისტები, ასევე არაჩვეულებრივი ადამიანები განათლების კოალიციიდან. მათთან ურთიერთობით, პროცესში მონაწილეობით შევიძინე უდიდესი ცოდნა და გამოცდილება. გარდა ამისა, სკოლას, როგორც მთლიან გუნდს საშუალება მიეცა, კიდევ ერთხელ, სხვა თვალით შეეხედა გაწეული საქმიანობისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება ერთგვარი სტიმული იქნება ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით გააგრძელონ საკუთარი საქმიანობა.

რაც შეეხება კონკურსის მნიშვნელობას, უდავოა მასწავლებლის როლი განათლების სისტემაში, თუმცა, მასწავლებლების საქმიანობისთვის შესაბამისი გარემოს, სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებაში არანაკლებ მნიშნელოვანია სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის როლი. განათლების კოალიციამ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა და სხვა სპონსორების მხარდაჭერით, დიდი საქმე გააკეთა, მაღალპროფესიონალურ დონეზე სკოლის დირექტორების, ლიდერების საქმიანობის დაფასებისა და პოპულარიზაციის გზაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონკურსის მონაწილე სკოლების კომპლექსური შეფასება. როგორც გამოცდილებამ აჩვენა, მხოლოდ სკოლების ავტონომიურობა თავისთავად ვერ იქნება წარმატების გარანტი. ავტონომიურობასთან ერთად, მნიშვნელოვანია თვითშეფასების, გარე მხარდაჭერის, შეფასებისა და აღიარების ეფექტური სისტემის ამოქმედება. ამ მიმართულებითაც სამაგალითო იყო კონკურსი. მართალია, კონკურსების ფორმატი ზოგადად განსხვავებულია, მაგრამ მე პირადად დამანახა როგორი შეიძლება იყოს კარგი გარე შეფასების სისტემა. ძალიან საინტერესოდ წარიმართა თავად პროცესი. პირველ ეტაპზე, კონკურსში მონაწილე თითოეული სკოლის დირექტორს საკმაოდ მაღალპროფესიულ დონეზე შედგენილი კითხვარის (თვითშეფასების) შევსება მოუწია. შემდეგ ეტაპზე, ათეულის წევრებმა საინტერესო და სახალისო გუნდური და ინდივიდუალური დავალებები შევასრულეთ. ასევე, გაიმართა საბჭოს წევრების შეხვედრა ჯერ უშუალოდ სკოლის დირექტორებთან, შემდეგ სასკოლო საზოგადოების წევრებთან (მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან) და ა.შ. რაც მთავარია, კონკურსის ყველა მონაწილისთვის ცხადი იყო შეფასების კრიტერიუმები და პრინციპები. ვფიქრობ, მსგავს კონკურსებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათლების სისტემის განვითარებისა და გაუმჯობესების მიმართულებით.

 ცხადია, არასდროს არ არის თანხა საკმარისი იმ მიზნების შესასრულებლად, რაც დასახული გვაქვს და ყოველთვის გვიწევს არჩევნის გაკეთება. პირველ რიგში, ვფიქრობთ, მოსწავლის ქოუჩინგი დავაფინანსოთ. ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი 3 წლის წინ წამოვიწყეთ და ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ბავშვებისა და მშობლების მხრიდან, პროცესი მონაწილე მასწავლებლებისთვისაც საინტერესოა. მოსწავლის ქოუჩინგი პრინციპულად განსხვავებულ, თანამედროვე და ინოვაციურ მიდგომას ითვალისწინებს მოსწავლეების მიმართ. ამ მიმართულებით, ჩვენ მიერ განხორცილებული შიდა შეფასებითაც მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. მეორე, გვინდა შევიძინოთ, მინიმუმ, ერთი ინტერაქტიული დაფა. რეალურად თანამედროვე ტექნოლოგიების, იმავე ონლაინ სწავლების დროს მიღებული გამოცდილების ეფექტურად შემოტანა საკლასო სივრცეში სწორედ სმარტ დაფის მეშვეობითაა შესაძლებელი. დარჩენილ თანხას საინჟინრო კლუბის ამოქმედებისკენ მივმართავთ.

 აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და მის რექტორს, ბატონ გიგა ზედანიას იმ საჩუქრისთვის, რასაც სკოლის სასწავლო დრონებით აღჭურვა, საინჟინრო კლუბის ჩამოყალიბებაში დახმარება ჰქვია. სკოლაში უკვე გვაქვს 3D პრინტერი და 3D კლუბი (ვბეჭდავთ მულაჟებს, თვალსაჩინოებებს), წიგნისა და კომპიუტერის მოყვარულთა კლუბი (რომელიც ზოგადად კითხვას და ელექტრონულ წამკითხველებს უწევს პოპულარიზაციას), თუ ამას საინჟინრო კლუბიც დაემატება (შესაძლებელია, ყველაფერი ერთ კლუბში გავაერთიანოთ, ტექნოლოგიების მიმართულებით), ჩვენი სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, სკოლიდანვე ეზიარონ 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებს, უშუალოდ კეთებით შეისწავლონ ინჟინერიისა და პროგრამირების საწყისები. შეიძლება მოვლენებს წინ ვუსწრებ, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, მომავლში, ჩვენი სკოლის ბაზაზე შექმნილი ტექნოლოგიების კლუბში მოვიწვიოთ მეზობელი სკოლების მოსწავლეებიც – ჩვენი სკოლის გარდა, ფარცხანაყანევში კიდევ 3 სკოლა ფუქნციონირებს.“

ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები