დიდი ხანია, მსოფლიო დარწმუნდა: კარგი განათლება, მეცნიერება და კულტურა საბაზრო ეკონომიკის წესებითა და თვითდაფინანსებით ვერ იარსებებს. მაგალითად, მსოფლიოში ცნობილი ჰარვარდის კერძო უნივერსიტეტიც კი ვერ არსებობს თვითდაფინანსებით — მის ბიუჯეტს ქველმოქმედება და ზოგჯერ სახელმწიფო ბიუჯეტიც კი ავსებს. განათლებას, მეცნიერებასა და კულტურას საგანგებო დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანდა მეცენატობა სჭირდება. უამისოდ მათი ხარისხი სავალალოდ დაბლდება. ეს კი, ჯერ ერთი, ადამიანებს ცხოვრებას უფუჭებს (ვინაიდან ადამიანის ბედნიერი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი პროფესიონალიზმია). მეორეც, სახელმწიფოს ეკონომიკას ბუმერანგივით უბრუნდება უკან — განათლებაში დაზოგილი ყოველი ლარი მომავალში ასლარიან ზარალს იწვევს (სხვა საკითხია, რომ საქართველოში განათლების ისედაც მცირე თანხების არცთუ მცირე ნაწილი არამიზნობრივად იხარჯება).
საქართველოში, ერთი მხრივ, განათლება ბიზნესადაა გამოყენებული, ანუ ფინანსური მოგების წყაროდაა ქცეული. მეორე მხრივ, განათლების დაფინანსება საბაზრო ეკონომიკაზეა მიგდებული, კერძოდ — ვაუჩერულ დაფინანსებაზე. სკოლა თუ უნივერსიტეტი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაფინანსებას მოსწავლე-სტუდენტების რაოდენობის პროპორციულად იღებს. ამიტომ სასწავლებლის კეთილდღეობა პირდაპირაა დამოკიდებული მისი კონტინგენტის რაოდენობაზე. ამიტომაა, რომ სასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს/სტუდენტს ებღაუჭება, სასწავლებელს თანხის არც ერთი შემომტანი არ ეთმობა. ეს კი შეუთავსებადია სწავლების ხარისხთან.
საბაზრო ეკონომიკის პრინციპი ზერელედ გულისხმობს, რომ ხარისხს „თვითონ ბაზარი დაარეგულირებს“ — რომ ვითომ რაც უფრო მაღალია სწავლების ხარისხი, მით უფრო მეტი კონტინგენტი ეყოლება სასწავლებელს. მაგრამ ეს ნეოლიბერალიზმის საბედისწერო შეცდომაა. როგორც წესი, სასწავლებლის არჩევისას, სწავლების რეალური ხარისხი კი არაა განმსაზღვრელი, არამედ სულ სხვა ფაქტორები: უბანი, პრესტიჟულობა, მოდური სპეციალობა, რეკლამა, წამხედურობა, ოჯახის ფინანსური მდგომარეობა და სხვა (იშვიათი გამონაკლისები საერთო ვითარებას ვერ შეცვლის). უფრო მეტიც, მოქალაქემ რომც მოისურვოს და მართლაც სწავლების ხარისხის შესაბამისად აირჩიოს სასწავლებელი, ამას მაინც ვერ შეძლებს — ვერსად მოიპოვებს სანდო და მიუკერძოებელ ინფორმაციას სწავლების ნამდვილი ხარისხის შესახებ (ეს ყოველივე მხოლოდ ჭორების დონეზეა).
საქართველოს განათლების სისტემა, დაწყებული, ალბათ, სკოლის VII-VIII კლასებიდან, სწორედ საბაზრო სულისკვეთებითაა განმსჭვალული — ატესტატების, დიპლომების, სერტიფიკატების, მასწავლებელთა კრედიტქულების, თანამშრომელთა ხელფასებისა და დამფუძნებელთა დივიდენდების სავაჭრო დახლადაა ქცეული.
დაფინანსების მახინჯმა სისტემამ, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების უვარგისობასთან ერთად, საბოლოოდ გაანადგურა სწავლების ხარისხი საქართველოში. ამას მწარედ წარმოგვიჩენს საერთაშორისო ტესტირებათა შედეგები. განათლების სისტემის შედეგი და სახე არის არა ცალკეული ახალგაზრდის საამაყო წარმატებები, არამედ საშუალო დონე, რომლითაც საქართველო მსოფლიოს უდაბლეს 25%-შია. ამასვე გვიჩვენებს ჩვენი დიდი პრაქტიკული გამოცდილება. 15-20 წლის განმავლობაში ტრენინგები და ტესტირებები ჩაგვიტარებია ასეულობით მოსწავლისთვის, ასეულობით სტუდენტისთვის და აგრეთვე ათასეულობით სხვადასხვა სპეციალობის ახალგაზრდა თუ ხნიერი უმაღლესდამთავრებულისთვის (უმეტესად, სკოლის მასწავლებლებისთვის). გვაქვს მდიდარი სტატისტიკური მასალა, რომელიც სავალალო მდგომარეობას გვიჩვენებს. მთელი ამ წლების განმავლობაში ცოდნისა და უნარ-ჩვევათა საშუალო დონე განუხრელად იკლებს, ყოველი მომდევნო წელიწადი წინანდელზე უარესია. ეს პროცესი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირშია დაწყებული, დაახლოებით 1970-იანი წლებიდან. მაშასადამე, მცდარია გავრცელებული აზრი, რომ საბჭოთა განათლების სისტემა კარგი იყო (ცოდნის დონე კი იყო ამჟამინდელზე უკეთესი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ახლა უარესია და არა იმიტომ, რომ ის კარგი იყო). ამჟამად მრავალი მასწავლებელი, აგრეთვე ახალგაზრდა მაგისტრანტი და დოქტორანტიც კი, საკუთარ სპეციალობაშიც კი, კარგი მეათეკლასელის დონეზე ვერაა (მაგალითად, საფინანსო-ეკონომიკური სპეციალობის სტუდენტების უმრავლესობამ პროცენტები და გრაფიკები არ იცის წესიერად; ფილოლოგებმა — ზმნის პირის ნიშნები; ისტორიკოსებმა — რენესანსის ხანა და ასე შემდეგ). ეს ახალგაზრდები დისერტაციასაც იცავენ და, ვისაც გავლენიანი მფარველი ჰყავს, საპასუხისმგებლო თანამდებობასაც იკავებენ; უცხოეთში რაიმე სერტიფიკატსაც შოულობენ, რის შემდეგაც „ექსპერტებად“ გვევლინებიან და ღუპავენ მრავალ ადამიანს, აგრეთვე მთელი საქართველოს მომავალს.
„ნაცების“ ხელისუფლებამ საქართველოში სულ რამდენიმე კარგი ცვლილება განახორციელა (არასაკმარისი, თუმცა კეთილისმყოფელი). ერთ-ერთი ასეთი ცვლილება სახელმწიფო გამოცდების დაწესება იყო: 1) სკოლის დამამთავრებელი გამოცდები; 2) უმაღლესში მისაღები გამოცდები; 3) სახელმწიფოს მიერ რეგულირებად პროფესიებში (მასწავლებელი, ექიმი, იურისტი) სერტიფიცირება. გამოცდების თითოეულ ამ წყებას მრავალი დაუშვებელი ხარვეზი ჰქონდა (რის შესახებაც მრავალჯერ განგვიცხადებია მასმედიაშიც, ოფიციალურ წერილებშიც და სხვადასხვა თათბირებზეც, თუმცა ამას შედეგად მხოლოდ ჩვენი შევიწროება მოჰყვა…). მაგრამ, კეთილი ნებისა და ნეპოტიზმის შეზღუდვის პირობით, ეს ხარვეზები ადვილად გამოსწორდებოდა. სამწუხაროდ, ხარვეზების გამოსწორების ნაცვლად, სამინისტრომ სულ გააუქმა სახელმწიფო გამოცდების სისტემის მთავარი კარგი მხარეები.
1) სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმება. ე.წ. „კატის“ გამოცდები არ ვარგოდა არც შინაარსით და არც ორგანიზაციულად, ამიტომ ნამდვილად გასაუქმებელი იყო. ასევე ნამდვილად ცუდია სწავლა გამოცდისთვის. მაგრამ კიდევ უფრო უარესია სულ არსწავლა. ფაქტია, რომ უფროს კლასებში რამდენიმე სასკოლო საგნის სწავლა სწორედ საატესტატო გამოცდების დაწესების შემდეგ დაიწყეს მოსწავლეებმა, ხოლო როგორც კი ყური მოჰკრეს საატესტატო გამოცდების გაუქმებას, მეორე დღესვე თავი დაანებეს ამ საგნების სწავლას (მრავალგან — გაკვეთილებზე დასწრებასაც კი). ესაა სამინისტროს მიერ შეპირებული „სკოლის გაძლიერება“?
2) მეოთხე სავალდებულო მისაღები გამოცდის გაუქმება. ეს მეოთხე გამოცდა უმაღლესი სასწავლებლის კეთილგონიერებაზე დარჩა დამოკიდებული. ესე იგი, სასწავლებლებს კანონი იმის უფლებას მისცემს, რომ აბიტურიენტი ჩაირიცხოს: სამედიცინოზე — ბიოლოგიის გარეშე; ფილოლოგიაზე — ქართული ლიტერატურისა და თეორიული გრამატიკის გარეშე; ქიმიაზე — ქიმიის გარეშე და ასე შემდეგ. ესაა სამინისტროს მიერ შეპირებული „უმაღლესი სასწავლებლის გაძლიერება“?
3) ზოგად უნართა სავალდებულო ტესტირების გაუქმება (იმის მაგივრად, რომ სასკოლო განათლებაშიც დანერგილიყო ზოგად უნართა სისტემური და სისტემატური განვითარება). საერთაშორისო გამოცდილებამ უკვე დაამტკიცა: 1) ზოგად უნართა ტესტის შინაარსი — ესაა ის რეალური მინიმუმი, რომელიც, ჯერ ერთი, გაუყალბებლადაა მისაწვდომი ყველა ნორმალური ადამიანისთვის; მეორეც, საჭირო და აუცილებელია 21-ე საუკუნის ყველა მოქალაქისთვის, სპეციალობის მიუხედავად; 2) ზოგად უნართა ტესტი ყველა სხვა საშუალებაზე უფრო სანდოდ ზომავს ახალგაზრდის სასტუდენტო მზაობის რეალურ დონეს — რამდენადაა ახალგაზრდა მზად უმაღლეს სასწავლებელში სწავლისთვის; თუკი ადამიანი ვერ გადალახავს ამ ტესტის ბარიერს, ის თითქმის ვერც ერთი განხრით ვერ შეძლებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლას; ფუჭად იქნება გაფლანგული როგორც სახელმწიფოს, ისე ოჯახის თანხები და აგრეთვე ახალგაზრდის ცხოვრების წლები. ამიტომ მართებული იყო, როდესაც ზოგად უნართა ტესტი მთავარ გამოცდად იყო დაწესებული (ერთხანს სულაც ამ გამოცდაზე მიღებულ ქულაზე იყო დამოკიდებული გრანტის მიღება-არმიღება ან მისი ოდენობა).
4) გამოცდების სავალდებულო ბარიერის გაუქმება (გამოცდების სამივე წყებაში, მათ შორის, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში). მეოთხე გამოცდაც, ზოგად უნართა ტესტიც და საგამოცდო ბარიერიც უმაღლესი სასწავლებლის კეთილგონიერებაზე დარჩა დამოკიდებული. ეს კი უაღრესად საეჭვო და არამყარი საფუძველია, რადგან, როგორც უკვე ვიმსჯელეთ, სასწავლებელი ფულის შემტან თითოეულ სტუდენტს ებღაუჭება. ამიტომ სასწავლებელთა დიდი უმრავლესობა დამატებითი გამოცდებისა და ბარიერების დაწესებას მოერიდება. ეს ყოველივე კი საბოლოოდ ნულამდე დასცემს საქართველოში ისედაც დაცემულ სწავლების ხარისხს.
საქართველოში ადრეც უდაბლესი ბარიერი იყო. მაგალითად, ზოგად უნართა ტესტის მინიმალური ბარიერი წესით 40%-ია. ამაზე ნაკლები ბარიერით ეს ტესტი წესიერად ვეღარ მუშაობს (ისევე როგორც სარეცხი მანქანა ვერ იმუშავებს, თუკი მის ინსტრუქციას დავარღვევთ, მაგალითად, თუკი 220-ის ნაცვლად 120 ვოლტში ჩავრთავთ). ჩვენთან კი ბარიერი 27% იყო მაშინ, როდესაც ამ ტესტში საშუალოდ 22% პასუხების ალალბედზე შემოხაზვით გროვდება, ანუ ძნელია იმის მოხერხება, რომ ბარიერი ვერ გადალახო, მაგრამ ზოგი აბიტურიენტი, ზოგ გამოცდაზე, ამასაც ახერხებდა და უმაღლესი სასწავლებლის გარეთ რჩებოდა. ამიტომ უმაღლეს სასწავლებლებში მრავალი ცარიელი ადგილი რჩებოდა, თანაც ამ „მოცდენილი“ ადგილების რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებდა ცოდნა-განვითარების საშუალო დონის კლების შესაბამისად. ეს კი შემოსავალს უკარგავდა უმაღლეს სასწავლებელსაც და ნაწილობრივ — სახელმწიფოსაც. მრავალი ოჯახი განაწყენებულიც რჩებოდა. სწორედ ამ განაწყენებისა და, რაც მთავარია, ფინანსური დანაკარგების აღკვეთა არის ის მთავარი მიზანი, რომელსაც სამინისტროს ახალი ინიციატივა ისახავს. გრძელდება „საბაზრო მიდგომა“, დამღუპველ პოპულიზმთან ერთად.
კომუნისტების ხანაში საქართველოში 1,5-ჯერ მეტი ახალგაზრდა ცხოვრობდა, ვიდრე ამჟამად, წარმოება მუშაობდა და სპეციალობის შესაბამისი დასაქმება კი თითქმის 100%-იანი იყო. მაშინ უმაღლეს სასწავლებელთა ყოველწლიური კონტინგენტის საერთო რიცხოვნება 8 ათასს არ აღემატებოდა. ამის მიუხედავად და აგრეთვე იმის მიუხედავად, რომ მაშინდელი აბიტურიენტის მომზადების საშუალო დონე ამჟამინდელზე გაცილებით მაღალი იყო, მაშინაც კი სტუდენტების უმრავლესობა ფუჭად აცდენდა უმაღლეს სასწავლებელთა ადგილებს, რადგან არ/ვერ სწავლობდა და ყალბად იღებდა ნიშნებს. ახლა შევადაროთ: ამჟამად, მასობრივი უმუშევრობისა და 1,5-ჯერ ნაკლები რაოდენობის ახალგაზრდების პირობებში, კონტინგენტის საერთო რიცხოვნება 30-40 ათასია, ანუ ახალგაზრდების რაოდენობასთან პროპორციით 6-ჯერ მეტია, ვიდრე კომუნისტებისდროინდელი კონტინგენტი და 12-ჯერ მეტია, ვიდრე რეალურად საჭირო, ოპტიმალური კონტინგენტი.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რამდენი პროფესორ-მასწავლებელი სჭირდება 4-ჯერ 30000, ანუ 120000 ბაკალავრიანტს, კიდევ ათასობით მაგისტრანტს და კიდევ ასეულობით დოქტორანტს? საქართველოში კვალიფიციურ პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა ამის ნახევარსაც კი ვერ გასწვდება. უმაღლეს სასწავლებელთა აკრედიტაცია კი ყალბი ბიუროკრატიული პროცედურაა, „საბაზრო ეკონომიკის“ კიდევ ერთი წყაროა და ნამდვილ ხარისხთან შეხებაც კი არ აქვს. რატომ არ ევალება უნივერსიტეტის მასწავლებელს სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება? თუკი მოსამართლეს ეკადრება, უნივერსიტეტის მასწავლებელს რატომ არ ეკადრება?
სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორს, სამინისტროს ექსპერტს, მასწავლებელთა მწვრთნელსა და ტესტის შემდგენელს რატომ არ ევალება იმ გამოცდების ჩაბარება, რომლებსაც რიგითი სკოლის მასწავლებლები აბარებენ? თუკი ჩხოროწყუს რაიონის გეოგრაფიის მასწავლებელმა უნდა იცოდეს პიაჟეს თეორიის საწყისები, გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ავტორს რატომ არ ევალება? თუკი, არსებული სასწავლო სტანდარტების მოთხოვნით, სკოლადამთავრებულს ევალება რომელიმე მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევის ფლობა, იმავე ახალგაზრდის მომავალ ლექტორს რატომ არ ევალება? ტექსტის გააზრება და ლოგიკური აზროვნება მწვრთნელს არ სჭირდება?
სპეციალისტს უნდა დაევალოს დარგის ექსპერტის ოფიციალური წოდების მოპოვება სათანადო გამოცდების ჩაბარებით (მათ შორის, ზოგად უნართა ტესტისა, სულ მცირე, რიგითი აბიტურიენტის დონეზე მაინც). ექსპერტის წოდების გარეშე კი უნდა აიკრძალოს ლექტორობა, ავტორობა, სამინისტროს სისტემაში ექსპერტ-სპეციალისტის თანამდებობის დაკავება, ტრენინგის ჩატარება და ტესტების შედგენა. თუკი არ აიკრძალება, სტუდენტსა თუ მასწავლებელს ის მაინც ეცოდინება, ნამდვილი ექსპერტი ასწავლის თუ არა და უღირს თუ არა ამაში ფულის გადახდა. ამგვარი გამოცდები რომ დაწესდეს, საქართველოში ამჟამად აღზევებული „ექსპერტების“ ნახევარი მაინც ჩაიჭრება. ამით უმეტესად მაინც მოგვარდება კონტინგენტის ოპტიმიზაციის პრობლემა. ამბობენ ხოლმე, ასეთი გამოცდების ტესტები ვიღამ შეადგინოსო. ეს ადვილი მოსაგვარებელია: ზოგად უნართა ტესტები უკვე მრავლადაა შედგენილი და ალალბედზე აირჩევა 2005-2017 წლების ტესტებიდან (ყოველწლიურად 4-5 ვარიანტია); ასევე მრავლადაა მასწავლებელთა პროფესიულ უნართა ტესტები და სხვა. ხოლო რომლებიც ვერ მოიძიება, ისინი თავდაპირველად უცხოელ სპეციალისტებს და უცხოეთში მომუშავე ქართველ სპეციალისტებს შევადგენინოთ, მერე კი უკვე აქაური სერტიფიცირებული ექსპერტები შეადგენენ (საორგანიზაციო მხარე ისევე მოგვარდება, როგორც მასწავლებლების, ექიმებისა თუ იურისტების სასერტიფიკაციო გამოცდების დროს გვარდება). ძველ ჩინეთში, უკვე VIII საუკუნეში, დაწესებული იყო გამოცდები თანამდებობის პირთათვის.
უსაშველოდ გაბერილი კონტინგენტის, ანუ საგამოცდო ბარიერის საკითხი ყველაზე მწვავეა და მართლაც დამღუპველი შედეგების მომტანია. ამას სამი არგუმენტით დავასაბუთებთ. მაშ რატომაა დამღუპველი ის პოლიტიკა, რომ ყველა აბიტურიენტის გასტუდენტებით ოჯახებიც გავახაროთ და უმაღლესი სასწავლებლებიც?
1) საქართველო ავსებულია უცოდინარი დიპლომირებული ვაისპეციალისტებით, რომელთა ნაწილი (ვისაც გავლენიანი მფარველი ჰყავს) საპასუხისმგებლო თანამდებობაზეა. მაგალითად, მრავალმა მედიკოსმა იმ მიკროორგანოს ანატომიური მდებარეობაც კი არ იცის, რომელსაც უნდა უმკურნალოს; მრავალი მასწავლებელი თავის დარგში მე-3 კლასისთვის განკუთვნილ ამოცანებსაც კი ვერ ხსნის; მრავალი „ექსპერტის“ საქმიანობა კი იმით იფარგლება, რომ ფუჭ და ყალბ ბიუროკრატიაში მაღალ ხელფასს იღებს და თავის ირგვლივ პროფესიონალს არ აჭაჭანებს. არის თუ არა ეს საქართველოს მომავლის დაღუპვა?
2) ოჯახი სახელმწიფოსა და უმაღლესი სასწავლებლის მიერაა მოტყუებული. ოჯახს ჰგონია, რომ შვილის მომავალზე ზრუნავს. ბანკის კრედიტს იღებს, უკანასკნელ მანქანასა თუ ძროხას ყიდის, ბინასა და მიწას აგირავებს, უმიწაწყლოდ რჩება… შვილის „ბედნიერი მომავლის“ გულისთვის. მაგრამ ეს შვილი ლექცია-სემინარებზეც კი არ დადის, ანუ ქუჩაში (ან სამორინეში) ყრის იმას, რაც ოჯახმა სისხლის ფასად იყიდა (რატომ არ აწუხებს სამინისტროს ის, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გაცდენები 50%-ს აჭარბებს, ხოლო არგაცდენის შემთხვევაში სტუდენტების, საშუალოდ, მხოლოდ 20-30%-ია ჩართული სასწავლო პროცესში?). ათიათასობით ხელმოცარულ სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. შედარებით წარმატებული კი აიღებს და ააფრიალებს ფარატინა დიპლომს, მაგრამ ოჯახი გაღატაკებული დახვდება, ფარატინა დიპლომს კი ათიათასობით სხვა უმუშევარი ახალგაზრდა აფრიალებს. ათიათასობით უმუშევარი იურისტი, ეკონომისტი თუ პოლიტოლოგ-დიპლომატი აფრიალებს დიპლომს, ოჯახი კი შვილს იურიდიულ/ეკონიმიკურ/საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალობაზე აგზავნის. ლატარეაში ან სამორინეში უფრო მეტი შანსია მოგებისა, ვიდრე ამ სპეციალობებით სამსახურის შოვნისა. და თუკი უმაღლესდამთავრებულმა მერე მაინც „ბიზნესი“ უნდა დაიწყოს, თანაც არა სპეციალობით, მაშინ რისთვის დაიკარგა 4 წელიწადი და ის დიდძალი თანხები, რომლებიც სწორედ იმ „ბიზნესის“ წამოსაწყებადაა საჭირო? ისედაც გაჭირვებული ათასობით ოჯახის გაღატაკება და ახალგაზრდების მასობრივად უმუშევრად დატოვება არის თუ არა საქართველოს მომავლის დაღუპვა?
3) ყალბი სტუდენტობის 4 წლის განმავლობაში ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა გზას ასცდება. ზოგი უსაქმურობასა და მარიხუანას ან უარესს გაუგებს გემოს, ზოგი — კრიმინალურ საქმიანობას, ზოგი წესიერ ცხოვრებას კი ინარჩუნებს, მაგრამ დამოკიდებულებები და შეხედულებები აქვს დამახინჯებული: მიჩვეულია იმას, რომ სიყალბე და მოჩვენებითობაა „საქმის კეთება“, ნამდვილი საქმის კეთებაზე კი წარმოდგენაც არ აქვს (ანუ მზადაა მომავალი კორუფციონერი); თავი დიპლომირებული სპეციალისტი ჰგონია და თავისთვის რეალურად შესაფერის საქმიანობას აღარ კადრულობს, თუკი ოფისში მენეჯერის მოადგილეობას მაინც არ შესთავაზებენ, ბედსა და მთავრობას უმუშევრობას აყვედრის. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რომლის გამოც სოფლები ცარიელდება და მუშახელი აღარაა. არის თუ არა ეს საქართველოს მომავლის დაღუპვა?
ათიათასობით ახალგაზრდის ცხოვრების გზის გამრუდება არის თუ არა საქართველოს მომავლის დაღუპვა?
ჩვენი წინაპრები გოდებდნენ: „იყიდება საქართველოო“. ამჟამად საქართველოც იყიდება და მისი მომავალიც გირაოში იდება. ამის შესაჩერებლად ერთადერთი გზაა: განათლების პოლიტიკა „საბაზრო პრინციპებითა“ და პოპულიზმით კი არ უნდა იმართებოდეს, არამედ უპირველესად ხარისხზე, ახალგაზრდაზე და საქართველოს მომავალზე უნდა ზრუნავდეს. მთავარი კი ნეპოტიზმ-კორუფციის აღკვეთაა. ცოდნის დაბალი დონე იმაშიც ჩანს, რომ ჩვენს მოსახლეობას არ ესმის ცნება „კორუფცია“ და მას მექრთამეობასთან აიგივებს. სინამდვილეში კი მექრთამეობა კორუფციის მხოლოდ ერთი სახეობაა, თანაც არა ყველაზე უარესი სახეობა. კორუფცია — ესაა თანამდებობის უკანონო გამოყენება პირადი მიზნებით. მაგალითად, რუსეთსა თუ აზერბაიჯანში მექრთამეობა გაცილებით მეტია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ მთლიანობაში კორუფცია, ნეპოტიზმის ხარჯზე, საქართველოშია მეტი. საქართველოში თანამდებობაზე დანიშვნისას პროფესიონალიზმის ფაქტორი უბრალოდ აღარ არსებობს. რუსეთსა თუ აზერბაიჯანში ვერ ნახავთ განათლებისა თუ მეცნიერების ექსპერტების როლში ისეთ გამოუცდელ არაპროფესიონალებს, როგორებიც საქართველოში გვყავს მრავლად.
სახელმწიფო გამოცდები კი არ უნდა გაუქმდეს, არამედ პირიქით — სამინისტროს მთავარი საქმე შედეგის ხარისხის კონტროლი უნდა იყოს (და არა ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ-ბიუროკრატიული ცენტრალიზაცია). კონკრეტულად: უნდა ტარდებოდეს სახელმწიფო ტესტირებები, დაწყებული დაწყებითი კლასების დასრულებიდან (XI-XII კლასებში უკვე გვიანაა). თუკი საყოველთაო ტესტირება ძნელი ჩასატარებელია, მაშინ შერჩევითი ტესტირება შეიძლება. ყოველი საჯარო და კერძო სკოლიდან შეიძლება რამდენიმე წარჩინებული და რამდენიმე საშუალო შეფასებათა მქონე მოსწავლის შემთხვევითი შერჩევა, ოთხი ასაკობრივი ჯგუფიდან: IV-V, VI-VII, IX-X და XI-XII კლასებიდან. ყველაზე წარმატებული მოსწავლეები სიგელებით მაინც უნდა დაჯილდოვდნენ, ასევე საშუალო შედეგების მიხედვით ყველა წარმატებული სკოლაც უნდა დაჯილდოვდეს და წარმატებულთა ეს ნუსხები საჯაროდ უნდა ქვეყნდებოდეს. ამით დამკვიდრდება ხარისხზე ორიენტირებული, თვითგაუმჯობესებადი და თვითგაჯანსაღებადი სისტემა.
ასეთივე ტესტირებები უნდა იყოს უმაღლეს სასწავლებელთა და კერძო სკოლების აკრედიტაციის მთავარი საფუძველიც. პარალელურად კი პროფესიულ-ტექნიკურ და სასოფლო სასწავლებელთა მრავალფეროვანი სისტემა უნდა ამუშავდეს მთელ საქართველოში (რასაც მრავალი მინისტრი გვპირდებოდა, მაგრამ მეათედიც არ ჩანს). ასეთი სასწავლებლები (ვუწოდოთ თუნდაც „კოლეჯები“) უკლებლივ ყველა რაიონში უნდა იყოს, რათა ახალგაზრდას სხვა ქალაქში ბინის შოვნა არ უწევდეს.
სამინისტროს, სასწავლებლის დირექციის, მასწავლებლებისა და განათლების მთელი სისტემის მთავარი საზრუნავი საქართველოს მომავალი, კერძოდ, მოსწავლე/სტუდენტის მომავალი, ანუ სწავლების ხარისხი უნდა გახდეს.
უცხოეთთან მოსწავლეთა გაცვლის პროგრამებმა ძალიან ჭკუის სასწავლებელი შემთხვევა გვიჩვენა. ქართველი ახალგაზრდა შეესწრო, თუ როგორ ავსებდა მისი ამერიკელი თანატოლი უმაღლესში მისაღები გამოცდის ტესტს ინტერნეტით. ქართველმა გაოცება ვერ დამალა: ეს რა გამოცდაა, შენ ხომ შეგიძლია, რომ მცოდნე ნაცნობი დაისვა გვერდით და მისი კარნახით შეავსო ტესტიო. ამ ნათქვამმა კი ამერიკელი გააოცა — შეურაცხყოფას რატომ მაყენებ, თაღლითს რა მიგავსო; თანაც სხვის მიერ ტესტის შევსება იგივეა, სამედიცინო ანალიზისთვის შენი სისხლის ნაცვლად ჯანმრთელი მეგობრის სისხლი რომ ჩააბაროო; ტესტებით მე ვხვდები, რომელი უნივერსიტეტის რომელი ფაკულტეტია ჩემთვის შესაფერისი და ვარ თუ არა მზად ამა თუ იმ სპეციალობისთვის და თუკი არ ვარ მზად, მაშინ 4 წლისა და თანხების ფუჭად დაკარგვა ხომ სისულელეაო… და კიდევ: შემდეგ, ქართველ ახალგაზრდაზე, ერთმანეთს დამცინავი ღიმილით ანიშნებდნენ — აი ესაა, ვინც ტესტის გაყალბებას გვირჩევსო! ასე იქცევა გონიერი და ღირსების მქონე ადამიანი. ხოლო უგუნური და უღირსებო ადამიანები სახელმწიფოს ვერ ააშენებენ. საქართველოში სწორედ განათლების სისტემა მსჭვალავს სიყალბით ახალგაზრდებს, რადგან წლების განმავლობაში აჩვევს მათ ყალბ სწავლას (უაზრო ზეპირობას), ყალბ შეფასებებს, ყალბ ატესტატებს, ყალბ დიპლომებს, ყალბ სიტყვებს, ყალბ საქმიანობას… მოჩვენებითობითა და მიფუჩეჩებით ვითომ საქმის კეთებას… ძვალ-რბილში გამჯდარი სიყალბე პიროვნებას ანგრევს და არასრულფასოვნების განცდით წამლავს, შრომას შეაძულებს, ქუჩისკენ და უწესო ცხოვრებისკენ უბიძგებს, აგრესიულობას აღვივებს და აძლიერებს.
დავუკვირდეთ, როგორ შეიძლება ჯანსაღი, გონიერი, მოაზროვნე, მშრომელი, ზნეობრივი, ღიმილიანი, თავისუფალი და ღირსეული მოქალაქე აღიზარდოს, როდესაც: სკოლადამთავრებულთა 80%-მა წილადი, პროცენტი, მოცულობა და დიაგრამის შედგენა არ იცის წესიერად, ამ დროს კი ვითომ ტრიგონომეტრიულ განტოლებასა და ლოგარითმს „ასწავლიან“; უბრალო ერთგვერდიანი ტექსტის წაკითხვა-გააზრება უჭირს, ამ დროს კი ვითომ ასჯერ უფრო რთულ ტექსტებს „ასწავლიან“ ყოველდღიურად; მზის სისტემის აგებულება, ზამთარ-ზაფხულის მონაცვლეობა და სიჩქარის გამოთვლა არ იცის წესიერად, ამ დროს კი ვითომ ელექტრომაგნიტურ ველში ვექტორებს „ასწავლიან“; ხერხემლიან და უხერხემლო ცხოველებს შორის არსებითი განსხვავება არ იცის, ამ დროს კი ვითომ ციტოლოგიისა და გენეტიკის თანამედროვე მიღწევებს „ასწავლიან“; ის არ იცის, თამარ მეფე ცხოვრობდა უფრო ადრე თუ ქრისტეფორ კოლუმბი, ამ დროს კი ვითომ ისტორიოგრაფიის წყაროთმცოდნეობას „ასწავლიან“; და არც ის ენაღვლებათ, აინტერესებს თუ არა და რამეში დასჭირდება თუ არა ახალგაზრდას ის საკითხები, რომლებსაც „ასწავლიან“, ანუ უაზროდ აზეპირებინებენ. მერე კი 6-იანითა თუ 10-იანით შეუფასებენ ცოდნას. აი, აქაა კორუფციის სამჭედლოს კერა.
დიმიტრი უზნაძე წერდა: იმიტომ კი არა ვართ გლახაკები, რომ ღატაკები ვართ, არამედ პირიქით — იმიტომ ვართ ღატაკები, რომ გლახაკები ვართო. განათლების სისტემაში ყოველგვარი სიყალბე უნდა აღმოიფხვრეს, რათა საქართველოს ჯანსაღ მომავალს გაეხსნეს გზა.
ზურაბ ვახანია
პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი