სექტემბრიდან, საქართველოს 5 სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები პროგრამირების და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს ისწავლიან. სწავლება 25 ქვეყანაში აღიარებული წიგნით — „გამარჯობა რუბი“ წარიმართება.
„გამარჯობა რუბი“ ფინური საბავშვო წიგნების სერიაა, რომელიც მიზნად ისახავს დაწყებითი კლასის ბავშვებში კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლებას და კრიტიკული შეფასებისა და ანალიზის უნარის განვითარებას. „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ თარგმნილი და გამოცემულია 25 ენაზე, მათ შორის, ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, იტალიურად, ესტონურად, იაპონურად და ახლა უკვე ქართულადაც. კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ნიუ-იორკის სკოლებში, დაწყებითი კლასის მოსწავლეები, სწორედ ამ წიგნებით სწავლობენ პროგრამირების საფუძვლებს.
რეფორმის ფარგლებში, საპილოტე რეჟიმში შერჩეული 3 საჯარო და 2 კერძო სკოლის მესამე-მეოთხეკლასელები პროგრამირების საფუძვლებს დაეუფლებიან. საგარეჯოს №2, რუსთავის №4 და თბილისის №71 საჯარო სკოლებში ახალი წიგნით სწავლება კლუბების სახით დაინერგება, ხოლო „ბაქსვუდის საერთაშორისო“ და „XXI საუკუნის“ კერძო სკოლებში — სასწავლო გეგმის ფარგლებში.
„გამარჯობა რუბის“ ავტორი 33 წლის ფინელი პროგრამისტი ლინდა ლიუკასია, რომელიც ჟურნალმა „ფორბსმა“, 2018 წელს, ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ევროპის საუკეთესო 50 ქალს შორის დაასახელა, ხოლო ევროკომისიამ „ფინეთის ციფრული ჩემპიონი“ უწოდა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც წიგნების ქართულად გამოქვეყნების ლიცენზია ავტორის გადაწყვეტილებით მიიღო, ლინდა ლიუკასი საქართველოში ჩამოიყვანა. მან 60-მდე მასწავლებელსა და ტრენერს მისივე წიგნით სწავლების საგაკვეთილო სქემის შემუშავებაში სერტიფიცირებული ტრენინგი და ვორქშოფი ჩაუტარა.
გახმაურებული სერიის ავტორი ამბობს, რომ წიგნის დაწერის იდეა მისი ბავშვობის სურვილს უკავშირდება — პატარაობისას უნდოდა, რომ ასეთი წიგნით ესწავლა, რადგან ძალიან მოსაწყენი და მექანიკური წიგნებით სწავლობდნენ. „პატარებს კი გვჭირდებოდა უფრო კრეატიული და სახალისო წიგნით გვესწავლა კოდირება. საერთოდ, პროგრამირება და კოდირება ეს ის სფეროა, სადაც თავის გამოხატვა და ბევრი პრობლემის მოგვარება შეიძლება.
ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ „გამარჯობა რუბი“ უკვე ქართულ ენაზეც ითარგმნა. ამ ხნის განმავლობაში, წიგნით სწავლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ სერიით მასწავლებლებს მართლაც უკეთ შეუძლიათ, აუხსნან ბავშვებს რა არის პროგრამირება და კომპიუტერული მეცნიერება. იმედი მაქვს, სწორედ ასეთივე კარგ შედეგს მიიღებს ქართული საგანმანათლებლო სივრცეც.“ — განაცხადა ავტორმა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელი ნინი შენგელია ამბობს, რომ 500-ზე მეტი პროექტი შეისწავლეს, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, მათ შორის ამერიკული გამოცდილების შესახებაც და მათგან ხუთი პროექტი შეარჩიეს. „შევეცადეთ, აგვერჩია ყველაზე წარმატებული და აღიარებული პროექტი — „გამარჯობა რუბი“. როგორც ქალბატონმა ლინდამ აღნიშნა, 25 ენაზე ნათარგმნი წიგნი უკვე 15 ქვეყანაში ფუნქციონირებს, როგორც სახელმძღვანელო. გადავწყვიტეთ ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში სწორედ იმ პრაქტიკის დანერგვა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად წარმატებულია და მოზარდებში იმ უნარ-ჩვევებს განავითრებს, რომელიც 21-ე საუკუნის მოქალაქეს აუცილებლად ესაჭიროება.“
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, 2019 წელს, მოზარდებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, 5 პროექტს განახორციელებს.
სექტემბრიდან კი, განათლების სამინისტროს რეფორმის ფარგლებში შერჩეული სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეები პროგრამირების საფუძვლებს მსოფლიოში აღიარებული წიგნით დაეუფლებიან. იმედია, ფინური საბავშვო სერია მართლაც საუკეთესო თავგადასავალი გახდება პროგრამირების სამყაროში, როგორზეც ავტორი ბავშვობაში ოცნებობდა.
ლალი ჯელაძე