უცხო ენის ხანგრძლივი ბატონობის ჟამს აჭარაში გაჩნდა ჩვენი ენისა და ვინაობისთვის შემზარავი სიტყვა „გადამქართულდა“, ესე იგი, „გადამავიწყდა“. ფრიდონ ხალვაშის ლექსში სიტყვა „გადამქართულდა“ ასე გამოიყურება:
„გადამავიწყდა,
საუბარი მიმძიმს წარსულთან.
გადამავიწყდა,
ვაი, როგორ გადამქართულდა.
სხვა რომ დავარქვა,
როცა მიჭირს სიტყვის გამართვა.
ვცოცხლობ, კარგად ვარ…
უქართულოდ თუმცა ავად ვარ…“
სიტყვა „გადამქართულდა“ ლექსიკონშიც გაჩნდა, როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორიული ცხოვრების ტრაგიკული სტრიქონი. შ. ნიჟარაძის ქართული ენის აჭარულ დიალექტში სიტყვა „გადამქართულდა“ განმარტებულია შემდეგნაირად: „არ გამახსენდა, ვერ მოვიგონე“, „ვერ იქნა და ვეღარ გავიხსენე, სულ გადამქართულდა“. მურმან სუხიშვილის აზრით, „გადამქართულდა“, ეს უმწარესი, სიკვდილზე თავზარდამცემი სიტყვაა, რომელიც დედა-ქართულმა, ადგილის ბრძენმა დედამ, თავისი უგულისხმო შვილების გამოსაფხიზლებლად და გასაფრთხილებლად შვა, „გადამქართულდა“ მწარე წინასწარმეტყველებაა არყოფნისა, ენაში ჩამარხული საიდუმლოს უკუღმა პირი, „გადამქართულდა“ — ესაა უსამშობლო სამშობლო, უზნეო ზნეობა“.
რანი ვართ დღეს?
ეს კითხვა აწუხებს ერის გონებას, ერის შინაგან სინდისს.
დღეს რა წერია, ან რას გვაწერენ ჩვენი გონების დროშაზე?
ვერაფერს ვიტყვი, ენა დუმს…
ისტორია მოწმობს, რომ შეიძლება განადგურდეს ერი, მაგრამ გადარჩეს ენა, მაგრამ თუკი ენა მოკვდება, ერიც უთუოდ გადაგვარდება. ერის სიცოცხლე იწყება ენის დაბადებით. ბიბლია გვასწავლის: „უფალმა სიტყვა სამყარო სიტყვის ძალით შექმნა, ერებიც სხვადასხვა ენის გაჩენამ წარმოშვა“. ჩვენი ენა ხანგრძლივი წარსულის მქონეა, მაგრამ თანამედროვე პირობებში მაინც დიდია საფრთხე იმისა, რომ რუსულის ნაცვლად ახლა ინგლისურმა თუ ინტერნეტის ქსელის ენამ შეზღუდოს მისი ფუნქციონირება.
საქართველოს დედაქალაქმა ქართული სახე დაკარგა. ყოველგვარი გემოვნების, გეგმაზომიერების გარეშე აჭრელდა ქუჩები უცხოური წარწერებით. საბჭოური წყობის დანგრევასა და საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება-განვითარების პროცესს მრავალი დადებითი და უარყოფითი შედეგი მოჰყვა. გარდამავალ ეპოქასთან დაკავშირებული ძვრები ქართული ენის ღირსებასა და სტატუსსაც შეეხო. მართალია, იგი გათავისუფლდა რუსული ენის მოძალებისაგან, მაგრამ ახლა ინგლისურის, თურქულისა და სხვა ენებისაგან მოელის საფრთხე. დღეს, ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ქუჩებსა და მოედნებზე განთავსებულ ენობრივ თვალსაჩინოებებზე ვაწყდებით მშობლიური ენის უგულებელყოფის არაერთ ფაქტს. თბილისის ქუჩებში ინგლისურმა უკვე გამოდევნა ქართული და მისი ადგილი დაიკავა. ისე გეგონება, თითქოს სახელმწიფო ენა ინგლისურია და არა ქართული. ეკონომიკურმა, სოციალურმა, პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა მთლიანად შთანთქა ადამიანთა სხვა განცდები. ენა კი სწრაფად კარგავს პოზიციას, სივრცეს, ფუნქციას, სიწმინდეს, გამომხატველობით უნარს. პროცესი სწრაფად მიმდინარეობს.
კომაროვის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა „დალაშქრეს“ სკოლის მიმდებარე ტერიტორია (ვაკე-საბურთალოს რაიონი) და მოსახლეობის აზრით დაინტერესდნენ, უჭირს თუ ულხინს ქართულ ენას, გამოხატავს თუ არა იგი ერის სულიერ სამყაროს, რა აზრისანი არიან, როცა უცხოურ სახელწოდებებს ქართული შესატყვისი აქვს გაუგებრად? უცხოური სახელი, რომელიც ქართულად წერია, მაგრამ არ არის განმარტებული, გასაგებია თუ არა მათთვის? როგორ ფიქრობენ, ქართველები უფრო ვცემთ პატივს ქართულ ენას, თუ უცხოელები თავიანთ ენას.
გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ პოლიტიკოსთა, კულტურის სფეროს მუშაკთა, ჟურნალისტთა, შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა, მასწავლებელთა, პენსიონერთა, დიასახლისთა, სპორტსმენთა, სტუდენტთა, მშრომელთა, დიზაინერთა უმრავლესობის აზრით, ენას უჭირს, სავალალო მდგომარეობაშია; წუხს, რომ სარეკლამო რეკვიზიტები არაქართულია; დადგა ჟამი განგაშის ზარის შემოკვრისა; უცხოენოვანი წარწერები სერიოზულ საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ენას; ქართული ენა გაორებულია; ქართული ენა, კულტურა და სულისკვეთება „ წითელი წიგნის“ ბინადარნი გახდნენ; ყველაფერი ქართული შევიწროებას განიცდის“. საბედნიეროდ, გამოკითხულთა უმრავლესობა აცნობიერებს, რომ ენა გამოხატავს ერის სულიერ სამყაროს და აღიზიანებს უცხოენოვანი წარწერები, რომლებითაც მოფენილია ქუჩა. გამოკითხულთა უმცირესობა მიიჩნევს, რომ უცხოელები უფრო პატივით ეპყრობიან თავიანთ ენას, ვიდრე ქართველები, რადგან როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, იაპონიის მრავალ ფირმაში თურმე სპეციალური საშტატო თანამდებობაც არსებობს საქმიან ქაღალდებში ენის სიწმინდის დასაცავად და ეს თანამდებობა საკმაოდ პრესტიჟული და საპასუხისმგებლო ყოფილა. ჩვენი თაობის ყველაზე პოპულარულმა და საყვარელმა მწერალმა, ოტია იოსელიანმა კი ბრძანა: „საქართველოში ყველაფერი გაიყიდა, ენისა და კულტურის მყიდველი კი არ ჩანს. არ სჭირდებათ, ბატონებო, ფულიანებს შენი „მთაწმინდის მთვარე“ და „უსახელო უფლისციხელი“. ჩვენ კი მოვიშველიებთ ჩრდილო-ამერიკის ერთ-ერთი ინდიელი ტომის ბელადის გამონათქვამს: „როდესაც მოიწამლება ყველა მდინარე და დაიხოცება ყველა თევზი, როდესაც გაჩეხენ ყველა ტყეს და აღარ დარჩება არც ერთი ხე, მაშინ მივხვდებით, რომ ფული არ იჭმევა“. შოუბიზნესის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კი გადაწყვიტა, რომ ქართული ენა პატივშია, ულხინს, ქართულად შესრულებული რეკლამები არაეფექტურია, უცხო ენაზე შესრულებული წარწერები უფრო იქცევს უცხოელთა ყურადღებას და სრულებით არ აღიზიანებს უცხოენოვანი წარწერები, მათთვის ყველაფერი გასაგებია და დროა, საქართველო ბუნაგიდან გამოვიდეს, ვისთვისაც გაუგებარია ქუჩაში გამოფენილი წარწერები, ეს ენების უცოდინარ ადამიანთა პრობლემაა. ჩვენ ინგლისური ენის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ არც სწორი ინგლისურითაა დაწერილი მაგ., „არტფლორდიზაინი“, რომელშიც ყვავილები იყიდება. მოგეხსენებათ, მცენარე არის ფლორა და არა „ფლორ“, რაც ინგლისურად იატაკს ნიშნავს. ჟურნალისტთა უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ მთავარია ახალი ამბები, ფაქტები და მოვლენები დროულად მიაწოდონ ხალხს და არ აქვთ დრო მეტყველებაზე ზრუნვისა და დაფიქრებისა. მოსწავლეთა შეკითხვების მოსმენისას ხალხის რეაქცია სხვადასხვაგვარი გახლდათ, ზოგნი ხარობდნენ, ჩვენს ენას პატრონი გამოუჩნდაო, მეორენი გაღიზიანებას ვერ მალავდნენ: მეტი საქმე და გამოსასწორებელი ვერ ნახეთო? ერთგან დამაიმედებელ სურათს წავაწყდით: გამყიდველმა შენიშვნისთანავე ჩამოხსნა აბრა და სამომავლოდ მზადყოფნა გამოთქვა, შეცდომის შემთხვევაში, შენიშვნის მიღებისა.
უცხო ენის ცოდნა დიდად სასარგებლო საქმეა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი მეორე ენა რაღაც სივრცეს ართმევს პირველს. ინგლისური ენა გვჭირდება და ვსწავლობთ, მაგრამ პედაგოგიკის ძირითადი მცნებაა — „ნაცნობით შეისწავლება უცნობი“. აბრებში, რეკლამებში, განცხადებებში იგრძნობა დაუდევრობა სახელმწიფო ენის მიმართ. ამ სურათების ხილვისას, ყველას — თვალწინ დედა უკვდება, ენა წახდა და დედაენის საკითხებზე ზრუნვა ყოველდღიური საქმე უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისათვის. ქართული ენა არ არის ქართული ბიზნესის ენა. მისი ადგილი დაიკავა სხვა ენამ. საქართველოში მრავალი უცხო ენა დამკვიდრდა, რაც უფრო მატულობს უცხოელ ინვესტორთა რიცხვი, მით უფრო იზღუდება სახელმწიფო ენის სამოღვაწეო სივრცე. ამჟამად ინგლისურად იწოდებიან არა მხოლოდ მოსული, არამედ საკუთრივ ქართული დაწესებულებებიც. საქართველოში მცხოვრები არაქართველი ყოველი ფეხის ნაბიჯზე უნდა ხედავდეს, რომ ენას ჰყავს მოსიყვარულე პატრონი, რომ ეს ენა სჭირდება საქართველოსა და ყველა მის მოქალაქეს.
იყო დღე, როცა ილიას მოკვლით „საქართველო დატოვეს სახტად“. ვიმედოვნებთ, ენის კანონი მხოლოდ ფურცელზე დაწერილი არ დარჩება. შემზარავი სიტყვა „გადამქართულდა“ გაქრება ლექსიკონიდან და სასაუბრო მეტყველებიდან.
ლია გოგოხია
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის
199-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
გამოყენებული ლიტერატურა:
- ბრეგაძე, — ლევან ბრეგაძე, ქართული ჟარგონის ლექსიკონი, თბილისი, 1999;
- ბოჯგუა, — გივი ბოჯგუა, სწორად ვამბობთ თუ ვწერთ!, თბილისი, 1999;
- ნიჟარაძე, — შოთა ნიჟარაძე — ქართული ენის აჭარული დიალექტი, ლექსიკა, ბათუმი, 1971;
- სუხიშვილი, — მურმან სუხიშვილი — ჩვენი დედა, ჩვენი ენა, ჩვენი ლექსი ქართული — ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში, №4, 1986;
- ციბახაშვილი, — გიორგი ციბახაშვილი, ენა შემკული და… ხელყოფილი, თბილისი, 2002;
- ხალვაში, — ფრიდონ ხალვაში, რჩეული. ბათუმი, „გამომცემლობა აჭარა“, 2000;
- ჭუმბურიძე, — ზურაბ ჭუმბურიძე, მადლი დედაენისა, თბილისი, 1982;
- 8. ჯორბენაძე, 1997 — ბესარიონ ჯორბენაძე, ენა და კულტურა, თბილისი, 1997.