ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, მოსწავლეთა ჩართულობით, აქტიურად ხორციელდება ბევრი პროექტი. ამჯერად, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა საინტერესო საგანმანათლებლო პროექტზე – „წებოს მიღება რძისგან“ იმუშავეს, მათემატიკის მასწავლებლის, მანანა ცირდავას ხელმძღვანელობით და წარმატებითაც განახორციელეს.
პროექტის მიზანი იყო, არაფორმალური განათლების ფარგლებში, სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებში STEM კონცეფციების გაცნობა და მათზე მუშაობა; ასევე, მათი მოტივაციის ამაღლება, საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების პროფესიული განვითარება და სასწავლო პრაქტიკის თანამედროვე ტექნოლოგიებით გამდიდრება; პროექტის თემატიკის გათვალისწინებით, სხვადასხვა საგნების სწავლებაში საკითხების ინტეგრირება.
პროექტის სამიზნე ჯგუფს სამივე საფეხურის მოსწავლეები წარმოადგენდნენ. ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთვნენ პროექტში, არაერთი საინტერესო, მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია მოიძიეს, არსებული ცოდნა გაიღრმავეს და ცნობიერება აიმაღლეს.
პროექტის განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო საგნობრივი ინტეგრაცია – მათემატიკის, საბუნებისმეტყველო საგნების, ინგლისურის, ისტ-ის კათედრების დახმარებისა და ჩართულობის გარეშე, რძისგან ბუნებრივი წებოს მიღება შეუძლებელი იქნებოდა.
პროექტის მონაწილეებმა გუნდურ მუშაობას წარმატებით გაართვეს თავი და ქიმიაში მიღებული ცოდნით სამი სახის წებო შექმნეს, რისთვისაც სამი, სხვადასხვა ცხიმიანობის, რძის ნიმუში გამოიყენეს; მიღებული ნიმუშების სიმტკიცის ერთმანეთთან შედარებაში ფიზიკა დაეხმარათ, ცილა კაზეინის როლის გათვითცნობიერებაში კი — ბიოლოგია; ინგლისური ენის მასწავლებლის კონსულტაციით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ ინგლისურენოვან რესურსებს; ისტ-ის ცოდნა (გრაფიკის, ცხრილის, დიაგრამის აგების) ექსელში გამოიყენეს, ხოლო ცვლადების (დამოუკიდებელი, დამოკიდებული, საკონტროლო) დადგენაში — მათემატიკა დაეხმარათ. მიღებული დასკვნის საფუძველზე, რეკომენდაციები შეიმუშავეს. საჭირო ხელსაწყოებით აღჭურვა და უსაფრთხოების წესების დაცვა (დამცავი სათვალე, წინსაფარი, ხელთათმანები…) ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იყო. მოსწავლეებმა, ქიმიის მასწავლებლებთან ერთად, ჩაატარეს ექსპერიმენტი სხვადასხვა ცხიმიანობის რძით. მათ შეძლეს ეკოლოგიურად სუფთა, იაფი და ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტის, რამდენიმე სახის (შედგენილობის და სიმტკიცის) ბუნებრივი წებოს მიღება. მიღებული წებოები მათი სიმტკიცის მიხედვით შეადარეს და გრაფიკულად გამოსახეს.
⇑⇓ მარიამ გახარია, XII კლასის მოსწავლე: „ექსპერიმენტის მსვლელობა საინტერესო იყო. მოსწავლეები სპეციალური ხელსაწყოებით ვიყავით აღჭურვილნი, კერძოდ, ექსპერიმენტისთვის გამოვიყენეთ: შპატელი, საზომი ცილინდრი (100სმ3, 25სმ3), ბრტყელძირა/ერლენმეიერის (კონუსური) კოლბები (100 სმ3, 250 სმ3) , მეტალის გამანაწილებელი ბადე, საჭირო რეაქტივები/ნივთიერებები (ცხიმიანი რძე და ძმარი), ფუძე-ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, NaHCO3 (სასმელი სოდა), მინის ძაბრი და ქაღალდის ფილტრი, ხის ჯოხები, სასწორი და ა.შ. ექსპერიმენტის მსვლელობა საინტერესო იყო: წებოს მიღების ერთ-ერთი ხერხია რძეში შემავალი ცილა კაზეინის გამოყოფა, რაც შესაძლებელია კოაგულაციითა და გამოლექვით. ამისათვის რძე ძმრით უნდა ავჭრათ, წარმოიქმნება ნარევი — აჭრილი, ხაჭოსებრი მასა და თხევადი ფაზა. ხაჭო განეიტრალდება ფუძით და მივიღებთ წებოს“.
⇑⇓ ანი თოლორდავა, XII კლასის მოსწავლე: „წებოს მიღების შემდეგ, გამოვცადეთ ნიმუშების ხარისხი და სიმტკიცე მიღებული. ამ აქტივობამ ხელი შეუწყო ჯგუფურ და კვლევით მუშაობას. პროექტის ფარგლებში, გვეძლეოდა საშინაო დავალებაც — ანალოგიურად მოგვემზადებინა წებოს კიდევ ორი ნიმუში, რისთვისაც საშუალო და ნაკლებად ცხიმიანი რძე უნდა გამოგვეყენებინა. დავალებას წარმატებით გავართვი თავი. პროექტზე მუშაობა ჩემთვის საინტერესო იყო, ბევრი ახალი ინფორმაციის გაცნობის, დამუშავების, ანალიზის თვალსაზრისით და, ამავდროულად, ძალზე სახალისო“.
⇑⇓ გიგი გულუა, X კლასის მოსწავლე: „პროექტზე მუშაობა საინტერესო იყო. მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია მსგავს აქტივობებში მონაწილეობა. პროექტ-გაკვეთილის მასალის მომზადებამ უზრუნველყო კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობის და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება. ჩვენთვის პროექტი შემოქმედებითი უნარების გამოვლენის საუკეთესო შესაძლებლობა იყო. შევძელით საკუთარი თავის წარმოჩენა ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობისას“.
⇑⇓ მანანა ცირდავა, პროექტის ხელმძღვანელი: „კვლევებით დასტურდება, რომ განათლების სისტემა აწყდება სერიოზულ ინტერესის კლებას საბუნებისმეტყველო საგნებისა და მათემატიკის მიმართ. ეს მაშინ, როცა ჩვენი ცხოვრება უფრო და უფრო მაღალტექნოლოგიური ხდება. შესაბამისად, სახელმწიფოს და კერძოდ, დამსაქმებელს სჭირდება მაღალკვალიფიციური პროგრამისტები, ელექტროინჟინრები, გამომგონებლები, დიზაინერები, სპეციალისტები, რომელთაც აქვთ ზემოთ აღნიშნული საგნების ცოდნა და ხედვა რეალურ ცხოვრებასა და ეკონომიკის განვითარებას შორის. ასეთივე ინტერესის კლება შეინიშნება ჩვენი სკოლის მოსწავლეებშიც. ტექნიკური საგნების სწავლება ისეთი აქტივობების განხორციელებას მოითხოვს, როგორიცაა: ცდები, ექსპერიმენტები, რეაქციები, რომლის საშუალებაც, ხშირ შემთხვევაში, პრაქტიკულად, სკოლას არ გვაქვს. პრობლემას ვაწყდებით საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას, რადგან არ გაგვაჩნია შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი ლაბორატორიები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი გახდება მოსწავლეებისთვის, ტექნიკური მანიპულაციების განსახორციელებლად, საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების მიცემა, ვინაიდან სწავლების მიზანია არა მხოლოდ მოსწავლეთა თეორიული მომზადება, არამედ ამ ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება. აქედან გამომდინარე, არსებული პრობლემის მოგვარებისა და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების მიზნით, ჩავერთეთ STEM პროექტებში, ავირჩიეთ თემა – „წებოს შექმნა რძისგან“. აღნიშნული პროექტის განხორციელებით ხელი შევუწყვეთ კათედრებს შორის თანამშრომლობის კულტურის ამაღლებას. ეფექტური ურთიერთობის დამყარებას როგორც მასწავლებლებს, ასევე მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის. სხვადასხვა საგნის ინტეგრირებით ერთი და იგივე საკითხი სხვადასხვა კუთხით განვიხილეთ, საბოლოოდ კი მივიღეთ პროდუქტი ბუნებრივი წებო, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა, იაფი და ხანგრძლივი მოხმარებისაა. მისი გამოყენება, ხელოვნურ წებოსთან შედარებით, გაცილებით უსაფრთხოა“.
⇑⇓ როდერ ცირდავა, დირექტორი: „საგულისხმოა, რომ საბუნებისმეტყველო საგნების, უცხოური ენების, მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრების ჩართულობამ ხელი შეუწყო არა მხოლოდ თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას, არამედ დასახული მიზნის მიღწევასა და დაგეგმილი აქტივობების ხალისიანად და ხარისხიანად შესრულებას. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, თეორიული ცოდნა პრაქტიკული სამუშაოების შესრულებით განემტკიცებინათ. საინტერესო აქტივობებზე მუშაობა კვლავაც გრძელდება“.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, პროექტის ფარგლებში, მოეწყო შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან შეხვედრები, განხორციელდა ლექციური/ინტერაქტიური აქტივობები. პროექტის მონაწილეებს შეხვდნენ და მათთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ბუნებრივი წებოს დამზადებაში მუხურის თემის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა: ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ანტონ ჩიქოვანმა, ინფორმატიკისა და მართვის ტექნოლოგიების კათედრის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა, ნონა ოთხოზორიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ვანო ოთხოზორიამ.
მოსწავლეებმა მოამზადეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს პროექტის რეფლექსია.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, დარეჯან შენგელიამ, მუხურის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო საგნების კათედრა მინი-ლაბორატორიით დაასაჩუქრა.
მოამზადა მაკა ყიფიანმა