არასამთავრობო ორგანიზაციამ „ბუნების კონსერვაცია საქართველო“, პროექტში „ურბანული ბიომრავალფეროვნებისთვის მეგობრული სკვერების შექმნა სკოლის ეზოებში“ მონაწილეობისთვის, კონკურსის წესით, თბილისის 5 სკოლა შეარჩია — №71, №106, №144, №145, №60. პროექტის ფარგლებში, ამ სკოლებში ეკომეგობრული სკვერების მოწყობა იგეგმება, ასევე, ხუთივე სკოლის კედლები მოიხატება ურბანული ბიომრავალფეროვნების თემატიკით და განხორციელდება მრავალი საინტერესო აქტივობა.
ზოგადად, მნიშვნელოვანია ხალხში ცნობიერების ამაღლება ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით, მით უფრო მოსწავლეებში. მათთვის ეს ინფორმაცია რაც შეიძლება ეფექტურად უნდა იყოს მიწოდებული, რომ დაინტერესდნენ და დაიწყონ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნონ ურბანულ გარემოში არსებული ცხოველები და როგორ გაზარდონ ბიომრავალფეროვნება.
ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვა მხოლოდ შუაგულ ქალაქში დარგულ ხეებს არ ნიშნავს, რადგან, როგორც წესი, ისინი მხოლოდ ხეზე მცხოვრები ორგანიზმებისთვისაა საცხოვრებლად გამოსადეგი, ხოლო ხეების ქვეშ მდებარე სივრცე ყოველთვის ადამიანებზეა მორგებული და არა ცხოველებზე. ქალაქებში თითქმის არ გვხვდება ბუნებრივი ჰაბიტატები — ყველგან გადის გზები, შენდება კორპუსები და უფრო და უფრო ვიწროვდება ადგილი ცოცხალი ბუნებისთვის. იმისათვის, რომ ცოცხალმა ორგანიზმებმა თავისუფლად იცხოვრონ, მხოლოდ პარკები და სარეკრეაციო ზონები საკმარისი არ არის, რადგან განაშენიანების გარდა, მნიშვნელოვანია შეწუხების ფაქტორიც — პარკებში გამუდმებით ხალხია, ისინი ხმაურობენ და აფრთხობენ იქ არსებულ ცხოველებს. კვლევების თანახმად, ბიომრავალფეროვნება პარკების იმ ნაწილებშიც კი ნაკლებია, სადაც ძაღლებს ასეირნებენ.
არსებული ვითარების გამოსასწორებლად, ბევრ ქვეყანაში, მიმართავენ ე.წ. „ველური ბუნების კუნძულების“ შექმნის მეთოდს. ეს ის გამწვანებული ადგილებია, სადაც არა მხოლოდ მშენებლობაა აკრძალული, არამედ ხალხის შესვლაც, მხოლოდ სამეცნიერო ან საგანმანათლებლო მიზნებით შეშვებაა დასაშვები. სწორედ მსგავსი „კუნძულების“ — ეკომეგობრული სკვერების — შექმნას ისახავს მიზნად პროექტი, რომელიც თბილისის 5 სკოლაში, ერთი წლის განმავლობაში, განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში იგეგმება როგორც თეორიული ხასიათის, ასევე პრაქტიკული აქტივობები. უკვე დაიწყო პირველი ეტაპი, რომელიც სალექციო კურსს მოიაზრებს. ამ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაცია შერჩეული სკოლების მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიგონ ურბანული მრავალფეროვნების მნიშვნელობა და გაიაზრონ ეკომეგობრული სკვერების არსებობის აუცილებლობა ურბანულ გარემოში.
აღსანიშნავია ისიც, რომ სკვერებთან საგანმანათლებლო ხასიათის ბანერები განთავსდება — რა გაკეთდა და რისთვის, რომ ეს პროცესი, პროექტის დასრულებასთან ერთად, ერთ წელიწადში, არ დამთავრდეს. ბანერებზე დატანილ ინფორმაციას სხვა ადამიანებიც წაიკითხავენ და შესაძლოა, მათაც გაუჩნდეთ გვერდით მყოფ ცოცხალ არსებებზე ზრუნვის სურვილი.
როგორც პროექტის კოორდინატორი სანდრო ჭითანავა, ჩვენთან საუბრისას, აღნიშნავს, მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ის არის, რომ პროცესებში უშუალოდ ჩართული ბავშვები, შემდეგ, მიღებულ ინფორმაციას თანაკლასელებთან და პარალელურ კლასელებთანაც გაავრცელებენ, რაც დაეხმარება მათ, უკეთ გაიაზრონ ურბანულ გარემოში ეკომეგობრული სკვერის არსებობის მნიშვნელობა. „ეს სკვერები თავის თავში არ მოიაზრებს დეკორატიული მცენარეების ჩარგვას, ყველაფერი, რაც დაირგვება, იქნება ადგილობრივი, საქართველოს ბუნებისთვის დამახასიათებელი და ადგილობრივი სახეობის ცხოველების საკვებად ან საბუდრად გამოსაყენებელი. ბავშვებს ცოტა სხვა კუთხით დავანახებთ სკვერის დანიშნულებას, ის მორგებული იქნება იმ ცხოველებზე, რომლებიც მათი სკოლის სიახლოვეს ცხოვრობენ. გვინდა, მათ უფრო მეტად გავუმრავალფეროვნოთ გარემო და დავანახოთ, კიდევ რით შეიძლება მოვიზიდოთ ცხოველები და მეგობრული გავხადოთ მათთვის ქალაქში სივრცე. ცხოველებში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ფრინველები მოიაზრება, რადგან ჩვენთან მსხვილი ძუძუმწოვრები არ არის, მაქსიმუმ, შეიძლება იყოს ზღარბი, ციყვი ან სხვა პატარა ცხოველი. სკოლის ეზოებში, ძირითადად, ფრინველებია და ეს სკვერიც უფრო ფრინველებზე იმუშავებს.“
№71 საჯარო სკოლის დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილი გვიყვება, რომ მათ სკოლაში პროექტის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყვეს და გადაწყვიტეს, აუცილებლად მიეღოთ მონაწილეობა. „რატომ? იმიტომ, რომ ჩართული ვართ „ახალი სკოლის მოდელში“, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ გარემოსდაცვით მიზნებს ისახავს — ამბობს ბატონი პაატა, — როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ბუნების კონსერვაცია საქართველოს“ მიერ გამოცხადებული კონკურსის თემატიკას გავეცანი, ჩავთვალე, რომ ეს, გარკვეულწილად, მიესადაგებოდა ჩვენი სკოლის მიერ აღებულ გეზს და ამიტომ მივიღეთ მონაწილეობა. გადავაგზავნეთ ჩვენი მონაცემები, პროექტში ჩართვისათვის საჭირო ინფორმაცია და ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო იყო, როდესაც დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ შერჩეული ვართ პროექტის მონაწილე 5 სკოლას შორის.
არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე დაიწყო პრაქტიკული საქმიანობის წარმოება. პირველი ეტაპი სალექციო კურსის ჩატარებას გულისხმობს სკოლაში. ორი შეხვედრა გაიმართა, რა თქმა უნდა, რეგულაციების სრული დაცვით. სალექციო კურსი სულ 3 შეხვედრას მოიცავს, შემდეგ უკვე, ორგანიზატორების მიერ, პრაქტიკული საქმიანობების ნუსხაა შემოთავაზებული, რაშიც ჩვენი ბავშვები აქტიურად ჩაერთვებიან.“
პროექტი ერთწლიანია და ბატონი პაატა ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში VIII, IX და X კლასების მოსწავლეები, ბიოლოგიის მასწავლებლის, ნატო ინდუაშვილის ხელმძღვანელობით, აქტიურად იქნებიან ჩართული პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში, მაგალითად, სკვერის დაგეგმარება-გაშენებაში: „ეს მათთვის კარგი გამოცდილება იქნება. პროექტის მიზანიც ხომ ის არის, რომ მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერონ როგორც თვითონ ურბანული მრავალფეროვნების მნიშვნელობა, ასევე ურბანულ გარემოში ეკომეგობრული სკვერების არსებობის აუცილებლობა.“
პროექტის კიდევ ერთი მონაწილე, №144 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ჩარგეიშვილი მიიჩნევს, რომ ამ პროექტში მონაწილეობა დროული იყო მათთვის, რადგან სარემონტო სამუშაოების შედეგად, სკოლაში ახალი რეკრეაციული ზონა შეიქმნა, რომელიც ჯერ კიდევ ათვისებული არ ჰქონდათ. „რამდენიმე წლის წინ, სკოლაში განვახორციელეთ პროექტი, სახელწოდებით „ეს ჩვენი სკოლის ეზოა“, მონაწილეობა მივიღეთ USAID-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და ჩვენი სკოლის ეზოში მოეწყო პირველი სკვერი, რომელსაც ღია სივრცეში გაკვეთილების ჩასატარებლად ვიყენებთ. ეკომეგობრული სკვერი ცოტა განსხვავებული იქნება უკვე არსებულისგან. სკოლის ეზოში საკმაოდ დიდი ტერიტორიაა და მწვანე ნარგავებიც მრავლად არის როგორც წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი. ეკომეგობრული სკვერის, დაახლოებით 100მ2-ზე, გაშენებაში მოსწავლეები უშუალო მონაწილეობას მიიღებენ. დაირგვება მცენარეები, რომელიც კონკრეტულად ჩვენი ურბანული ცხოველებისა და გარემოსთვის იქნება მისაღები. ყურადღება მიექცევა ისეთ ბუჩქებსა თუ მოყვავილე მცენარეებს, რომელთა ნექტრითაც იკვებებიან სხვადასხვა მწერები. მწერებისთვის მოეწყობა სპეციალური საბუდრები, ასევე დამონტაჟდება ბუდეები, საკვებურები და საწყურებლები ურბანული ფრინველებისათვის, რომლებიც ჩვენს ეზოში ბინადრობენ, ასევე ციყვებისთვის, გაკეთდება თავშესაფრები ჩვენი ეზოს ბინადარი ძუძუმწოვრებისთვის.“
ერთი წლის განმავლობაში, პროექტის მიმდინარეობისას, ორგანიზატორები პერიოდულად ეწვევიან სკოლას და დაეხმარებიან სკვერის მოვლაში, ხელს შეუწყობენ მოსწავლეებში ამ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, გამართავენ პრეზენტაციებს.
ქალბატონი მანანა გვიყვება, რომ პროექტის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული ბიოლოგიის მასწავლებლები და სკოლის სამოქალაქო კლუბი „ათინათი“. მოსწავლეებმა უკვე მოისმინეს ორი სალექციო კურსი, სადაც ისინი არა პასიური მსმენელები, არამედ აქტიური მონაწილეები იყვნენ — წარადგინეს თავიანთი ხედვა, როგორ ესახებათ ამ სკვერის მოწყობა. ისინი მოუთმენლად ელიან, როდის გადავლენ პრაქტიკულ საქმიანობაზე. „დაირგვება ხეები, დაიწყება საბუდრების მოწყობა, რომ გამოზამთრებაში დავეხმაროთ ჩვენს ციყვებს, შაშვებს, ყვავებს და ჩვენი სკოლის ეზოს სხვა ბინადრებს. ჩვენთან საკმაოდ კარგი რეკრეაციული ზონაა, სკოლის ტერიტორიაც ჯერჯერობით დაცულია და ალბათ პროექტის ფარგლებში დასახულ მიზნებს ძალიან კარგად გავართმევთ თავს.“ — ასეთი განწყობაა 144-ე საჯარო სკოლაში.
№145 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა და ამიტომ პროექტის პირველ ეტაპზე მიმდინარე სალექციო კურსები ონლაინ რეჟიმში ტარდება. სკოლის დირექტორი მაია ოსიყმაშვილი გვეუბნება, რომ კონკურსის ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო სათანადო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა პროექტის ფარგლებში დასახული აქტივობების განხორციელება. მათი სკოლა ამ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებდა.
„პროექტის განხორციელება მრავალმხრივ მნიშვნელოვანია — მოსწავლეები ისწავლიან ცხოველებზე ზრუნვას, მცენარეების მოვლა-პატრონობას, იგრძნობენ პასუხისმგებლობას, მეტად გაუფრთხილდებიან მცენარეებს, ბევრ ახალ ინფორმაციას შეიტყობენ ურბანული მრავალფეროვნების შესახებ, — ამბობს ქალბატონი მაია, — ვფიქრობ, ისიც მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა ის ფოკუსჯგუფი, რომელიც შერჩეული გვყავს, შეძლებს მომავალში ამ ინფორმაციის თანატოლებამდე მიტანას და მათაც გაუჩნდებათ სურვილი, დაიცვან და გამოკვებონ ცხოველები, შეინარჩუნონ მცენარეები. პროექტის პირველ ეტაპზე, ძირითადად, თეორიული პრეზენტაციებია, მოსწავლეებს ბიომრავალფეროვნების შესახებ აცნობენ ინფორმაციას, შეხვედრები დიალოგის რეჟიმში იმართება. შემდეგ დაიწყება პრაქტიკული სამუშაოები. ამაში იგულისხმება ბუდეებისა და საბუდრების მოწყობა, მწერებისთვის სასტუმროების შექმნა.“
იმედია, პროექტის მიმდინარეობისას, 145-ე საჯარო სკოლაც პირისპირ სწავლებაზე გადავა და მოსწავლეებს მიეცემათ პროექტის ორგანიზატორებთან უშუალოდ შეხვედრის შესაძლებლობა, მათი ურთიერთობა გასცდება ონლაინ ფორმატს.
თბილისის №60 საჯარო სკოლაც მონაწილეობდა კონკურსში „ურბანული ბიომრავალფეროვნებისათვის მეგობრული სკვერების შექმნა სკოლების ეზოებში“ და კონკურსის შედეგად იმ 5 სკოლას შორის შეირჩა, სადაც ეს პროექტი განხორციელდება. სკოლის დირექტორი შოთა მალაზონია, ჩვენთან საუბრისას, აღნიშნავს, რომ ახალი პროექტი ერთგვარი გაგრძელება იქნება, „ახალი სკოლის მოდელის“ ეგიდით, შარშან განხორციელებული პროექტისა „სუფთა გარემო ჩვენი უფლებაა“. პროექტებზე აქტიურად მუშაობენ ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ მოსეშვილი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნანა სამხარაძე-ალავიძე და მოსწავლეთა თვითმართველობასთან არსებული კლუბის „ბუნების კარი“ წევრები.
„პროექტის ხელმძღვანელმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ბუნების კონსერვაცია საქართველო“ უკვე ორი შეხვედრა ჩაატარა პროექტის განმახორციელებელ მოსწავლეთა გუნდთან და ძალიან მიხარია, რომ პირველსავე შეხვედრაზე, პროცესში, დაახლოებით, 40-მდე ბავშვი ჩაერთო. — ამბობს ბატონი შოთა, — თეორიული კურსის მოსმენის შემდეგ, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქციაში, მოამზადეს პრეზენტაციები ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ.
ეკომეგობრული სკვერის გაშენების შემდეგ, ჩვენი სკოლის ეზოს ბინადარ ჩიტებს, ციყვებს, ასევე ჭიანჭველებს, ყველას თავისი ადგილ-სამყოფელი ექნება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი იქნება ბავშვების მზრუნველობა მათ მიმართ. ზოგადად, თბილისში, ეკოლოგიის თვალსაზრისით, პრობლემა გვაქვს არა მარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებსა და ფრინველებსაც. კარგი იქნება, რომ სკოლის ეზოში გაჩნდება თავისუფალი ადგილი, სადაც ყველა კარგად იგრძნობს თავს. ადამიანის უფლებაა იცხოვროს სუფთა გარემოში, იმ ბიომრავალფეროვნებასთან ერთად, რაც მის გარემომცველ სამყაროშია.“
№106 საჯარო სკოლაში პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა გვიყვება, რომ სკოლაში, უკვე დიდი ხანია, მუშაობს ეკოკლუბი, ახორციელებენ პროექტს „ბრძოლა გარემოსდაცვით გამოწვევებთან“. ამბობს, რომ ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ეკოლოგიის მხრივ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. „ჩვენ ძალიან ლამაზი სკოლის ეზო გვაქვს, თითქმის ერთი ჰექტარია. ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, რამდენიმე წლის წინ, გადმოგვცა ფიჭვის ნერგები და ჩვენი ეკოკლუბელები უვლიდნენ ამ ნარგავებს, გახარებულია თითქმის ყველა ფიჭვი და ეზო ძალიან ლამაზია. როცა კონკურსი გამოცხადდა, ვიფიქრე, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ჩვენი ლამაზი ეზო კიდევ უფრო გალამაზდებოდა. რაც ყველაზე მთავარია, ამას თვითონ ბავშვები მოუვლიან. გაკეთდება სახლები ბეღურებისთვის, რომ ზამთარში თბილად გამოიზამთრონ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსწავლეები ისწავლიან როგორ მოუარონ სწორად ფლორას და ფაუნას.
ძალიან დიდია დაინტერესება მოსწავლეებში. გუშინ იყო მეორე შეხვედრა ორგანიზატორებთან და VII-X კლასების მოსწავლეებისაგან შემდგარმა ორმა გუნდმა წარმოადგინა პრეზენტაციები ურბანული ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობისა და ეკომეგობრული სკვერების არსებობის აუცილებლობის შესახებ. ამ პროექტის დადებითი მხარე კიდევ ის არის, რომ ორგანიზატორები თავიანთ მოდელს კი არ გვახვევენ თავს, არამედ თვითონ მოსწავლეებს ეძლევათ თავიანთი ხედვის წარმოდგენის შესაძლებლობა. თავად უნდა შეარჩიონ ადგილი სკოლის ეზოში, სად გავაკეთოთ სკვერი. ამასთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ბავშვები ერთმანეთს დისკუსიის რეჟიმში უზიარებდნენ მოსაზრებებს, არგუმენტირებულად მსჯელობდნენ სკვერის მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. შემდეგ კვირაში მოვლენ პროექტის ხელმძღვანელები, ადგილზე ნახავენ იმ ტერიტორიას, სადაც სკვერი უნდა გაშენდეს და სამუშაოებიც დაიწყება.“
ბატონი თენგიზი ამბობს, რომ ეს პროექტი ასწავლის მოსწავლეებს როგორ მოუარონ სწორად ფლორას, ფაუნას და როგორ გადაარჩინონ ეკოლოგიურ კატასტროფას, თუნდაც მათი სკოლის მაგალითზე, ეკომეგობრული სკვერის ტერიტორია. ფიქრობს, რომ ეს კარგი მაგალითი იქნება. „ჩვენთან თუ შეიძლება ასეთი ლამაზი სკვერი გაკეთდეს და კარგად მოვუაროთ, რატომ სხვაგან არ შეიძლება? რატომაც არა. ეს იქნება მოსწავლეების პროექტი, თვითონვე იზრუნებენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. დარწმუნებული ვარ, ეს სხვა მოსწავლეებსაც მისცემს მოტივაციას და ჩვენი სკოლის ძალიან ბევრი მოსწავლე ჩაერთვება ამ პროცესში. ეს პროექტი ასწავლის სწორად როგორ მოუარონ ბუნებას.
ჩემი მოსწავლეები ძალიან გახარებულები არიან, რომ იმ 5 სკოლას შორის, საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი ჩვენი სკოლა შეირჩა, შეიძლება ითქვას, რომ სიხარულისგან დაფრინავენ. იმედი მაქვს, შედეგიც ძალიან კარგი გვექნება.“
პროექტის შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ მონაწილე სკოლების განწყობა ნამდვილად გვაფიქრებინებს, რომ ეკომეგობრული სკვერების გაშენება წარმატებით დასრულდება. კარგ წამოწყებას ხომ ყოველთვის გამოუჩნდებიან ხოლმე მიმდევრები, იმედია, პროექტის მონაწილეებს სხვა სკოლებიც მიბაძავენ და თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში, სკოლის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე იზრუნებენ. წერილის დასაწყისში „მწვანე კუნძულები“ ვახსენეთ, რაც მეტი იქნება ასეთი ადგილი და რაც უფრო ადრეული ასაკიდან ვასწავლით ადამიანებს ზრუნვას მათ გარშემო მყოფ ცოცხალ არსებებსა თუ ნარგავებზე, მით უფრო მეტად მრავალფეროვანი იქნება ურბანული გარემო ჩვენ ირგვლივ და ცოცხალი ბუნება — დაცული.
♦♦♦
პროექტის „ურბანული ბიომრავალფეროვნებისთვის მეგობრული სკვერების შექმნა სკოლის ეზოებში“ ფინანსური მხარდამჭერია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა (GEF SGP), რომელსაც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს.