„უნდა იცოდეთ, რომ მათ აქვთ უფლება.
აქვთ გოგოებს უფლება, იყოლიონ საკუთარი თავები…“ /ლია ლიქოკელი/
11 ოქტომბერს მსოფლიო გოგოების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, ყოველწლიურად, ჩვენი ქვეყანაც უერთდება ამ საყოველთაო თარიღს – ძირითადად, მშობლების მიერ სოციალურ ქსელებში გამოფენილი გოგო-შვილების ფოტოებით. მოსახლეობის მცირე ნაწილმა თუ იცის, რას ემსახურება ეს თარიღი და ასევე მცირე ნაწილს აქვს, ალბათ, გაცნობიერებული ამ დღის გზავნილების მნიშვნელობა – რომ ყველა გოგო ოცნებობს უკეთეს მომავალზე და რომ მათ გვერდით უნდა დავდგეთ, გზა არ გადავუღობოთ სრულფასოვანი რეალიზებისთვის, დავეხმაროთ არსებული გამოწვევების დაძლევაში, შევიტანოთ ჩვენი წვლილი გოგოების გაძლიერებასა და მათი უფლებების დაცვაში.
დიახ, ყველა გოგო ოცნებობს მომავალზე და ამ ოცნებამდე მისასვლელად მათ წინააღმდეგობებით სავსე გზის გავლა უწევთ, რადგან ქვეყანაში არსებული გენდერული ნორმებისა და სტერეოტიპების გამო, ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდანვე, მათ სერიოზულ ბარიერებთან გამკლავება უწევთ – ბავშვობის ასაკში ქორწინება და ნიშნობის პრაქტიკა. სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში დაუძლეველ ბარიერადაა აღმართული მათ წინაშე ნაადრევი ქორწინება და ამ უმძიმეს განაჩენს უმეტესობა თავს ვერ აღწევს. ბავშვობის ასაკში იძულებით შექმნილი ოჯახი კი, განვითარების საშუალებას ართმევთ, წყვეტენ განათლებას და საბოლოოდ ამბობენ უარს თავიანთ საოცნებო მომავალზეც. უმძიმესი შემთხვევა ახლო წარსულიდან გვახსენებს, რომ მათ სიცოცხლის უფლებასაც ართმევს ასეთი ძალდატანებით „გათხოვება“ და ამ გზას ჩვენს რეალობაში „აითაჯის გზა“ ჰქვია. სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, 679 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, ქორწინების მოტივით კი 38-მა არასრულწლოვანმა მიატოვა სკოლა. შედეგი, როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო, განათლების მიღების შეწყვეტაა, რაც შემდეგ მათ ეკონომიკურ თავისუფლებაზე აისახება და მათი ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას.
ბუნებრივია, ამ გამოწვევების წინაშე მხოლოდ ჩვენი ქვეყანა არ დგას. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის განცხადებით, ყოველწლიურად, დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში მცხოვრებ 15-19 წლის მოზარდ გოგონებს შორის, ორსულობის დაახლოებით 21 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება; აქედან, თითქმის ნახევარი დაუგეგმავი ორსულობაა. მათი უმრავლესობისთვის ეს არა მხოლოდ ცხოვრების შეზღუდვას, არამედ ერთბაშად შეწყვეტასაც ნიშნავს. ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებები, მოზარდების სიკვდილის გამომწვევ ერთ-ერთ წამყვან მიზეზად სახელდება მთელ მსოფლიოში.
ნატალია კანემი მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ: „მოზარდ გოგოებს მომავლის მკაფიო ხედვა გააჩნიათ. მოდი, დავეხმაროთ მათ; დავდგეთ მათ გვერდით – გზას ნუ გადავუღობავთ. ყველა გოგო ოცნებობს მომავალზე, ყველა გოგოს საკუთარი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რას უმზადებს მას ცხოვრება. მათ ოცნებებს მხარდაჭერა და მოფრთხილება სჭირდება იმ გზაზე, რომელსაც ისინი მოზარდობიდან ზრდასრულობამდე გადიან.
მილიონობით გოგოსთვის, მოზარდობის პერიოდი ის ხანაა, როდესაც მათ წინ ყველა კარი იხურება. ზრდასრულობისკენ სავალი გარდამავალი გზა მოულოდნელად სრულდება, როდესაც ადრეული ორსულობა და გენდერული ძალადობა, მათ შორის, ისეთი საზიანო პრაქტიკები, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ართმევს მათ ადამიანის ძირითად უფლებებსა და არჩევანის თავისუფლებას. სიღარიბე, ხანგრძლივი კონფლიქტები და დაუცველობის შეგრძნება კიდევ უფრო ზრდის გოგოების წინაშე არსებულ რისკებს.
როცა მოზარდი გოგოები ჯანმრთელები და განათლებულები არიან, საკუთარი ნათელი მომავლის შენების უნარებსა და შესაძლებლობებზე მიუწვდებათ ხელი, მათ და, ასევე, მათ შვილებს – თუ ისინი გადაწყვეტენ, ზრდასრულ ასაკში იყოლიონ შვილები – უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა ეძლევათ.
600 მილიონი მოზარდი გოგო ძლიერ პოტენციალს ქმნის როგორც პირადი, ასევე მათივე საზოგადოებების მომავლისა და მთლიანად კაცობრიობის ტრანსფორმაციისთვის.“
გოგოების საერთაშორისო დღის აღნიშვნაც, მხოლოდ და მხოლოდ, იმას ემსახურება, რომ ძალისხმევა იმ ბარიერების გადალახვისკენ მივმართოთ, რომლებიც ხელს უშლის მოზარდ გოგონებს თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზებაში, საკუთარი უფლებების დაცვაში. მივცეთ მათ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ საკუთარი ცხოვრების გზა.
ამ დროს, როგორია ჩვენს ქვეყანაში მოზარდი გოგონების რეალობა, რა წინააღმდეგობების გადალახვა უწევთ და როგორ ვიცავთ მათ უფლებებს – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი სოფიკო მენაბდიშვილი ამბობს, რომ ჩვენს საზოგადოებაში ძალიან რთულია იყო გოგო, რადგან გამოწვევებიც ბევრია და ბარიერების გადალახვაც ხშირად უწევთ. „ამ დღის აღნიშვნის მთავარი მიზანიც სწორედ გოგონების უფლებების აღიარება და დაცვაა; ხაზგასმა, რომ თანასწორ პირობებში ჰქონდეთ მათ განათლებაზე წვდომის შესაძლებლობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვნობის პერიოდში ქორწინებას, სხვადასხვა ტიპის ჩაგვრასა და დისკრიმინაციას, რომელსაც განიცდიან გოგოები მთელ მსოფლიოში, ეს არც მხოლოდ საქართველოში არსებული პრობლემაა და არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი. მაგრამ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს და არ მოგვწონდეს, უნდა ვაღიაროთ, სახელმწიფომაც და საზოგადოებამაც, რომ დღეს საქართველოში მოზარდ გოგოებს განათლებაზე, ჯანდაცვაზე და ძალიან ბევრ რესურსზე არ აქვთ სათანადო ხელმისაწვდომობა. განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა ქორწინებაა ის მთავარი გამოწვევა, რომელიც შემდეგ უამრავ პრობლემას წარმოშობს. ადრეულ ასაკში ქორწინების დროს, წყვილიდან, მამაკაცი, თითქმის არასოდეს, არასრულწლოვანი არ არის. ამიტომაც უქმნის ადრეული ქორწინება სერიოზულ პრობლემას გოგოებს, რასაც საბოლოოდ იქამდე მივყავართ, რომ ისინი რჩებიან განათლების, პროფესიის გარეშე. სკოლას ადრე ტოვებენ და სწავლას აღარ აგრძელებენ. ეს ყველაფერი თავს იჩენს და ცუდად აისახება მათი ცხოვრების დონეზე, სერიოზული პრობლემაა სიღარიბე და სოციალური პირობები. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების გამო სკოლის მიტოვების სტატისტიკა მზარდია. შესაბამისად, დიდი დასაბუთება აღარ სჭირდება იმას, რომ განათლების შეწყვეტა განვითარების შესაძლებლობებსაც კლავს.“
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც იურისტი ყურადღებას ამახვილებს, ჩვენს საზოგადოებაში სქესის გენდერული ნიშნით სელექციაა. მისივე თქმით, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საქართველოში ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა – როცა არსებული საზოგადოებრივი სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, მათ შორის დისკრიმინაციული პრაქტიკის გამო, უპირატესობა ვაჟს ენიჭება, შედეგად კი, ყოველწლიურად, ნაკლები გოგო იბადება. „ასეთი მახინჯი სტერეოტიპული დამოკიდებულება განაპირობებს ნაკლები გოგოს დაბადებას საქართველოში,“ – ამბობს სოფიკო მენაბდიშვილი.
მისივე აზრით, უმთავრესი გამოწვევა მაინც ნიშნობა და ქორწინების იძულებაა. „სამწუხარო რეალობაა. შეიძლება ვინმეს ილუზია ჰქონდეს, რომ ეს ასე აღარ არის, მაგრამ ჩვენი ორგანიზაციის პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ნიშნობაც, იძულებაც და ქორწინებაც ძალიან გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში და უმეტესად, ამის მიზეზი სკოლის მოსწავლეების, მოზარდების არაინფორმირებულობაა. იმ სოციუმში, სადაც უფრო ხშირია ასეთი შემთხვევები, ნამდვილად არ აქვთ მოზარდებს საჭირო ინფორმაცია ადრეულ ასაკში ქორწინების შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესახებ. არავინ ეუბნება მათ, რომ ეს აუცილებლად იჩენს თავს მათ შემდგომ ცხოვრებაში. შესაბამისად, თუ ვისაუბრებთ იმაზე, რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს, პირველ რიგში, ვიტყვი, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ახალგაზრდებთან არსებული პოლიტიკა შექმნას. გინახავთ კონკრეტული პოლიტიკის გეგმა ან რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც დანერგილი იქნება სკოლებში, არაფორმალურ წრეებში, სპორტსკოლებში, კლუბებში და ა.შ.? ვერ ნახავდით, რადგან ასეთი არ არსებობს. აუცილებელია, ყველა მიმართულებით ინტეგრირდეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ადრეული ქორწინება, განათლების მნიშვნელობა, ძალადობისგან დაცვა და ა.შ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო სკოლებში რეპროდუქციული განათლების ელემენტების შეტანის აუცილებლობა, რადგან, საბოლოო ჯამში, სწორედ ამ ინფორმაციის არქონა ქმნის ძალიან სერიოზულ პრობლემებს მოზარდებში, განსაკუთრებით გოგონებში. ჩვენს ორგანიზაციას ჰქონდა ორი ძალიან მძიმე ქეისი, რომელიც არასრულწლოვანთა „ფარულ“ ფეხმძიმობას ეხებოდა. მოზარდებს სექსუალური განათლების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. აუცილებელია რაიმე სახის ეფექტური მექანიზმის არსებობა, რომ მათ ინფორმაცია მიიღონ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რათა არ აღმოჩნდნენ შემდეგ ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში, როგორც რამდენიმე შემთხვევის დროს, ჩვენ რომ მოგვმართეს. ამიტომ აღვნიშნავთ ყოველთვის, რომ სკოლამ უნდა მისცეს მათ საბაზისო რეპროდუქციული ცოდნა. ამით რეალურად ვიხსნით მოზარდებს ძალიან სავალალო შედეგებისგან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, დღეს, საქართველოში, იყო გოგო ისე, რომ არ გქონდეს გამოწვევა ან ბარიერი რომელიმე მიმართულებით მაინც. მხარდაჭერის დროსაც კი უამრავ პრობლემას აწყდება მოზარდი და თუ ეს მხარდაჭერაც არ ექნა, წარმოიდგინეთ არასრულწლოვანი გოგონების მდგომარეობა.“
ჩვენი რეალობა, ჯერ კიდევ, ისევ მყარად ფესვგადგმულ სტერეოტიპებთან გვაბრუნებს, რაც სერიოზულ დაღს ასვამს გოგოებს, რომლებსაც, პატარა ასაკიდანვე, თავდაცვის რეჟიმში ამყოფებს და მუდმივად უწევთ მტკიცება საზოგადოებისთვის, მეზობლებისთვის, ახლობლებისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ გოგოა, უფლება აქვს ითამაშოს ფეხბურთი ისევე, როგორც თანატოლმა ბიჭმა, ჰქონდეს ისეთი ვარცხნილობა, როგორიც მოსწონს და სურს, რომ პროფესიას გენდერი არ აქვს და ა.შ.
◊◊◊
ერთი ფეხბურთელი გოგოს მაგალითზე მოგიყვებით, როგორია სპორტსმენი გოგოს რეალობა, ანუ მისი გავლილი გზა საოცნებო მომავლამდე. თავისთავად, ამის განზოგადება არ გამოდგება, თუმცა, მაგალითად შეიძლება გამოვიყენოთ. კესო მეტრეველი ბავშვობიდან ფეხბურთითაა გატაცებული და ეს გატაცება, ჯერ კიდევ ჩვენში არსებული სტერეოტიპების მიუხედავად, თავის საოცნებო მომავალს დაუკავშირა. კესო ამბროლაურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა, ფეხბურთის სიყვარულმა ყველას და ყველაფერს სძლია! კილომეტრებით მოშორებულ რაიონულ ცენტრში, წლების განმავლობაში, საფეხბურთო კლუბში სავარჯიშოდ დადიოდა. ეს გზა მისთვის მხოლოდ კილომეტრების გამო არ აღმოჩნდა რთული. „პატარა კესოს“ გზას საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობებიც დაუპირისპირდა, რომელიც გენდერულ ნორმებს უკავშირდება. თუმცა, როგორც თვითონ გვიყვება, მას გაუმართლა, რადგან ამ ბარიერების დაძლევაში ოჯახი მუდმივად გვერდით ედგა. სკოლის დამთავრების შემდეგ, კესომ ეროვნული გამოცდები ჩააბარა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ სექტემბრის დადგომამდე მიხვდა, რომ ეს მისი საოცნებო მომავალი არ იყო. ვარჯიში ისევ ამბროლაურის საფეხბურთო კლუბში გააგრძელა და შემდეგ წელს დაელოდა. ისევ გავიდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – სპორტის აკადემიაში ჩაირიცხა. უკვე მეორე კურსზე სწავლობს წარჩინებით და ბედნიერია, რადგან თავისი გაიტანა და საოცნებო მომავალი, საბოლოოდ, სპორტს დაუკავშირა. ამბობს, რომ საქართველოში სპორტსმენი ქალის ცხოვრება ძალიან ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული.
კესო მეტრეველი: „თითქმის ყოველდღე გვესმის ფრაზები – „სპორტი რა ქალის საქმეა“, „ქალი სამზარეულოში“ და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ზიანს გვაყენებს ჩვენ, გოგონებს, რომლებსაც, უბრალოდ, გვინდა ის საქმე ვაკეთოთ, რაც გვიყვარს. საზოგადოების ამ დამოკიდებულების გამო, ზოგჯერ ,მშობლები არ აძლევენ უფლებას პატარა გოგონებს, გახდნენ სპორტსმენები, აჯერებენ, რომ ეს დროის უაზროდ ფლანგვაა, მაინც არაფერი გამოუვათ და ჯობია „სწავლას მიხედონ“. საბედნიეროდ, მე ოჯახი ყოველთვის მხარს მიჭერდა, ამიტომაც, ჩემი პატარა დაც ჩემს გზას გაუყვა და უკვე შემდგარი ფეხბურთელია. თუმცა, ვიტყვი, რომ მეც უამრავი ფსიქოლოგიური ზეწოლა და ჩემი საქმისადმი ირონიული დამოკიდებულება მიგრძვნია. მაგალითად, ხშირად უთქვამთ, რომ ფეხბურთი „კაცის სპორტია, შენ რა გინდა მანდ?“, „ქალი ბიოლოგიურად სუსტია და არ უხდება ეს სპორტი“, „ფეხზე კუნთები დაგეტყობა, დამახინჯდები“… — ამ ფრაზების უმეტესობა კაცებს ეკუთვნის, თუმცა, ყველაზე მეტად გულს ის მტკენს, რომ ქალებიც გვეწინააღმდეგებიან და ამბობენ რომ სპორტი ჩვენი საქმე არ არის. მახსოვს, ერთმა ადამიანმა (მდედრობითი სქესის წარმომადგენელმა) მითხრა: „რა ლამაზი გოგო ხარ, ლამაზი თვალები გაქვს, რად გინდა ეს ფეხბურთი? ან ცეკვაზე შედი, ან სიმღერაზე, რატო იტანჯავ თავს?“ მე იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს, ჩვენ ყველა ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. იყო სპორტსმენი, მით უფრო წარმატებული სპორტსმენი, ისედაც რთულია და ფსიქოლოგიურად მყარად დგომა სჭირდება, ამიტომ, ნურავინ ჩაერევა სხვის ცხოვრებაში და გვაცადონ ქალებს, ვაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი. თუ თქვენ არ შეგიძლიათ, ჩვენ შეგვიძლია!“
კესოს „ხმა“ აუცილებლად მისწვდება ჯერ კიდევ ოცნების დასაწყისში მყოფ მოზარდ გოგონას, რომელიც წინააღმდეგობას ვერ უწევს საზოგადოებაში დამკვიდრებულ „გოგოობის კანონებს“ და ალბათ, ბოლომდე ვერც იმას აცნობიერებს, რომ ამ „კანონებიდან“ გადახვევას ხშირად იმედგაცრუებები მოჰყვება, საოცნებო მომავალზე ხელის ჩაქნევას და ნაძალადევი პროფესიებით თავის დამკვიდრებას კი – მისი პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზების წარუმატებელი მცდელობები. ამიტომაც ღირს ბრძოლა საკუთარი სურვილების ასასრულებლად. საზოგადოებას კი, რომელსაც ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული გოგოების პრობლემები ლია ლიქოკელის „გოგოობის კანონით“ შევახსენებ, რომ:
„მაგრამ ზოგჯერ გოგოები დადიან
დაბალძირიანი სპორტული ფეხსაცმლით,
იცვამენ ულამაზო, ყელდახურულ მაისურებს,
თმას ცხენის კუდივით გაიკრავენ,
ჩაიწყობენ ზურგჩანთებში ქვებს,
ჩაილაგებენ თვალებში საფიქრებლებს,
დაეხეტებიან ქალაქში,
აკითხავენ ბაღებს და ხიდებს
და წყალში ისვრიან სიჩუმის ანკესებს…“
ბოლოს, ისევ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ სტატუსებს და ფოტოებს დავუბრუნდები, რადგან დღევანდელი რეალობის ყველაზე „შეუზღუდავ“ სივრცედ მაინც სოციალური ქსელები რჩება. ბევრი დედის სტატუსში ამოვიკითხე, რომ უმჯობესია, არ გვჭირდებოდეს ამ დღის აღნიშვნა. რა თქმა უნდა, უმჯობესია და სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვლაპარაკობთ პრობლემებზე, რომელიც რეალურად არსებობს. და ყველაზე მთავარი – „უნდა იცოდეთ, რომ მათ აქვთ უფლება. აქვთ გოგოებს უფლება, იყოლიონ საკუთარი თავები…“, ისეთი, როგორიც სურთ. ყველა გოგო იმსახურებს ხარისხიან განათლებას, განვითარებას და საკუთარი საოცნებო მომავლის არჩევას. ასეთი მომავლის უზრუნველსაყოფად კი, საზოგადოების მხარდაჭერა აუცილებელია.
ლალი ჯელაძე