ოზურგეთის ტექნოპარკში გაიმართა ,,იდეათონი გურიის სკოლებისათვის”. გურიის რეგიონის სკოლების 24 პროექტს შორის ბაილეთის საჯარო სკოლამ გაიმარჯვა, პროექტით – “ჭილოფით ქსოვა-გაცოცხლებული ტრადიცია”.
იდეათონი, რომლის მიზანია, მხარი დაუჭიროს გურიაში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას სოციალურ და ეკონომიკურ საქმიანობაში, ევროკავშირისა და გერმანული ფონდის Brot Fur Die Welt-ის მხარდაჭერით, CENN-მა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა “Young Pedagogues’ Union” გამოაცხადა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის სკოლებისთვის.
იდეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სკოლებმა აპლიკაციები შეავსეს და, შემდეგ, შეირჩევიან სკოლების გუნდები, რომლებიც ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფისა (LAG) და კერძო სექტორის წარმომადგენლების მენტორობით, დაიწყეს საკონკურსო იდეებზე მუშაობა. კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფი თავად უზრუნველყოფდა იდეათონში მონაწილე სკოლებისა და მენტორების დაკავშირებას.
გუნდების იდეების სამუშაო თემატური მიმართულებები იყო: ევროპული ღირებულებები, ნარჩენების მართვა, განახლებადი ენერგიები, კლიმატის ცვლილება, კლიმატგონირვული ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში და ახალგაზრდების ჩართულობა სოციალურ და ეკონომიკურ საქმიანობაში, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას.
მოწონება დაიმსახურა ბაილეთის საჯარო სკოლის პროექტმა და გამარჯვებულებს 1000 ევრო გადაეცა.