23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ბავშვის ემოციური კეთილდღეობა

spot_img

ბოლო წლებში გაძლიერდა ფოკუსი მოსწავლეების ჰოლისტურ განვითარებაზე, რაც ნიშნავს, აკადემიურთან ერთად, ემოციური კომპეტენციების აქცენტირებას სასკოლო ცხოვრებაში. კერძოდ, ყურადღება გაიზარდა ისეთი კომპეტენციების განვითარების მიმართ, როგორიცაა თვითცნობიერება, საკუთარი თავის მართვა, ჯანსაღი ურთიერთობები, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება. ამ კომპეტენციების მოკლევადიანი და გრძელვადიანი დადებითი შედეგები მრავალი კვლევითაა დადასტურებული. კერძოდ, მცირდება რთული ქცევის შემთხვევები, უმჯობესდება აკადემიური მოსწრება და იზრდება მოსწავლეების ემოციური კეთილდღეობა.

ბავშვების ჰოლისტურ განვითარებაში მასწავლებელს განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება. მას შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეს გაიგოს, მიიღოს და გაუძღვეს საკუთარ ემოციებს. მოსწავლეების ემოციური განვითარების მხარდაჭერის პროცესში მნიშვნელოვანია კარგად ვიცოდეთ ემოციების „მუშაობის“ მექანიზმი, მათი კავშირი სხეულთან, ტვინთან, გონებასთან და გარემოსთან.

გავიგოთ უფრო მეტი ემოციების შესახებ

„სწავლას ემოციური საფუძველი აქვს“ – ამბობდა პლატონი მრავალი საუკუნის წინ. ამ ფრაზაში ფაქტობრივად არეკლილია ემოციებსა და სწავლას შორის არსებულ კავშირზე დღევანდელი მეცნიერული ცოდნა. ემოციები მრავალმხრივ გავლენას ახდენს სწავლაზე. მაგალითად, ძლიერმა ემოციებმა, როგორიცაა შიში და ბრაზი, ერთი მხრივ, შეიძლება შეაფერხოს რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისა და სწავლის პროცესები და ასევე, შეიძლება მოსწავლის მობილიზებისა და ფოკუსირების წინაპირობა გახდეს.

ემოციების კატეგორიზების მრავალი მოდელი არსებობს. ფსიქოლოგ რობერტ პლუჩიკის (Robert Plutchik) ემოციების ბორბლის მოდელი 8 ძირითად ემოციას გამოყოფს: სიხარული, ნდობა, შიში, გაოცება, მოწყენა, ზიზღი, ბრაზი და მოწადინება. ემოციების ბორბლის ილუსტრაციის გააზრება ოთხი მახასიათებლით შეგვიძლია:

ფერების ინტენსივობა ემოციათა ინტენსივობასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, დაბალი ინტენსივობის ბრაზი გაღიზიანებაა, ხოლო მაღალი ინტენსივობის – მრისხანება. შიშის ინტენსივობის ცვლილებას შეუძლია ემოცია გარდაქმნას შფოთვად ან ტერორად. ილუსტრაციაზე, რაც უფრო მკაფიოდაა ფერი მოცემული, მით უფრო მაღალი ინტენსივობისაა ემოცია.

შრეები – ემოციების ბორბლის მეორე შრეზე, შუა ნაწილში განთავსებულია ადამიანის ძირითადი ემოციები – მათი გამოხატვის საშუალებები სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებში მეტნაკლებად ერთნაირად ხდება. ხოლო პირველ და მესამე შრეებზე დატანილი ემოციები მის გრადაციებს წარმოადგენს. პლუჩიკი მათ მეორად ემოციებად მოიხსენიებს.

ურთიერთგანლაგება – ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთმანეთის პირისპირ განლაგებულ ემოციებს, რომელიც ბორბალზე ურთიერთსაპირისპირო ემოციებს გვაჩვენებს. მაგალითად, სიხარულის საპირისპირო ემოცია მოწყენილობაა, ნდობის საპირისპირო – ზიზღი, ბრაზის – შიში.

კომბინაცია – ემოციების ბორბალზე ერთმანეთის გვერდიგვერდ მოცემულია ისეთი ემოციები, რომელთა კომბინაცია ახალ, უფრო კომპლექსურ ემოციებს ქმნის. მაგალითად, გაოცებისა და შიშის კომბინაცია მოწიწების განცდას წარმოქმნის, ნდობა და შიში – მორჩილებას, ბრაზი და მოწადინება კი აგრესიას.

პლუჩიკის ემოციების ბორბალი

ემოციებსა და სწავლას შორის კავშირის ამხსნელი ნეირომეცნიერული შეხედულებების გამოყენება საკლასო გარემოში ხელს უწყობს ემოციურად უსაფრთხო და სწავლის მასტიმულირებელი კლიმატის შექმნას. მასწავლებელმა შეიძლება გაითვალისწინოს შემდეგი პრინციპები:

სტრესისა და შფოთვის წყაროების შემცირება კლასში ხელს შეუწყობს მოსწავლეების ემოციურ კეთილდღეობასა და სწავლას;

მოსწავლეებს სჭირდებათ მრავალი შესაძლებლობა გაკვეთილების მსვლელობისას საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე დასაფიქრებლად;

სასწავლო მასალის შინაარსი მოსწავლეებისთვის ემოციურად მიმზიდველი უნდა იყოს, რადგან ემოციური ჩართულობა სიღრმისეული სწავლის წინაპირობაა;

მოსწავლეებს სჭირდებათ ემოციების რეგულირების ტექნიკების ცოდნა და მათ გამოყენებაში ვარჯიში.

სოციალური და ემოციური განვითარების მიდგომები და განმახორციელებელი რგოლები

მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება ხელს უწყობს უსაფრთხო და კეთილგანწყობილი საკლასო კლიმატის ფორმირებას, სადაც თითოეული მოსწავლე თავს დაფასებულად და ღირსეულად გრძნობს. პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარებაში. პირველ რიგში, აისახება მოსწავლის თვითშეფასებასა და ეფექტიანობის განცდაზე.

მომზადებულია USAID- ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები