სოფო მელაძე
ბავშვთა ადრეული განათლების სპეციალისტი, განათლების ფსიქოლოგი
„ჩვენ იმდენად მომთხოვნები ვართ სხვების მიმართ,
რამდენადაც არ დააკმაყოფილეს ჩვენი მოთხოვნილებები…“
ჯ. ბოულბი
თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ცვლილებებისადმი ადაპტაცია ძალიან ინდივიდუალურია. ვიღაცისთვის ცვლილებები სახალისოა, ვიღაცისთვის – შფოთვის მომტანი, ვიღაცას ცვლილებების დროს საყვარელი ადამიანის მხარდაჭერის იმედი აქვს. ასე არიან ბავშვებიც, ისინი განსაკუთრებულად საჭიროებენ აღმზრდელის მხარდაჭერას, როცა მათ ცხოვრებაში რაიმე სიახლე შემოდის. ცვლილებებისადმი ნაკლები სტრესი ზრდასრულებში გამოცდილების საშუალებით რეგულირდება, პატარებისთვის კი ყველაფერი სიახლეა.
ადრეულ ასაკში ბავშვისთვის მთავარი უსაფრთხოების გარანტი აღმზრდელთან სიახლოვეა, როცა დედა მათთან ახლოსაა, ისინი თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ, როცა დედა შორსაა, შფოთავენ და ეძებენ მასთან სიახლოვის გზებს. ამ მდგომარეობას შეგვიძლია ვუწოდოთ „მიჯაჭვულობა“, რომელიც ემოციურ კავშირს წარმოადგენს ბავშვსა და მშობელს შორის. ხშირად კი ეს კავშირი ემოციურზე მეტია და ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამცავი მექანიზმია. როცა ბავშვი დედას შორდება და უცხო გარემოში, მისთვის უცნობ ადამიანებთან რჩება, შესაძლოა, შფოთვა გამოხატოს ტირილით, ბრაზით, დარდით, არ ჭამოს, არ დაიძინოს, არ ითამაშოს. ყოველივე ეს კი ბავშვის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას უკავშირდება.
მე-20 საუკუნეში ბრიტანეთში მოღვაწეობდა ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი ჯონ ბოულბი, რომელიც განსაკუთრებით დაინტერესდა მიჯაჭვულობის საკითხებით. თავად ჯონ ბოულბის ბიოგრაფიის გაცნობისას საინტერესო ფაქტს მივაკვლიე. პატარა ჯონი იზრდებოდა ოჯახში, სადაც დედა მუდმივად დაკავებული იყო და სათანადო დროს ვერ უთმობდა მას. პატარა ჯონს ძიძა აუყვანეს, რომელიც მისთვის მოსიყვარულე მშობელიც და მხიარული მეგობარიც იყო. ჯონმა იპოვა გზა, როგორ ჩაენაცვლებინა დედის დანაკლისი, მაგრამ მისი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა – მოულოდენლად ძიძა გაუშვეს ოჯახიდან, რაც პატარა ჯონმა ძალიან განიცადა. თავის ჩანაწერებში იხსენებს, რომ ახლაც ახსოვს ის ბრაზი, სევდა და სასოწარკვეთა, როცა ძიძამ დატოვა.
ჯ. ბოულბი მუშაობას იწყებს სკოლაში, სადაც რთული ქცევის მოზარდები სწავლობენ. სწორედ ორ მოზარდზე დაკვირვებისას, მან შეამჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი მშობლის გარეშე გაიზარდა, მათი ქცევა განსხვავდება ერთმანეთისგან. ერთ-ერთი მუდმივად ცდილობდა წესებთან შეუსაბამო ქცევით მიეპყრო სხვების ყურადღება, რაიმე მოეპარა, გაეღიზიანებინა მის გარშემო უფროსები, არ შეესრულებინა წესები, ხოლო მეორე ემოციურად მიჯაჭვული გახდა ჯონ ბოულბიზე, დღის განმავლობაში მის ყურადღებასა და სითბოს ეძებდა. ჯონ ბოულბი მიხვდა, რომ ბავშვის მშობელთან განშორებას სხვადასხვა შედეგი და ქცევის ფორმა აქვს.
ძალიან მალე ჯონ ბოულბისთან თანამშრომლობას იწყებს ამერიკელ-კანადელი განვითარების ფსიქოლოგი მერი ეინსვორსი, რომელმაც გადაწყვიტა, სწორედ მიჯაჭვულობის სხვადასხვა ფორმები გამოევლინა ბავშვის ქცევაზე დაკვირვებით. მერი ეინსვორსმა 2 წლამდე ბავშვებთან ჩაატარა ექსპერიმენტი, სახელად – „უცნაური სიტუაცია“, სადაც 100-მა ოჯახმა მიიღო მონაწილეობა. პროცესი 8 ეპიზოდისგან შედგებოდა. ექსპერიმენტის დროს მშობელი და ბავშვი შედიოდნენ უცხო ოთახში უცხო ადამიანთან, შემდეგ დედა რამდენიმე წუთით გადიოდა და ბრუნდებოდა უკან. მკვლევრები ორმაგი მინის საშუალებით აკვირდებოდნენ ბავშვის ქცევას მშობლის ოთახიდან გასვლისას. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი ტიროდა და დედას ითხოვდა, ელოდებოდა დედას და ნაკლებად იკვლევდა გარემოს, ზოგი საერთოდ არ იმჩნევდა მშობლის გასვლას ოთახიდან, ზოგიც კი გამოხატავდა მაღალ შფოთვას, სასოწარკვეთას და ისტერიას.
გარდა განსხვავებული რეაქციებისა, რომელიც ბავშვებმა აჩვენეს მშობელთან განშორებისას, საინტერესო აღმოჩნდა, მათი მშობელთან შეხვედრაც, როცა დედა ოთახში დაბრუნდა. ზოგიერთი ბავშვი, დედის დანახვაზე, მაშინვე დაწყნარდა და ჩაეხუტა მას, ზოგიერთის რეაქცია ამბივალენტური იყო, ხან ეხუტებოდა მშობელს, ხან ისევ შფოთვას და გაღიზიანებას გამოხატავდა, ზოგიერთმა კი მშობლის ოთახში დაბრუნებას ყურადღება არ მიაქცია.
კვლევის შედეგად მერი ეინსვორსმა შეიმუშავა ბავშვის და აღმზრდელის მიჯაჭვულობის სამი ფორმა:
- სანდო მიჯაჭვულობა – გულისხმობს მდგომარეობას, როცა მშობელი ბავშვისთვის უსაფრთხოების ბაზისია, ბავშვი ენდობა მას, როცა მშობელი ახლოსაა, ბავშვი უკეთ იკვლევს გარემოს, ინტერესდება სიახლეებით, არ ეშინია უცხო ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარების და მარტივად ადაპტირდება ახალ გარემოში.
- ამბივალენტური მიჯაჭვულობა – გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როცა ბავშვისთვის მშობელი არათანმიმდევრულია, არაპროგნოზირებადი, ის ხან მოსიყვარულე და ყურადღებიანია ბავშვის მიმართ, ხან კი აიგნორებს მის მოთხოვნებს. შესაბამისად, უცხო გარემოში მშობლის მოულოდნელი წასვლის დროს, ბავშვს ეუფლება შიში, რომ მშობელმა შეიძლება დატოვოს და აღარ დაბრუნდეს, ის არ ენდობა მშობელს, რადგან ახსოვს სიტუაციები, როცა მშობელმა არ უპასუხა მის ემოციურ საჭიროებებს. ამბივალენტური მიჯაჭვულობის დროს ბავშვის ემოციური თვითრეგულაცია ირღვევა და შესაძლოა ის რთული ქცევით გამოვლინდეს.
- ამრიდებლური მიჯაჭვულობა – ასეთი მიჯაჭვულობის დროს, მშობელი მუდმივად აიგნორებს მისი შვილის ემოციებს, მოთხოვნილებებს, საჭიროებებს. როცა ბავშვი ემოციებს გამოხატავს, მშობელი მხოლოდ უბრაზდება ან აიგნორებს მას. ბავშვს აქვს განცდა, რომ მშობელს მისი არ ესმის, ვერ ხედავს, ვერ გრძნობს რას განიცდის ის. ამიტომ უცხო გარემოშიც და ნაცნობ გარემოშიც ბავშვი თავს მარტოდ და ემოციური მხარდაჭერის გარეშე გრძნობს. ის ცდილობს, ყურადღება სათამაშოებზე და სხვა ადამიანებზე გადაიტანოს.
მიჯაჭვულობის ფორმების ცოდნა გვეხმარება მიჯაჭვულობის ფორმის კორექციაზე მუშაობის დაგეგმვაში. სწორედ ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობის ქცევის პატერნები განსაზღვრავენ ბავშვის ნდობა/უნდობლობას ახალი გარემოს, სხვა ადამიანების და ცვლილებების მიმართ, ეს ყველაფერი აისახება მის სწავლის ხარისხსა და ყურადღების კონცენტრაციაზეც, რადგან როცა ბავშვის სტრესის დონე მაღალია, მას უჭირს აღმასრულებელი ფუნქციების სწორად და ეფექტურად გამოყენება.
რეკომენდაციები⇓⇓
⇔ „ამბივალენტური მიჯაჭვულობა“ – ეცადეთ, ბავშვთან იყოთ თანმიმდევრული და მაქსიმალურად პროგნოზირებადი გარემო შექმნათ. ყველაფერი შეუთანხმეთ, წინასწარ აჩვენეთ, რომ სიახლეების მიმართ წინასწარგანწყობა შეუქმნათ. არ ისარგებლოთ მისი ნდობით, გამოიყენეთ „შეთანხმხების პრინციპი“ და აუცილებლად შეასრულეთ ის, რასაც დაპირდებით.
კარგად გაწერილი რუტინა და თანმიმდევრული აღზრდის სტილი, როცა მშობელი ეხმაურება ბავშვის საკომუნიკაციო სიგნალებს, საჭიროებებს, მოთხოვნილებებს, ყურადღებიანია ბავშვის ემოციური ფონის მიმართ და ამას რეგულარულად აკეთებს, დიდწილად განსაზღვრავს ბავშვის ნდობის ჩამოყალიბებას მის მიმართ, შფოთვაც მცირდება და ქცევაც რეგულირდება.
დაიმახსოვრეთ, თუ ამ ყველაფერს ყოველდღიურ სახეს არ მისცემთ, ზემოთ აღნიშნული რჩევები არ იმუშავებს. ბავშვებს, ამბივალენტური მიჯაჭვულობის დროს, სჭირდებათ სტაბილურობა და საიმედოობა თქვენი მხრიდან.
⇔ „ამრიდებლური მიჯაჭვულობა“ – ხშირად, მშობლები, რომლებიც განიცდიან ამრიდებლურ მიჯაჭვულობას საკუთარ შვილებთან, ბავშვობაში თვითონაც საკუთარი მშობლების მხრიდან ამრიდებლურ კავშირს იღებდნენ. გაიხსენეთ საკუთარი ბავშვობა და გააცნობიერეთ, როგორი მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის მშობლის დადებითი ემოციები, სითბო და მხარდაჭერა. ალბათ გაიხსენებდით ისეთ სიტაუციებს, როცა მეტად გჭირდებოდათ მშობელი, ის კი თქვენთან არ იყო. ალბათ როგორ უფრო თავდაჯერებულად და პოზიტიურად დაინახავდით გარკვეულ სიტუაციებს, თუ მშობელი ამას თქვენთან ერთად გააკეთებდა.
ყურადღება გაამახვილეთ თქვენი შვილის ყოველდღიურ ემოციებსა და საჭიროებებზე. აგრძნობინეთ, გამოხატეთ ვერბალურად, რომ გესმით მისი, დაიხმარეთ არავერბალური კომუნიკაციის ფორმები. მნიშვნელოვანია, თქვენი სათქმელი სხეულის ენითაც შესამჩნევი იყოს.
გაატარეთ დრო თქვენს შვილთან, ერთად შეასრულეთ მისთვის მნიშვნელოვანი აქტივობები, ყოველდღიურ რუტინაში გამოყავით ისეთი სიტუაციები, რომელსაც მუდმივად ერთად გააკეთებთ, როგორიცაა ძილის წინ წიგნის კითხვა, დილით ერთად საუზმის მომზადება და მირთმევა.