საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, საზოგადოებას წარუდგინა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა, რაც გულისხმობს სისტემაში დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერებასა და მათთვის საჯარო შეთავაზებას.
მინისტრმა პრეზენტაციის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ბოლო კვლევების შედეგებმა აჩვენა ქვეყანაში პროფესიული უნარების მქონე კადრების ნაკლებობა და რაკი პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ბერკეტადაა მიჩნეული, ამ გამოწვევის საპასუხოდ, ბუნებრივია, პასუხისმგებლობის საკუთარი წილი მასაც აქვს. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული ნამდვილი საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიული განათლებისთვის.
„ბოლო წლებში, დაახლოებით, 200 მლნ ლარზე მეტი დახარჯა სახელმწიფომ საჯარო კოლეჯების (მათ შორის კერძოც) განვითარებისთვის, მაგრამ გამოცდილებამ ნათლად აჩვენა, რომ ბიზნესის, დამსაქმებლების კიდევ უფრო მეტი ჩართულობის გარეშე შეუძლებელია საერთაშორისო სტანდარტების ნიშნულზე გასვლა,“ – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
მან ეს ურთიერთობა პირველი რიგის აუცილებლობად დაასახელა და საჯაროდ მიმართა ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ 15 ნოემბრიდან განათლების სამინისტრო მზად იქნება, შეხვდეს და მოისმინოს ყველა დარგის ბიზნესის წარმომადგენელთა იდეები და შეთავაზებები. მთავარი, რაც მათ უნდა დაასაბუთონ, ისაა, როგორ შეძლებენ კადრების მომზადებას და შემდგომ მათ დასაქმებას. თავის მხრივ კი სახელმწიფო მზად არის, გახდეს პროცესის ინვესტორი. აქვე დასახელდა თანამშრომლობის რამდენიმე შესაძლო მოდელი:
♦ ახალი კოლეჯის ერთობლივად დაფუძნება;
♦ არსებული კოლეჯის მართვაში გადაცემა;
♦ კოლეჯის მიმართულების მართვაში გადაცემა,
♦ საწარმოს/კომპანიის მომზადება-გადამზადების პროგრამების მხარდაჭერა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარია ერთობლივი ძალისხმევა მიზნის მისაღწევად – ესაა განათლება და დასაქმება: „ჩვენ გთავაზობთ, ერთად განვავითაროთ პროფესიული განათლება. როგორც ტექნიკური და მეთოდური დახმარების, ისე საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა თუ გადახედვის ნაწილში, მზად ვართ, თქვენთან ერთად ვიმუშაოთ, მათ შორის, ჩავდოთ ინვესტიცია, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, პარტნიორი ორგანიზაციებისა და დონორების მონაწილეობა“.
მინისტრმა დაასახელა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც გამოიკვეთა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობით, შრომის ბაზრის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე:
♦ ტურიზმი და მასპინძლობა;
♦ IT სპეციალობები;
♦ სოფლის მეურნეობა;
♦ ენერგეტიკა;
♦ ჯანდაცვა;
♦ მშენებლობა.
ეს ის დარგებია, სადაც დიდია კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა, რაც იმას გულისხმობს, რომ სათანადო დაინტერესება იქნება ბიზნესის მხრიდანაც. თუმცა აღინიშნა ისიც, რომ სფეროს განვითარებაზე ზრუნვა მოითხოვს, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვალიფიკაციების გადახედვას, თანამედროვე საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისობის გათვალისწინებით. აღინიშნა, რომ იგეგმება თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ოთხი ახალი კვალიფიკაციის შექმნა. ორი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს არსებული საგანმანათლებლო პროგრამების გადახედვა, საჭიროებისამებრ განახლება და ახლის შექმნაც.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც მინისტრმა საზოგადოებას შესთავაზა, 2025 წლიდან ახალი დაფინანსების მოდელზე გადასვლაა. ეს იქნება დასაქმებაზე და კოლეჯის მიღწევებზე დაფუძნებული მოდელი, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღერძად კვალიფიციური პროფესიული მასწავლებელი დასახელდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უნარების სააგენტოში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით, მაგრამ ახალი ინიციატივაა, დასახელებული პრიორიტეტული მიმართულებების პროფესიული კოლეჯებიდან შეირჩეს 50 პედაგოგი, რომლებიც კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმ ქვეყნებში გაემგზავრებიან, სადაც ყველაზე თანამედროვე და განვითარებული პროფესიული სასწავლებლებია. სამშობლოში დაბრუნებულები კი თავად იქნებიან გამოცდილებისა და სიახლეების გამზიარებელი ტრენერები. და ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
პრეზენტაციის ერთ-ერთ საკვანძო საკითხად კოლეჯების სტრუქტურული გაძლიერება და, შესაბამისად, კოლეჯის ლიდერის, დირექტორის კვალიფიკაციის ამაღლება და მხარდაჭერა დასახელდა. ბუნებრივია, როცა საუბარია საგანმანათლებლო პროგრამების განახლებაზე, მასწავლებელთა პროფესიულ ზრდასა და ახალი დაფინანსების მოდელის დანერგვაზე, აქ დირექტორის ფაქტორი შესაძლოა გადამწყვეტი იყოს. ამ მიმართულებით განათლების სამინისტრო გეგმავს რიგ ღონისძიებებს, უკვე დაინიცირებულია კანონი დირექტორის არჩევითობისა და ვადის განსაზღვრის შესახებ, რაც ავტორიზაციის ციკლის შესაბამისი იქნება.
დაბოლოს საკითხი, რომელიც პირდაპირ თანხვედრაშია ზოგადი განათლების რეფორმასთან – ესაა საჯარო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურზე მოსწავლეებისთვის არჩევით-სავალდებულო საგნად პროფესიული პროგრამების შეთავაზება.
„სახელმწიფოსთვის პროფესიული განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია, მაგრამ რამდენიც არ უნდა დავხარჯოთ, ძალიან რთული იქნება მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვერანაირი მარკეტინგული თუ საკომუნიკაციო კამპანიები ვერ მოგვცემს სასურველ შედეგს. ყველაზე ეფექტურ გზად მივიჩნიეთ სკოლებში პროფესიული პროგრამების, ე.წ. ინტეგრირებული პროგრამების, შეტანა იმ მიზნით, რომ მოსწავლეებს ადრეული ასაკიდან მიეცეთ შესაძლებლობა, ზოგადსაგანმანათლებლო საგნების პარალელურად, დაეუფლონ მათთვის საინტერესო ერთ კონკრეტულ პროფესიას, რაც სკოლის დამთავრებისთანავე მისცემთ დასაქმების, საკუთარი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობას. 2100-ივე სკოლაში გვინდა, რომ დავნერგოთ ინტეგრირებული პროგრამები, თუმცა, ბუნებრივია, ეს ერთბაშად ვერ მოხერხდება. 2024 წლიდან შევარჩევთ საპილოტე სკოლებს, სადაც დაიწყება პროცესი,“ – აღნიშნა მინისტრმა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესსექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები.
მოამზადა ანა ფირცხალაიშვილმა