გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციასთან პარტნიორობითა და თანამშრომლობით, უპრეცედენტო მენტორობის პროგრამა ხორციელდება, რომელიც საშუალებას აძლევს უნივერსიტეტის სტუდენტებს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება საკუთარ პროფესიებში და გაზარდონ დასაქმების შანსები. სტუდენტთა მენტორობის პროგრამის დასავლური გამოცდილების საქართველოში გადმოტანის მნიშვნელობაზე გვესაუბრებიან – მარიამ თურმანიძე, ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის თავმჯდომარე და ანა აბესაძე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი.
⇒ რას გულისხმობს სტუდენტთა მენტორობის პროგრამა და როგორ ჩაერთო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აღნიშნულ პროგრამაში?
ანა აბესაძე: სტუდენტთა მენტორობის პროგრამა ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის პროექტია. პროგრამა ითვალისწინებს ასოციაციის წევრის, „მენტორის“, მიერ, მისივე სპეციალობის ერთი ან რამდენიმე სტუდენტისთვის, კონკრეტული სფეროს შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას, რჩევების მიცემასა და კონსულტაციის გაწევას, რაც დაეხმარება სტუდენტს მიიღოს პრაქტიკული ინფორმაცია სფეროში უკვე დამკვიდრებული სპეციალისტისგან და უკეთ მოემზადოს მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია მენტორობის პროგრამაში ჩართვა. ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია, 2021 წლის ნოემბრიდან, გრუნის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში, დაიგეგმა სხვადასხვა ვებინარები და პროექტები, რომელთა შორის ერთ-ერთია აღნიშნული პროგრამა. მინდა, უნივერსიტეტის სახელით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო EPAG-ს ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის.
⇒ რას წარმოადგენს ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია და საიდან დაიბადა პროგრამის დაარსების იდეა?
მარიამი თურმანიძე: ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (EPAG) არასამთავრობო, არაკომერციული იურიდიული პირია, რომელიც აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული 25 გაცვლითი პროგრამის 1000-მდე კურსდამთავრებულს აერთიანებს. ასოციაციის მთავარი საყრდენი სწორედ მისი წევრები და არსებული ინტელექტუალური რესურსია.
EPAG-ის წინამორბედი გახლდათ MAAG – საქართველოს მასკის კურსდამთავრებულთა ასოციაცია, რომელიც 2004 წელს შეიქმნა და შეკრიბა ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები სხვადასხვა სფეროებიდან. ხოლო უკვე შემდეგ, 2013 წელს, ასოციაციამ გადაწყვიტა, მოეცვა აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ყველა სხვა პროგრამის კურსდამთავრებულები. ამ მნიშვნელოვანი ცვლილების შედეგად, ასოციაციას დაერქვა ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (EPAG). დღესდღეობით, EPAG, ასევე, ამერიკის კურსდამთავრებულთა ასოციაციების ევროპული ქსელის (ENAM) წევრია.
ასოციაციის მთავარ მიზანს დასავლური განათლების მქონე პროფესიონალებისა და თანამოაზრეების ქსელის შექმნა წარმოადგენს. EPAG არის პლატფორმა იდეების გენერირებისთვის, სივრცე — სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების დასაკავშირებლად, ამა თუ იმ სფეროს პროფესიონალების ქსელის შესაქმნელად, სოციალური აქტივობების განსახორციელებლად.
⇒ ვისთან პარტნიორობით ხორციელდება პროგრამა?
მარიამი: პროგრამის პირველი ნაკადი მხოლოდ ერთ უნივერსიტეტთან პარტნიორობით განხორციელდა, რადგან საპილოტე ნაკადი იყო. რაც შეეხება მეორე ნაკადს, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაში ჩართვის სურვილი ბევრმა უნივერსიტეტმა გამოთქვა, მხოლოდ ოთხი უნივერსიტეტი შეირჩა: გრიგოლ რობაქიძის სახელობის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო, საქართველოს უნივერსიტეტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. თუმცა, სამომავლოდ, ვფიქრობთ პროგრამის იმგვარად გაფართოებას, რომ რაც შეიძლება მეტი უნივერსიტეტის სტუდენტს მიეცეს ამ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა.
⇒ რომელი სასწავლო მიმართულების სტუდენტებს შეუძლიათ პროგრამაში ჩართვა?
მარიამი: პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია სხვადასხვა პროფესიის სტუდენტს, თუ ის არის აღნიშნული 4 უნივერსიტეტის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და აქვს 2.5 ან მეტი საერთო GPA. რაც შეეხება სასწავლო მიმართულებებს, შეზღუდული არ არის და საკმაოდ მრავალფეროვანი ჩამონათვალია. სფეროები დამოკიდებულია პროგრამის თითოეულ ნაკადში ჩართული მენტორების სპეციალობებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე, ანუ მეორე ნაკადში 70-მდე მენტორია ჩართული, სასწავლო მიმართულებებიც საკმაოდ მრავალფეროვანია.
⇒ რა ფორმით ირჩევა მენტორი და ვინ არიან ისინი, გამოცდილების კუთხით?
მარიამი: ეპაგ-ის მენტორობის პროგრამის მე-2 ნაკადში 70 სხვადასხვა სპეციალობისა და გამოცდილების მენტორი ერთვება. მენტორები იქნებიან ჩვენივე ასოციაციის, ეპაგ-ის წევრები, ადამიანები, რომლებმაც განათლება და გამოცდილება ამერიკაში მიიღეს და წარმატებით აგრძელებენ საკუთარ პროფესიაში მოღვაწეობას. გარდა პროფესიული გამოცდილებისა, აკადემიური განათლების თვალსაზრისით, პროგრამაში ჩართული მენტორები, მინიმუმ, მაგისტრის აკადემიურ ხარისხს ფლობენ. იხ. ბმული:https://airtable.com/shrLsRCECHDWQeUr6/tbl0XVmdLwWRpbFHt
⇒ რა ვადებს მოიცავს მენტორობის პროგრამა, როდის იწყება და რამდენი სტუდენტი შეირჩა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან აღნიშნულ ნაკადში?
ანა: პროგრამის მეორე ნაკადისთვის, რომელიც 11 მარტს დაიწყო, 60 სტუდენტი შეირჩა. აქედან 11 გრუნის სტუდენტია, რომლებიც პროგრამაში გაზაფხულის სემესტრის დასასრულამდე იქნებიან ჩართული, მიმაგრებულ მენტორებთან ერთად.
⇒ რას მისცემს გრუნის სტუდენტებს მენტორობის პროგრამაში ჩართვა?
ანა: პროგრამაში მონაწილე გრუნის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ კარიერული კონსულტაცია საკუთარ პროფესიებზე და რჩევები, რომელიც დაეხმარებათ გაზარდონ პროფესიით დასაქმების შანსები. ამასთანავე, ისინი შეძლებენ რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის სწორად შედგენას, საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებასა და პროფესიული კონტაქტების წრის გაფართოებას.
სამწუხაროდ, ხშირად ყველაზე წარჩინებული სტუდენტებიც კი იკარგებიან პროფესიულად და მათთვის გამოცდილი პროფესიონალისგან სწორი მიმართულების მიცემა და მხარდაჭერა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. როგორც ეპაგ-ის ერთ-ერთ წევრს, მეც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ამერიკული განათლების ბენეფიტები და საბედნიეროდ, მომეცა შესაძლებლობა, მყოლოდა არაერთი მენტორი, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩემს პროფესიულ წარმატებაში.
მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო თითოეულ მენტორს, რომლებიც, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, სრულიად უანგაროდ ეხმარებიან სტუდენტებს და არიან პოზიტიური ცვლილების აგენტები მათ ცხოვრებაში.