თამარ მოსიაშვილი
„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ განათლების სპეციალისტი
საქართველოში საზოგადოება ძალიან წუხს, როდესაც ჩვენ გვაქვს არცთუ ისე კარგი მიღწევები ეროვნულ და საერთაშორისო შეფასებებში. თუ ამ შედეგებს კარგად გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ ამ დაბალი შედეგების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ქალაქებსა და სოფლებში, მოსწავლეთა მიღწევებს შორის, განსხვავება დიდია. სამწუხაროდ, უფრო და უფრო იზრდება მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებს შორის განსხვავებები და ამ მიღწევებზე გავლენას ახდენს მოსწავლის სოციოეკონომიკური სტატუსი — როგორი შემოსავალი აქვს მის ოჯახს, სად ცხოვრობს, როგორი განათლება აქვთ მშობლებს, როგორ სკოლაში სწავლობს ეს ბავშვი, რამდენად კვალიფიციური მასწავლებლები ასწავლიან და ა.შ.
შესაბამისად, ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, ღარიბი თემის სკოლები და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ისეთი პროგრამა, რომელიც გაითვალისწინებს დამატებით სერვისებს ასეთი სკოლებისთვის. სამწუხაროდ, მე ვერ მოვისმინე, რომ „ახალი სკოლის მოდელში“ გათვალისწინებულია ამ ტიპის სკოლების საჭიროებები.
და კიდევ ერთი, ზოგადად, ცხადია, მეთოდოლოგიაზე, რომელიც ახალი სკოლის ავტორებმა შეიმუშავეს, არ ვდავობ, მეთოდების განხილვა პროფესიონალების და აკადემიურ წრეებში შეიძლება მოხდეს, ასევე, ეფექტურობის შეფასება, კვლევები და სხვ. უბრალოდ, ეს ისევ ცენტრალიზებული პროგრამაა და სამწუხაროდ, ვერა და ვერ გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე, როდესაც სახელმწიფო მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ სისტემის დეცენტრალიზაციას შეუწყოს ხელი.
ნინო კაპანაძე
„ახალი სკოლის მოდელის“ კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტი/ქოუჩი სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის №3 საჯარო სკოლაში
ჩვენი სკოლა პროექტში პირველ ეტაზე, 65 სკოლას შორის, ჩაერთო. პირველ-მეოთხე კლასებში 20 პარალელური კლასია, რომელშიც 40-ზე მეტი მასწავლებელი ასწავლის.
რით არის საინტერესო პროექტი? ჩვენს რეალობაში პირველად, ეროვნული სასწავლო გეგმით დასახულ გრძელვადიან მიზნებთან მისასვლელ გზას, ანუ სკოლის კურიკულუმს, სასკოლო თემი თავად ქმნის, უფრო ზუსტად, ავითარებს. ავითარებს, რადგანაც გასული სასწავლო წლის ბოლოს შექმნილი თემატური მატრიცების გაუმჯობესების ინიციატორები, დანერგვის ეტაპზე, თავად ავტორები და მათი კოლეგები გახდნენ. ეს უწყვეტი პროცესი იქნება. თვალნათლივ ვხედავთ, როგორ ვითარდება თანამშრომლობა პარალელური კლასების და საერთოდ, მასწავლებლებს შორის. პარალელური (ჩვენ შემთხვევაში, 5-6 პარალელური) კლასის მასწავლებლები ქმნიან საერთო თემატურ მატრიცას, რომლის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს კომპლექსური დავალება. ის, თავისი არსით, არის განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი, რომელმაც მასწავლებელს და მოსწავლესაც, სამიზნე ცნებასთან და მის მკვიდრ წარმოდგენებთან მიმართებით, შეფასებისა და თვითშეფასების საშუალება უნდა მისცეს. პარალელური კლასების მასწავლებლები გეგმავენ სწავლა-სწავლების პროცესს, რომელიც, კომპლექსურიდან კომპლექსურამდე, ერთდროულად წარიმართება და საბოლოოდ, ერთად ხდება ჩატარებული აქტივობების შეჯერებაც. შემდეგ იწყება მომდევნო ეტაპის დაგეგმვა და განხორციელება და ასე შემდეგ. კოლეგები უზიარებენ ერთმანეთს სასწავლო რესურსებს, სტრატეგიებს, მეთოდებს. საბოლოოდ, შეთანხმებული თემატური მატრიცა სკოლის კურიკულუმში იტვირთება, რომელიც ონლაინსივრცეში განთავსებულ საქაღალდეში ინახება და პროექტში ჩართული ყველა მასწავლებლისთვის, ექსპერტისთვის, პროექტის მმართველი გუნდისთვის ხელმისაწვდომია. ეს გაზიარებულობა ქმნის საშუალებას, საგნობრივმა ექსპერტებმა უწყვეტ რეჟიმში გააანალიზონ ძლიერი და სუსტი მხარეები, გააკეთონ უკუკავშირი, შექმნან და შემოგვაშველონ დამხმარე ინსტრუმენტები, რომელიც პედაგოგებს მუშაობას გაუიოლებს.
ფაქტობრივად, 65 + 100 სკოლა წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაშლილ პედაგოგიურ „ლაბორატორიას“, რომელიც სცდის ახალ მიდგომებს, ინსტრუმენტებს და ღია და გახსნილ რეაგირებას ახდენს პროექტის გამოწვევებზე. სამინისტროს ექსპერტები მუდმივად მუშაობენ გზამკვლევების, ინსტრუმენტების გაუმჯობესებაზე, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ გაშლის ეტაპზე, რაც მომავალი სასწავლო წლისთვის იგეგმება, სკოლებმა უფრო მოქნილი რეკომენდაციები მიიღონ.
სწავლა-სწავლების პროცესის ცენტრში, რა თქმა უნდა, მოსწავლეა და მოდელი მას საშუალებას აძლევს, მიიღოს პირობისეული ცოდნა, ჩაერთოს მისთვის დაძლევად სააზროვნო პროცესებში და გაიაზროს რა ნაბიჯებს დგამს კონკრეტული ამოცანის დაძლევისთვის.
ადვილი არ არის ამ სიახლის კლასში გადატანა, ყველა ხალისით არ ერთვება საქმეში, მაგრამ ერთი ფაქტია, ყველაზე სკეპტიკოსებიც კი აღიარებენ, რომ ასეთი თანამშრომლობა მასწავლებლებს შორის არასდროს ყოფილა. მოსწავლეების ჩართულობა მატულობს, ისინი ძალიან მნიშვნელოვან უნარებს ივითარებენ, ხალისით წარმოადგენენ კომპლექსურის შედეგად შექმნილ პროდუქტებს, რომელსაც ხშირად ელექტრონულად ქმნიან. გასულ სემესტრში 100-მდე გაკვეთილს დავესწარით და თითოეული მათგანი იქცა კონკრეტული წინსვლის პირობად, რადგან უკუკავშირი ყოველთვის მყისიერი და კონკრეტულია, გაუმჯობესების გზასაც, უმეტესწილად, თავად მასწავლებელი ისახავს საკუთარ გაკვეთილზე მსჯელობისას. მასწავლებლები, რომლებიც ზედა საფეხურებზეც ასწავლიან, საკუთარი სურვილით, უფროს კლასებშიც იყენებენ ამ მიდგომებს და ძალიან საინტერესო შედეგებზე გვესაუბრებიან.
შორს ვართ იმ აზრისგან, რომ პროექტით დასახული მიზნების მიღწევა ამ დროში ამომწურავად შევძელით, რადგან არსებობს ობიექტური ბარიერები, იმავე დროის დეფიციტის, პარალელური პროცესების, ორცვლიანი სწავლების და სხვა მომენტების სახით, ხანდახან სუბიექტურ ბარიერებსაც ვაწყდებით, მაგრამ ეს ნებისმიერი რეფორმის თანმდევი პროცესია და დიდი იმედი გვაქვს, რომ პროექტის გაფართოების კვალდაკვალ ასეთი წინააღმდეგობები მინიმუმამდე შემცირდება.
როლანდ ხოჯანაშვილი
სასკოლო სასწავლო გეგმების დაგეგმვისა და დანერგვის ექსპერტი
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა 26 წელზე მეტს მოითვლის. პირველად, როცა სკოლაში მასწავლებლის პოზიციაზე მივედი, მხოლოდ 18 წლის ვიყავი. მაშინ ჯერ კიდევ იყო დაუსწრებელი სწავლის ფორმა და მეორე კურსის სტუდენტმა გავბედე სწავლება. 1993 წელს ბევრს უკვირდა, რატომ ავირჩიე მასწავლებლობა. ათასჯერ რომ მომეცეს პროფესიის არჩევანის შესაძლებლობა, ისევ მასწავლებლობას ავირჩევდი…
გასულ წელს მონაწილეობა მივიღე შესარჩევ კონკურსში სასწავლო გეგმის დაგეგმვა-დანერგვის ექსპერტის პოზიციაზე. გასაუბრების ეტაპი წარმატებით გავიარე, შემდეგ — ინტენსიური გადამზადების კურსი და საჩხერის №1 საჯარო სკოლაში გამამწესეს კურიკულუმის ექსპერტად. მოსალოდნელი 27 მსმენელის ნაცვლად, გაცილებით მეტი პედაგოგი დამხვდა პირველივე შეხვედრაზე — ჩანდა, რომ სკოლაში ბევრს აინტერესებდა, რა იყო რეფორმის ეს ახალი ტალღა. თავიდან გამომჟღავნებული და გამოუმჟღავნებელი სკეპტიციზმიც იყო, რომელიც ნელ-ნელა და „ხავერდოვნად“ დავამარცხეთ! რომ გითხრათ, დიდი ძალისხმევა დამჭირდა ამისთვის, ტყუილი იქნება, რადგან სკოლაში მისვლამდე ისეთ ხალხთან მქონდა პროფესიული წაფვის კურსი გავლილი, რომელთა კვალიფიკაცია საერთაშორისო დონისაა! მადლობა მინდა ვუთხრა მათ გამოცხადებული ნდობისათვის.
საჩხერის №1 საჯარო სკოლაში ძალიან მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგები და არაჩვეულებრივი ადმინისტრაციული რესურსი დამხვდა. სკოლის დირექტორი ირმა კაპანაძე 21-ე საუკუნის მოთხოვნების შესაფერისი საგანმანათლებლო ლიდერია, რომელიც მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდ სკოლას მართავს დემოკრატიული პრინციპებით და მისგან მუდამ ვგრძნობდი მხარდაჭერას! მინდა გავიხსენო გამორჩეულად სკეპტიკოსი პედაგოგი, რომელიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს სახალხოდ გამოგვიტყდა, ეს რა კარგი რამე ყოფილაო! ვერავინ დამალავს იმ მიღწევებს, რომელიც ამ ფუნდამენტურ რეფორმას მოჰყვა სკოლებში. ნახონ კრიტიკულად განწყობილმა ადამიანებმა, როგორ უხარიათ ბავშვებს „მატრიცული“ გაკვეთილები, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მოსაწყენი, სტატიკური გაკვეთილების ნაცვლად, დინამიკური პროცესის შემოქმედია მოსწავლე, მასწავლებელი — მხოლოდ მოდერატორი. ამ „მოდელის“ მიხედვით, ბავშვი არის აღიარებული და არაფერი ისე არ უნდა პატარას, როგორც აღიარება, დაფასება და მხარდაჭერა. ვის რად უნდა მხოლოდ განმსაზღვრელი შეფასება?! ახლა განმავითარებელი შეფასების და კონსტრუქტივისტული მიდგომების დროა!
ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გავზარდოთ კონკურენტუნარიანი ახალგაზრდები, რომლებსაც მხოლოდ დეკლარატიულ ცოდნას კი არ მივცემთ, არამედ მოვამზადებთ სწავლის სწავლისათვის, მუდამ მზად უნდა იყვნენ სიახლეების ფეხის ასაწყობად! ბავშვი, რომელიც „იგემებს“ კომპლექსურ დავალებას, მასწავლებელს აღარ მისცემს უფლებას, რომ სხვაგვარად წარმართოს საქმიანობა სკოლაში.
ამ „მოდელის“ მიხედვით მასწავლებელი ხდება კონტაქტური კოლეგებთან, მოსწავლეებთან, ადმინისტრაციასთან და ზოგადად, იმ თემთან, რომელსაც პირდაპირი თუ ირიბი შეხება აქვს საგანმანათლებლო სისტემასთან. მასწავლებლებს ერთი მიზანი აერთიანებთ — მოსწავლის პროგრესი.
არ მინდა საკითხის რომანტიზება, მაგრამ სინამდვილე ისაა, რომ კურიკულუმის დაგეგმვა-დანერგვის ექსპერტის პოზიციაზე არა მარტო ჩემი თავი წარმოვაჩინე კარგად, არამედ შევიძინე ახალი მეგობრები საჩხერელი მასწავლებლების სახით, რომლებიც ყოველი შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათში მომენატრებიან ხოლმე…
ნინო მახარაშვილი-ბუხრიკიძე
კურიკულუმის განვითარების ექსპერტი, ტრენერ-კონსულტანტი
ხაშურის №3 საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო „ახალი სკოლის მოდელის“ საპილოტე რეჟიმში. პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს სკოლებში მიმდინარე სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება და სასკოლო კლიმატის გაჯანსაღება, რაც გულისხმობს სასკოლო ცხოვრების რეალურ ცხოვრებასთან დაახლოებას და ამ გზით სასწავლო პროცესის გამოცოცხლებას, საკლასო ოთახის გადაქცევას მოსწავლეთა შემოქმედებითი და შემეცნებითი ძალების განვითარების ადგილად, შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობას, თანამშრომლობითი გუნდური მუშაობის კულტურის დანერგვას.
მოსწავლეზე ორიენტირებული „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვაში, როგორც ყველა სკოლაში, ხაშურის №3 სკოლაშიც მონაწილეობს სკოლის ადმინისტრაცია, კურიკულუმის, ტექნოლოგიების და ლიდერობის ექსპერტები, პედაგოგები. სკოლაში მოსწავლემ არა მარტო ცოდნა უნდა მიიღოს, არამედ სასწავლო მასალა იმდენად სიღრმისეულად და არსობრივად უნდა გაითავისოს, რომ მისი კრიტიკულად გაანალიზება, შემოქმედებითად გააზრება და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება შეძლოს. სკოლის გარემო კი, პიროვნებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, მზრუნველი, ჰარმონიული, თანამშრომლობითი და უსაფრთხო, რაც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს.
მასწავლებელმა უნდა იცოდეს თითოეული მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები, მათი ინტერესები, საჭიროებები და ისე დაგეგმოს თითოეული თემა, რომელსაც გაკვეთილზე შეიტანს, რომ ეს მასალა ყველა მოსწავლისთვის თანაბრად გასაგები და ხელმისაწვდომი იყოს.
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, პირველად გაჩნდა საშუალება, პედაგოგებს მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე უშუალოდ სკოლაში ვესაუბროთ და თანამშრომლობის პირობებში, სასკოლო სივრცეშივე, ვეძებოთ ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები. კურიკულუმის ექსპერტები მასწავლებლებს ვაძლევთ დროულ კონსტრუქციულ უკუკავშირს, რომელიც დამყარებულია კონკრეტულ საჭიროებებსა და პოზიტივზე. ასევე მნიშვნელოვანი ორიენტირია თანამშრომლობითი კულტურის განვითარება.
ჩვენი სკოლის პედაგოგები არც შემოქმედებითობით და არც გამოცდილებით არავის ჩამოუვარდებიან, 22 მასწავლებელთან მიწევს მუშაობა, ყველა მათგანი უფროსი და წამყვანი პედაგოგია. მათ უბრალოდ არ ჰქონდათ საკუთარი პრაქტიკის აღრიცხვისა და სხვებისთვის გაზიარების ჩვევა. პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“, სასკოლო კურიკულუმების საშუალებით, სწორედ ამ ხარვეზს ავსებს. ეს, ერთი მხრივ, პედაგოგთა პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი — სკოლის ერთიან გუნდად ჩამოყალიბებას. კურიკულუმები მოსწავლეების ინტერესებსა და შესაძლებლობებზეა მორგებული, ვითვალისწინებთ სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებს: აქტიური სწავლა-სწავლება, რომელიც მოსწავლის შინაგანი მოტივაციის გაღვივებას უწყობს ხელს; ახალი ცოდნის კონსტრუირება მოსწავლის წინარე ცოდნაზე დაყრდნობით — მოსწავლის თანდათანობითი მიყვანა ახალ ცოდნამდე, ნაცნობ კონტექსტებზე დაყრდნობით; ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება — მოსწავლის გონებაში ცნებათა ბმულების ჩამოყალიბება, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შეძენილი ცოდნის გამთლიანებაში დაეხმარება; სწავლის სწავლა — იმ სტრატეგიების გაცნობიერება, რომელსაც მოსწავლე სწავლა-სწავლების პროცესში იყენებს; ცოდნის სამი კატეგორია: დეკლარატიული (რა ეწოდება?), პროცედურული (როგორ შევასრულო?) და პირობისეული (როდის გამოვიყენო?) — სასწავლო მასალის არა მხოლოდ დამახსოვრება, არამედ სიღრმისეულად გააზრება და ცხოვრებისეულ კონტექსტებთან დაკავშირება. მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, განათლების რეფორმის კონცეპტუალური მხარე ამ ხუთი პრინციპის საკლასო ოთახში რეალიზებამდე დაიყვანება.
კონსტრუქტივიზმის პრინციპების განხორციელებაში მასწავლებლებს ვთავაზობდი აქტივობებისა და კომპლექსური დავალებების ნიმუშებს, რომელიც მათ საკლასო ოთახში რეალიზებული კონსტრუქტივისტული პრინციპების გადატანისათვის იყენებდნენ და არგებდნენ თავიანთი მოსწავლეების ინტერესებს, შესაძლებლობებს და საჭიროებებს. დაწერილ მატრიცებს კი ვტესტავდით გაკვეთილებზე და ვაკვირდებოდით როგორ იზრდებოდა დღითი დღე მოსწავლეთა ჩართულობა და ანალიზისა და სინთეზის უნარი. კლასში არ რჩებოდა დაუსაქმებელი მოსწავლე. კომპლექსური დავალებების შექმნაში ყველა მოსწავლეა ჩართული, შემდეგ კი ხდება ამ დავალებების გასიტყვება. მოსწავლეებს იმდენად მოსწონთ ასეთი გაკვეთილები, რომ სხვაგვარ სწავლებას აღარც მოისურვებენ. წარსულს ჩაბარდა ტექსტების მხოლოდ დაზეპირება. ახლა ხდება თითოეული ტექსტის გაგება-გაანალიზება, შედარება, ინტერპრეტირება და აზრის დასაბუთება.
2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში სკოლაში განვახორციელეთ პროექტი მშობელთა ჩართულობით. ყველა მასწავლებელმა ჩაატარა მშობელთა თანდასწრებით ღია გაკვეთილები, სადაც მათ დაინახეს თავიანთი შვილების შედეგები, არსებული გამოწვევები და დადებითად შეაფასეს „ახალი სკოლის მოდელი“.
„ახალი სკოლის მოდელი“ არის პროექტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენს სკოლაში შევქმნათ ნიმუში იმისა, თუ რა არის ჩვენთვის კარგი სკოლა და კარგი სასწავლო პროცესი. შემდეგ კი მის დახვეწასა და განვითარებაზე ვიზრუნოთ. სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს შეუძლია და მართებს წვლილი შეიტანოს სკოლის განვითარებასა და გაუმჯობესებაში. ამიტომ ყველა ცვლილება მხოლოდ ზრუნვისა და თანამშრომლობის და არა კონკურენციის რეჟიმში შეიძლება განხორციელდეს.
მზია სალაძე
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ბათუმის №1 საჯარო სკოლის „ახალი სკოლის მოდელის“ კურიკულუმის განვითარების ექსპერტი, დაწყებითი კლასების მენტორი მასწავლებელი
როგორც დაწყებითი კლასების პრაქტიკოსი მასწავლებელი, 40-წლიანი მუშაობის გამოცდილებით, უამრავი სიახლისა და რეფორმის მონაწილე ვარ, ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ, ვისაუბრო პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“ დადებით მხარეებზე.
„ახალი სკოლის მოდელს“ ხშირად ადარებენ ფინურ და ესტონურ მოდელებს, რაშიც ვერ დავეთანხმები. პროექტი შემუშავებულია ქართველი ექსპერტების მიერ და სრულიად ქართული პროექტია. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით, თამამად შემიძლია ვთქვა: რაც ახლა ხდება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და რასაც „ახალი სკოლის მოდელი“ ჰქვია, არის განათლების სისტემაში დანერგილი რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი. მისი მიზანია პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც მოსწავლეს 21-ე საუკუნის რეალობისათვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მისცემს. ახალი სკოლის მოდელს ორი ძირითადი მიზანი აქვს: სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და კარგი ადამიანისა და მოქალაქის აღზრდისათვის საჭირო გარემოს შექმნა.
ვეთანხმები მოსაზრებას, რომ კარგი პედაგოგი ყველა დროში კარგად ახერხებდა თავისი მოვალეობის შესრულებას, თუმცა ახალი მოდელი მათ ახალ შესაძლებლობას აძლევს. სწავლა-სწავლების პროცესში გამოიკვეთა მთავარი — სწავლების გრძელვადიანი მიზნის მიღწევა. ადრე მოსწავლეებს არ ჰქონდათ საშუალება მოეხდინათ ცოდნის ადაპტირება და გაეკეთებინათ ტრანსფერი ცხოვრებისეულ სიტუაციებთან, მიღებულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას შორის. მასწავლებლები ორიენტირებული იყვნენ მოკლევადიან, კონკრეტულ საგაკვეთილო მიზანზე. ახალი მოდელით კი, მთავარი ორიენტირი მოსწავლის გრძელვადიანი მიზნებია; პირობისეული ცოდნის გააქტიურება და დახმარება გაიაზროს მიღებული ცოდნა და უნარების ღირებულება — რაში სჭირდება, როგორ გამოიყენებს ცხოვრებაში, სად, რა ფორმით და რასთან კავშირში შეძლებს მიღებული ცოდნის რეალიზება-გამოყენებას. ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ, კი მოსწავლეს სულ სხვა შინაგანი მოტივაცია და ინტერესი აღეძრება. პედაგოგებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, როგორ გაუჩინონ მოსწავლეებს მოტივაცია, შეძენილი ცოდნის, უნარების და გარემოსთან ადაპტირებული ცოდნის თანხვედრა.
სკოლის პედაგოგებს შორის ყალიბდება ახალი სახის ურთიერთობა და თანამშრომლობა, ე.წ. „ფარული კურიკულუმი“. მასწავლებლები ხდებიან კოლეგიალურები; ისინი ერთმანეთის კონკურენტები არ არიან; პარალელური კლასის მასწავლებლები, პარალელურ რეჟიმში, ასწავლიან სასწავლო თემას, რომელიც კურიკულუმშია წარმოდგენილი (მუშაობენ თემატური მატრიცის მიხედვით). თემის სწავლა-სწავლების დაწყებამდე, ერთობლივად განიხილავენ თემატურ მატრიცას (კომპლექსურ დავალებებს, მსჯელობენ კომპლექსური დავალებების განხორციელებისთვის საჭირო აქტივობებზე), აქტიურად თანამშრომლობენ და ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თემის დასრულების შემდეგ, ერთად იკრიბებიან და განიხილავენ, არჩევენ საუკეთესო ვარიანტს.
პროექტის სიკეთეს ისიც მოწმობს, რომ „ახალი სკოლის მოდელი“ მოსწონს მთავარ ობიექტს, ვისთვისაც ყველაფერი კეთდება — მოსწავლეს. ეს კი, ვფიქრობ, მთავარი ინდიკატორია პროექტის შესაფასებლად. ბოლოს კი გავიმეორებ ქალბატონ თამარ ჯაყელის სიტყვებს: „ახალი სკოლის მოდელს“ ბევრი ქვეყანა გადაიღებს და გამოიყენებს.
მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა