ინტერვიუ პროფესორ ჯემალ ძაგანიასთან,
სპორტის უნივერსიტეტის რექტორთან
⇔ როგორ შეაჯამებთ გასულ წელს, რა იყო 2020-2021 სასწავლო წლის მიღწევები და რა შედეგებით ხვდებით ახალ სასწავლო წელს?
⇔ უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიის ურთულესი პირობების მიუხედავად, საერთაშორისო ექსპერტის თავმჯდომარეობით, წარმატებით გავიარეთ ავტორიზაცია და 6 წლის ვადით (2027 წლამდე) მივიღეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. ამას მოჰყვა სამი საბაკალავრო პროგრამის (ფიზიკური აღზრდა და სპორტი; სპორტის მენეჯმენტი და ფიზიკური მედიცინა; რეაბილიტაცია) აკრედიტაცია.
სასიხარულოა, რომ სპორტის უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (მწვრთნელის) სპეციალობაზე მსურველ აბიტურიენტთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს და წელს რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს (350).
ინტენსიურად ვმუშაობთ და 2021 წლის ბოლომდე ვაპირებთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის წარდგენას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, სპორტის მენეჯმენტის მიმართულებით.
ახალი სასწავლო წლიდან სამივე საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს გარკვეული ცვლილებები ელოდებათ. პირველ რიგში, ეს ეხება ინგლისური ენის სწავლებას. კერძოდ, თუ აქამდე აღნიშნული კურსი მხოლოდ პირველ კურსზე, ორი სემესტრის განმავლობაში, ისწავლებოდა, ახალი სასწავლო წლიდან ინგლისური ენის შესწავლას ორი კურსი, ანუ ოთხი სემესტრი დაეთმობა.
ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ უნივერსიტეტს შეემატა თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ფეხბურთის სტადიონი მძლეოსნობის ბილიკებით და სექტორებით.
⇔ პანდემიის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მოგიხდათ, როგორ უპასუხეთ გამოწვევას?
⇔ პანდემიამ სრულიად ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა. შეზღუდვების ფონზე, მყისიერად უნდა გვეპასუხა ამ გამოწვევისათვის. მთელი ძალისხმევა გადატანილი იყო სასწავლო პროცესის დისტანციურად განხორციელებაზე, სასპორტო სპეციალობების სპეციფიკის გათვალისწინებით. მოვახდინეთ რესურსების სრული მობილიზება და ერთ კვირაში შევიძინეთ დისტანციური სწავლების მსოფლიოში აპრობირებული პლატფორმა.
შევიმუშავეთ ინსტრუქციები როგორც პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ისე სტუდენტებისთვის. დროის მცირე მონაკვეთში მათთან ჩავატარეთ ტრენინგები და მთლიანად გადავერთეთ დისტანციურ სწავლა-სწავლებაზე. სასპორტო მიმართულების პროგრამებში გარკვეული კორექტირების შეტანა გახდა საჭირო, გავითვალისწინეთ სპორტული პროფილის პარტნიორი უნივერსიტეტების მიდგომები და გამოცდილება. არ შეიძლება არ აღვნიშნო როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტების უაღრესად მაღალი მობილიზება, ისინი წარმატებით ჩაერთნენ ამ პროცესში. 2020-2021 სასწავლო წელი ილევა და დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტის ყველა მიმართულების სტუდენტები სრულად გავლენ სწავლის შედეგებზე. ნელ-ნელა ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და ვფიქრობთ, ახალი სემესტრიდან, სულ უფრო ნაკლებ ლექციებს ჩავატარებთ დისტანციურად.
⇔ როგორც ცნობილია, უმაღლეს სასწავლებლებს მიეცათ გარკვეული რეკომენდაციები სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის შეღავათების დაწესების შესახებ, თქვენი უნივერსიტეტი რას სთავაზობს სტუდენტებს?
⇔ სამწუხაროდ, პანდემიამ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააგდო ჩვენი ქვეყანა. ჩვენი უნივერსიტეტი არ არის მსხვილი უმაღლესი დაწესებულება, სულ 800-მდე აქტიური სტუდენტი გვყავს, მაგრამ პანდემიის გამო შექმნილმა რთულმა რეალობამ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა როგორც სტუდენტები, ისე მათი მშობლები, რომელთა უმეტესობამ სამუშაო ადგილები დაკარგეს და ბუნებრივია, ამან ასახვა პოვა სწავლის საფასურის გადახდისუნარიანობაზე.
ვინაიდან სტუდენტები სწავლის საფასურის დაფარვას დროულად ვერ ახერხებენ, უნივერსიტეტი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვფიქრობთ, სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღეთ და სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი დავაწესეთ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მეორე წელია (ასე გაგრძელდება პანდემიის დასრულებამდე), სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, არც ერთი სტუდენტისთვის არ შეგვიჩერებია სტუდენტის სტატუსი.
უნივერსიტეტმა შეიმუშავა სპეციალური საგანმანათლებლო გრაფიკი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ დისტანციური სწავლების პროცესში ჩართვას. ვფიქრობთ, აღნიშნული შეთავაზება კარგი შესაძლებლობაა მათთვის, აღადგინონ სასწავლო კურსები და ჩააბარონ გამოცდები.
უკვე სამ წელზე მეტია, უნივერსიტეტი გასცემს სტიპენდიებს წარჩინებულ სტუდენტებზე.
⇔ პანდემიის გარდა, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სპორტის უნივერსიტეტი?
⇔ როგორც ცნობილია, 2007 წელს გაუქმებული სპორტის აკადემია, 2013 წლის 28 მარტს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, თავიდან დაფუძნდა სპორტის უნივერსიტეტის სტატუსით.
ჩვენი სასწავლებელი სპეციფიკური საგანმანათლებლო დაწესებულებაა და სასწავლო პროცესისთვის მნიშვნელოვანია როგორც კეთილმოწყობილი აუდიტორია-ლაბორატორიები, ისე თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ბაზები და სპორტული ინვენტარი.
გამოწვევები საკმაოდ ბევრი გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ორ მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას.
ტ უპირველესი გამოწვევა — ინფრასტრუქტურა. სპორტის უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსი და სპორტული ინფრასტრუქტურა ექსპლუატაციაში 1955 წელს შევიდა და 66 წლის მანძილზე არც ერთხელ არ ჩატარებია რაიმე სახის სარემონტო/გამაგრებითი სამუშაოები. ჩვენი სასწავლო კორპუსი ისეთ სავალალო მდგომარეობაშია, რომ უბრალოდ შეუძლებელია ასეთ პირობებში ყოფნა.
ამას ადასტურებს გ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2018-2019 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგები და დასკვნა, რომლის გამოც საერთოდ აგვეკრძალა მეცადინეობების ჩატარება და ვრჩებოდით ღია ცის ქვეშ, რომ არა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ხელმძღვანელობის კეთილი ნება (რექტორი — გია კავთელიშვილი) — დროებით (ერთი წლით) დაგვითმეს ახალი შენობის ორი სართული (4500 კვ. მეტრი), რათა დაბრკოლება არ შეგვქმნოდა ავტორიზაციის გავლის პროცესში. ამ შენობაში მხოლოდ 2020 წლის ივნისის ბოლომდე დავრჩით.
ამჟამად, ისევ დროებით, გადაგვიყვანეს სოხუმის უნივერსიტეტის ერთ სართულზე (900კვ.მ.) ერთი წლით და თუ ამ პერიოდში ჩვენი სასწავლო კორპუსი კაპიტალურად არ გარემონტდა, ქუჩაში ვრჩებით.
ჩვენი უნივერსიტეტი — სპორტის სფეროს ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც, თავის დროზე, 120 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი ეკავა, დღეს ჰაერშია გამოკიდებული.
გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, დღის წესრიგში ხომ არ დგას ჩვენ მიერ, სიცოცხლის რისკის ფასად, შენარჩუნებული სპორტის უმაღლესი სასწავლებლის შენობა-ნაგებობებისა და მთელი ტერიტორიის გასხვისება?
ტ მეორე ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დოქტორანტურის არარსებობაა, რომელიც ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა სპორტის დარგისათვის. იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს ქვეყანაში, სპორტის მიმართულებით, ჩვენი უნივერსიტეტი ერთადერთი სასწავლებელია, მაგისტრატურის კურსდამთავრებულები მოწყვეტილი არიან შესაძლებლობას გააგრძელონ სწავლა მესამე საფეხურზე, რაც სამომავლოდ უთუოდ უარყოფითად აისახება სპორტის მეცნიერების განვითარების საქმეზე.
იმისათვის, რომ ჩვენს უნივერსიტეტს მიეცეს სადოქტორო დისერტაციის დაცვის უფლება, ერთადერთი წინააღმდეგობა არის ის, რომ უნივერსიტეტი არ არის სამსაფეხურიანი. არადა, 2013 წლის 28 მარტს, საქართველოს მთავრობის №64 დადგენილებით, ის სამსაფეხურიანი უმაღლესი სასწავლებელი იყო, შემდეგ, რამდენიმე თვეში, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ცვლილება შევიდა მთავრობის დადგენილებაში და გავხდით სასწავლო უნივერსიტეტი, რომელსაც, საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საფუძველზე, შეუძლია განახორციელოს მხოლოდ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები.
სპორტის უნივერსიტეტში ყველა რესურსია იმისათვის, რომ განხორციელდეს სადოქტორო პროგრამები. თუ აღნიშნული პრობლემა უმოკლეს ვადებში არ აღმოიფხვრება, რამდენიმე ხანში თავად უნივერსიტეტს შეექმნება პრობლემები აკადემიური პერსონალის კუთხით.
⇔ როგორია უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა?
⇔ სპორტის უნივერსიტეტს, რა თქმა უნდა, აქვს განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელშიც მკაფიოდაა გაწერილი ჩვენი მისია, ხედვა და მიზნები. როგორც სპორტის სფეროს ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, ორიენტირებული ვართ, ხელი შევუწყოთ სამოყვარულო და პროფესიული სპორტის განვითარებას, ფიზიკური აღზრდისა და სპორტული წვრთნის, სპორტის მენეჯმენტისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სფეროში ღრმა კომპეტენციის მქონე სპეციალისტების მომზადების გზით. ამისათვის უნივერსიტეტი როგორც ეროვნულ, ისევე საერთაშორისო დონეზე, შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, ახორციელებს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს და გამოყენებით სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ხელს უწყობს სტუდენტების ჰარმონიულ განვითარებას და მათ სწრაფ ადაპტაციას შრომით ბაზარზე. სასწავლო უნივერსიტეტი სრულად აცნობიერებს სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი უმაღლესი სასწავლებელი გახდება სასპორტო განათლების სფეროში გამორჩეული და პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი, რისი თქმის საშუალებასაც გვაძლევს ის გარემოება, რომ: უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის, ინოვაციური სწავლების მეთოდებზე დაყრდნობით, მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობას; უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა უმრავლესობა კონკურენტუნარიანია საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე და საქართველოში სპორტის სფეროში წამყვან პოზიციებზე დასაქმებული პირების უმრავლესობა სპორტის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია; სპორტის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომები აღიარებულია ეროვნული და საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუციების მიერ; სპორტის უნივერსიტეტი ასოცირდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას საზოგადოებაში, ქვეყნის ცნობადობის მოპოვებასა და შემდგომში დადებითი იმიჯის დამკვიდრებას საერთაშორისო არენაზე; იზიდავს და ეფექტიანად ინარჩუნებს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას; ინტერნაციონალიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობით ახალისებს აკადემიურ და სტუდენტურ მობილობას.