დაძაბული საგამოცდო სესიების შემდეგ, შაბათ-კვირას, აბიტურიენტები ისვენებენ. 5-დან 9 ივლისის ჩათვლით, ისინი ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებს აბარებდნენ. საერთო ჯამში, სესიებზე დარეგისტრირებულთა რაოდენობა 92%-დან 94%-მდე მერყეობდა; ოცზე მეტმა აბიტურიენტმა დაიგვიანა, ხოლო დადასტურებული კოვიდ-19-ის გამო გამოცდაზე, დაახლოებით, 120-ზე მეტი აპლიკანტი არ გამოცხადდა. მათთვის საგამოცდო სესია დამატებით დაინიშნება.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები სხვადასხვაგვარად აფასებდნენ ტესტების სირთულეს, თუმცა იმაში თანხმდებოდნენ, რომ საგამოცდო ცენტრებში ყველა პირობა იყო შექმნილი მშვიდი მუშაობისთვის, დაცული იყო რეგულაციები.
ანასტასია კარტოზია: “ქართულის გამოცდით კმაყოფილი ვარ. სხვადასხვა ვარიანტებს რომ შევხედე, აზრიანი ტექსტები მოვიდა. მომეწონა, ეკოლოგიასთან დაკავშირებული ესე რომ იყო წელს, თუმცა ჩემი ესეს საკითხით არ ვიყავი კმაყოფილი. კარგი იქნებოდა თუ ყველა ესე სოციალურ პრობლემებსა და აქტუალურ თემებზე იქნებოდა. ეს კარგად გამოაჩენდა მოსწავლის ზოგადი განათლების დონეს.
ინგლისურის გამოცდა მარტივი იყო. ჩემი ესეს სათაური იყო ბანალური და არ იძლეოდა მსჯელობისთვის საკმარის სივრცეს. თემა იყო – რთულია თუ არა ექიმობა დღესდღეობით. არასოდეს შემხვედრია ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ექიმობა არაა რთული.
მათემატიკა ძალიან გამიჭირდა და როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინე, ორივე ვარიანტი საკმაოდ ერთულათ სხვა აბირურიენტებსაც.
კალმები წელსაც პრობლემას წარმოადგენდა, რადგან აღარ წერდა რაღაც ადგილებში და ამოფხაჭნა/ბევრჯერ გადატარება გვიწევდა. ბევრჯერ ითხოვდნენ ბავშვები გამოცვლას და ბოლოსკენ უკვე ერთმანეთის დეფექტურ კალმებს გვირიგებდნენ გამოცვლისას და დავნებდით კოლექტიურად.”
მათე ჯოხაძე: “ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაკუთრებული მზადება, ერთი წლის წინ, სამ საგანში – ქართულში, ინგლისურსა და ისტორიაში დავიწყე. პირველი გამოცდის წინ, ბუნებრივია, ვღელავდი, მაგრამ საგამოცდო ცენტრში იმდენად პოზიტიური გარემო დამხვდა, რომ ნერვიულობა შესვლისთანავე მომეხსნა. დამკვირვებლები მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩვენს გამხნევებას. თითოეული მეთვალყურე თუ კურატორი თითოეული აბიტურიენტის უფლებებისა და ინტერესების დაცვას ემსახურება. საგამოცდო პროცესი ნამდვილად პოზიტიურ, მშვიდ, სამართლიან და ობიექტურ გარემოში მიმდინარეობდა. ჩემს სექტორში ყველანაირად იყო დაცული ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესები. ტესტირება პირბადეებით, სოციალური დისტანციის დაცვით, მაქსიმალურად გრილ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.
რაც შეეხება გამოცდების სირთულეს, სიმართლე გითხრათ, შინაარსობრივად, უფრო რთულ საკითხებს ველოდი. ქართული ენისა და ინგლისურის გამოცდები საკმაოდ კარგი დასაწერი იყო. ქართულის თემებიდან, რა თქმა უნდა, უპირატესობა პროგრამულს მივანიჭე – დავწერე მონაკვეთი ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაურიდან“, რამაც საშუალება მომცა, წარმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები. ინგლისურის ესე, მართალია, მარტივი შინაარსის იყო, მაგრამ სამსჯელოდ ჯობდა, უკეთესი თემატიკა შემოეტანათ. ორივე საგნის გამოცდაზე მაქსიმალურად გამოვიყენე საგამოცდო დრო, გადაკითხვა და კორექტირებაც შევძელი. მოლოდინი და პრეტენზია მაღალ ქულებზე მაქვს, თუმცა ყველაფერი შემფასებელზეა დამოკიდებული. დიდი ინტერესით ველოდები ისტორიის გამოცდას. ძალიან მინდა, ჩემი პედაგოგების, და არა მარტო მათი, მოლოდინი გავამართლო, რომლებმაც მაქსიმალური შრომა გაწიეს ჩემთვის.”
ცალკე აღსანიშნავია მშობლებისა და გულშემატკივრების თავშეყრა საგამოცდო ცენტრებთან. სიცხის მიუხედავად, საათების განმავლობაში, ისინი მედგრად დგანან და ერთგვარ ცოცხალ ბარიერს ქმნიან, რომლის გადალახვაც უწევთ გამოცდაზე შემსვლელ და გამომსვლელ აბიტურიენტებს.
ორშაბათიდან, ისტორიის გამოცდით, მორიგი სასესიო კვირა დაიწყება. წარმატებას ვუსურვებთ აბიტურიენტებს!