გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საბჭოს ხელმძღვანელობდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.
საბჭოს წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც სხვადასხვა მიმართულებით: საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის ვადებს, 2026-2027 სასწავლო წლისთვის აბიტურიენტთა მიღების მიზნით უნივერსიტეტების მიერ ანკეტა-კითხვარების წარდგენის ვადებს, უცხოელ სტუდენტთა მიღებისა და ბინადრობის ნებართვების რეგულაციებს.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ „საბჭო დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა რიგ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს. შეხვედრის დასასრულს, უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სამინისტროსთან აქტიური და კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოთქვეს“.

შეხვედრიდან გამოსულმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ დაგეგმილი ცვლილებები ასე შეაფასა: „დღევანდელ რექტორთა საბჭოზე რაც ითქვა, სახელმწიფო უნივერსიტეტების გამოშიგნვას უფრო ჰგავს, ვიდრე რეფორმას.
დაგეგმილია, რომ დაანონსებული ცვლილებების პირველი ეტაპი დაიწყოს 2026 წლის თებერვლამდე – თებერვალში უკვე უნდა აირჩიონ აბიტურიენტებმა პროგრამები უნივერსიტეტებში“.
ნინო დობორჯგინიძე ამბობს, რომ ამ ცვლილებებით:
ა) სახელმწიფო უნივერსიტეტებს განესაზღვრებათ პროფილები, რომელ პროგრამებზე ექნებათ აბიტურიენტების მიღების უფლება სახელმწიფოს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში. შესაბამისად, სხვა პროგრამების განხორციელების უფლება არ ექნებათ. ეს ეწინააღმდეგება ინსტიტუციური ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას.
ბ) საბაკალავრო პროგრამები, გარდა გამონაკლისისა, გახდება სამწლიანი. რომელი იქნება გამონაკლისი, ჯერ არ ვიცით, თებერვლამდე უნდა დადგინდეს.
გ) სამაგისტრო საფეხურზე სახელმწიფოს მიერ მონიჭებული პროფილებისა და დადგენილი კვოტის ფარგლებში შეგვეძლება გვქონდეს როგორც ერთწლიანი (პროფესიული), ასევე ორწლიანი (აკადემიური) პროგრამები.
დ) სახელმწიფო უნივერსიტეტებს, გარდა გამონაკლისისა, აღარ ექნებათ უფლება, ჰყავდეთ უცხოელი სტუდენტები. ოღონდ ამ გამონაკლისებში არ შევა მედიცინა. ესეც არაკონსტიტუციურია.
ვის და როგორ შეეხება ამ პირველი ეტაპის ცვლილებები:
1) საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტებს შეეზღუდებათ არჩევანი, ვერ აირჩევენ იმ უნივერსიტეტს, რომლის შესახებაც სექტემბერში უკვე ცნობილი იყო მათთვის (იხ. 2026 წლის პროგრამების და ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი https://naec.ge/#/ge/post/3463) და ისინი ამის მიხედვით ემზადებიან გამოცდების ჩასაბარებლად. ამასთანავე, მკვეთრად შემცირდება ადგილების რაოდენობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
2) სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისა და მოწვეულების დატვირთვა, შესაბამისად, ანაზღაურება შემცირდება. უდავოა, რომ ჯერ შემცირდება პროფესორ-მასწავლებელთა და მოწვეულთა ანაზღაურება და მერე მათი რაოდენობაც.
3) სახელმწიფო უნივერსიტეტებში ეს გამოიწვევს ქაოსს, მაგ. დეკემბრის ბოლოს როგორ უნდა დავგეგმოთ უნივერსიტეტებმა ბიუჯეტი და განვსაზღვროთ ფინანსური მოლოდინები? რის მიხედვით? თებერვალში რომ გვეტყვიან, როგორ გადაწყვიტეს ჩვენ გარეშე პროფილების, მისაღები რაოდენობის და საფეხურებზე ხანგძლივობის საკითხი? ბიუჯეტის და ფინანსური მოლოდინების განსაზღვრა დამოკიდებულია სტუდენტების საგრანტო დაფინანსების ოდენობაზე. ამ ეტაპზე არ ვიცით, როგორ იცვლება საგრანტო დაფინანსება.
4) როგორ განვსაზღვროთ კვლევის ბიუჯეტი? ყოველწლიურად ილიას უნივერსიტეტი აფინანსებს მის მიერ დაფუძნებულ კვლევით ინსტიტუტებს, და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ – კვლევის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტებს. ნოემბრის ბოლოს უნდა დაიგეგმოს და დეკემბრის ბოლოს დამტკიცდეს.
5) თუკი უნივერსიტეტს სახელმწიფო რეგულაციით აეკრძალება კონკრეტული პროგრამების განხორციელება, საერთაშორისო სტუდენტების მიღება კონკრეტული მიმართულებით, ეს რანაირად არ არის აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის შეზღუდვა. მით უმეტეს, თბილისში არც ერთ მულტიპროფილურ სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ, ტექნიკური, ილიაუნი) საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა არ აღწევს 5%-ს.
არსად, მთელ მსოფლიოში, არ არსებობს სახელმწიფო უნივერსიტეტებში საერთაშორისო სტუდენტების და პროგრამების სრულად შეზღუდვის ანალოგი. ზოგიერთი ქვეყანა მხოლოდ განსაზღვრავს გონივრულ პროპორციებს, მაგრამ სრულად შეზღუდვის მაგალითი არ მოიძებნება.





