„ახალი განათლება“ მორიგ შემოქმედებით კონკურსს სთავაზობს მოსწავლეებს. პირადი მოსაზრების გამომხატველი ესეების კონკურსის თემა განსაზღვრულია – „ახალგაზრდების აღიარების პრობლემა ჩვენს რეალობაში“.
მონაწილეობის მსურველებმა გაითვალისწინეთ:
უმჯობესია, სკოლის ბაზაზე (ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ) შეირჩეს მოსწავლის/მოსწავლეების მიერ შექმნილი ესე (ერთი ავტორი – ერთი ესე, ქართული უნიკოდით, ზომა 11) და ესეს ავტორის ფოტოსურათთან ერთად გამოიგზავნოს მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, მისამართზე: konkursiganatleba@gmail.com
შენიშვნა: საკონკურსო მასალის გამოგზავნა შესაძლებელია კათედრისა და სკოლის ჩართულობის გარეშეც.
გამომგზავნს, 72 საათის განმავლობაში, ეცნობება საკონკურსო მასალის მიღების შესახებ, პასუხით „მიღებულია“. ასეთი პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, კონკურსანტი მასალას განმეორებით აგზავნის;
საკონკურსო მასალის შემცველი ფაილის სახელწოდებად ავტორის სახელი და გვარი უნდა დაფიქსირდეს;
ესეს დასასრულს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა), სკოლის დასახელება, დამატებითი საკონტაქტო პირი, შემდეგი მონაცემებით: სახელი, გვარი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, სტატუსი (მასწავლებელი, მშობელი, მეურვე).
სპეციალური პირობა: სკოლა უნდა იყოს „ახალი განათლების“ ხელმომწერი.
ესეს შეფასების კრიტერიუმები:
სამნაწილიანი სტრუქტურა (შესავალი თეზისით, ძირითადი ნაწილი არგუმენტებით და დასკვნა);
თემის ზუსტად გადმოცემა;
ესესთვის დამახასიათებელი ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების გამოყენება, მდიდარი ლექსიკა;
ესესთვის შესაფერისი სტილი, ტონალობა.
ჟიურის გადაწყვეტილება საუკეთესო ათეულის გამოვლენის შესახებ ცნობილი გახდება 4 ნოემბერს (ფინალური ნაწარმოებების დასახელებამდე ჟიურის შემადგენლობა ცნობილი არ იქნება).
ათეულიდან გამოვლინდება სამი საპრიზო ადგილი: ჟიურის სიმპათია, ვებგვერდის რჩეული მოწონების რაოდენობის მიხედვით და „ახალი განათლების“ რჩეული.
კონკურსის გამარჯვებულების ვინაობას 14 დეკემბერს გამოვაცხადებთ.
გარდა ამ ნომინაციებისა, შესაძლოა, დაწესდეს სხვადასხვა სიმპატიის პრიზი (ჟიურისა და კონკურსის ორგანიზატორების აზრის გათვალისწინების გარეშე).
ფინალისტი მოსწავლეები მიიღებენ „ახალი განათლების“ ციფრულ სერტიფიკატს და მათი ნაშრომები გამოქვეყნდება გაზეთში.
წელს კონკურსის საპრიზო ფონდი გაიზარდა
ჟიურის სიმპათია მიიღებს 300 ლარს;
ვებგვერდის რჩეული - 200 ლარს;
„ახალი განათლების“ რჩეული - 150 ლარს.
საპრიზო ფონდს უზრუნველყოფს კონკურსის მხარდამჭერი, თბილისის №53 და №54 საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კახაბერ გაბუჩია.
ტრადიციულად, კონკურსს სპეციალური პრიზების მფლობელებიც ეყოლება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 88 00 73