3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9-დან 46%-მდე გაიზარდა

spot_img

თბილისსა და რეგიონებში განათლების სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აქტიურად იცრებიან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ამცრელ კაბინეტებში. შედეგად, ვაქცინირებულ მასწავლებელთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9-დან 46%-მდე გაიზარდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პედაგოგთა იმუნიზაციის პროცესს დაესწრო. მათ  მადლობა გადაუხადეს როგორც მასწავლებლებს, ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომელთა ხელშეწყობით, იმუნიზაციის ცენტრებში, განათლების სისტემის წარმომადგენლებისათვის, დამატებით, ამცრელი კაბინეტებია გამოყოფილი და ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, მარტივადაა შესაძლებელი.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა პედაგოგებთან საუბარში განაცხადა, ვირუსთან გამკლავების მთავარი გზა ვაქცინაციაა. უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო მხოლოდ იმუნიზაციითაა შესაძლებელი. „საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ერთად, მოვინახულე  სივრცე, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ არის ორგანიზებული. ამ სივრცეში მიმდინარეობს პედაგოგებისა და პროფესორ-მასწავლებლების აცრა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო აცრისკენ. გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მასწავლებელთა აცრის პროცესში აქტიურადაა ჩართული გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF). ამ უწყებების წარმომადგენლები, მედიცინის ცნობილ ექსპერტებთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ერთად, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის თაობაზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მართავენ, საქართველოს მასშტაბით. „მე და ბატონი მინისტრი პედაგოგთა აცრის პროცესს გავეცანით. ამით  გვსურს წავახალისოთ მასწავლებლები. იმისათვის, რომ  სკოლების უსაფრთხოდ გახსნა შესაძლებელი იყოს, ვაქცინაციის პროცესში მასწავლებლების ჩართვა უაღრესად მნიშვნელოვანია. აუცილებელია, კიდევ უფრო მეტი ადამიანი აიცრას, რათა დაიცვან საკუთარი თავი, ასევე გარშემომყოფები და საზოგადოება“  – ამბობს ღასან ხალილი.

თბილისის N112 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო თაბაგარი, რომელიც კოლეგებთან ერთად, დღეს, სამედიცინო უნივერსიტეტში, ფაიზერის მეორე დოზით აიცრა, აცხადებს, რომ სრული ვაქცინაციის შემდეგ თავს გაცილებით უსაფრთხოდ იგრძნობს: „ჩვენი სკოლის მასწავლებელთა თითქმის 60% აცრილია. პედაგოგები ეტაპობრივად იცრებიან. ეს მათ თავადაც ძალიან უხარიათ. მიგვაჩნია, რომ  სწორედ ეს არის ის უსაფრთხოება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, სწავლა სასკოლო სივრცეში განვახორციელოთ, ეს  ბავშვებისთვის აუცილებელია! ყველას ვთხოვ, შეძლებისდაგვარად, რეალურად შეხედონ დღევანდელ მდგომარეობას და უსაფრთხოებისთვის აცრის პროცესში მაქსიმალურად ჩაერთონ“.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები