23 ნოემბერი, შაბათი, 2024

აშკარაა, სახელმწიფომ აითაჯი ვერ დაიცვა

spot_img

 

 

ანა არგანაშვილი

უფლებადამცველი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი

 

 

🔃 რა წერია კანონში – პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთმა სკოლის დირექტორმა, მასწავლებელმა, მშობელმა, არ იცის რა წერია კანონში. საქართველოს კანონმდებლობით, 18 წლამდე ქორწინება უბრალოდ აკრძალულია, წერტილი! მეორე საკითხი – 16 წლამდე სექსუალური ურთიერთობა სისხლის სამართლის დანაშაულია, ანუ როდესაც ერთი ზრდასრულია და მეორე – 16 წელს მიუღწეველი. ხშირად უკითხავთ, თუ 16 წლამდე მოზარდებს აქვთ სექსუალური ურთიერთობა, ასეთ შემთხვევაში რა ხდება? როდესაც ორივე 16 წლამდე ასაკისაა, კანონის მიზანი არ არის, ბავშვების უცოდინრობის ან გამოუცდელობის ფონზე, რომელიმე დაისაჯოს. ეს ის შემთხვევაა, როცა ბავშვებს ადეკვატური განათლება უნდა მივცეთ ამ საკითხზე, იცოდნენ რა არის კანონი. მაგრამ, საკმარისია ერთ-ერთი მათგანი იყოს ზრდასრული, უკვე იწყება აკრძალვა იმიტომ, რომ თუ პირს არ მიუღწევია 18 წლამდე, მისი ნება სექსუალური ურთიერთობის დროს არ ითვლება სრულფასოვან ნებად, თუკი მეორე მხარეს ზრდასრული ადამიანია. ზოგადად, მთელ მსოფლიოში, 18 წლამდე ასაკის ადამიანთან სქესობრივი ურთიერთობა ზრდასრულის მხრიდან კრიმინალიზებულია. გავიხსენებ ლანზაროტის კონვენციას – ევროპის საბჭოს კონვენცია სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ, ამ სფეროში, ყველაზე უფრო ძლიერი კონვენციაა. საქართველოს კონვენცია რატიფიცირებული აქვს 2015 წელიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაშია შესული. საქართველოს კონსტიტუციით, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულება ძალაშია შესული, მას, ჩვეულებრივ, ეროვნულ კანონებზე უფრო მაღალი სტატუსი აქვს, ანუ კონვენციის შემდეგ, პირდაპირ საერთაშორისო ხელშეკრულება მოქმედებს. სწორედ ამ ხელშეკრულების მიხედვით, 18 წელს მიუღწეველ ბავშვთან ყველა ტიპის სქესობრივი ურთიერთობა, განხორციელებული ზრდასრულის მიერ, კრიმინალური დანაშაულია. ჩვენ შემთხვევაში, არის პატარა ფანჯარა, მაგრამ როგორ განმარტავს ამას კანონი – ჩვენს კანონმდებლობაში წერია, თუ მეორე ადამიანი უმწეო მდგომარეობაშია, მაშინ არ ჩაითვლება, რომ თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობა მისცა სექსუალურ ურთიერთობაზე, ე.ი. ჩაითვლება გაუპატიურებად. მარტივად რომ ვთქვათ, თუ თანხმობა არ არის, ეს ნიშნავს გაუპატიურებას. ამ დღეებში, ასეთი რამ მკითხეს: რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ქორწინების გაფორმების გარეშე იცხოვრებენ ერთად, მაგალითად, 18 წელს მიუღწეველი გოგონა და 18 წელს მიღწეული ზრდასრული მამაკაცი? როგორ არის განსაზღვრული ასეთი შემთხვევა კანონმდებლობით, მისაღებია? არავითარ შემთხვევაში არ არის მისაღები. კანონი ზუსტად ისე უნდა განიმარტოს, რომ ფაქტობრივი თანაცხოვრება, რეგისტრაციის შეუძლებლობის გარეშე, არასრულწლოვან გოგოზე სექსუალურ ძალადობად უნდა ჩაითვალოს. საერთაშორისო ხელშეკრულებაც ზუსტად ასე განმარტავს, რომ 18 წლის ქვემოთ ყველა ტიპის სქესობრივი ურთიერთობა კრიმინალიზებული უნდა იყოს.

🔃 რას აკეთებს აღსრულება – როგორც ყოველთვის,

საკმარისი არ არის მხოლოდ კანონში ჩანაწერი, მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება.

აღსრულების კუთხით კი, ჯერ კიდევ, ძალიან სუსტი სისტემა გვაქვს, რაც, სამწუხაროდ, იმ სტერეოტიპული შეხედულებებიდან გამომდინარეობს, რაც საზოგადოებაში გვაქვს, ვერ ვიტყოდი, რომ მარტო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში, ზოგადად, მთელ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, საზოგადოება ამ ფაქტებს საკმაოდ ტოლერანტულად ეკიდება, რაც დანაშაულის ჩადენის წინაპირობაა. კანონმდებლობაში პირდაპირ წერია, საკმარისია ასეთი შემთხვევის შესახებ გაიგოს ნებისმიერმა პროფესიონალმა, რომელიც ბავშვთა დაცვის სისტემაში მუშაობს ან ბავშვთა განათლებისა და ჯანდაცვის დაწესებულებაში (შეიძლება ეს იყოს საბავშვო ბაღის, სკოლის ნებისმიერი პერსონალი, ექიმი, პოლიციელი თუ სხვა), კანონი ყველას ავალდებულებს ფაქტის შესახებ შესაბამისი უწყებისთვის შეტყობინებას, ხაზგასმით – ამ შემთხვევაში, გამონაკლისი არ გვაქვს. და თუ არ დარეკავენ, თვითონ იქნებიან დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულები, როგორც კონკრეტულ შემთხვევაში დავინახეთ, ასე მოქმედებს პროკურატურა. ოღონდ, ამ ბოლო შემთხვევის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას გატაცებისა და მკვლელობის, დროს, დღევანდელი მდგომარეობით, ვხედავთ, რომ ჯერჯერობით, არც ერთი სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობა არ დამდგარა, ოჯახის ირგვლივ ტრიალებენ. გასაგებია, რომ ოჯახი პასუხისმგებელია, მაგრამ ამ დროს გადამწყვეტი იყო სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობა, როგორ შეიძლებოდა ამის შესახებ არ გაეგო სკოლას ან სოციალურ სამსახურს და ა.შ.

ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ რამეზეც (რა თქმა უნდა, არ ვიცი როგორ შეფასდება დედის ჩართულობა) – დედა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მას არ შეეძლო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება. რატომ? ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რადგან, შეიძლება მასზე ისეთი დიდი ზეწოლა იყოს იმ გარემოში, რომ ვერ მიმართავდეს პოლიციას. ამით გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, რადგან შესაძლებელია, ასეთი ბარიერების გამო, სხვებიც, სხვა ქალები ან ადამიანები, ვერ მიმართავენ პოლიციას. მაგალითად, მიზეზი შეიძლება იყოს პოლიციელების არასათანადო ყურადღება ან გულისხმიერება, ესეც დამატებით უნდა გავარკვიოთ. როგორც აღვნიშნე, უცილებლად უნდა დადგეს სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობა.

🔃 აუცილებლად უნდა ნახოთ სახალხო დამცველის ბოლო კვლევა, საოცარი კვლევაა დაუჯერებელი ფაქტებით. 2021-22 წლებში სახალხო დამცველმა ძირფესვიანად შეისწავლა ყველა სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ადრეული ქორწინების თემას ეხებოდა – 39 სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა. 39-დან 29-ში საპროცესო შეთანხმება იყო გაფორმებული. ამის გარდა, როგორც ამბობენ, მოსამართლე ასე მსჯელობს: თუ გოგომ ისეთი წინააღმდეგობა არ გაუწია, რომ მას ძალადობის კვალი ემჩნევა, ე.ი. თანახმა იყო. რა თქმა უნდა, ეს კანონის შეუსაბამო მსჯელობაა, იმიტომ, რომ

18 წლამდე ბავშვი თანახმა ვერ იქნება სექსუალურ ურთიერთობაზე, არათუ სექსუალურ ძალადობებზე.

სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ სასამართლოში სერიოზული პრობლემა გვაქვს. ეს ყველაფერი კი, უდიდეს უნდობლობას იწვევს მოსახლეობაში.

ამის გარდა, პროკურატურას საპროცესო შეთანხმებების რაოდენობის სიმრავლის შესახებ უნდა დაესვას კითხვა, ასევე, მოსამართლესაც, რომელიც ამტკიცებს, რომ თუ ძალადობრივი კვალი არ აღენიშნება ძალადობის მსხვერპლს, ეს იმას ნიშნავს, რომ არასრულწლოვანი თანახმა იყო. საერთოდ, როგორ უნდა დავუშვათ საპროცესო შეთანხმებების გაფორმება ძალადობრივ დანაშაულებებზე. სწორედ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ მიმართავენ პოლიციას და სასამართლოს ადამიანები. აუცილებელია, დამოუკიდებლად ჩატარდეს ამ მიმართულებით გამოძიება ან კვლევა.

🔃 თავისთავად, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება, მათ შორის საზოგადოებას, თუმცა, საზოგადოება ერთმანეთს უყურებს – როცა ხედავენ, რომ ერთი არ დაისაჯა, არც მეორე, მაშინ მეც გავაკეთებ… სამწუხარო რეალობაა, რომ ასეთი დამოკიდებულებაა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. და როცა იმასაც ვხედავთ, რომ სასამართლო ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებების დაწესებულ სტანდარტს, რა თქმა უნდა, მსგავსი შემთხვევებიც მოსალოდნელია.

განსაკუთრებით მკაცრი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სახელმწიფო უწყებებს. არ შეიძლება სახელმწიფო უწყებისა და საზოგადოების პასუხისმგებლობის ერთ დონეზე დაყენება.

მაგალითად, როდესაც პოლიციელად მუშაობ, რა თქმა უნდა, მეტი მოგეთხოვება, ვიდრე ჩვეულებრივ მეზობელს. სამართალდამცავის მხრიდან კანონის დარღვევაზე თვალის დახუჭვა პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მუშაობდე იქ, სადაც მუშაობ, რადგან დანაშაულს ჩადიხარ. შესაბამისად, გაორმაგებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სახელმწიფო უწყებაში დასაქმებულ პირებს. პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოებასაც, მაგრამ თუკი საზოგადოების ცვლილებას გარკვეული დრო სჭირდება, ამ დროს, დამზღვევად სახელმწიფო უწყება უნდა გამოდიოდეს. ვთქვათ, არ შეატყობინა ოჯახის წევრმა, სკოლამ ხომ დაინახა, რომ ბავშვი არ დადიოდა სკოლაში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლამ მოსწავლეს უთხრა, გაცდენების გამო მოსწავლის სტატუსს შეგიწყვეტო. ეს საკმარისია? თუ ამის ნაცვლად, უნდა გაერკვია, რატომ არ დადიოდა ბავშვი სკოლაში? ანუ, სკოლას აპრიორი აქვს მოხსნილი პასუხისმგებლობა და მთლიანად გადატანილია მშობელზე – თუ მშობელმა არ შემატყობინა, საიდან უნდა გავიგოო. ეს არასწორია, სახელმწიფო იმიტომ გვაქვს, რომ მან კარგი მშობლობა გააკონტროლოს, რასაც, ჩვენ შემთხვევაში, ვერ ვხედავთ. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობის მოხსნა აბსოლუტურად გაუგებარია.

გასაგებია, რომ საზოგადოების წევრებმა, ამ შემთხვევაში, ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა, მომხდართან დაკავშირებით, არ გააკეთეს შეტყობინება (რაც ევალებოდათ), მაგრამ შენ (სკოლამ) რა გააკეთე, როდესაც დაზღვევის სისტემა უნდა ყოფილიყავი სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის? აბა, იმას ველოდებით, რომ მოზარდზე ძალადობას მოძალადის ოჯახი შეგვატყობინებს? აუცილებლად სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებმა, ბავშვთან შემხებლობაში მყოფმა ნებისმიერი უწყების ადამიანებმა უნდა გააკეთონ ეს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ამ მიმართულებით, ვერ ვხედავთ სწორ დამოკიდებულებას სახელმწიფო უწყებების მხრიდან.

🔃 საზოგადოებამდე ინფორმაცია მისულია, იციან, რომ ადრეული ქორწინება კანონით ისჯება, ეს ინფორმაცია მისულია ამ ხალხამდეც, არაერთი წყაროთი, მათ შორის ტელევიზიითაც. ამასთან ერთად,

არსად არ წერია, რომ კანონის არცოდნა აუქმებს კანონს.

პირიქით, კანონში გვიწერია, როდესაც კანონი არ იცი, ეს შენს პასუხისმგებლობას არ ამცირებს. ძალიან მიამიტური მიდგომაა, თითქოს, ამ ხალხს არ გაუგია, რომ 14 წლის ასაკში დაქორწინება და სქესობრივი ურთიერთობა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია მისულია და როგორც კი ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება მომხდარ ფაქტებზე, კიდევ უკეთ მივა. გააჩერეთ ნებიესმიერი მაცხოვრებელი იმ რეგიონში და ჰკითხეთ, იცის თუ არა ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ, აბსოლუტურად ყველა გიპასუხებთ, რომ იცის. ეს ნიშნავს, რომ ინფორმაცია მივიდა, მაგრამ მისვლიდან ქმედებამდე გზაა ჩავარდნილი. ინფორმაცია აქვთ, მაგრამ მაინც არ ატყობინებენ, მაინც ძალადობენ… რატომ? იმიტომ, რომ ვერ ხედავენ კანონის ეფექტურ აღსრულებას. ასე რომ, უმჯობესია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ რაღაცის ცოდნა და ამ ცოდნის საფუძველზე რაღაცის კეთება.

მოძალადეებსაც აქვთ ინფორმაცია, უბრალოდ, კანონს არ ემორჩილებიან და მიაჩნიათ, რომ არ არის სწორი, რაც კანონში წერია. ამ შემთხვევაში კი, შეგვიძლია ავუხსნათ, მაგრამ ისინი არ ემორჩილებიან კანონს და წესრიგს. თავისთავად, რეაგირება ისევ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. თემის წევრებმაც შეიძლება ვისაუბროთ და ინფორმაცია გავავრცელოთ, თუმცა, მეტს ვერაფერს ვიზამთ, ვერავის დავსჯით იმის გამო, რომ კანონს არ ემხრობა, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა!

🔃 მშობელი არ ატყობინებს იმიტომ, რომ არა აქვს დიდი მოლოდინები სისტემის – პროკურატურის, სასამართლოს, პოლიციის – მხრიდან ადეკვატური რეაგირების. იცის, მაგრამ არ ატყობინებს; იცის, მაგრამ უარს არ ამბობს ამ ქმედებაზე ზუსტად იმიტომ, რომ ვერ ხედავს იმ ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას.

🔃 გამოსავალი? ამ შემთხვევაში, გამოსავალია კანონის აღსრულება და კანონს მშობელი ვერ აღასრულებს, ეს სახელმწიფო უწყებების საქმეა. უნდა დაანახონ ამ ხალხს, რომ კანონი კანონობს და მხოლოდ ფურცელზე არ არის დაწერილი. აქამდე რომ დაეკავებინათ, ასე საჯაროდ, მოძალდე, ეს აღარ მოხდებოდა.

თუ თვითონ არ სცემენ პატივს კანონს, იგივე სასამართლო ან სახელმწიფო უწყებები, არც საზოგადოების წევრი სცემს პატივს.

თავი არ მოვიტყუოთ იმით, რომ ინფორმაცია არ აქვთ!

🔃 სკოლა, როგორც გარე მოთამაშე ვერ დარჩება, ეს იყო პირველი რეაგირება მომხდარზე, დაველოდოთ, ვნახოთ რა მოხდება. რა უნდა გააკეთოს სკოლამ, მასწავლებელმა მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად: პირველ რიგში, ყველა მასწავლებელმა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. გავიგეთ, რომ, მაგალითად, დირექტორი არ რეაგირებს, ზოგადად, სკოლა არ რეაგირებს, ასეთ შემთხვევაში, ინდივიდუალურად, ერთმა მასწავლებელმა თავად უნდა გადადგას ნაბიჯი იმიტომ, რომ მას დირექტორის ფაქტორი არ იცავს ინდივიდუალური პასუხისმგებლობისგან. მაგალითად, თუ დადგინდა, რომ დამრიგებელმა იცოდა ფაქტის შესახებ და დირექტორს უთხრა (ამ უკანასკნელმა კი არაფერი მოიმოქმედა), დამრიგებელს მეტი აღარაფერი ეხება?! არა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ინდივიდუალურია. მაშინაც კი, თუ ვიცი, რომ დირექტორი ატყობინებს შესაბამის უწყებას მომხდარის შესახებ, მე მაინც უნდა გავაკეთო შეტყობინება.

არც იმას უნდა დაველოდოთ, რომ ქვეყანაში გატარდება რეფორმა და სკოლები უცებ გადაიქცევიან ისეთ ადგილებად, სადაც ყველა უფლება დაცული იქნება. არა, ნუ ველოდებით. ვმუშაობ სკოლაში? მე ჩემი პასუხისმგებლობა მაქვს კანონის წინაშე და ის აუცილებლად უნდა შევასრულო. დარწმუნებული ვარ, ყველა მასწავლებელმა იცის შეტყობინების ვალდებულებულების შესახებ, უბრალოდ, ელოდებიან სკოლა როდის მისცემს ამის დავალებას. არ უნდა დაელოდოთ დავალებას, როდესაც გადარჩენა შეგიძლიათ და თან, ეს კანონით გევალებათ, ანუ დირექტორი კი არ მავალებს მე ამის შეტყობინებას, კანონი მავალდებულებს! მეტიც, დირექტორმა რომც მითხრას, არ შეატყობინო, ეს უკანონო დავალება იქნება, ამიტომ არ უნდა დავერმორჩილო უკანონობას, უნდა დავემორჩილო კანონს.

🔃 სამოქალაქო საზოგადოების როლი

უნდა მოსთხოვოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, არ მოასვენოს, არ მისცეს საშუალება, არ აღასრულოს კანონი.

როგორც კი საზოგადოება ხელს ჩაიქნევს და იტყვის, მაინც არა აქვს აზრი, მაშინვე ყველაფერი ჩერდება. მუდმივად უნდა შევახსენოთ სახელმწიფოს, რომ ის საზოგადოებისთვის მუშაობს, ანგარიშვალდებულია ჩვენ წინაშე და რომ ბავშვებისთვის უნდა იმუშაოს. ახლაც ასე უნდა მოიქცეს საზოგადოება – მოსთხოვოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და სხვა უწყებებს, ანგარიში ჩააბარონ, რა გააკეთეს ამ საქმეზე, როგორ სცადეს 14 წლის გოგონას დაცვა. თუმცა, აშკარაა, რომ სახელმწიფომ აითაჯი ვერ დაიცვა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები