მარიამ კვარაცხელია
კიოტოს უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მენეჯმენტის მაგისტრი
Ο მშობლიური სკოლა და მოსწავლეობის პერიოდი
სკოლას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ვსწავლობდი ქალაქ წალენჯიხის №2 საჯარო სკოლაში. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ იქ გატარებული წლები, კარგი თუ ცუდი გამოცდილებები, მნიშვნელოვნად აისახა ჩემს შემდგომ განვითარებაზე. რაც მთავარია, სკოლაში ავითვისე სოციალური ურთიერთობებისთვის საჭირო ბევრი უნარ-ჩვევა, შევიძინე მეგობრები, რომლებიც დღემდე რჩებიან ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.
Ο გზა საქართველოდან იაპონიამდე – კიოტოს უნივერსიტეტი
საკმაოდ სპონტანური გადაწყვეტილება იყო იაპონიაში სწავლის გაგრძელება. სიმართლე გითხრათ, იაპონია ყოველთვის მომწონდა, თუმცა მისით შეპყრობილი არასდროს ვყოფილვარ. ასე, ერთ მშვენიერ საღამოს, შემთხვევით, მოვკარი თვალი იაპონიის განვითარების სააგენტოს (JICA) სტიპენდიას, რომელიც გულისხმობდა მდგრადი განვითარების საკითხებზე მომუშავე ადამიანების დაფინანსებას იაპონურ უნივერსიტეტებში და იმ საღამოსვე გადავწყვიტე, მეცადა ბედი.
კიოტოს უნივერსიტეტი სიძველით მეორე და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა იაპონიაში. დაარსდა 1897 წლის 18 ივნისს და, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დაიწყო სისტემური სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დანერგვა. კიოტოს უნივერსიტეტის მეცნიერებს არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის კვლევითი პროექტი და აღმოჩენა ეკუთვნით და არც არის გასაკვირი, რომ აზიურ უნივერსიტეტებს შორის კიოტოს უნივერსიტეტი ლიდერობს ნობელის პრემიის ლაურეატებით. ამის გამო, კიოტოს უნივერსიტეტი მიჩნეულია ერთ-ერთ წამყვან კვლევით ინსტიტუტად.
გარდა ზემოაღნიშნულისა, როგორც კლიმატის ცვლილების სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის, კიოტო საკრალური ადგილიც კია, ვინაიდან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ პირველი გლობალური ძალისხმევა სწორედ კიოტოს პროტოკოლით იწყება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საკმარისზე მეტი მიზეზი დამიგროვდა კიოტოს უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად და მეც არ დავაყოვნე.
Ο აკადემიური მოსწრება, პრივილეგიები, წარჩინებული სტუდენტები
ზოგადად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სტატუსს, ვინაიდან შედარებით ნაკლებად განვითარებული ქვეყნების სტუდენტებისთვის უფრო მეტი სტიპენდია და გრანტია გამოყოფილი. თუმცა, აღნიშნული სტიპენდიების მოპოვება მაღალ აკადემიურ მოსწრებას საჭიროებს, კერძოდ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ GPA-ის და სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში, სამუშაო გამოცდილებასაც. ბუნებრივია, ყველა უნივერსიტეტს სხვადასხვა მოთხოვნა და მიღების პროცედურა აქვს, თუმცა იაპონიის შემთხვევაში უცხოელი სტუდენტები, იაპონელი სტუდენტებისგან განსხვავებით, სხვა ტიპის გამოცდას და გასაუბრებას გადიან. ნაწილობრივ, ეს იმითაცაა განპირობებული, რომ უცხოელ სტუდენტებს, სტიპენდიის მოპოვების პროცესში, უკვე გავლილი აქვთ რთული შესარჩევი ეტაპი. როგორც აღვნიშნე, იაპონური უნივერსიტეტები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აკადემიურ მოსწრებას და შესაბამისად, წარჩინებული სტუდენტიც მეტი პრივილეგიებით სარგებლობს ყველა შესარჩევ ეტაპზე.
Ο მსგავსება და განსხვავებაა უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებსა და ქართულს შორის
დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართული უნივერსიტეტებისგან განსხვავებით უცხოური უნივერსიტეტები უფრო მეტად პროცესზე და ამ პროცესის გააზრებაზე არიან კონცენტრირებულები. მაგალითად, თუ საქართველოში ვიზეპირებთ რა მოხდა, როდის მოხდა და გამოცდაც, შესაბამისად, ამოწმებს მხოლოდ მახსოვრობის დონეს, უცხოურ უმაღლეს სასწავლებელში ვსწავლობთ იმავე ფენომენის განვითარებას და მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, უფრო მარტივად რომ ვთქვა, ვპასუხობთ შემდეგ კითხვებს: რა მოხდა? როგორ მოხდა? რატომ მოხდა? სხვა რა პროცესები შეიძლებოდა გამოეწვია აღნიშნულ ფენომენს? ასეთი მიდგომა უფრო მეტად ავითარებს ანალიტიკურ აზროვნებას და მინდა გითხრათ, რომ ასეთი მეთოდით ბევრად მარტივად და, რაც მთავარია, ეფექტიანად იმახსოვრებს ჩვენი გონება ამა თუ იმ საგანს, ვიდრე დაზუთხვით.
საინტერესოა ისიც, რომ ზოგადი განათლების მხრივ ქართველი სტუდენტები იაპონელ სტუდენტებზე ბევრად წინ არიან, რისი მიზეზიც შეიძლება სკოლა და იქ მიღებული განათლება იყოს. საქართველოში დაწყებითი განათლების საფეხურზეც კი ვიღებთ ზოგად განათლებას და ვეცნობით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, თუმცა, უცხოურ სკოლებში, ძირითადად, მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებებს სწავლობენ, რაც შეიძლება ამ განსხვავების განმაპირობებელი იყოს.
Ο გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
დედამიწას ყველაზე დიდ საფრთხეს ადამიანები უქმნიან და ადამიანებთან დაკავშირებული სხვადასხვა ინდუსტრიული თუ ეკონომიკური საქმიანობა. აქედან გამომდინარე, კლიმატის ცვლილება და მზარდი გლობალური საშუალო ტემპერატურა, რომელიც გამოწვეულია სათბურის აირების რეკორდული კონცენტრაციით ჩვენს ატმოსფეროში, ყველა ინდივიდისა თუ საზოგადოებისთვის სავალალო მდგომარეობას წარმოადგენს.
სამწუხაროდ, ბევრად დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც არაფრად აგდებენ აღნიშნულ პრობლემას და მიიჩნევენ, რომ შეცვლილი კლიმატი დედამიწის ბუნებრივი ციკლის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ასეთი ადამიანები გვევლინებიან გადაწყვეტილების მიმღებ პირებად, რაც იმას იწვევს, რომ მინიმუმიც კი არ კეთდება ამ პროცესის შესაჩერებლად ან, სულ მცირე, შესანელებლად.
სინამდვილეში, ზედმეტია საუბარი დედამიწის ბუნებრივ ციკლზე, ვინაიდან სათბურის აირების (კერძოდ, ნახშირორჟანგის) მაჩვენებელი, კაცობრიობის არსებობის ისტორიაში, არასდროს ასულა დღევანდელ ნიშნულამდე, რამაც უკვე გამოიწვია ტემპერატურის უსწრაფესი მატება, ნალექების, ოკეანური და ატმოსფერული ცირკულაციის სისტემების ცვლილება, რაც მომავალში ცოცხალი ინდივიდების ნორმალურ ფუნქციონირებასთან შეუთავსებელი გახდება.
ბუნებრივია, აღნიშნული პროცესების შესაჩერებლად, აუცილებელია ინდივიდუალური და კოლექტიური აქტივობები. ინდივიდუალურ დონეზე, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, მივიღოთ ინფორმაცია გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ (ისეთი პლატფორმებიდან, როგორიცაა: https://sustainability.ge/, https://www.climatebasics.info/) და შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების წესი, მაგალითად, შევამციროთ ერთჯერადი მოხმარების ნივთები, ვიყიდოთ მეორეული ტანსაცმელი, დავზოგოთ ენერგია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და/ან ველოსიპედი და ა.შ.
თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ვინ არის პასუხისმგებელი თანამედროვე კლიმატის ცვლილებასა და სხვა გარემოსდაცვით პრობლემებზე, ამიტომ როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ დონეზე უნდა მოვთხოვოთ დიდ კორპორაციებს, ინდუსტრიებსა და მთავრობას, დანერგონ ყველა ის აუცილებელი მეთოდი თუ ტექნოლოგია, რაც ჩვენი გარემოს დეგრადირებას შეამცირებს. ამისთვის აუცილებელია მეტი სამოქალაქო აქტივიზმი და ჩართულობა ყველა დონეზე – თუ ადამიანებს შეუძლიათ შეცვალონ საკუთარი ქუჩა, მათ შეუძლიათ შეცვალონ საკუთარი ქვეყანა.
Ο კიოტოს უნივერსიტეტის იაპონური კაფეტერია
ყველაზე საინტერესო და ამავდროულად, საჭირო სივრცე კიოტოს უნივერსიტეტში კაფეტერიაა, რისი ფუფუნებაც, სამწუხაროდ, ქართულ უნივერსიტეტებსა და სკოლებს არ აქვთ. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში სწავლა ძალიან დამღლელია. ერთადერთი ენერგიის წყარო, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ყველა სტუდენტისა და მოსწავლისთვის, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეებში არ არსებობს. იაპონურ უნივერსიტეტებში კი, გარდა იმისა, რომ კაფეტერია ძალიან იაფი ღირს, მენიუ ყოველკვირეულად იცვლება და როგორც წესი, ნუტრიციოლოგის მიერ იგეგმება. შესაბამისად, არ მიწევს იმაზე ფიქრი, თუ სად ვისადილო. კაფეტერიაში შესაძლებელია ბალანსირებულად მიიღო ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები.
Ο გამოცდილების გაზიარება – მარიამის რჩევები ახალგაზრდებს
ყველა ახალგაზრდას მინდა ვუთხრა, რომ უცხოური ენების შესწავლა ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რაც შეიძლება გრძელვადიან განვითარებაში დააბანდონ. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისთვის აუცილებელია ინგლისური ენა და, საჭიროების შემთხვევაში, მეორე ან მესამე ენა, რაც, ბუნებრივია, მხოლოდ გაამდიდრებს თქვენს რეზიუმეს. მათ, ვისაც იაპონიაში სურთ განათლების მიღება, თუნდაც ინგლისური პროგრამით, აუცილებლად დასჭირდებათ იაპონური ენა, სასაუბრო დონეზე მაინც, ვინაიდან, რამდენად გასაკვირადაც უნდა ჟღერდეს, იაპონელები თითქმის არ საუბრობენ ინგლისურ ენაზე.
მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით, არის დრო და გამოცდილება. სამაგისტრო პროგრამაზე ადამიანმა უკვე უნდა იცოდეს რისი სწავლა უნდა და რომელ სფეროში ხედავს საკუთარ თავს (სულ მცირე, რომელ სფეროში არ ხედავს მაინც). სამწუხაროდ, საქართველოში რატომღაც მოდაშია, საბაკალავროს დამთავრების შემდეგ, მაშინვე სამაგისტრო პროგრამის გაგრძელება, რაც მგონია, რომ ძალიან მცდარი პრაქტიკაა. აუცილებელიც კია, სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებამდე, მუშაობა და სხვადასხვა სფეროსთან კავშირი, რაც არა მარტო ეხმარება ადამიანებს სწორი აკადემიური გადაწყვეტილების მიღებაში, არამედ დადებითად აისახება ამა თუ იმ სტიპენდიისთვის შერჩევის კრიტერიუმებზეც.
დაბრკოლებებს რაც შეეხება, ყველა დაბრკოლება გამოცდილებაა და დადებითად აისახება ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. საკმაოდ რთულია უცხო ქვეყანაში (განსაკუთრებით აზიურ ქვეყნებში) დამკვიდრება და დამოუკიდებლად ცხოვრება, რასაც ენის ბარიერიც ემატება. ამ პერიოდში შეიძლება ბევრს მოენატროს ის კომფორტის ზონა, რაც საქართველოში ყოფნისას ჰქონდა, თუმცა მინდა ყველას ვუთხრა, რომ მსგავსი განცდების არ შეეშინდეთ და მისცენ საკუთარ თავს დრო ადაპტაციისთვის. დროთა განმავლობაში ყველა სწავლობს დამოუკიდებლად ცხოვრებას და იმასაც, რომ კომფორტის ზონაში პროგრესი არ მიიღწევა. კახა ბენდუქიძე ამბობდა: „თქვენ თუ ჩავარდებით ჩეჩმაში და თან გარეთ ზამთარია, იგრძნობთ, რომ იქ უფრო თბილა. შესაბამისად, იქიდან ამოსვლა გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევს. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ: მთელი ცხოვრება იქ გაატაროთ ან ამოხვიდეთ. ამოსვლის შემთხვევაში იგრძნობთ სუსხს, გაცივდებით, შეიძლება ფილტვების ანთებაც დაგემართოთ, მაგრამ რაც მთავარია, თქვენ უკვე იქიდან ამოსული ხართ და გეცოდინებათ, რომ მეტჯერ აღარ უნდა ჩახვიდეთ. ეს არის ფასი, რომელსაც თქვენ იხდით თავისუფლებისთვის!“
ქართველი ახალგაზრდები, საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში, ხშირად ეუფლებიან პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებს, თუმცა ხშირია არამეინსტრიმული პროფესიების არჩევის მაგალითებიც. დაბრუნების სურვილს რაც შეეხება, ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ სურვილი, ვინაიდან უფრო მეტ ფინანსურ და სოციალურ სტაბილურობას, აგრეთვე, მრავალფეროვან შესაძლებლობებს ხედავენ სხვა ქვეყნებში.
Ο იაპონური სტუდენტური ცხოვრება
თავისუფალ დროს, ძირითადად, სხვადასხვა ადგილის მონახულებასა და მოგზაურობაში ვატარებ. იაპონია ულამაზესი ქვეყანაა, უმდიდრესი კულტურითა და ტრადიციებით, რომელთა შესწავლისა და ნახვის პროცესი სასიამოვნო და, ამავდროულად, საინტერესოა. საზღვარგარეთ სწავლის ერთ-ერთი დადებითი მხარეა ახალი ადამიანების გაცნობა და სხვადასხვა ეროვნების მეგობრების შეძენა, რასაც მოჰყვება კულტურისა და გამოცდილების გაზიარება, ტრადიციული კერძების დაგემოვნება და ბევრი საერთო ტრადიციის აღმოჩენაც.
რაც შეეხება იაპონელ ახალგაზრდებს, ძირითადი პრობლემა ენის ბარიერი (ხშირად ვერ საუბრობენ ინგლისურად და ჩვენ – იაპონურად) და მათი ჩაკეტილი ბუნებაა. გეოგრაფიული მდებარეობის მსგავსად, იაპონური საზოგადოება საკმაოდ ჩაკეტილია და შესაბამისად, მათთვის არ არის მარტივი უცხოელ ადამიანებთან გახსნილი ურთიერთობები.
იაპონური სამუშაო გარემო ძალიან დამღლელი, სტრესული და ტოქსიკურიც კია, რის გამოც, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხშირად ნახავთ გადაღლილ და უბრალოდ, ჩამქრალ ახალგაზრდებს.
Ο გამორჩეული იაპონური წეს-ჩვეულებები, ტრადიციები…
მინდა გითხრათ, რომ დღემდე ძალიან ბევრ კულტურულ შოკს ვიღებ იაპონიაში, რაც ჩვენი საზოგადოებების განსხვავებულობაზე მეტყველებს. გარდა იმისა, რომ კულტურით, ბუნებითა და სამზარეულოთი გამორჩეული ქვეყანაა, არის, აგრეთვე, სუფთა და ძალიან მოწესრიგებული. ამიტომ, ენის ცოდნის შემთხვევაში, ვიტყოდი, რომ იაპონია საცხოვრებლად საკმაოდ კომფორტულია.
მეორე მხრივ, იაპონიასაც აქვს უარყოფითი მხარეები, რაზეც ხშირად არავინ საუბრობს. როგორც აღვნიშნე, საზოგადოება ძალიან ჩაკეტილი და ჰომოგენურია, შესაბამისად, ნებისმიერი სახით გამორჩევა, იქნება ეს გარეგნობა თუ ქცევა, მიღებული არ არის. უცხოელების მიმართაც ბევრს არ აქვს კარგი დამოკიდებულება, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ხშირად შემხვედრიან უცხოელები, რომლებიც მხოლოდ ანიმესა და მანგას გამო ჩამოსულან იაპონიაში და იმედგაცრუებულები დაბრუნებულან საკუთარ ქვეყნებში. ამიტომ, მინდა ვთქვა, რომ იდეალური ქვეყანა არ არსებობს, ყველა საზოგადოებას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ვფიქრობ, არც ერთი ქვეყანა არ უნდა გახდეს გაფეტიშების საგანი.
Ο მომავლის გეგმები, რომელიც საქართველოს უკავშირდება
სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით, სწორხაზოვანი წარმოდგენა ჩემს მომავალზე არ მაქვს. გრძელვადიანად დამკვიდრებას ნამდვილად საქართველოში ვაპირებ, თუმცა, იქამდე, მსურს საკმარისი გამოცდილება და ცოდნა დავაგროვო, რათა სათანადოდ გამოვიყენო ჩემი რესურსები და ჩემს საზოგადოებაში, გარემოსდაცვითი მიმართულებით, პოზიტიური ცვლილებები დავნერგო. ვაპირებ წალენჯიხით დაწყებას! დარწმუნებული ვარ, იაპონიაში მიღებული განათლება ნამდვილად დამეხმარება აღნიშნული მიზნის მიღწევაში.
Ο გადაფასებული ღირებულებები
ნელ-ნელა ვიაზრებ, რომ ძალიან შორს ვარ, იაპონია თითქმის დედამიწის მეორე კიდეშია, რაც კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს იმ ადამიანებისა და ადგილების მონატრებას, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში და რომლებიც ძალიან მიყვარს. გარდა ამისა, იაპონიაში ჩამოსვლის შემდეგ, დავაფასე და გადავაფასე ბევრი ღირებულება, რომელთაც ადრე მოცემულობად აღვიქვამდი.
თუმცა, მიუხედავად ბევრი კარგი გამოცდილებისა, ნელ-ნელა, ჩემი იდენტობის კრიზისიც მძაფრდება, ვინაიდან მუდმივად სხვა საზოგადოებაში ყოფნა მაუცხოებს საკუთარი ქვეყნისგან, ამავდროულად, ვერც ამ საზოგადოებაში აღვიქვამ საკუთარ თავს სრულფასოვნად. მაგრამ, ალბათ, ეს არის იმ თავისუფლების ფასი, რომელსაც ვიხდით და მეც ვცდილობ, მივცე საკუთარ თავს დრო ადაპტაციისთვის.
დაბოლოს, მინდა ყველა ახალგაზრდას ვუთხრა – აქციონ ოცნებები მიზნებად და მისცენ საკუთარ თავს დრო განვითარებისთვის!
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.
ესაუბრა მაკა ყიფიანი