⇒ ინტერვიუ კახაბერ ერაძესთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
– წლის დასაწყისში ცენტრმა წარადგინა საკუთარი ხედვა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს კანონით განსაზღვრული ვალდებულება, 2026 წლისათვის, საჯარო სკოლების ავტორიზაციის რეჟიმში ჩართვის თაობაზე. რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?
– მოგეხსენებათ, ცენტრისათვის და მთლიანად, სისტემისათვის ეს დიდი გამოწვევაა, როგორც მასშტაბის თვალსაზრისით, ისე ხარისხის უზრუნველყოფის არსებული სისტემის მდგომარეობის გათვალისწინებითაც. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია 2000-ზე მეტ საჯარო სკოლაზე. ამდენი ბენეფიციარი, ერთად აღებული, ცენტრს არასოდეს ჰყოლია. ამას ემატება კერძო სკოლებიც, რომლებიც უკვე წლებია ფუნქციონირებენ ავტორიზაციის რეჟიმში და მათ უმეტესობას მომავალ წლებში ხელახალი ავტორიზაცია უწევს. საუბარი არაა მხოლოდ ორგანიზაციული თვალსაზრისით ავტორიზაციის საორგანიზაციო საკითხების დაძლევაზე, არამედ უკვე საკმარისი დროა გასული იმისათვის, რომ გადავაფასოთ ხარისხის უზრუნველყოფის არსებული სისტემის ეფექტიანობა. სწორედ ამ გადაფასების კონტექსტში დავინახეთ, რომ არსებულმა მიდგომებმა თავი ამოწურა. დღის წესრიგში დადგა ხარისხის შიდა და გარე მექანიზმების ცვლილების საკითხი. სწორედ ამით დავიწყეთ. ამჟამად ავტორიზაციის სტანდარტების და პროცედურების ცვლილების აქტიურ ფაზაში ვართ.
– თუმცა ცენტრს უკვე აქვს, უმაღლესი და პროფესიული განათლების ნაწილში, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების წარმატებული ცვლილების გამოცდილება. განიხილავთ თუ არა ამას ერთგვარ ხელშემწყობ ფაქტორად?
– გმადლობთ ასეთი შეფასებისათვის. ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები, უმაღლესი და პროფესიული განათლების ნაწილში, ნამდვილად პროგრესულია ყველა თვალსაზრისით, რასაც ადგილობრივი და საერთაშორისო პოზიტიური შეფასებებიც ადასტურებენ. რამდენად წარმატებული – ამას შედეგების შეფასების შემდეგ დავინახავთ. ჯერ ამისი დრო არ დამდგარა. კითხვას რომ დავუბრუნდეთ, ვფიქრობთ, უკვე არსებული გამოცდილება, სკოლის ხარისხის რეფორმაც წაადგება იმიჯის თვალსაზრისით, რაც ცენტრმა ცალსახად შეიძინა ბოლო წლებში. გახსნილობა და თანამშრომლობა ეს ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რაც ხარისხის სისტემების რეფორმის პროცესში აუცილებლად გვჭირდება. თუმცა სკოლის ავტორიზაციის ახალი სისტემა არსებითად განსხვავებულ მიდგომებს გულისხმობს. განსხვავებით უმაღლესი ან პროფესიული განათლებისაგან, ზოგადი განათლება კონსტიტუციითაა სავალდებულო და სახელმწიფომ მისი საყოველთაო ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს. ამიტომაც სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმება სულაც არაა საუკეთესო გამოსავალი. ავტორიზაციის რეჟიმში ყოფნა უნდა განვიხილოთ, როგორც მუდმივი და სწორი განვითარების გზაზე შედგომა. ჩემს კოლეგას დავესესხები, თუ ვიტყვი, რომ ხარისხის ცენტრი ხარაჩოს როლს შეასრულებს ხარისხიანი ზოგადი განათლების შენების პროცესში. ამით ის ხარისხის განმავითარებლის ფუნქციას შეასრულებს.
– თქვენ ბრძანეთ, რომ ავტორიზაციის გაუქმება არაა საუკეთესო გამოსავალი. ეს მიდგომა კერძო სკოლებზეც გავრცელდება?
– ხარისხის უზრუნველყოფის მიზნებისათვის სულაც არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინაა სკოლის დამფუძნებელი, სახელმწიფო თუ კერძო სექტორი. ზოგადი განათლების ნაწილში დადგენილი სტანდარტი აუცილებელი მინიმუმია და არავის აქვს უფლება, ამ სტანდარტზე უარესი საგანმანათლებლო სერვისი შესთავაზოს საზოგადოებას. მჯობნის მჯობნი კი არასოდეს დაილევა. მიხარია, რომ ქართულ განათლების სისტემაში არიან სკოლები, რომლებიც საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების განათლებას უკვე აწვდიან საზოგადოებას. გვინდა, რომ ამისი მასშტაბები და ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ამას წლები დასჭირდება. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ავტორიზაციის გაუქმება არაა საუკეთესო გამოსავალი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკიდურეს შემთხვევაში ამ გამოსავალს არ მივმართავთ. ჩვენ ყველა პირობას შევქმნით სკოლის განვითარებისათვის, კერძო იქნება ეს თუ საჯარო. თავისი დამფუძნებელი, სისტემის მნიშვნელოვან ინსტიტუტებთან ერთად, იზრუნებს სკოლის განვითარებაზე. და თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, იძულებულნი გავხდებით, დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა არასათანადო განათლების მიწოდებისაგან. პირდაპირ გეტყვით, კერძო სკოლები და ის რამდენიმე ერთეული საჯარო სკოლა, რომლებიც ავტორიზებულ რეჟიმში ფუნქციონირებენ, ბევრად წინ არიან ამ საქმეში, რადგანაც უკვე გააჩნიათ ღირებული გამოცდილება ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში.
– როგორი თანმიმდევრობით უნდა ველოდოთ პროცესების განვითარებას განსაზღვრული მიზნის მისაღწევად?
– თამამად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ხედვა სრულიად გაზიარებულია სისტემის მონაწილეების მხრიდან. ხარისხის რეფორმის შესახებ ათობით პრეზენტაცია, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა და გვაქვს თითქმის ერთსულოვანი მანდატი. არ დარჩენილა სკოლა საქართველოში, რომელსაც არ მიეცა საკუთარი მოსაზრების, ხედვის, პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. პრეზენტაციები გაკეთდა საკითხით დაინტერესებული სამთავრობო და თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. გვიხარია, რომ ხედვები, უმეტეს შემთხვევაში, გაზიარებულია და პროგრესულად არის შეფასებული. რაც შეეხება შემდგომ პროცესებს, უკვე ინიცირებულია ცვლილებების აუცილებელი პაკეტები კანონებში ზოგადი განათლების შესახებ და განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, რაც, იმავდროულად, ავტორიზაციის დებულებაში ცვლილებების შეტანის საფუძვლებს შექმნის. აქტიურ ფაზაშია ავტორიზაციის ახალი სტანდარტების და პროცედურების პროექტის შემუშავება, რასაც დაეფუძნება მომავალი წლისათვის სკოლების მასშტაბური დიაგნოსტიკური თვითშეფასების პროცესი. პარალელურად, უკვე შეიქმნა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის პროფილი და მალე მათი სერტიფიცირების პროცესიც დაიწყება, რაც საჯაროდ გამოცხადდება. სწორედ ამ სერტიფიცირებულმა სპეციალისტებმა უნდა უზრუნველყონ ხარისხის განვითარების ხელშეწყობა სკოლების დონეზე. გვინდა ეს პროცესი მასშტაბური იყოს და ქვეყნის ყველა რეგიონიდან სპეციალისტთა ფართო ჩართულობით განხორციელდეს.
მომავალი წლის დიაგნოსტიკური თვითშეფასება სპეციალურად ამისათვის შექმნილი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით განხორციელდება, რაც ცენტრმა საკუთარი რესურსით დაფინანსებული ინსტიტუციური თვითშეფასების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში შექმნა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით. ამ პლატფორმის ანალიტიკური შესაძლებლობების გამოყენებით, მომავალი წლის მეორე ნახევარში განხორციელდება თითოეული სკოლის თვითშეფასების ანალიზი და მომზადდება სკოლების ავტორიზაციის გეგმა. პირველ რიგში, 2023 წლიდან ავტორიზაციის პროცესში მაღალი მზაობის მქონე სკოლები ჩაერთვებიან. ეს საშუალებას მოგვცემს ნაკლები მზაობის სკოლებისათვის მათზე მორგებული განვითარების სქემები შევიმუშაოთ და ზოგადი განათლების ყველა პასუხისმგებელი უწყების ჩართულობით გავწიოთ ძალისხმევა კონკრეტული სკოლის განვითარებისათვის, რათა 2026 წლამდე ისინი სტანდარტების დადგენილ დონესთან ეტაპობრივად მოვიდნენ შესაბამისობაში. ამ ნაწილში იმედი გვაქვს ასევე აქტიური დონორული დახმარებისა, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ვადებში წამოჰყვეს ხარისხის რეფორმის გეგმას.
– რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ უკვე ავტორიზებულ სკოლებს, რომლებსაც მომავალი წლისათვის ხელახალი ავტორიზაციის გავლა უწევთ? რომელი სტანდარტებით მოხდება მათი ავტორიზაცია?
– ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და პროცედურები, მიუხედავად მათი პროგრესულობისა, დაუყოვნებლივ არ შევა ძალაში. ნებისმიერ ცვლილებას, მათ შორის, უკეთესობისაკენ მიმართულს, მომზადება ესაჭიროება და სკოლებს ამისათვის დრო უნდა მივცეთ. თუმცა არც ავტორიზაციის პროცესი შეჩერდება, ამის საფუძველი არ არსებობს. ყველა სკოლა ავტორიზაციას დადგენილ დროს გაივლის, როცა ეს კანონის მიხედვით უწევთ. ამიტომაც, მომავალ წელს ის სკოლები, რომლებსაც უწევთ ხელახალი ავტორიზაციის გავლა, ამას გააკეთებენ მოქმედი სტანდარტების და პროცედურების შესაბამისად, რომელთანაც შესაბამისობა ჯერ კიდევ წინა ავტორიზაციის დროს დაადასტურეს. ახალი სტანდარტები მომავალი წლის თვითშეფასების პროცესში კიდევ გადაიხედება და დაიხვეწება. ისინი, ჩვენი გეგმის მიხედვით, მომავალი წლის მეორე ნახევარში დამტკიცდება და ძალაში ეტაპობრივად შევა. მათი სრული ამოქმედებისათვის გარდამავალი პერიოდი განისაზღვრება, რათა არც ერთ სკოლას, რომელსაც პირველადი ან ხელახალი ავტორიზაცია უწევს, არ შეექმნას დისკომფორტი. თუმცა არც ერთი სკოლისათვის ახალი სტანდარტები არ იქნება მოულოდნელობა. მათი დანერგვა, საჭიროების შემთხვევაში – კორექტირება, მათივე სრული ჩართულობით განხორციელდება. ამისათვის კი, სკოლების მხრიდან, თვითშეფასების პროცესში აქტიურ თანამშრომლობას, სრულ გახსნილობას და გულწრფელობას ველოდებით.
ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი