ეკა ღვინიაშვილი
სსიპ თბილისის №82 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი,
„კატოს სკოლის“ დამფუძნებელი
ხშირად სპეციალურ მასწავლებლებს არ გვაქვს სახელმძღვანელო და მუდმივად აქტივობების ძიებაში ვართ. ამიტომ გადავწყვიტე, რამდენიმე აქტივობა გაგიზიაროთ. ვიმედოვნებ, გამოგადგებათ და ასევე, იდეების გენერირებაში დაგეხმარებათ.
მოდი, დავიწყოთ.
აქტივობა 1. ტექსტის დამუშავება
„რა დახატა ბაქარმა“ – ვასო გულეური
ხატვას იწყებს ბაქარი
ხატვას იწყებს ბაქარი,
მოიმარჯვა ფანქარი.
დახატა და წაშალა
დაკლაკნილი გზა-შარა.
მერე – დიდი სახლი და
გზაც დახატა ახლიდან.
გზასთან – ღობეებია,
გზაზე მიდის ბებია.
სახლის გვერდით ბაღია,
იქვე ჭაა თავღია.
ჭასთან სხედან ქათმები,
ბაღში მოჩანს ატმები.
ბაღთან ძროხა აბია
და ბავშვები დარბიან.
დააკვირდით, აქ არის
თვითონ ჩვენი ბაქარიც…
თურმე, იმას ხატავდა,
რაც გულში აქვს ნატვრადა.
სოფელი და ბებია
როგორ მონატრებია.
1) წაიკითხე ლექსი და გახაზე/შემოხაზე უცხო სიტყვები.
2) დახატე ტექსტის მიხედვით, როგორია ბაქარის სოფელი.
3) შეავსე დიაგრამა.
აქვე გეტყვით, რომ ეს აქტივობები შეგიძლიათ გადააკეთოთ თქვენი მოსწავლეების შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად. მე კი გაგიზიარებთ ჩემი მოსწავლეების რამდენიმე ნამუშევარს.
აქტივობა 2. ტექსტის დამუშავება
„შეძლებ გაიმეორო?“
ვალერი კასლანძია (თარგმანი – რობერტ მესხის)
შეძლებ გაიმეორო?
აფ-აფ, აფ-აფ, – რა ყეფს? ძაღლი,
კურდღელი თუ მგელი გარბის
ტყისკენ. მიაუ, — კნავის კატა,
ნაღებს ჭამს და თითებს ატანს.
კო-კო, კო-კო, ხედავ დედალს,
კვერცხი დადო დილის მზედა.
ჩუმად! გესმის? ბანი მისცა:
ყიყლიყოო, – მამლაყინწამ.
მუუუუ, — ხბო ზმუის, იქნებ, სიზმრად,
მიაკითხა დედამისმა.
ბეეეე, – კუნტრუში უყვარს თიკანს,
აქეთ მოდი! იქ რა გინდა?
ყველას საკუთარი ხმა აქვს:
აფ-აფ!
მიაუ!
მუუუუ!
კო-კო!
ბეეეე!
ჩაგეკეტათ შეღობილში, –
პატრონს ასე არიგებენ.
1) ამოიწერე და დააჯგუფე ცხოველები, ცხრილის მიხედვით.
რომელი უფრო მეტია? კიდევ რომელი ცხოველი იცი?
შინაური | გარეული |
2) დააკავშირე რომელი ცხოველი როგორ ხმას გამოსცემს და შენც გაიმეორე
ძაღლი კო-კო-კო
დედალი მუუ
კატა ბეე
თიკანი აფ-აფ
ხბო მიაუ
3) დაიხმარე ტექსტი, შენი ფანტაზია და ჩაწერე როგორია კატა, ძაღლი, კურდღელი.
აქტივობა 3. კატეგორიზაცია
1) შეავსე ცხრილი.
ვაშლი, ბრინჯი, შვრიის ფანტელი, კომბოსტო, ჭარხალი, ატამი, მანანის ბურღული, ბადრიჯანი, ფეტვი, კიტრი, ანანასი, ბროწეული, წიწიბურა, ბალი, კარტოფილი.
ასწავლეთ, რომ გადახაზოს ის სიტყვა, რომელიც უკვე გადაიტანა ცხრილში.
ხილი | ბოსტნეული | ბურღულეული |
2) შეავსე ცხრილი
ვაშლი, კომბოსტო, ჭარხალი, ატამი, ბადრიჯანი, კიტრი, ანანასი, ბროწეული, ბალი, კარტოფილი.
ხილი | ბოსტნეული |
3) ამოიწერე მხოლოდ ხილი.
ვაშლი, ბრინჯი, კომბოსტო, ატამი, ფეტვი, ანანასი, ბროწეული, წიწიბურა, ბალი, კარტოფილი.
ხილი |
აქტივობა 4. იდეები „პინტერესტიდან“
ეს სავარჯიშოები დაეხმარება თქვენს მოსწავლეებს ნატიფი მოტორიკისა და ბილატერალური კოორდინაციის (ბილატერალური ინტეგრაცია/ბილატერალური მოტორული კოორდინაცია — სხეულის ორივე მხარის შეთანხმებული და ორგანიზებული მოძრაობა) განვითარებაში.
მსგავსი ტიპის დავალებები თავადაც შეგიძლიათ შექმნათ word-ში ან ფურცელზე.
აქტივობა 5. „შექმენი თავად“
ბევრი რესურსის ყიდვის საშუალება როცა არაა, ჩვენ თვითონ ვქმნით მათ… მთისა და მუჰამედის ამბავია რა…
დღეს ვაკეთებთ⇓
ნაბიჯი 1.
მოიმარაგეთ მუყაო, მაკრატელი, საკანცელარიო დანა, ფანქარი, ფლომასტერები.
ნაბიჯი 2.
გააკეთეთ მონახაზი. ჯერ ფანქრით, მერე გადადით ფლომასტერზე
ნაბიჯი 3.
ახლა დაგჭირდებათ დანა ან მაკრატელი, ნახვრეტები შეგიძლიათ ფანქრით გააკეთოთ.
ნაბიჯი 4.
ცოტა გავალამაზოთ და ზონარიც მოვარგოთ.
ამჯერად სულ ეს იყო. გამიზიარეთ თქვენი უკუკავშირი, გავაგრძელო ასეთი სტატიების წერა?