„აუტიზმი“ ნეიროგანვითარების დარღვევაა, რომლის დროსაც რთულდება თავის ტვინში ინფორმაციის ინტეგრაცია, რაც აისახება სოციალურ ურთიერთობებზე, კომუნიკაციასა და ქცევაზე. ხშირად აუტიზმის მქონე ადამიანს „ნეირო განსხვავებულსაც“ უწოდებენ, ეს მდგომარეობაა, რომლის დროსაც ინდივიდი სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამს, გადაამუშავებს სენსორულ ინფორმაციას და აბრუნებს ადაპტურ პასუხს.
1980 წლამდე აუტიზმის სიმპტომები შიზოფრენიის ნაწილად განიხილებოდა. ავსტრიელი ფსიქიატრის, ლეო კანერის დამსახურებაა, რომ დღეს აუტიზმის სიმპტომების გამოცალკევება და სახელდება მოხდა. 1943 წელს ლეო კანერმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღწერა 11 ბავშვის მდგომარეობა, რომელთაც საერთო სიმპტომები ახასიათებდათ: სირთულეები სოციალური ინტერაქციის დროს, უჭირდათ რუტინის ცვლილებებთან ადაპტაცია, გარკვეულ სენსორულ სტიმულებზე მეტისმეტად მგრძნობიარენი იყვნენ, განსაკუთრებით ხმებზე. მიუხედავად კარგი ინტელექტუალური პოტენციალისა, უჭირდათ მიზანმიმართული მეტყველება და ახასიათებდათ საუბრის დროს ექოლალია. ხოლო 1944 წელს ჰანს ასპერგერმა ასევე გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულ მდგომარეობას „აუტისტური ფსიქოპათია“ უწოდა.
მიუხედავად ბევრი საერთო სიმპტომისა, ლეო კანერის მიერ აღწერილი მდგომარეობა განსხვავდება ჰანს ასპერგერის მიერ აღწერილი სიმპტომებისგან. როგორც აღმოჩნდა, ჰანს ასპერგერის მიერ აღწერილ პირებს არ ჰქონდათ ენობრივი სირთულეები და მეტყველების დარღვევები, მაგრამ მათთვის სოციალური ინტერაქცია და კომუნიკაცია მაინც არ იყო სათანადოდ ჩამოყალიბებული.
გრძელდებოდა დავა, თუ რატომ იბადებოდნენ აუტიზმის მქონე ბავშვები. ერთ-ერთი ვერსია მშობლის მიერ არასათანადო ყურადღება და მზრუნველობა სახელდებოდა. ამ იდეის ავტორი ფსიქოანალიზის სკოლის მიმდევარი ბრუნო ბეტელჰაიმი იყო, რომელიც აუტიზმის მქონე ბავშვების დედებს, როგორც „ცივ დედებს“ მოიხსენიებდა. ამ იდეას არ ეთანხმებოდა ბერნარდ რიმლენდი, რომელიც ფსიქოლოგი იყო და ჰყავდა შვილი აუტიზმით. ის ფიქრობდა, რომ მშობლობა და აღზრდის სტილი აუტიზმთან კავშირში არ იყო.
აუტიზმის კლასიფიკაცია დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით-IC 10 მიმდინარეობს. დღესდღეობით, კლასიფიკაციის მიხედვით, ცალკე დიაგნოზებად არ გამოიყოფა: ასპერგერის სინდრომი, ატიპური აუტიზმი, ბავშვთა აუტიზმი, კანერის სინდრომი და ა.შ. ისინი „აუტიზმის ქოლგის“ ქვეშ არიან გაერთიანებული.
აუტიზმი მიეკუთვნება განვითარების პერვაზიულ აშლილობათა ჯგუფს, რომლისთვისაც, როგორც ვთქვით, შემდეგი ნიშნებია დამახასიათებელი: რეციპროკული სოციალური ინტერაქციის, კომუნიკაციის სირთულეები, განმეორებადი/სტერეოტიპული ქცევა, შეზღუდული ინტერესები, თამაშის განსხვავებული სტილი — ე.წ. „ფრაგმენტული აღქმა“, რომლის დროსაც ბავშვი ფუნქციურად არ თამაშობს, მხოლოდ სათამაშოს რაიმე დეტალით/ნაწილით არის დაინტერესებული. აუტიზმის მქონე ბავშვს აღენიშნება კვების და ძილის, ასევე, სენსორული ინტეგრაციის სირთულეები და ემოციური თვითრეგულაციის პრობლემები.
აუტიზმის მქონე ბავშვთან მუშაობის დროს, მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება და ინტერვენცია. საჭიროა, რომ საზოგადოება მეტად ინფორმირებული იყოს ამ საკითხების მიმართ და დროულად მიმართონ სპეციალისტს.
აუტიზმის პირველი ნიშნების გამოვლენა, დაახლოებით, 12 თვის ასაკის შემდეგ იწყება. იკარგება მზერითი კონტაქტი, არ რეაგირებს სახელზე, ბავშვი არ მიუთითებს თითით საგნებზე, არ ცდილობს სხვადასხვა სიტყვების წარმოთქმას, უჭირს მარტივი ინსტრუქციების შესრულება, ნაკლებად გამოხატავს სოციალური ურთიერთობების სურვილს გარშემომყოფებთან, არ თამაშობს სხვებთან, შესაძლოა ახასიათებდეს განმეორებადი/სტერეოტიპული ქცევები.
🔎 როგორ იწყება დიაგნოზის დასმა?
უმეტესად, 2 წლის შემდეგ, როცა ბავშვი არ მეტყველებს და მშობელს უჩნდება ეჭვი, რომ ბავშვს გარკვეული ტიპის განვითარების შეფერხება აქვს და მიჰყავს იგი პედიატრთან. დიაგნოსტირება ხდება ფსიქიატრის მიერ, „ადოსის“ ტესტების, ქცევაზე დაკვირვებით და მშობელთან ინტერვიუს საშუალებით.
ასევე მნიშვნელოვანია ვიზიტი ნეიროფსიქოლოგთანაც, რათა შეფასდეს ბავშვის განვითარების დონე.
დიაგნოზის დასმის შემდეგ ინიშნება თერაპიები. ეს კი ძალიან ინდივიდუალური საკითხია, თერაპიები ბავშვის ინდივიდუალური საჭირობებიდან გამომდინარე ხორციელდება. ეს შეიძლება იყოს: ქცევითი თერაპია, სენსორული ინტეგრაციის თერაპია, ფლორთაიმი, ფიზიკური თერაპია, არტთერაპია და ა.შ.
იქიდან გამომდინარე, რომ 7 წლამდე ბავშვის განვითარებაზე მუშაობა წარმოუდგენელია თამაშის გარეშე და არ გამოიყენება სწავლების სხვა ფორმატი, გარდა სპონტანური, სასიამოვნო და ბუნებრივ გარემოში აღმოცენებული თამაშისა, უნდა აღინიშნოს, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებს თამაშის განსხვავებული სტილიც ახასიათებთ. მათი თამაშისთვის დამახასიათებელია ნაკლები სპონტანურობა, ნაკლები ინტერესი გარემოს მიმართ, ცნობისმოყვარეობის და წარმოსახვითი უნარების დეფიციტი, ჯგუფური თამაშების მიმართ ინერტულობა.
🔎 როგორ დავიწყოთ მათთან მუშაობა და რა მთავარ საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მშობელმა შეუქმნას ბავშვს ყოველდღიური, მასზე მორგებული რუტინა. რუტინა გულისხმობს ყოველდღიურ ქმედებებს, რომელიც მეორდება და ბავშვს უჩნდება წინასწარგანწყობა რა აქტივობა მოდის შემდგომ. ეს კი ამცირებს რთული ქცევის გამოვლენის ალბათობას. იქიდან გამომდინარე, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს არ უყვართ სიახლეები და უჭირთ ცვლილებებთან ადაპტირება, მათ უნდა შევთავაზოთ კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული ყოველდღიური რუტინა. მშობელს შეუძლია შექმნას ვიზუალური ცხრილი, რომელიც გაფორმებულია ნახატებით ან ილუსტრაციებით და რაც მთავარია, დაყოფილია დღის სხვადასხვა ნაწილებად: დილას — თავის მოწესრიგება და საუზმე, შუადღეს — ბაღი და თერაპიები, საღამოს — სეირნობა და თამაში. ყველა ოჯახს პირადი, ინდივიდუალური რუტინა აქვს. ეს ვიზუალური ცხრილი ბავშვისთვის თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული.
აუცილებელია, რომ თითოეული აქტივობა მისთვის ფუნქციურ ადგილას მიმდინარეობდეს და სახლი დაყოფილი იყოს ზონებად სხვადასხვა აქტივობებისთვის: კვება — სამზარეულოში, ტუალეტის უნარ-ჩვევები — ტუალეტში, თავის მოწესრიგება — სააბაზანოში და ასევე გამოყოფილი იყოს ბავშვისთვის სათამაშო სივრცე. გარემოს მოწესრიგება და სტრუქტურირება ხელს უწყობს აუტიზმის მქონე ბავშვებში, და არა მარტო, ემოციურ სტაბილურობასაც.
გარდა გარემოს მორგებისა, მნიშვნელოვანია, მთავარ მიზნად მათთან კომუნიკაციაში შესვლა და ინტერაქციის დამყარება დავისახოთ. ეს შეიძლება გამოხატული იყოს ერთობლივი თამაშით, ყოველდღიურ აქტივობებში დახმარებით ან თუნდაც ემოციის გაზიარებით.
არ დაგავიწყდეთ, რომ თუ გინდათ ცვლილებები შეიტანოთ მათ სტერეოტიპულ თამაშში, გარემოსა თუ ინტერესებში, ეს ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. სიახლე ყოველთვის უნდა იყოს მცირედი და უკავშირდებოდეს ძველ ინტერესებს — „ყოველი სიახლე დაშენებულია ძველზე“. აჰყევით, გაიმეორეთ და ითამაშეთ როგორც ბავშვი თამაშობს და როცა კომუნიკაცია დამყარდება და თამაში ორმხრივი გახდება, ნელა შეიტანეთ ცვლილება თამაშის დროს და დაელოდეთ მის საპასუხო რეაქციას.
ხშირად გამოიყენეთ ვიზუალური თვალსაჩინოება, რაიმე მოქმედების ამსახველი ბარათები, გარკვეული სიტუაციების აღმწერი ილუსტრაციები და კონკრეტული ნახატები. ყოველი მათი დავალება პატარა ბიჯებად დაჰყავით და მოდელირებით/შეხსენებით დაეხმარეთ აქტივობის ბოლომდე დასრულებაში.
მათი ყურადღების მისაპყრობად კი საუკეთესო საშუალებაა „მულტიმოდალური სწავლება“, როცა სწავლის დროს ჩართულია რაც შეიძლება მეტი შეგრძნება: ვიზუალური, სმენითი, ტაქტილური, პროპრიოცეპტული, ვესტიბულური, ყნოსვითი თუ გუსტატორული. თუ ბავშვი აქტივობის დროს იღებს სასიამოვნო შეგრძნებებს, მისი ყურადღება გარანტირებული იქნება.
✔️ ასევე მნიშვნელოვანია დავასახელოთ თუ რა სახის სახელმწიფო პროგრამები არსებობს აუტიზმის მქონე ბავშვთა თერაპიული ჩარევისთვის.
🔘 თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს აუტისტური სპექტრის მქონე 2-15 წლამდე ბავშვების განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის ამაღლებას. ბავშვს მომსახურებას მიაწოდებს მულტიდისციპლინარული გუნდი — ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი, ქცევის თერაპევტი და ა.შ.
🔘 „ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა“, რომლის მიზანია, ადრეული ინტერვენციის მომსახურების მიწოდების გზით, შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევების მქონე ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების ხელშეწყობა. პროგრამა ითვალისწინებს 0-7 წლამდე ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფს.
🔘 „ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა“, რომლის მიზანია სამიზნე ჯგუფის ბავშვთა სპეციფიკური რეაბილიტაცია, აბილიტაცია, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
სოფო მელაძე – ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, განათლების ფსიქოლოგი