მეტყველების ნაწილთა შორის არსებითი სახელი გამორჩეულია თავისი შინაარსობრივი (სემანტიკური) ჯგუფების მრავალფეროვნებით, ფორმაცვალებადობის ნიუანსებითა და სინტაქსური ფუნქციის ნაირგვარობით. ამ საკითხების სწავლება აქტივობების მეშვეობით იოლია. სამწუხაროდ, არსებითი სახელის, ისევე როგორც სხვა გრამატიკული მასალის სწავლება, ხშირად შემოიფარგლება ხოლმე მოსწავლეებისადმი დეკლარატიული (ფაქტობრივი) ინფორმაციის მიწოდებით, რაც არაეფექტიანია. არსებითი სახელის მორფოლოგიური ანალიზი ერთ აქტივობად ჩაითვლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით მასწავლებელმა მისია ამოწურა.
გიზიარებთ არსებითი სახელის ანალიზისთვის საკუთარ პრაქტიკას.
არსებითი სახელის მორფოლოგიური ანალიზისთვის:
- გამოვარჩევთ წინადადებიდან, კონტექსტიდან არსებით სახელს;
- ვიწყებთ შინაარსობრივი (სემანტიკური) ჯგუფების გამოყოფას:
ვინ თუ რა ჯგუფისა (იგივე ადამიანთა და არაადამიანთა);
♦ სულიერთა და უსულოთა;
♦ საზოგადო და საკუთარი;
♦ კონკრეტული და აბსტრაქტული;
♦ ნივთიერებათა;
♦ კრებითი;
♦ მოქმედების სახელები;
♦ კნინობითი, ალერსობითი.
- ფუძის გამოკვეთა;
- ფუძის რაგვარობა (უკუმშველი, კუმშვადი, კვეცადი, უკვეცელი, კუმშვად-კვეცადი), ვადასტურებთ ნათესაობითი ბრუნვის ფორმის გამოყენებით;
- ბრუნვის ამოცნობა;
- ბრუნვის ნიშნის გამოკვეთა;
- გრამატიკული რიცხვი. მრავლობითის შემთხვევაში, მრავლობითის სახის დასახელება;
- თანდებულიანობა;
- ნაწილაკიანობა;
- სინტაქსის შესწავლის მერე — სახელის სინტაქსური ფუნქცია (ქვემდებარე, დამატებანი ან, იშვიათად, განსაზღვრება).
კონკრეტული მაგალითები:
ქარმა ხეს ტოტი მოსტეხა.
ქარმა — არსებითი სახელი; რა ჯგუფისა; უსულო; საზოგადო; კონკრეტული; ფუძე — ქარ, ბოლოთანხმოვნიანი, უკუმშველი (ქარ-ის); დგას მოთხრობით ბრუნვაში, ნიშანი — მა; მხოლობითი რიცხვი; უთანდებულო; უნაწილაკო.
ხეს — არსებითი სახელი; რა ჯგუფისა; უსულო; საზოგადო; კონკრეტული; ფუძე — ხე, ბოლოხმოვნიანი, კვეცადი (ხ-ის); დგას მიცემით ბრუნვაში, ნიშანი — ს; მხოლობითი რიცხვი; უთანდებულო; უნაწილაკო.
ტოტი — არსებითი სახელი; რა ჯგუფისა; უსულო; საზოგადო; კონკრეტული; ფუძე — ტოტ, ბოლოთანხმოვნიანი, უკუმშველი (ტოტ-ის); დგას სახელობით ბრუნვაში, ნიშანი — ი; მხოლობითი რიცხვი; უთანდებულო; უნაწილაკო.
ეს წიგნაკიც ახალგაზრდობის მერე აღარ გადამიშლია.
წიგნაკი — არსებითი სახელი; რა ჯგუფისა; უსულო; საზოგადო; კონკრეტული; კნინობითი; ფუძე — წიგნაკ (-აკ ბოლოსართული წარმოებით), ბოლოთანხმოვნიანი, უკუმშველი (წიგნაკ-ის); დგას სახელობით ბრუნვაში, ნიშანი — ი; მხოლობითი რიცხვი; უთანდებულო; ც-ნაწილაკიანი.
ახალგაზრდობის (მერე) — არსებითი სახელი; რა ჯგუფისა; უსულო; საზოგადო; აბსტრაქტული (-ობა ბოლოსართული წარმოებით); ფუძე — ახალგაზრდობა, ბოლოხმოვნიანი, კვეცადი (ახალგაზრდობ-ის); დგას ნათესაობით ბრუნვაში, ნიშანი — ის; მხოლობითი რიცხვი; თანდებულიანი (მერე ამ შემთხვევაში თანდებულის ფუნქციითაა); უნაწილაკო.
ამგვარი პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების შემდეგ, შესაძლოა, მასწავლებელმა კლასს შესთავაზოს კომპლექსური დავალების ასეთი პირობა:
დაწერეთ საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტი არსებითი სახელის შესახებ სულხან-საბა ორბელიანის რომელიმე იგავ-არაკზე (უმჯობესია, თუ მივუთითებთ კონკრეტულად, მაგალითად, „მთიული და კაკლის ხე“ ან „უკან მიდევნებული ლამპარი“…) დაყრდნობით. წერისას გამოკვეთეთ აბზაცები, დაიცავით ენობრივი ნორმები და პუნქტუაცია.
ნამუშევარში წარმოაჩინეთ:
♦ საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის მახასიათებლები;
♦ რომელი ჯგუფის არსებითი სახელები გამოიყენა სულხან-საბა ორბელიანმა იშვიათად/ხშირად სათაურებში, ტექსტში და რა ფუნქციით;
♦ არსებითი სახელების შინაარსობრივი ჯგუფები, სიტყვის შემადგენელი ნაწილების (ძირი, ფუძე, აფიქსები), რიცხვის ფორმების, მხლებლების ნაირგვარობანი.
ნამუშევრის პრეზენტაციისას ისაუბრეთ:
♦ რამდენად ეფექტიანია სათაურებსა და ტექსტის ძირითად ნაწილში არსებითი სახელების გამოყენება;
♦ რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე.
შენიშვნა: სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკის ნაცვლად, შესაძლოა, ნებისმიერი მხატვრული ან არამხატვრული ტექსტის გამოყენება.
აქტივობების შესრულების დროს მიღებული ცოდნა რეალიზდება კომპლექსური დავალების შექმნისას. ასეთი ტიპის დავალების შესრულება მოსწავლეებისთვის სახალისოცაა და შემეცნებითი ეფექტიც აქვს. ამავე დროს, აღვნიშნავ, რომ გრამატიკის სწავლება ტექსტიდან მოწყვეტილად აღარ მოხდება, რაც კიდევ ერთხელ დაარწმუნებს მოსწავლეებს, რომ გრამატიკა არ არის იზოლირებული ცოდნა და ის ცოცხალ მეტყველებაში ორგანულად არსებობს.