ირმა წიკლაური
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალის №1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ბუნებისმეტყველების I-VI კლასების მასწავლებელი
„განათლება თითოეული ადამიანის უფლებაა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა და პოტენციალი აქვს. თავისუფლების, დემოკრატიისა და მდგრადი განვითარების პრინციპები სწორედ განათლებას ეფუძნება… არ არსებობს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი მისია, ვიდრე საყოველთაო განათლებაა.“
კოფი ანანი,
გაეროს გენერალური მდივანი 1997-2006 წლებში,
ნობელის პრემიის 2001 წლის ლაურეატი მშვიდობის დარგში
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი), როგორც ცნობილია, პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამონათვლის ერთობლიობაა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა მასწავლებელი. სტანდარტის მიზანი კი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა. აქედან გამომდინარე, სასწავლო პროცესი, რომელსაც მოიცავს სტანდარტის პირველი ნაწილი (თავი II. მუხლი 4.), უნდა ქმნიდეს პოზიტიურ, უსაფრთხო, მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს, რომლის ინდიკატორებია: თანასწორობის პრინციპებზე აგებული, უნივერსალური დიზაინის პრინციპების შესაბამისად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო, კეთილგანწყობილი, მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემო; ყველა მოსწავლის (მათ შორის სსსმ მოსწავლეების) ჩართვა სასწავლო პროცესში; კულტურული მრავალფეროვნების, დემოკრატიის, სამართლიანობის კანონის უზენაესობის აღიარება და პატივისცემა; მოსწავლეების თვითრეგულირებადი ქცევის წახალისება; მოსწავლეებში მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა; ეფექტიანი სტრატეგიების ფლობა და მოსწავლეებთან გამოყენება; მოსწავლეებისთვის თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობა; თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა; კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარების ეფექტიანი სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება.
როგორც ცნობილია, სასწავლო პროცესის დაგეგმვის (მუხლი 5.) ინდიკატორებია: კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპებისა და დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინება; კლასგარეშე (ექსტრაკურიკულარული)/არაფორმალური აქტივობების დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით; სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება და ციფრული მოქალაქეობის პრინციპების გათვალისწინება; სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინება.
როგორც წესი, სკოლაში მოზარდი ფორმალურ განათლებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში იღებს, სტანდარტით განსაზღვრული მისაღწევი შედეგებით. თუმცა, კვლევებით დადგენილია, რომ განათლების უმეტესი წილი, ფორმალურ განათლებასთან ერთად, არაფორმალურ განათლებაზე მოდის, რომელიც ხელს უწყობს მათი პოტენციალის გამოვლენასა და განვითარებას. არაფორმალური განათლება, ასევე, ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობასა და ეფექტურ კომუნიკაციას, სკოლის განვითარებაზე ზრუნვას, მოსწავლეთა ჩართვას ისეთ აქტივობებში, რომლებიც ზრდის სკოლისადმი მათი მიკუთვნებულობის განცდას, ასევე, ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ღირებულებების დაცვის მაგალითის მიცემას, ხელს უწყობს მოქალაქეობისა და მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი კომპეტენციების განვითარებას.
ამავდროულად, თეორიულთან ერთად, მოსწავლე იძენს პრაქტიკულ გამოცდილებას, მას ინტერესებისა და შესაძლებლობების უკეთ გამოვლენის საშუალება ეძლევა, ეხმარება მომავლის დაგეგმვაში, მიზნების დასახვასა და წინსვლაში, განვითარებაში. სკოლის უმთავრესი ამოცანაც სწორედ ისაა, რომ მოსწავლეს შეუქმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ამასთან ერთად, მოზარდს უვითარებს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მას ოჯახის, საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების (მაგ. საგნობრივი წრეები/კლუბები და ა.შ.) განხორციელება. შესაბამისად, არაფორმალური განათლების მიმართულებით და ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, სკოლაში დავგეგმე სასკოლო პროექტი და დავაფუძნე საგნობრივი კლუბი „გლობალთეკა მოქალაქეობაში“.
სკოლამ საგნების სწავლა-სწავლების, სასკოლო პროექტების, სპორტული, სახელოვნებო და საკლუბო აქტივობების (მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების ჩართულობით) საშუალებით ხელი უნდა შეუწყოს პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას, რომელიც, ცხოვრებისეული მაგალითების საშუალებით, დადებითად იმოქმედებს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე, რაც კანონმორჩილ, გლობალურ მოქალაქედ ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს. სკოლის საერთო კულტურამ ხელი უნდა შეუწყოს მოზარდს იმის გააზრებაში, რომ ყოველი ადამიანი გარკვეული კულტურის მქონე ინდივიდია, რომელსაც თავისი უნიკალური წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნისა თუ საზოგადოების განვითარებაში. ეს სტიმულს მისცემს მის სრულფასოვან განვითარებას, დაეხმარება პიროვნებად და კარგ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.
სასკოლო პროექტი, ეროვნული სასწავლო გეგმის მიერ გამოყოფილ პრიორიტეტულ თემაზე – ადამიანის უფლებები
ესგ-ს პრიორიტეტების ფოკუსიდან დაკარგვა გამოიწვევს სწავლა-სწავლების პრობლემების გაღრმავებას, მოსწავლეთა დაბალ აკადემიურ შედეგებსა და ქცევით პრობლემებს. საბოლოოდ კი, ჩვენი კურსდამთავრებული გახდება არაკონკურენტუნარიანი, ვერ მოახდენს საკუთარი თავის რეალიზებას თანამედროვე საზოგადოებაში, ხოლო სკოლა სათანადოდ ვერ შეასრულებს სახელმწიფო დაკვეთას, დაკარგავს თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას. სასკოლო განათლებამ მოზარდს უნდა განუვითაროს პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებლად გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევები, იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე, იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე და ა.შ. სწავლა-სწავლების მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს და განუვითარდეს როგორც ფუნქციურ-კოგნიტური უნარ-ჩვევები (შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია და ა.შ.), ასევე ევროკავშირის მიერ განსაზღვრული საკვანძო კომპეტენციები (წიგნიერება, ციფრული წიგნიერება, რაოდენობრივი წიგნიერება, მეწარმეობა და ა.შ).
პროექტის მიზანი: ადამიანის უფლებების – თანასწორობა,სამართლიანობის გაცნობა/გაცნობიერება, აღიარება და დამკვიდრება. სამიზნე ჯგუფი – სასკოლო საზოგადოება.
სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობებით გათვალისწინებულია მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობა, კლასებს/საფეხურებს შორის კავშირები, სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა, სასკოლო თემის ჩართულობა; როგორც არაფორმალური, ისე ფორმალური განათლების კომპონენტი, ორიენტირი კი მოსწავლეთა აკადემიური პროგრესია. კავშირშია ეროვნული სასწავლო გეგმის სამიზნე ცნებასთან/ცნებებთან და მკვიდრ წარმოდგენებთან, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციასთან/კომპეტენციებთან, სკოლის განვითარებასთან, პროექტის შედეგების კომპლექსურ დავალებებში ასახვასთან.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა მიერ განხორციელებული აქტივობები/პროდუქტია: პროექტის „გახდი გლობალური მოქალაქე“პოსტერი; „ჩვენ ვირჩევთ თანასწორობას“ – პრეზენტაცია PowerPoint; „ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძვლები“ – ესე; „ადამიანის უფლებათა დარღვევის სტატისტიკა“ – პრეზენტაცია PowerPoint; „არა ბულინგს“ – პოსტერი; „მზე ყველას თანაბრად ანათებს“ – პოდკასტი; ნახატების გამოფენა – „ჩემი თვალით დანახული სამართლიანობა, თანასწორუფლებიანობა“; მხატვრული კითხვის ლიტერატურული საღამო, თემა – „თავისუფლება“; პროექტი „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“ – კლასის ლოგო, ლოზუნგი; „სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, ცოტა დამცველი“ – ესე; მუსიკალური ინსტრუმენტები; „იყავი ტოლერანტი“ – კედლის გაზეთი; პროექტი „გვახსოვს აფხაზეთი“ – ღონისძიება, ბუკლეტი; კომპლექსური დავალება „თრეფიკინგი“ – პოსტერი.
მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების/მოქალაქეობის კლუბი „გლობალთეკა“ – რომლის დევიზია: გახდი გლობალური მოქალაქე! სკოლაში კარგი პიროვნებისა და მოქალაქის ჩამოყალიბება განათლების მიზანი და XXI საუკუნის საკვანძო კომპეტენციაა!
კლუბი, მოსწავლეთა გაერთიანება, მათ კარგ პიროვნებად და მოქალაქედ აღზრდა-ჩამოყალიბებაში, ემოციურ-სოციალურ და კოგნიტურ განვითარებაში ეხმარება, რადგან მოსწავლის პიროვნული განვითარება და სოციალიზაცია, მოქალაქეობრივი მსოფლმხედველობა განპირობებულია ისეთი უნარების განვითარებით, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კოლაბორაცია, კომუნიკაცია და ა.შ. კლუბის მუშაობა წარიმართა საქართველოს კანონის „ზოგადი განათლების მიზნები“, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის, კლუბ „გლობალთეკას“ წესდებისა და სამუშაო გეგმის მიხედვით.
კლუბის მოქმედების პრინციპები:
ა) კანონიერება
ბ) ტოლერანტობა
გ) თანასწორობა
დ) სამართლიანობა
ე) კოლაბორაცია
ვ) დამოუკიდებლობა
ზ) ემპათია;
კლუბის ფუნქციები და მოვალეობები:
ა) თემში არსებულ სხვა სასკოლო კლუბებთან თანამშრომლობა;
ბ) სხვადასხვა სასკოლო/სათემო აქტივობების ინიცირება, დაგეგმვა/ განხორციელება;
გ) დისკუსიების მოწყობა აქტუალურ პრობლემებზე და გადაწყვეტილებების მიღება, პროცესში მოსწავლეების ჩართვა;
დ) თანამშრომლობა სკოლის საზოგადოებასთან;
ე) მონაწილეობა ინტელექტუალურ კონკურსებში, მონაწილეთა წახალისება.
კლუბის მიზნები და ამოცანები:
- მოქალაქეობის/ციფრული მოქალაქეობის, როგორც ერთ-ერთი საკვანძო კომპეტენციის განვითარება მოსწავლეებში;
- მოსწავლეებმა შეძლონ ფუნქციურ კოგნიტური უნარებისა და ევროკავშირის მიერ განსაზღვრული საკვანძო კომპეტენციების – კრიტიკულად გააზრების, შემოქმედებითობის, კომუნიკაციის, წიგნიერების, კულტურული ცნობიერების, პერსონალური და სოციალური, მეწარმეობის – განვითარება;
- მოსწავლეებმა შეძლონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების პროცესში სწორი არჩევანის გაკეთება;
- კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითი მოსწავლეების აღმოჩენა;
- მოსწავლემ შეძლოს თავისუფლად აზროვნება, უნიკალური და ახალი იდეების გენერირება, პრობლემის დანახვა და შეფასება სხვადასხვა პერსპექტივიდან (ფლექსიურობა);
- შეძლოს ცოდნათა ურთიერთდაკავშირება, ორგანიზება, ტრანსფერი;
- შეძლოს მიზნის მისაღწევად განსახორციელებელ ქმედებათა გააზრებულად, გაცნობიერებულად დაგეგმვა და კოორდინირება (სწავლის სწავლა);
- მოსწავლეთა ინიციატივით, სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, კოლაბორაცია.
კლუბი უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგებოდა მის მიზნებს, ინტერესებს, საქართველოს კანონმდებლობას და ორიენტირებული იყო შედეგზე. საკლუბო მუშაობა კლუბის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად წარიმართა.
მოსწავლეებმა დაგეგმილი აქტივობა/ღონისძიებები პერიოდების მიხედვით განახორციელეს – პროექტი სასკოლო საზოგადოებაში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, შექმნეს გარემოსდაცვითი საინფორმაციო პოსტერი, წარმართეს დისკუსია გლობალურ მოქალაქეობაზე, მოამზადეს სასკოლო პროექტი „ნაადრევი ქორწინების საფრთხეები“, გააანალიზეს პრობლემა, იმუშავეს კიბერუსაფრთხოებაზე, წარმართეს კონფერენცია ციფრული მოქალაქეობა – „სიკეთე მარტივია“, შექმნეს საინფორმაციო ბროშურა ბუნების მდგრადი განვითარების შესახებ და ა.შ.
განხილულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ განათლებაში მნიშვნელოვანია, ურთიერთშემავსებელია და ხელს უწყობს პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას, რომელიც მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზეა მორგებული, ცხოვრებისეული მაგალითების საშუალებით, დადებითად მოქმედებს მის პიროვნულ ზრდა-განვითარებაზე.