24 ნოემბერი, კვირა, 2024

არასდროს დამავიწყდები…

spot_img

საღამოს პირს, მზე გვირილების ბაღში რომ ჩაიწურებოდა და დედის მონატრება გამიმძაფრდებოდა, ბებო ხელს შემომხვევდა და მთელი დღის ნაჯაფარი სხეულის სითბოთი, სულის ტკივილს დამიამებდა.

თაროზე შემოდებულ, მარწყვებმიხატულ ქვაბს შესწვდებოდა, შოკოლადის ფილას ამოიღებდა, დაამტვრევდა და, რაც ჩემს დას ეკუთვნოდა, იმის გარდა, ყველას თავისი ხელით მაჭმევდა.

რაც დედა და მამა საზღვარგარეთ წავიდნენ, ჩემთვის სამყარო ბებოს მწვანე თვალებში იზრდებოდა და იკითხებოდა…

საბავშვო ბაღის აზალიებით ავარდისფერებულ ეზოში რომ ჩამიშვებდა, ვექაჩებოდი და დარჩენას ვთხოვდი, წუთითაც არ მეთმობოდა.

– ბებო შემოგევლოს, ადრე მოგაკითხავო! – დამპირდებოდა და ფეხსაცმლის ზონარის შესაკრავად, ჩემს მუხლებთან რომ ჩაიჩოქებდა, ჭაღარა თავზე, ლოყით ჩამოვეყრდნობოდი.

სკოლისკენ მიმავალ გზას, ყოველ დილით, ჩემთან და ჩემს დასთან ერთად მიუყვებოდა. ჩვენს ონავრობაზე კისკისებდა და უმნიშვნელო მარცხზე ტიროდა…

ერთხელაც, ახალი წლის წინა დღეს, დედა და მამა, უცხოეთიდან, მოულოდნელად და საბოლოოდ რომ დაბრუნდნენ, ბებო წავიდა… პირველი შემთხვევა იყო, რომ წავიდა და აღარ დაბრუნდა.

ხვალ, გაკვეთილების შემდეგ, ეზოში ნარცისებს დავკრეფ, ბებოს საფლავზე მზის სხივებივით დავფანტავ და ვეტყვი: არასდროს დამავიწყდები…

ნინი გირკელიძე

გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები