სსიპ ქალაქ თბილისის №213 საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრთა თანამშრომლობითა და ორგანიზებით, ანა კალანდაძის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა.
მე-6, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა ლიტერატურული საღამო. ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას პოეტის ბიოგრაფია გააცნეს, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და ნაწარმოებების შინაარსის ამსახველი ნახატები წარმოადგინეს. ამასთანავე, მოისმინეს ანას პოეტურ შედევრებზე შექმნილი მუსიკალური კომპოზიციები.
მეხუთეკლასელებმა კვირეულის ფინალური ღონისძიება გამართეს და სკოლაში მიიწვიეს ანა კალანდაძის ოჯახის წევრები (რძალი და ძმისშვილი), საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი, ქალბატონი მაია კობახიძე.
მასწავლებელმა როლანდ ხოჯანაშვილმა, „ახალ განათლებასთან“ საუბრისას, განაცხადა: „ჩვენი სკოლისთვის ეს არ იყო ერთი უბრალო დღე. ჩემმა მოსწავლეებმა თავად შექმნეს საიუბილეო ღონისძიების სცენარი, ორი თვით ადრე შევეხმიანეთ ქალბატონ ქეთი კალანდაძეს, რათა სტუმრად მოსულიყო. ბავშვები ხშირად კითხულობდნენ, თუ გვეწვეოდა ქალბატონი ქეთი. წარმოუდგენელი პასუხისმგებლობით, აზრთა გაცვლა-გამოცვლით, ყოველდღიურად ხვეწდნენ პატარები სცენარის მცირე ნიუანსებსაც კი. ტიტანური შრომა ჩადო ღონისძიების წარმართვაში საბა სუქიაშვილმა, კარგადაც წარმართა და საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია.
ღონისძიებაში მხოლოდ ერთი ქორეოგრაფიული ნომერი ჩართეს ბავშვებმა: ბარბარე ყირიმლიშვილმა ჯერ „ბოშა ქალი“ წაიკითხა, მერე კი „ბოშური“ შეასრულა. (3) Facebook როცა პოეზიის წარდგენა დასრულდა, სიტყვით გამოვიდნენ სტუმრები და სკოლის პერსონალი, მათ ერთხმად აღიარეს წარმატებული ღონისძიების შესახებ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ბავშვების წინა წლის მასწავლებლის, ქალბატონ თამთა იაშაღაშვილის წვლილი აღვნიშნო – თამთა მასწავლებლის თავდადებული წინა წლის შრომის ნაყოფი უფრო იყო ეს ღონისძიება, ვიდრე ჩემი პერსონალური მიღწევა. არც შეიძლება ამ ყველაფრის მიწერა ჩემს წარმატებად, რადგან მოსწავლეთა დამოუკიდებლობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი და წინარე გამოცდილების გარეშე ასეთი რამ არ მოხდებოდა. დავამატებ იმას, რომ მოსწავლეების მიერ შესრულებული ილუსტრირებული ტექსტები ანა კალანდაძის საოჯახო მუზეუმში დაიმკვიდრებს საპატიო ადგილს, სკოლამ კი ბიბლიოთეკისთვის მიიღო ანა კალანდაძის კრებული, 24-ივე მოსწავლემ კი – ანას ხელნაწერების ასლები. სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად მადლობას ვუცხადებ კლასის დამრიგებელსა და მშობლებს სრული მხარდაჭერის გამო. ვთვლი, რომ ანა კალანდაძის საიუბილეო კვირეული დაიწყო და დასრულდა წარმატებით. ჩვენი მოსწავლეები უკვე გეგმავენ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც სასწავლო წლის ბოლოს დაგვირგვინდება „გაცოცხლებული პერსონაჟებით“.